საერთაშორისო მიმოხილვა. 26 სექტემბერი. 2025 წელი
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მთავარი თემა უკრაინის კონფლიქტი გახდა.
და არა ისრაელ-არაბული კონფლიქტი, რომელიც ამ დღეებში სულ უფრო მწვავდება, რაკი ისრაელი ინტენსიურად ბომბავს ლიბანის ტერიტორიას და მისი ოპერაცია ჰგავს სახმელეთო ინტერვენციის შემზადებას ლიბანის სამხრეთში. როგორც ეს მოხდა 1982 და 2007 წლებში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნათანიაჰუ ნიუ იორკში საერთოდ არ ჩავიდა.
გასაგებია რატომაც: არ მიაჩნია არც აზრიანად არც მიზანშეწონილად გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლა, როდესაც ისრაელის ელიტათა თვალთახედვით გენერალური ასამბლეა მხოლოდ „სალაყბოა“ სადაც......არაფერი წყდება.
„წყდება საკითხები“ რეალურად გაეროს უშიშრობის საბჭოს სხდომაზე, სადაც ისრაელის თემაზე ერთობა არ არის, არც იქნება, ხოლო ამერიკა ყველა იმ რეზოლუციას დაავეტოვებს, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მის სტრატეგიულ, ისტორიულ და „იდენტობით“ მოკავშირეს.
ასე იყო, არის და იქნება.
გენერალურ ასამბლეაზე 200 გამომსვლელიდან რომ 190 გამომსვლელმა ისრაელი გააკრიტიკა შარშანდელ სესიაზე, ისრაელის წარმომადგენელმა იმ მაღალი ტრიბუნიდან განაცხადა: „ისრაელის ბედისწერანი, საბედნიეროდ, ამ დარბაზში როდი წყდებაო“.
ანუ უფალი წყვეტს ჯერ კიდევ ბიბლიური ეპოქიდან მოყოლებული ისრაელის ბედისწერას და თქვენ საერთოდ ვინ.........ბრძანდებითო (ასე გადმოვთარგმნოთ)
სწორედ ამიტომ, მიმდინარე სესიაზე ძირითადი საკითხი ისევ და ისევ უკრაინა გახდა.
პრეზიდენტი ზელენსკი გამოვიდა უძლიერესი სიტყვით.
მან წარადგინა თავისი „მშვიდობის ფორმულა“, რომელიც სინამდვილეში არის პუტინის კაპიტულაციის ფორმულა.
ამ ფორმულით ზელენსკი ჯერ უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოვიდა, შემდეგ კი გენერალურ ასამბლეაზე.
ზელენსკის მთავარი შეტყობინება (Message) იყო რუსეთის მიმართ „მშვიდობისადმი იძულების“ ოპერაციის განხორციელება.
ეს ინსტიტუცია (Peace enforcement) გათვალისწინებულია გაეროს წესდებით, ოღონდ......ცოტა არ იყოს გაუგებარია, როგორ აპირებს ზელენსკი ან თუნდაც დასავლეთი გაეროს ინსტრუმენტებით (!!!) ამ ოპერაციის განხორციელებას რუსეთის მიმართ მაშინ, როდესაც იმავე წესდებით, Peace enforcement ოპერაციას ესაჭიროება უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, ხოლო რუსეთს ამ საბჭოში ვეტო-ს უფლება აქვს.
დასავლეთი ვეტოს უფლების გაუქმებას და, ფაქტობრივად, ახალი უნივერსალური ორგანიზაციის ჩამოყალიბებას ვერ ბედავს („ვეტო“-ს გარეშე ეს სულ სხვა „გაერო იქნება) იმ მიზეზით, რაზეც უამრავჯერ დაგვიწერია - ისრაელს ვეღარ დაიცავს, როდესაც 200 წევრი სახელმწიფოდან 190 (ევროპული ქვეყნების დიდი ნაწილიც კი, ბრიტანეთის ფლაგმანობით) ხშირად ისრაელის მოწინააღმდეგეა კონკრეტულ სიტუაციებში.
აბა რუსეთი საკუთარი თავის წინააღმდეგ „მშვიდობისადმი იძულების“ ოპერაციას ხომ არ მისცემს ხმას?
1999 წელს რუსეთმა ვეტო დაადო უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ნაცისტური იუგოსლავიის წინააღმდეგ Peace enforcement ოპერაციის განხორციელების თაობაზე. ამიტომ NATO-მ (პირველ რიგში ამერიკამ, რასაკვირველია) გაეროს რეზოლუციის გარეშე განახორციელა ეს ოპერაცია მილოშევიჩის იუგოსლავიის წინააღმდეგ
ამგვარი პრეცედენტი გამოიყენა მოსკოვმა და 2008 წელს თავადაც განაცხადა: საქართველოს წინააღმდეგ მშვიდობისადმი იძულების ოპერაციას ვახორციელებო (Операция по принуждению к миру) თან დემაგოგიურად იშველიებდა ხსენებულ პრეცედენტს - „აბა NATO--მ და ამერიკამ რომ.......“
დავუბრუნდეთ ზელენსკის გამოსვლას: არ დაუკონკრეტებია რას გულისხმობდა რუსეთის „მშვიდობისადმი იძულებაში“, თუმცა იმაზე კი მიანიშნა, რომ მსოფლიო თანამეგობრობას აქვს ფართო „ინსტრუმენტალი“, რათა აიძულოს მოსკოვი, დაემორჩილოს გაეროს წესდებას.
