«ხანჯალ-ლაბადიანთა» საიდუმლო სერობა ბორჯომში

«ხანჯალ-ლაბადიანთა» საიდუმლო სერობა ბორჯომში

        გუშინ ბორჯომ-ლიკანის სამთავრობო რეზიდენციაში, რომელიც ოდესღაც რომანოვთა საიმპერატორო დინასტიას ეკუთვნოდა, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის უშიშროების ორგანოთა ხელმძღვანელები შეიკრიბნენ.
        ოფიციალურად ამ ღონისძიებას ეწოდება «დსთ-ს უშიშროების ორგანოთა ხელმძღვანელების საკოორდინაციო საბჭოს სხდომა», რომელსაც, ტრადიციულად, რუსეთის უშიშროების სამსახურის უფროსი ნიკოლაი პატრუშევი ხელმძღვანელობდა.
        ამ ტრადიციებს ჯერ კიდევ 1997 წელს ჩაეყარა საფუძველი, როდესაც საქართველოს უშიშროების იმდროინდელმა მინისტრმა, შოთა კვირაიამ კოლეგები თბილისში მოიწვია და «ბერიას სანახები» დაათვალიერებინა. შეხვედრა მაშინაც იმდენად კარგად იყო ორგანიზებული, კოლეგებმა მოილაპარაკეს, პერიოდულად შეკრებილიყვნენ თბილისში «საიჭრბოროტო საკითხების» გადასაწყვეტად.
        რაც შეეხება პატრუშევის «თავმჯდომარეობას», აქ ორი მომენტია ნიშანდობლივი. დსთ-ის არც ერთ ქვეყანაში უშიშროების ორი შემადგენელი (დაზვერვა და კონტრდაზვერვა) გაყოფილი არ არის. რუსეთში მოქმედი «დაუწერელი კანონით», ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში რუსეთის «საგარეო დაზვერვა» თითქოს არ მუშაობს და ეს სფერო კონტრდაზვერვის (უშიშროების ფედერალური სამსახურის) კომპეტენციას განეკუთვნება. თუმცა, არის ისეთი ცნება, როგორიცაა»საგარეო კონტრდაზვერვა».
        «საბჭოს თავმჯდომარედ» რუსეთის წარმომადგენლის არჩევა ჩვეულებრივი მოვლენაა. წესდებაში ამის ჩაწერის გარეშეც, დსთ-ის ყველა ორგანოს (პრეზიდენტების საბჭოდან - საგანგებო სიტუაციათა მინისტრების საბჭომდე) რუსეთის წარმომადგენელი ხელმძღვანელობს.
        ბუნებრივია, ბორჯომის «სამიტში» ვნებათაღელვა შეიტანა კასპიისკის ტერაქტმა და მუქარით აღსავსე განცხადებებმა მისი მთავარი ორგანიზატორის, რაჰანი ხალილოვის (ეროვნებით ავარელი) პანკისში ყოფნის შესახებ.
        თუმცა, ნიკოლაი პეტრუშევი ისე «ნაბავდა» თვალებს, თითქოს, ამ ფსიქოლოგიური დივერსიის განხორციელებაში რუსულ სპეცსამსახურს არანაირი წვლილი არ მიუძღოდა.
        თუმცა, პროფესიონალურ დონეზე ტრუბნიკოვმა და ხაბურძანიამ ამ თემაზეც ისაუბრეს პირისპირ. პროფესიონალები კი ასეთ დროს ვითარებას არ ამწვავებენ.
        ხალილოვი პანკისში არ იმყოფება და ეს ტრუბნიკოვმა შესანიშნავად იცის, ვინაიდან რუსულან გელაევის დაჯგუფებასა და დაღესტნელ ვაჰაბიტებს შორის ბოლო დროს ძალზე დაძაბული ვითარება ჩამოყალიბდა. ამრიგად, მხარეებმა მოილაპარაკეს, ეს საკითხი «სამუშაო დონეზე» გადაწყვიტონ.
        რასაკვირველია, ტრუბნიკოვი იმასაც ითვალისწინებს, რომ ვალერი ხაბურძანიასთან მის მოადგილეს (ვიტალი ბრაჟნიკოვს) ძალიან მჭიდრო კონტაქტი და მოლაპარაკება ჰქონდა 2 თვის წინათ სწორედ პანკისის ხეობის ირგვლივ: შეთანხმებასაც მიაღწიეს გარკვეული ურთიერთქმედების შესახებ, მაგრამ რუსეთთან სახელმწიფო დონეზე მიღწეული შეთანხმებები ჩირად არ ღირს და სპეცსამსახურთან შეთანხმება რა უნდა ღირდეს?
        ლიკანში, პირველ საკითხად გნანიხილეს «ორგანიზებული დანაშაულის შესახებ მონაცემთა ბანკის» შემდგომი განვითარების და «გამდიდრების» ღონისძიებები. ოღონდ აქ, რუსეთი, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს საბჭოთა პერიოდის აგენტთა უძვირფასესი «სიების» გახსნას ან კოლეგებისთვის გადაცემას. ამ საკითხზე კონსენსუსს სწრაფად მიაღწიეს, ვინაიდან საწინააღმდეგო არავის არაფერი შეიძლება ჰქონდეს. ოღონდ, ისევ და ისევ, ყველასთვის გასაგებია, რომ რუსეთი არ გასცემს იმ პიროვნებებს, რომლებმაც ეკონომიკური ხასიათის დანაშაული ჩაიდინეს «ახლო საზღვარგარეთის» ქვეყნებში, თანხები მოსკოვში «გადაქაჩეს» და იქვე ცხოვრობენ.
        მეორე საკითხია ანტიტერორისტული ცენტრის კონცეფციის განხილვა. ამ კონცეფციის შესახებ ორი წლის წინათ მინსკის სამიტზე დიდი კამათი იყო, ვინაიდან, აზერბაიჯანისა და საქართველოს პრეზიდენტებმა «ანტისეპარატისტული» შემადგენლის გაძლიერება მოითხოვეს. მოსალოდნელია, რომ ბორჯომში კონცეფციას დაამტკიცებენ და სახელმწიფო მეთაურებს შესთავაზებენ. კონცეფციით არ არის გათვალისწინებული რაიმე ერთობლივი ძალისმიერი სტრუქტურის ან შეიარაღებული ფორმირების შექმნა.
        ქართული მხარის ამოცანა იქნება აქცენტის გადატანა ცენტრალურ აზიაზე, რათა ასეთ ცენტრის შექმნა საქართველოს წინააღმდეგ არ იქნეს გამოყენებული.
        რეალურად, სპეცსამსახურთა ხელმძღვანელები დიდ «საიდუმლოების ბურუსს» ქმნიან, მაგრამ ასეთ სამიტებზე სინამდვილეში ბევრი არაფერი წყდება.

დილის გაზეთი, 16 მაისი, 2002 წელი