საერთაშორისო მიმოხილვა. 28 ნოემბერი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 28 ნოემბერი. 2023 წელი

. . . . . . . . . . . . . . . . .

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოვ გალანტი აცხადებს, რომ `ცეცხლის შეწყვეტა` მალე დასრულდება და `ცახალი` განაახლებს შეტევას არა მხოლოდ ქალაქ ღაზაში, არამედ სექტორის მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის მის სამხრეთში.

ჯერ-ჯერობით ისრაელი და `ჰამასი` შეთანხმდნენ 50 ისრაელელი მძევლისა და 150 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებაზე; შეთანხმება გულისხმობს კიდევ ათ-ათი ადამიანის გაცვლას ყოველი სამშვიდობო დღის განმავლობაში, რამდენი ხანიც გაგრძელდება

 . . . . . . . . . . . . . . . . .

პოლონელი გადამზიდავები განაგრძობენ  უკრაინის სამარცხვინო ბლოკადას: გადაკეტილი აქვთ გამშვები პუნქტები; ატარებენ მხოლოდ 2 მანქანას საათში. მანქანების რიგი მრავალ ათეულ კილომეტრზეა გადაჭიმული.

როგორც ცნობილია, პოლონელი გადამზიდავები  მოითხოვენ, ევროკავშირმა გააუქმოს შეღავათები, რაც პოლონეთისთვის დააწესა გადაზიდვების სფეროში. უფრო ზუსტად, ისინი უფლებრივად და საგადასახადო თვალსაზრისით გაუთანაბრა ევროკავშირის გადამზიდავებს.

არ არის გამორიცხული, ეს პოლონეთის მთავრობის თამაში იყოს. ყოველ შემთხვევაში, ვარშავა არაფერს აკეთებს, რათა ბლოკადა შეწყვიტოს და საზღვარი გახსნას.

პრობლემა მხოლოდ ის კი არ არის, რომ უკრაინის ექსპორტი ფერხდება და უკრაინელი გადამზიდავები სამსახურს კარგავენ, არამედ უკრაინული საზოგადოების რეაქციაში: უკრაინელებს უჩნდებათ განცდა, რომ ევროპამ, დასავლეთმა, ისინი მიატოვა

 . . . . . . . . . . . . . . . . .

თურქეთმა 300%-ით გაზარდა `ორმაგი დანიშნულების` საქონლის ექსპორტი რუსეთში. ძირითადად საუბარია ოპტიკაზე და კომუნიკაციის საშუალებებზე. ზრდა უეჭველად იმით არის განპირობებული, რომ სინამდვილეში ამ საქონელს რუსული არმია იყენებს უკრაინაში.

ამავე დროს, თურქეთი ცდილობს დაიცვას `ბალანსი` და უკრაინის არმიას დრონებს აწვდის.

არადა ორივე შემთხვევაში მოგებულია, რადგან უკრაინა ყიდულობს `ბაირაქტარებს` და არა უფასოდ იღებს.

რუსეთს აგრეთვე მიეწოდება მიკროჩიპები.

დასავლელი წარმომადგენლები ანკარაში ვიზიტს გეგმავენ, რათა დაარწმუნონ ერდოღანი, შეწყვიტოს რუსეთისთვის `ორმაგი დანიშნულების` საქონლის მიწოდება.

თუმცა ყველა წინა გაფრთხილებამ  შედეგი არ გამოიღო. თურქეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას კი დასავლეთი ერიდება.

თუნდაც იმ მიზეზით ერიდება, რომ თურქეთი არა მხოლოდ უკრაინის ქეისშია ჩართული, არამედ ახლო  აღმოსავლეთის კრიზისშიც სერიოზულ როლს ასრულებს და მისი გაღიზიანება, მით უმეტეს `კუთხეში მომწყვდევა` დასავლეთს პრობლემებს გაუზრდის ისრაელის დაცვისას.

 

უკრაინამ მოაწყო იმ რუსული იარაღის გამოფენა კიევში, რომელიც `ორმაგი დანიშნულების` პროდუქციის მიწოდებითაა დამზადებული.

მაგალითად, ოპტიკური მოწყობილობები სადაზვერვო დრონებზე დამზადებულია იმ მიკროჩიპებით, რაც სარეცხი მანქანებით და მაცივრებით მიაწოდეს რუსეთს.

შემდეგ ხდება ამ საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაშლა და მისი ელემენტების გამოყენება.

