საერთაშორისო მიმოხილვა. 27 ნოემბერი. 2023 წელი
15 დეკემბერს დაგეგმილი EU პრემიერ-მინისტრებისა და პრეზიდენტების `ევროპული საბჭოს` (Europian counsel) სამიტი, რომელზეც საქართველოს კანდიდატობა უნდა დამტკიცდეს, ხოლო უკრაინასთან ევროკავშირის წევრობის თაობაზე მოლაპარაკებებს უნდა აენთოს `მწვანე შუქი`, შესაძლოა ჩაიშალოს უნგრეთის ლიდერის, ვიქტორ ორბანის წინააღმდეგობის გამო.
როგორც მოსალოდნელი იყო, უნგრეთი იმუქრება, რომ ვეტოს დაადებს მოლაპარაკებების დაწყებას უკრაინასთან წევრობაზე და დაბლოკავს უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას იმ შემთხვევაში, თუ თვითონ არ მიიღებს ევროკავშირისგან 22 მილიარდ ევროს, რომლის ტრანსფერი შეჩერებულია უნგრეთში სასამართლო დამოუკიდებლობის არარსებობისა და უმცირესობის უფლებათა დარღვევის გამო.
დღეს, 27 ნოემბერს ბუდაპეშტში ჩადის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. იგი შეეცდება ორბანი დაარწმუნოს, რომ ევროკავშირის ასეთი შანტაჟირება არ არის სწორი ან რაიმე კომპრომისს მიაღწიოს მასთან.
თუ EU 15 დეკემბრის სამიტი მაინც ჩაიშალა, საქართველოს საკითხიც გაურკვეველი ვადით გადაიდება.
. . . . . . . . . . . . . . . . .
30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს ჩრდილო მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში უნდა გაიმართოს ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) მორიგი სამიტი.
მთავარი თემა გახდა, დაუშვებენ თუ არა სამიტში მონაწილეობის მისაღებად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს.
2022 წლის რუსული აგრესიის დაწყებიდან ლავროვი ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა ვიზიტით.
ახლა კი იმუქრება, რომ თუ არ შეუშვებენ სკოპიეს სამიტზე, დაბლოკავს OSCE ყველა გადაწყვეტილებას, არ აარჩევინებს ახალ თავმჯდომარე ქვეყანას, არ დაუმტკიცებს ბიუჯეტს, არ დააკანონებს ორგანიზაციის ქვეგანყოფილებებს (მაგალითად არჩევნების მონიტორინგის ბიუროს, რომელიც 2024 წლის არჩევნებს უნდა დააკვირდეს საქართველოში) და ა.შ და ა.შ.
OSCE ყველა გადაწყვეტილებას კონსენსუსით იღებს.
ეს ორგანიზაცია 1975 წელს დაფუძნებული `ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის` მემკვიდრეა. თავის დროზე დიდი როლიც შეასრულა სსრკ დაშლაში.
დღეს რუსეთის შანტაჟს ბალტიის ქვეყნები ეწინააღმდეგებიან, ხოლო` ბებერი ევროპის` სახელმწიფოები (მაგალითად ავსტრია) ლავროვს ისევ `კოჭს უგორებენ`: `იქნებ შემოვუშვათ სამიტზე....მოლაპარაკებები სჯობს ომს....პრაგმატიკოსები უნდა ვიყოთ და......ა/შ`
უკრაინა კატეგორიულად წინააღმდეგია და იმუქრება, რომ თუ განგრძობადი აგრესიის პირობებში ლავროვს სამიტზე დაუშვებენ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სამიტს ბოიკოტს გამოუცხადებს.
სამწუხაროდ, ეს პროცესები იმის შედეგია, რომ უკრაინის კონტრშეტევამ შედეგი ვერ გამოიღო!
ის კონტრშეტევა რომ წარმატებული ყოფილიყო, არც კი დაისმებოდა საკითხი, შეუშვან თუ არა ლავროვი კვლავ ევროპაში.
. . . . . . . . . . . . . . . . .
პუტინის რეჟიმი ნემსის ყუნწში ძვრება, რათა დასავლური სანქციები გადალახოს და საერთაშორისო ორგანიზაციებში მოსკოვის წევრობა ან ქმედითი მუშაობა აღადგინოს.
გუშინ რუსეთის `საგარეომ` განაცხადა, რომ არ დაუშვებს ბალტიის ზღვის ფსკერიდან ქიმიური იარაღის ამოღება და უტილიზაცია NATO-მ განახორციელოს.
