საერთაშორისო მიმოხილვა. 28 თებერვალი 2022 წელი
კიევის გარეუბნებში გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს უკრაინის არმიასა და რუსეთის არმიის დივერსიულ-სადაზვერვო (РДГ) ჯგუფებს შორის. ზოგმა მათგანმა კიევის ცენტრამდეც კი მიაღწია. მაგრამ, საბედნიეროდ, იქ გაანადგურეს.
ეს ჯერ არ არის ფრონტალური შეტევა, თუმცა სამხედრო ექსპერტები ამტკიცებენ, რომ მაინც ძალიან მნიშვნელოვანი და საშიშია, რადგან ამ გზით РДГ ამოწმებენ სად უფრო ძლიერია და სად უფრო სუსტია უკრაინის არმიის თავდაცვა, სად უფრო იქნება შესაძლებელი მისი გარღვევა, აგრეთვე აშინებენ მოსახლეობას, ცდილობენ გამოიწვიონ პანიკა, ოღონდ ზელენსკიმ არა მხოლოდ არ დატოვა დედაქალაქი არამედ რამდენიმე ვიდეოც გადაიღო ქალაქში.
როგორც სჩანს უკრაინის გენერალიტეტმა, რომელსაც რასაკვირველია უჯერებს ზელენსკი და ასეც უნდა იყოს ომის დროს (უმაღლესმა მხედართმთავარმა გენერალიტეტის რჩევები აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, რაკი ისინი პატრიოტებად მიაჩნია) შემდეგი სტარტეგია აირჩია ქვეყნის თავდაცვისა: ფრონტალური ბრძოლის ხაზი ააგო მხოლოდ ე.წ. `დონბასთან`, სადაც 8 წლის განმავლობაში შენდებოდა მძლავრი საფორტიფიკაციო ნაგებობანი. სწორედ ამიტომ, დონბასელ სეპარატისტთა არმია წინ წაწევას ვერ ახერხებს საბედნიეროდ და ბრძოლებში ჩაეფლო.
უკრაინის ყველა სხვა რეგიონში კი, მათ შორის საზღვარზე, უკრაინულმა გენერალიტეტმა გადაწყვიტა ფრონტალური ბრძოლები არ ეწარმოებინა.
იმიტომ, რომ ფრონტალურ ბრძოლებს არანაირი აზრი არა აქვს, როდესაც მტერი სარგებლობს ტოტალური უპირატესობით სამ ასპექტში:
ა) ტოტალური უპირატესობა ჰაერში
ბ) ტოტალური უპირატესობა რადიო-ელექტრონული ბრძოლის საშუალებებში
გ) ტოტალური უპირატესობა უზარმაზარი, ათასობით კილომეტრიანი საზღვრიდან (ბელორუსის საზღვრის ჩათვლით) შეტევის წერტილთა შერჩევაში.
ანუ არავინ იცის პუტინის და შოიგუს გარდა, კონკრეტლად რომელი წერტილიდან შეუტევს რუსული არმია, რომელიც (ვთქვათ) ბელორუსიის ტერიტორიაზეა განლაგებული: A წერტილიდან თუ 20 კილომეტრში მდებარე B წერტილიდან?
ამიტომ უკრაინის სამხედრო ხელმძღავნელობამ მიზანშეწონილად მიიჩნია, ფრონტალური შეტევების ნაცვლად, რაც აბსოლუტურად უპერსპექტივოა, - მით უმეტეს, როცა მტრის ჯარი ბევრად მრავალრიცხოვანიცაა ყველაფერთან ერთად, - გამაგრდეს დიდ ქალაქებში კიევის ჩათვლით და ამ ქალაქებში სცადოს წინააღდმეგობის გაწევა, რადგან ქალაქთა სპეციფიკიდან გამომდინარე იქ ასე თუ ისე ხდება მტრის ხსენებულ უპირატესობათა ნიველირება.
გუშინ რუსეთმა კიევის გარეუბანში მდებარე ერთ-ერთ აეროდრომზე, 200 ვერტმფრენით დესანტი გადასხა.
საეჭვოა ეს ყოფილიყო მი-26 ვერტმფრენები, რადგან ამ ზომის ამდენი ვერტმფრენი რუსეთს არ ჰყავს. მი-26-ს 100 ჯარისკაცის ერთდროულად გადაყვანა შეუძლია.
მაშასადამე უმეტესობა უფრო პატარა ვერტმფრენი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ყველაზე პატარა სატრანსპორტო ვერტმფრენსაც კი მინიმუმ 10 მედესანტის გადაყვანა შეუძლია.
ეს იმას ნიშნავს, რომ ამ აეროდრომს (მისი სახელია გოსტომელ), რომელიც კიევის სტრატეგიულ გარეუბანშია, 2-3 ათასი რუსი მედესანტე აკონტროლებს და ქმნის პლაცდარმს, რომ ამავე აეროდრომზე, უკვე სატრანსპორტი თვითმფრინავებით გადმოსხდეს ფსკოვისა და რიაზანის სადესანტო დივიზიათა შემადგენლობა სამხედრო ტექნიკით.