ნაკლებ ხარისხიანია, თუმცა `სულ არაფერს` მაინც  სჯობს.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

ჩრდილო კორეამ 21 ნოემბერს დამოუკიდებლად გაუშვა ორბიტაზე სადაზვერვო კოსმოსური თანამგზავრი და გუშინ, 27 ნოემბერს უკვე გამოაქვეყნა თეთრი სახლის, ასევე პენტაგონის და ნორფოლკის ბაზაზე დისლოცირებული ამერიკული ავიამზიდის ფოტოები.

ამით ფხენიანი ამერიკელებს აფრთხილებს, რომ დიდი სამხედრო შესაძლებლობები აქვს.

მართლაც, ქვეყანა, რომლის მოსახლეობა ფაქტობრივად შიმშილობს, ბირთვულ იარაღს ქმნის და კოსმოსურ რაკეტებს აგებს.

. . . . . . . . . . . . . . . . .

აშშ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ პალატა დაამტკიცებს უკრაინის დახმარებას 64 მილიარდი დოლარის ოდენობით წლის ბოლომდე. უფრო ზუსტად დასავლურ ქრისტესშობამდე ესე იგი 25 დეკემბრამდე, რადგან `ჩვენთვის ისრაელის დახმარება უდიდესი პრიორიტეტიაო`.

თითქოსდა უკრაინის დახმარების დამტკიცებაზე ლაპარაკობდა და ისრაელით დაასრულა.

რატომ?

იმიტომ, რომ როგორც ვწერდით, პრეზიდენტმა ბაიდენმა `ერთ პაკეტში` გააერთიანა უკრაინის და ისრაელის დახმარება, ხოლო როდესაც კონგრესმა პაკეტი `გაყო` და მხოლოდ ისრაელის დახმარების კანონი მიიღო, პრეზიდენტმა მას ვეტო დაადო.

როგორც ჩანს ამ მეთოდმა იმუშავა და მაღალი ალბათობით, უკრაინა მაინც მიიღებს სასიცოცხლოდ აუცილებელ ფინანსურ დახმარებას.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

ევროკავშირის `საგარეომ` ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ არავითარი აზრი არა აქვს ღაზისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას, რაკი ისრაელი აგრძელებს ღაზის დაბომბვებს: `რა აზრი აქვს ჰუმანიტარულ დახმარებას მათთვის, ვისაც ხვალ მაინც მოკლავენ?`  -  კითხულობს ბორელი. ამ ფორმით იგი ისრაელს მოუწოდებს, შეწყვიტოს ღაზის დაბომბვა

 . . . . . . . . . . . . . . . . .

აფხაზეთში გრძელდება `აპარატული ბრძოლები` და ინტრიგები.

მას შემდეგ, რაც მოსკოვის მითითებით, აფხაზეთის ე.წ. `საგარეო საქმეთა მინისტრმა`  ინალ არძინბამ (პუტინის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელია) დაიწყო აფხაზეთში მოქმედი დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციების შემოწმება, აფხაზეთის კონტროლის პალატამ დაიწყო თვით ამ  `საგარეოს` ფინანსური აუდიტი.

ამით აფხაზეთის უმაღლესი ხელისუფლება არძინბასაც და მის მოსკოველ პატრონებსაც აფრთხილებს, რომ ხსენებული NGO-ბი აფხაზეთში მილიარდობით დოლარს ხარჯავენ და სეპარატისტები არ დაუშვებენ მათი აფხაზეთიდან გაძევებას მხოლოდ იმიტომ, რომ მოსკოვს არ მოსწონს.

ბუნებრივია კითხვა: მაშინ რატომ რჩება პოსტზე არძინბა? უბრალოდ რატომ არ `გაუშვებენ`? მაგრამ საქმე ისაა, რომ ასე ღიად მოსკოვთან და არძინბას მოსკოველ კურატორებთან დაპირისპირება არ აწყობთ.

ურჩევნიათ სხვაგვარი ინტრიგებით `დაუმოკლონ ხელები`.

რაც შეეხება დასავლურ NGO-ებს, მათ აფხაზეთს 30 წლის განმავლობაში იმაზე ბევრად მეტი დახმარება გაუწიეს, ვიდრე რუსეთმა.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

აფხაზეთში გრძელდება პოლემიკა ენგურის ვარდნილჰესთა `საქართველოსთვის გადაცემის` თაობაზე.

ეს ვარდნილჰესები გალის რაიონში მდებარეობს და მთლიანად კონტროლდება აფხაზური მხარის მიერ. თუმცა მწყობრიდან არის გამოსული და ელექტროენერგიას ვერ ამუშავებს.