იმუქრებიან კიდეც, რომ თუ ალიანსის გემები ბალტიის ზღვის ნეიტრალურ (!) წყლებში დაიწყებენ იმ ქიმიური იარაღის მოძიებას და ამოღებას, ხელს შეუშლიან.
საქმე ეხება ჰიტლერული გერმანიის კუთვნილ 40 000 ტონა (!!!) ქიმიურ იარაღს.
ძირითადად ესაა `იპრიტი`, რომლის გამოიყენება ჰიტლერმა მაშინაც კი ვერ გაბედა, როდესაც სტალინის არმიები ბერლინს უტევდნენ.
ვერ გაბედა იმიტომ, რომ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ `იპრიტის` გამოყენება ჟენევის კონვენციით აიკრძალა და თუ ჰიტლერი გამოიყენებდა საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ, სტალინი მთელს ბერლინს ამოახრჩობდა ქიმიური იარაღით.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ეს 40 000 ტონა ქიმური ბომბები და ჭურვები ბალტიის ზღვაში გადაყარეს.
მაშინ სად იყო ესოდენ მძლავრი `ეკოლოგიური მოძრაობა`.....არც უტილიზაციის ტექნოლოგიები არსებობდა იმ დროს.
ახლა კი რუსეთი იმუქრება: NATO-მ არ გაბედოს ამ იარაღის ამოღება, თორემ არ დაგავიწყდეთ: ბალტიის ზღვაში ყველაზე ძლიერი ფლოტი სწორედ რუსეთს ჰყავსო.
რას მოითხოვს რუსეთი? მოითხოვს იგი აღადგინონ იმ საერთაშორისო ორგანიზაციებში (`ბალტიის სახელმწიფოთა გაერთიანება`, `ქიმიური იარაღის კონტროლის კომისია`) საიდანაც ან გარიცხეს, ან წევრობა შეუჩერეს მას შემდეგ, რაც ქიმიური იარაღი (ჯერ `პოლონიუმი`, შემდეგ `ნოვიჩოკი`) გამოიყენა დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე - ლიტვინენკოსა და მამა-შვილ სკრიპალების წინააღმდეგ; მერე კი უკრაინაში შეიჭრა.
ძნელი სათქმელია, რით უპასუხებს დასავლეთი ამ მუქარას: სისტემური მიზეზი კრემლის ასეთი თავხედობისა (ვიმეორებ: საქმე ეხება არა რუსეთის ტერიტორიულ წყლებს, არამედ ნეიტრალურ წყლებს) ისაა, რომ ბალტიის ზღვაში NATO-ს სამხედრო `ყოფნა` არ არის იმ დონისა, როგორიც წესით უნდა იყოს.
ეს იმ უკვე შორეული ეპოქის გადმონაშთია, პუტინის `დაშოშმინების` პოლიტიკას რომ ატარებდნენ და Перезагрузка-ს ღილაკს ამზადებდა ვაშინგტონში ქალბატონი ჰილარი.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკა და ინდოეთი ყველანაირად ცდილობენ შეარბილონ სკანდალი, რომელიც მოჰყვა Financial Times-ის სენსაციურ პუბლიკაციას სინგჰი სეპარატისტების ლიდერის, გურპანტვანტა სინგჰ პანუნას მკვლელობის დაგეგმვის შესახებ.
FT ამტკიცებს, რომ ამერიკული და კანადური მოქალაქეობის მქონე და ამერიკაში მცხოვრები სეპარატისტის მკვლელობა ინდოეთის სპეცსამსახურებმა დაგეგმეს.
ინდოეთი უარყოფს.
სინგჰები ინდოეთის პენჯაბის შტატის ინდოეთისგან გამოყოფისა და დამოუკიდებელი სახელმწიფო `ჰალისტანის` შექმნისთვის იბრძვიან.
წარსულ ეპოქაში, სხვადასხვა დროს, სინგჰებმა ინდოეთის ორი პრემიერ-მინისტრი მოკლეს ტერაქტის შედეგად: ინდირა განდი და რაჯიფ განდი.
ორივე მკვლელი მათი პირადი დაცვის წევრი იყო.
პირადი დაცვის წევრები კი იმიტომ იყვნენ, რომ ინდოეთის პრემიერები ამით ცდილობდნენ სინგჰებისადმი განსაკუთრებული კეთილგანწყობის დემონსტრირებას.
