საერთაშორისო მიმოხილვა. 28 მარტი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 28 მარტი. 2023 წელი

უკრაინის უმაღლესმა მხედართმთავარმა, პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავდაცვის შტაბის მორიგი სხდომა გამართა ქალაქ დნეპრში (ყოფილი დნეპროპეტროვსკი).

აღსანიშნავია, რომ ზელენსკი პირადად გადის ხშირად ფრონტის ხაზზე.

ეს სხდომა (თათბირი) ჩაინიშნა იმ დროს, როცა კიევიც და უკრაინის სხვა რეგიონებიც კვლავ დაიბომბა.

აღარავინ დავობს იმაზე, რომ სამხედრო-სტრატეგიული და თუნდაც სამხედრო-ტაქტიკური, ოპერატიული თვალსაზრისით, რუსების მიერ უკრაინის ბომბარდირება რაკეტებით და უპილოტო თვითმფრინავებით თითქმის ნულოვანი რეზულტატისაა: ამით არათუ უკრაინის არმიას ვერ აყენებენ ვერანაირ სერიოზულ ზიანს, არამედ ქვეყნის ინფრასტრუქტურას ვერ ანადგურებენ: ანუ ხიდებს, გვირაბებს, სარკინიზგზო/საავტომობილო კვანძებს და ა.შ.

რუსების წარუმატებლობას ამ მიმართულებით ორი მიზეზი აქვს:

ა) უკრაინის საჰაერო თავდაცვა მუშაობს ბრწყინვალედ: კვალიფიციურად იყენებენ  შესანიშნავ დასავლურ საზენიტო დანადგარებს და 100 რაკეტიდან თუ დრონიდან, რასაც რუსები უშვებენ, დაახლოებით 80-90 მიზნამდე ვერ აღწევს.

ბ) რაკეტებით და დრონებით ხიდების, გვირაბების, სარკინოგზი კვანძების, ელექტროსადგურების, ელექტროგადამცემი ხაზების   თუ სხვა ინფრასტრუქტურის სრული განადგურება შეუძლებელია. უკრაინელები 2-3 დღეში ახერხებენ აღდგენას.

ამისთვის აუცილებელია ბომბარდირება. თანაც მასირებული ბომბარდირება თვითმფრინავებით საათების განმავლობაში, რასაც რსუები ევრ ბედავენ, რაკი მათ თვითმფრინავებს უკრაინელები იმავე საზენიტო დანადგარებით ჩამოაგდებენ მასობრივად.

. . . . . . . . . . . . . . .

გერმანიამ გადაწყვიტა, 3 მილიარდი ევროდან 15 მილიარდ ევრომდე გაზარდოს უკრაინისთვის სამხედრო დახმარება.

ბუნებრივია, იგულისხმება სამხედრო მასალების და ტექნიკის ჯერ წარმოება გერმანიაში და შემდეგ უკრაინისთვის გადაეცმა.

იმიტომ, რომ თვით გერმანიის არსენალი ნაწილობრივ დეფიციტურია უკვე - იმდენი იარაღი და მასალა მიაწოდეს უკრაინას ბოლო 6 თვის განმავლობაში.

15 მილიარდ ევრომდე სამხედრო დახმარების გაზრდა უეჭველად იმასაც ნიშნავს, რომ გერმანიის სამხედრო-სამრეწველო კომპელქსი, რომელიც ამერიკულის, ბრიტანულის და ფრანგულის `დანამატი` იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გასაგები მიზეზების გამო, თანდათან დადგება ფეხზე და დამოუკიდებელ ძალას შეიძენს.  ეს კიდევ ერთი მაჩვენებელია იმისა, რომ უკრაინის წინააღმდეგ პუტინის აგრესიამ გერმანია კვლავ გამოიყვანა დიდი ისტორისი ასპარეზზე, ოღონდ ამჯერად, როგორც ევროატლანტიკური სივრცის მზარდი ლიდერი.

. . . . . . . . . . . . . . .

ინგლისმა მაინც ყველას დაასწრო: გუშინ უკრაინაში ჩავიდა პირველი ინგლისური ტანკები!

Challenger (ბრიტანული არმიის ძირითადი ანუ მთავარი საბრძოლო ტანკი Main battle tank)  ზემძიმე ტანკია. სხვადასხვა მოდიფიკაციით 65 -72 ტონას (!) იწონის.

ყველაზე მძიმე ტანკია მსოფლიოში.

და სხვათა შორის მისი ჩატანა უკრაინაში იმას ნიშნავს, რომ სულ ტყუილი იყო რუსების იმედი `რკინიგზა ვერ გაუძლებს, ხიდი ამ სიმძიმეს ვერ გაუძლებს და ა.შ.

გაუძლო!

ადგილზეა უკვე!

. . . . . . . . . . . . . . .

ე.წ. `სამხრეთ ოსეთის` სახელმწიფო საზღვრის დამდგენმა კომისიამ დაასრულა მუშაობა `საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის` დადგენაზე და მასალები გადასცა ე.წ. `სამხრეთ ოსეთის` პარლამენტს.

ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა და სახიფათო პროვოკაცია ერთდროულად რამდენიმე მიზეზით.

პირველ რიგში იმიტომ, რომ ე.წ. `ოსური კომისია` ხელმძღვანელობდა 1922 წლის საქართველოს ბოლშევიკური ხელისუფლების დადგენილებით `სამხრეთ ოსეთის საბჭოთა სოციალისტური ავტონომიური ოლქის` შექმნის შესახებ, სადაც გაწერილი იყო ადმინისტრაციული (!-და არა სახელმწიფო) საზღვრები.

მაგრამ ამ 1922 წლის რუკებით, ბევრი ქართული სოფელი დღეს `ხვდება` (სეპარატისტები და რუსები ცდილობენ `მოახვედრონ`) ე.წ. `სამხრეთ ოსეთის `საზღვრებში!

ბუნებრივად წარმოიშობა ხიფათი, რომ სეპარატისტებმა და მათმა მხარდამჭერმა რუსებმა შეიძლება გამოიყენონ ეს `რუკები` საქართველოს წინააღმდეგ ახალი აგრესიისათვის.

მეორე სახიფათო მომენტი ისაა, რომ ბოლო დრომდე ე.წ. `საზღავრს` და ლითონის ჯებირებს სეპარატისტები, ასევე რუსეთის სასაზღვრო ჯარები ავლებდნენ 1983-1985 წლების რუკების მიხედვით.

ახლა კი, ოსეთის ე.წ. `პრეზიდენტი` ალან გაგლოევი აცხადებს, რომ თურმე ეს ლითონის ჯებირები `საზღვარი` კი არ არის, არამედ საქონელი რომ შემთხვევით არ გადადიოდეს საზღვარზე, იმისთვის გაკეთდაო.

აშკარად იგულისხმება: `საქართველოსთან საზღვარი კიდევ უფრო ღრმად არის საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში 1922 წლის რუკების მიხედვით და რამდენიმე ადგილას თბილისი-გორი-ქუთაისის სტრატეგიულ ავტომაგისტრალსაც კი შესაძლოა კვეთდეს.

ზემოთთქმული, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ პროვოკაცია თუ ახალი აგრესია ხვალვეა მოსალოდნელი, თუმცა 1922 წლის რუკების ხსენება `საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის` კონტექსტში მაინც შემაშფოთებელია.

ეს რაც შეეხება რუკებს, თორემ ოსი სეპარატისტები ამაზე კი არა, მთელს თრუსოს ხეობაზე, ასევე თრიალეთზე, ყაზბეგსა და გუდაურზეც (!) აცხადებენ პრეტენზიას - ქართველმა სტალინმა საქართველოს უკანონოდ დაუთმო ოსური მიწებიო.

როცა `სჭირდებათ`, სტალინი ოსია და როცა სჭირდებათ - ქართველი.

2008 წლის რუსულ-სეპარატისტული აგრესიის დროს, იმდრონდელი `პრეზიდენტის`, ედუარდ კოკოითის ბრძანებით, ჩრდილოელ და სმხრეთელ ოსთაგან შეიქმნა სპეციალური რაზმი, რომელიც მზად იყო (მხოლოდ ბრძანებას ელოდა) ახალგორის რაიონიდან გადასულიყო თრუსს ხეობაში, მერე იქედან გადასულიყო ყაზბეგ-გუდაურში.

საბედნიეროდ, დასავლეთი დროულად ჩაერია და მოსკოვმა უბრძანა სეპარატისტებს, ამ გეგმებზე ხელი აეღოთ, რაკი რუსეთს დასავლეთთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაფუჭება მაშინ არ აწყობდა.

კოკოითმა ამის შესახებ 2009 წელს მოყვა ერთ-ერთ რუსულ ინტერნეტ-გამოცემასთან ინტერვიუში, თუმცა მისი ინტერვიუ იმ რესურსიდან მალევე გაქრა. მოსკოვიდან უბრძანეს გაექრო.

. . . . . . . . . . . . . . .

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნათანიაჰუმ გადადო სასამართლო რეფორმა, რომელზეც წინა მიმოხილავში მოგახსენეთ.

მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, როცა დარწმუნდა, რომ 600 000 ადამიანი, 8 მილიონიან ქვეყანაში მზად იყო მუდმივად შეექმნა პრობლემები ხელისუფლებისათვის მშვიდობიანი, თუმცა აქტიური დემონსტრაციებით.

ისრაელის პრეზიდენტი, იცხაკ ჰერცოგი, რომელსაც საპარლამენტო რესპუბლიკაში მხოლოდ ცერემონიული უფლებამოსილებები აქვს, საჯაროდ ჩაერია პროცესებში და მოუწოდა მთავრობას, გაეუქმებინა რეფორმა, რომელიც` ასუსტებდა უმაღლეს სასამართლოს`, რაკი ამ სასამართლოს ერთმეოდა მთავრობის გადაწყვეტილებათა გაუქმების უფლება, ხოლო მოსამართლეებს ამიერიდან მთავრობა დანიშნავდა.