რა თქმა უნდა უკრაინულ არმიას შეეძლო დესანტის განადგურება თუნდაც ზალპური ცეცხლის დანადგარებით, მაგრამ პუტინი პირადად გამოვიდა ტელევიზიით და განაცხადა: უკრაინის არმია კიევის ქუჩებში, ასევე ხარკოვის ქუჩებში, ზალპური ცეცხლის დანადგარებს აყენებს და ცდილობს ჩვენი საპასუხო ცეცხლი გამოიწვიოს, რათა მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპოს და მერე ჩვენ დაგვბრალდესო.
სინამდვილეში ეს იყო კიდევ ერთი ულტიმატუმი: თუ აეროდრომს დაბომბავთ, კიევს მიწასთან გავასწორებთ სარაკეტო დარტყმებითო და როგორც ვხედავთ, უკრაინამ დესანტი სწორედ ამიტომ არ გაანადგურა, რაკი კიევის მშვიდობიან საცხოვრებელ კვარტლებზე ათეულობით `ისკანდერისა` და `კალიბრის` რაკეტაა დამიზნებული.
თან ზოგიერთი ცნობით, ეს რაკეტები, რომელთა ერთეულები უკვე აფეთქდა ხარკოვში და იმავე კიევში, შესაძლოა კასეტური საბრძოლო რაკეტით იყოს შეიარაღებული.
`კასეტური ბომბი` საშინელი იარაღია. საერთაშორისო კონვენციებითა აკრძალულია, თუმცა რუსეთი ამ კონვენციას შეერთებული არ არის.
2008 წლის 12 აგვისტოს ასეთი რაკეტა, SS-26 Iskander კასეტური საბრძოლო ნაწილით გორის ცენტრში აფეთქდა.
ზოგადად, კასეტური ჭურვები ძალიან მოხერხებულია ქუჩის ბრძოლებისას, თუმცა `საქალაქო ომს` უპირველესად მაინც გამოცდილი `ფეხოსნები` სჭირდება, ვისაც ქალაქში ბრძოლების გამოცდილება აქვთ.
სწორედ ამიტომ, ჩეჩნეთის `მიკროდიქტატორმა` და პუტინის ყურმოჭრილმა მონამ, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ რამდენიმე ათას ბოევიკს აგზავნის კიევში საბრძოლველად. მათ ქუჩებში ბრძოლის გამოცდილება ნამდვილად აქვთ - ბევრი მათგანი რუსებს ებრძოდა სწორედ გროზნოში.
ახლა პუტინს რუსი ჯარისკაცები იმ სისხლიან ხორცსაკეპ მანქანაში ენანება და კადიროვის ბოევიკებს შეპირდა უკრაინელ ქალებს, ბინების ძარცვასა და ალაფს. როგორც სტალინი და ჟუკოვი შეპირდნენ 1945 წლის აპრილში წელამდე სისხლში მდგარ არმიებს - ბერლინში გერმანელ ქალებს და დიდ ალაფს.
პრეზიდენტი ზელენსკი დედა-ქალაქს არ ტოვებს
რაც შეეხება დასავლურ სანქციებს, ბევრი მათგანი საკმაოდ მტკივნეულია.
ოღონდ მტკივნეულია არა `აქ და ახლა`, არამედ გრძელვადიანი თვალსაზრისით.
არადა, `შემაკავებელი` წესით დასავლეთი უნდა გამხდარიყო: წარმოუდგენელია ევროატლანტიკური სივრცე არ დაზიანდეს, თუ უდიდესი ევროპული სახელმწიფო (უკრაინა) უბრალოდ `წაიშლება` ევროპის რუკიდან, ხოლო აგრესიული რუსეთი რამდენიმე მონაკვეთზე პირდაპირ დაუმეზობლდება ევროკავშირის სახელმწიფოებს. მწარე ისტორიული გამოცდილება მათ კულტურულ კოდშიც დევს.
თუმცა გადამწყვეტი მაინც ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთ ევროპის პოზიციაა.
დასავლურ მედიაში მთელი ამ წლების მანძილზე ჟონავდა ინფორმაცია, რომ პუტინი, სპეცსამსახურთა (პირველ რიგში) და დიპლომატიური არხებით დასავლეთს მუდმივად უთვლიდა: ჩვენ არ შევეხებით ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოებს, არავითარ პრობლემას არ შევუქმნით ლიტვას, ლატვიას, ესტონეთს, პოლონეთს, რუმინეთს ოღონდაც....უკრაინა ჩვენი სივრცეაო.