ამით დასტურდება, რომ ფანატიკოს სეპარატისტებზე `ასეთები` კეთილად არ მოქმედებს.
გურპანტვანტა სინგჰ პანუნა 20 წელია ამერიკაში ცხოვრობს, თუმცა პრობლემებს დღემდე ქმნის.
რამდენიმე თვის წინ ინდოეთის სპეცსამსახურებმა მისი ერთ-ერთი თანამებრძოლი მოკლეს კანადაში.
ანუ FT ვერსია საფუძველს მოკლებული სულაც არ არის. თუმცა...... ინდოეთ-ამერიკის ამჟამინდელი ურთიერთობის კონტექსტი ისეთია, მხარეები ცდილობენ არ გაამწვავონ საკითხი. არადა ამერიკის ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს მიერ დივერსიის დაგეგმვა სერიოზული ქეისია.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
დემოკრატებმა ტრამპის წინააღმდეგ შესაძლოა კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე `ააგორონ`. ამჯერად ნარკომოვაჭრე ჯონათან ბრაუნის შეწყალების გამო.
ირკვევა, რომ მსხვილი ნარკომოვაჭრე, რომლის მილიონებს FBI-მ ვერ მიაგნო (თუმცაღა ბრაუნი ციხეში ჩასვა 10 წლით) დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის ბოლო დღეს შეიწყალა.
გამომძიებელი ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ საქმეში ჩარეულია ტრამპის სიძე ჯერარდ კუშნერი, რომლის მოტივები უცნობია.
ტრამპი, შესაძლოა, ამ შეწყალების გამო დაადანაშაულონ Abuse of power ანუ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბების ან ბოროტად გამოყენებისთვის, თუმცა ეს საქმე რომ `დაიძრას`, ჯერ ის უნდა დამტკიცდეს, რომ ჯერარდ კუშნერს ანგარება ამოძრავებდა, რაც ძნელი დასამტკიცებელია.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთის რომელიღაც `Надзорный орган`-ის ბრძანებით, თუკი რუსეთში რომელიმე ჟურნალისტი ან ბლოგერი ახსენებს Facebook-ს ნებისმიერი ფორმით, სიტყვიერად და წერილობით, მან უნდა დაამატოს, რომ Facebook, იგივე კომპანია Meta არის `экстремистская организация, запрещена в РФ`
ანუ ფეისბუკი ყოფილა `ექსტრემისტული ორგანიზაცია, აკრძალული რუსეთში`.
მანამდე, ასეთი მოთხოვნა არსებობდა ISIL-ის მიმართ: თუ ვინმე ახსენებდა, უნდა დაემატებინა, რომ `ისლამური სახელმწიფო` არის `ექსტრემისტული ორგანიზაცია, აკრძალული რუსეთში`.
აქ არის ძალიან საინტერესო თეორიული საკითხი: ბევრი დამკვირვებელი დასავლეთშიც და თვით რუსეთშიც წინასწარმეტყველებდა, რომ პუტინის რეჟიმის ევოლუცია `მსუბუქი, ლაითი ავტორიტარიზმიდან (2000-2007 წლებში) - `მძიმე ავტორიტარიზმისა და ავტოკრატიისკენ (2008 წლის საქართველოში შეჭრიდან - დღემდე) აუცილებლად `განვითარდებოდა` რეჟიმის მცდელობაში, შეეზღუდა სოციალური კომუნიკაციის სივრცეები.
ანუ არა მხოლოდ საინფორმაციო სივრცეები (ეს თავისთავად - - - - პუტინის რუსეთში ამჟამად არ არსებობს მედია, კრემლის კონტროლის გარეშე) არამედ სოციალური კომუნიკაციის სივრცეებიც.
Facebook ზუსტადაც სოციალური კომუნიკაციის პლატფორმაა.
პუტინის რეჟიმი მას ვერ აკონტროლებს და ამიტომაც კრძალავს.
შეეცადა შეექმნა ალტერნატიული პლატფორმა Однокласники-ს სახით, რომელსაც 100%-ით აკონტროლებს, თუმცა ამ რესურსმა ვერ მოიპოვა ისეთი პოპულარობა რუსებში, როგორც Facebook.
ამიტომ, ბოლოს და ბოლოს, Facebook `ექსტრემისტულ ორგანიზაციად` გამოაცხადეს, `ისლამურ სახელმწიფოს` გაუთანაბრეს და აკრძალეს.