ისრაელის პრეზიდენტის გამოსვლა იმითაა ნიშანდობლივი, რომ დემოკრატიაში არა აქვს მნიშვნელობა, რა პროცენტული შეფარდებით იხლიჩება საზოგადოება, როცა რაიმე მნიშვნელოვანი საკითხის ირგვლივ იხლიჩება: ნახევარი-ნახევარზეა თუ 70-30%-თან.

პასუხისმგებელი ელიტები ცდილობენ გახლეჩა არ დაუშვან: ნათანიაჰუ ამას მიხვდა და უკან დაიხია.

თუმცა ყველა გამოკითხვით, ისრაელელთა უმრავლესობა კვლავინდებურად მას უჭერს მხარეს - სხვაგვარად პრემიერიც ვერ გახდებოდა.

. . . . . . . . . . . . . . .

ნამდვილი ტრაგიკომედია ვითარდება რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებში: მოსკოვმა მკაცრად გააფრთხილა ერევანი, რომ თუ სომხეთი შეუერთდება `რომის სტატუტს` საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ჰააგა) შექმნის შესახებ, ეს მთლიანად დაანგრევს რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებს და უმძიმეს შედეგებს გამოიღებს სომხეთისთვის.

ბუნებრივია, იგულისხმება, რომ სწორედ ჰააგამ გასცა რამდენიმე დღის წინ პუტინის დაპატიმრების ორდერი და თუკი სომხეთის პარლამენტი რომის სტატუტის რატიფიცირებას განახორციელებს, სომხეთი(ც) იძულებული გახდება პუტინი დააპატიმროს მისი ვიზიტის შემთხვევაში ან გააუქმოს პუტინის ვიზიტები.

რამდენიმე დღის წინ სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ `რომის სტატუტი` მთლიანად შეესაბამება სომხეთის კონსტიტუციას და ამით `მწვანე შუქი აუნთო` სომხეთის პარლამენტს, რათა დაამტკიცოს რომის სტატუტი.

მოსკოვში, რასაკვირველია მიაქციეს ყურადღება, რომ სომხეთის `საკონსტიტუციომ` ეს ვერდიქტი გამოიტანა უკვე მას შედმეგ, რაც პუტინის დაპატიმრების ორდერი გაიცა; და რომ ეს არ შეიძლებოდა ყოფილიყო შემთხვევითი.

შესაბამისად  პუტინმა შანტაჟად აღიქვა და ერევანს `ყვითელი ბარათი` უჩვენა - არაფერი შეგეშალოთო.

ბუნებრივია, სომხეთს `რომის სტატუტის` რატიფიცირება აზერბაიჯანის წინააღმდეგ სჭირდება და არა რუსეთის წინააღდმეგ უფრო.

მაგრამ რაკი აქტუალური თემა ახლა არა აზერბაიჯნანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის, არამედ სწორედ პუტინის `დაჰააგებაა`, ჩვენმა მეზობლებმაც დიდ შარში ამოჰყვეს თავი.

შესაძლოა გადადონ რატიფიცირება.

იმიტომ, რომ თუ სომხეთის პარლამენტი რომის სტატუტს მაინც დაამტკიცებს და ძალაში შეიყვანს, პუტინი იფიქრებს `სომხები მაპატიმრებენო` და აზერბაიჯანთან დაპირისპირებისას  კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდებიან ჩვენი მეზობლები.

მაგრამ, მეორეს მხრივ, თუ აზერბაიჯანი დაასწრებს სომხეთს რომის სტატუტის საბოლოო რატიფიცირებას, მაშინ ბაქო აუცილებლად აღძრავს საქმეს სომხეთის ყოფილი და ამჟამინდელი პოლიტიკოსების წინააღმდეგ აზერბაიჯანული მოსახლეობის ეთნიკური წმენდებისათვის, რაც სამხედრო დანაშაულია.

სხვაობა ისაა, რომ სომხეთში დგას რუსული სამხედრო ბაზა, აზერბაიჯანში კი - არა. მხოლოდ `მშვიდობისმყოფლებია` იქ და ისინიც თურქული არმიის კონტროლქვეშ არიან: თურქული არმია,   დრონებით, ყურადღებით აკვირდება მათ ყველა ნაბიჯს.

ასე წერია 2020 წლის 9 ნოემბრის შეთანხმებაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ: იქ პირდაპირაა გაწერილი, რომ თურქული არმია იყენებს დრონებს, რათა ყარაბაღში პროცესები გააკონტროლოს.

და მართლაც, პუტინი, ერდოღანის შიშით, ალიევს ბევრს ვერაფერს გაუბედავს, ხოლო ფაშინიანი მის ხელშია მთლიანად..... და  თუ პუტინი განრისხდა, აზერბაიჯანმა შეიძლება ერევანიც აიღონ.

პრეზიდენტმა ალიევმა რამდენიჯერმე განაცხადა,რომ ერევანი და საერთოდ სომხეთის ტერიტორია `დასავლეთ აზერბაიჯანია`.