რა ტქმა უნდა დასავლეთი ასეთ პრიმიტიულ `გაცვლას` არ მიიღებდა, მაგრამ პუტინის მიზანი იმდენად კონკრეტული გარიგება კი არ იყო, არამედ დასავლურ ელიტებში იმ შეხედულების გაძლიერება, რომ უბედურებაა თუ პუტინი უკრაინას დაიპურობს ან გახლეჩს, თუმცა ნაკლები უბედურება იქნება, თუ იგი ამ სივრციდან` გარეთ` არ გავა და უშუალოდ NATO-ს არ დაემუქრება. არადა ეს შესაძლოა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ალიანსი პირდაპირ ჩაერევა უკრაინულ ომში.
ფაქტია: `მომაკვდინებელი სანქციები`, რაც ამერიკამ და ევროპამ გამოაცხადეს, სულაც არ აღმოჩნდა ისეთი `მომაკვდინებელი`, რაც რუსეთის შესაჩერებლად იქნებოდა აუცილებელი: რამდენიმე ბანკის დაბლოკვა, ახალი ტექნოლოგიების, ასევე ჩიპების მიწოდებაზე უარი, ვიზების გაცემის შეწყვეტა პუტინის ოლიგარქებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის გრძელვადიანი სანქციაა და მათი შენარჩუნება იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენ ხანს გაძლებს და გაძლებს თუ არა საერთოდ უკრაინის დამოუკიდებელი სახელმწიფო.
თუ პუტინმა შედარებით უმტკივნეულოდ დასვა კიევში საკუთარი მარიონეტი, ის მიმართავს დასავლეთს თხოვნით ამ სანქციების გაუქმების შესახებ და.....
ნამდვილად მომაკვდინებელი სანქციები იქნებოდა არა რამდენიმე ბანკის დაბლოკვა (თუნდაც ყველაზე დიდი ბანკებისა) არამედ დოლარით ოპერირების აკრძალვა, რადგან ფულადი ნაკადების გადამისამართება სხვა ბანკთა გავლითაც შეიძლება; ასევე მომაკვდინებელი სანქცია იქნებოდა პუტინისთვის რუსული ნავთობის შესყიდვის აკრძალვა და საბანკო გადარიცხვათა სისტემა SWIFT-იდან რუსეთის გამოთიშვა, თუმცა დასავლეთი, როგორც სჩანს, ამ ზომებს ერიდება.
პუტინი უკრაინისგან მოითხოვს ე.წ.` ნეიტრალიტეტის` გამოცხადებას და ამ მიზნით მოლაპარაკებებისთვისაც კი მზადაა. ოღონდ მთავარია გავარკვიოთ, რას გულისხმობს იგი ამ `ნეიტრალიტეტში`.
ლავროვმა ეს პირდაპირ თქვა: `ნეიტრალიტეტში` მოსკოვი გულისხმობს არა მხოლოდ კონსტიტუციაში (!) იმის ჩაწერას, რომ უკრაინა არასდროს არც ერთ სამხედრო ბლოკში არ გაერთიანდება ანუ ნატოზე ერთხელ და სამუდამოდ უარს იტყვის, არამედ უკრაინული არმიის განიარაღებას, მისთვის ყველა სერიოზული იარაღის ჩამორთმევას და მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის (კალაშნიკოვების) დატოვებას, ანუ დაახლოებით ისეთ სტატუსს, როგორიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიის არმიას ჰქონდა: პოლიციის დამხმარე საშაულებისა.
მეორე მოთხოვნა ე.წ. `ნეიტრალიტეტის` კონტექსტში იქნება რუსულის გამოცხადება სახელმწიფო ენად უკრაინულთან ერთად. პუტინმა ძალიან კარგად იცის, რომ თუ რუსული უკრაინაში თუნდაც უკრაინულის თანაბარ სახელმწიფოებრივ სტატუსს მიიღებს, უკრაინული ენის ფუნქცია დამთავრებულია, რადგან უკრაინელთა დიდი ნაწილისთვის რუსული მშობლიური ენაა და რუსულად ლაპარაკობენ
მესამე: კონფედერაციული კავშირის გაფორმება დონბასთან ისე, რომ დონბასს ჰქონდეს საშაულება დაბლოკოს კიევის ნებისმიერი გადაწყვეტილება საგარეო პოლიტიკური მიმართულებით.
რუსები ზელენსკის დელეგაციასთან ვარშავაში შეხვედრაზე თანახმანი იყვნენ მხოლოდ იმ პირობით, თუ ამ შეხვედრაზე მოლაპარაკება კი არ გაიმართებოდა, არამედ უკრაინა უბრალოდ ხელს მოაწერდა ამ ულტიმატუმს.
მაგრამ ზელენსკიმ თქვა, რომ საკუთარი ხელმოწერით უკრაინას მტერს არ ჩააბარებს.
ქალაქის ქუჩებში დადის და ვიდეოს დებს სოციალურ ქსელებში, რომ არსად გაქცეულა.