ამჟამად სოხუმი ორ პროექტს განიხილავს: ვარდნილჰესები იჯარით გადაეცეს რუს ინვესტორს და ამის ალტერნატივად: საქართველომ დასავლური ინვესტიციებით აღადგინოს ვარდნილჰესები, შემდეგ კი ელექტროენერგია განაწილდეს 50-50% პრინციპით.

ვეტერანთა ორგანიზაცია `ამცახარა` საქართველოსთვის გადაცემის წინააღმდეგია, ხოლო ხელისუფლების მხარდამჭერი ვეტერანთა ორგანიზაცია `არუა` მომხრეა. ეს უკანასკნელნი ოპონენტებს ეუბნებიან: ``როგორ ვერ ხვდებით, რომ თუ ვარდნილჰესები რუს ინვესტორს გადაეცემა, ეს უკვე რუსეთის საქმე იქნება და აფხაზეთისთვის ვარდნილჰესები დაიკარგება, ხოლო თუ საქართველო აღადგენს ვარდნილჰესებს, ჩვენ უბრალოდ მოვატყუებთ ქართველებს - აღვადგენინებთ ვარდნილჰესებს და ელექტროენერგიის 50%-საც არ მივცემთ ისევე, როგორც არ ვაძლევთ ენგურჰესზე გამომუშავებული ელექტროენერგიის 60%-ს მიუხედავად ადრე მიღწეული შეთანხებისაო``.

მართლაც, 1993 წელს მიღწეული `ჯენტლმენური შეთანხმების` თანახმად, ენგურჰესიდან საქართველოს უნდა მიეღო 60%, მაგრამ რეალურად იღებს 10%-ს; დანარჩენი მიაქვთ აფხაზებს კრიპტოვალუტის მაინინგისთვის და 1993 წლის შეთანხმებას არ დაგიდევენ.

სხვაგვარად თუ ვიტყვით, მათ საქართველოს მიერ ევროკავშირის ფულით ვარდნილჰესების აღდგენის პროექტი (რასაც ენგურჰესის დირექტორი ლევან მებონია ლობირებს) ურჩევნიათ, ვიდრე რუსი ინვესტორისთვის გადაცემა იმ მარტივი მიზეზით, რომ რუსეთთან არ გაუვათ ის, რაც საქართველოსთან იოლად გასდით და გაუვათ.

მოსკოვი თავის `ინვესტორს` დაიცავს. საქართველოს კი იოლად დააბეჩავებენ და ნაცვლად ელექტროენერგიის 50%-ისა, უმეტესობას წაართმევენ; როგორც ძირითადი ენგურჰესიდან გვართმევენ

ამ თემაზე სოხუმში დისკუსიისას გაირკვა, რომ საბჭოთა პერიოდში საქართველოს და სსრკ ხელისუფლებები აფხაზეთის გალის რაიონში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის ვარიანტსაც კი განიხილავდნენ. თუმცა ეკოლოგიური მოსაზრებებით ამ პროექტზე მაშინ უარი ითქვა.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

აფხაზეთში უდიდესი რეაქცია გამოიწვია სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გამონათქვამებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებასთან დაკავშირებით

`პრეზიდენტმა ბჟანიამ` საპასუხოდ თქვა, რომ სომხეთი დღეს საკუთარი ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს ვერ აკონტროლებს. ანუ არა მხოლოდ ყარაბაღს ვეღარ აკონტროლებს, არამედ საკუთარი ტერიტორიის დიდ ნაწილსაც ვერ აკონტროლებსო, რაკი აზერბაიჯანმა სიუნიკის ოლქში დიდძალი ტერიტორიები დაიპყრო. აი აფხაზეთი კი, `პრეზიდენტ ბჟანიას` თქმით დღეს `რესპუბლიკის მთელს ტერიტორიას აკონტროლებს ფსოუდან - ენგურამდეო`.

გარდა ამისა, ბჟანიამ ფაშინიანს მუქარანარევად შეახსენა, რომ აფხაზეთში ათი ათასობით სომეხი ცხოვრობს, რომლებიც `აფხაზმა ხალხმა ძნელბედობის ჟამს შეიკედლაო`. მხედველობაში ჰქონდა სომხების ხოცვა-ჟლეტა თურქეთში.

ანუ ქარაგმულად ემუქრება კიდეც ფაშინიანს: ჭკვიანად იყავი, საქართველოს სასარგებლო განცხადებებს ნუ აკეთებ, თორემ ამ სომხებს აქედან გავყრითო.