ოღონდ......იმ შემთხვევაში, თუკი მსოფლიო თანამეგობრობა იქნება კონსოლიდირებული და რაც მთავარია (ეს ზელენსკის გამოსვლის ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაგმენტია) არ იქნება „ორმაგი სტანდარტები“ ანუ ისეთი მიდგომა, რომ რუსეთისთვის, რაკი დიდი სახელმწიფოა, რაკი ბირთვული იარაღი აქვს, არსებობს „ერთი გაეროს წესდება“, ხოლო ირანისთვის არსებობს „მეორე გაეროს წესდება“, ბრაზილიასა და ჩინეთისთვის არსებობს „მესამე გაეროს“ წესდება და ა.შ.
„სინამდვილეში გაეროს მხოლოდ ერთი წესდება აქვს და ყველამ უნდა შეასრულოს ეს წესდება“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ეს Message არა მხოლოდ ჩინეთის, ინდოეთისა და ბრაზილიის მიმართაა „გზავნილი“ არამედ დასავლეთის არაერთი სახელმწიფოს მიმართაც.
ამით ზელენსკიმ თქვა, რომ მსოფლიოს ბევრი სახელმწიფო, ნაცვლად კონსოლიდაციისა, ეხმარება რუსეთს, გააგრძელოს ომი და აგრესია, ეხმარება მოსკოვს, რათა „უბრალო რუსებმა“ ვერ იგრძნონ და არ იგრძნონ ომის სუსხი.
ვის და როგორ გულისხმობდა, თითქმის მაშინვე განმარტა აშშ სახელმწიფოს მდივანმა ენტონი ბლინკენმა: „თეირანი და ფხენიანი ეხმარებიან პუტინს განაგრძოს ეს სასაკლაო, დაანგრიოს უკრაინული სახლები, ხორბლის საწყობები (!) და პორტები, ელექტროსადგურები, გაზგამანაწილებელი სადგურები მაშინ, როცა დგება ზამთარი....“ - განაცხადა ბლინკენმა, თუმცა ამერიკელები ბევრად ნაკლებს ლაპარაკობენ ჩინეთის, ინდოეთის როლზე, რომლებიც იარაღს არ აწვდიან პუტინს, მაგრამ ყიდულობენ მისგან ნავთობს და აწვდიან ყველაფერს, რაც სჭირდებათ რუსებს რათა გააგრძელონ ცხოვრება „ვითომც არაფერი“ - თითქოს მათი სახელმწიფო და მათი ქვეყანა არ ახორციელებს სისხლიან აგრესიას მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ.
ჩინეთი ვითომდაც რუსეთის არმიას პირდაპირ არ აწვდის იარაღს, მაგრამ....გუშინ აშშ უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთი ახალი ტიპის დრონებს ამზადებს ჩინურ საწარმოებში და ეს დრონები შემდეგ პირდაპირ ფრონტზე მიდისო.
ცოტა არ იყოს უცნაურად კი ჟღერდა დასკვნა რაც თეთრ სახლში გახმოვანდა ამის შემდეგ: „არა გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, ჩინეთის ხელისუფლებამ იცის ამ ერთობლივი წარმოების შესახებ, მაგრამ......“’
ჩინეთის ხელისუფლებამ და რამე არ იცოდეს რაც ჩინურ საწარმოში ხდება?!
ზელენსკიმ გაეროს ტრიბუნიდან ისიც განაცხადა, რომ უკრაინა მსოფლიოს კვლავინდებურად სთავაზობს „მშვიდობის ფორმულას“, რაც „მშვიდობისადმი იძულების“ შედეგად უნდა განხორციელდეს და გულისხმობს უკრაინის ტერიტორიის სრულ დეოკუპაციას: არავითარი „გამყოფი ხაზი, არავითარი ტერიტორიების დათმობა.
ამ საკითხში, როგორც ჩანს, უკრაინული ელიტები სრულად არიან კონსოლიდირებულნი.
დონალდ ტრამპსა და ზელენსკის შორის შეხვედრა არ შედგა.
ტრამპის გუნდი კი ამბობს, თითქოს აშშ 45-ე პრეზიდენტმა არ მოინდომა უკრაინელ ლიდერთან შეხვედრა, თუმცა ეს ზუსტად არავინ იცის.
შესაძლოა ზელენსკისაც არ სურდა ან/და სწორედაც ზელენსკის არ სურდა შეხვედრა ტრამპთან, რაკი „ტრამპის გეგმა“ ფრონტის ხაზის გაყინვას და ტერიტორიების მოსკოვისთვის დე-ფაქტო გადაბარებას გულისხმობს.
ეს პირდაპირ თქვა ამას წინათ ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა ვენსმა. თანაც უკრაინის „ნეიტრალიტეტის“ და ბლოკებში მისი გაუწევრიანებლების პირობით, რაც რეალურად იმას ნიშნავს, რომ თუ პუტინი ამას დაეთანხმება (ესეც საკითხავია), 10-15 წლის შემდეგ ვერაფერი შეუშლის ხელს ახალი აგრესია განახორციელოს უკრაინული სახელმწიფოს სრული განადგურების მიზნით.
პრეზიდენტ ზელენსკის უპასუხა ბრაზილიის პრეზიდენტმა ინასიო ლულა დე სილვამ; მან ახსენა „ბრაზილიისა და ჩინეთის“ ერთობლივი გეგმა რაც, გულწრფელად თუ ვიტყვით, ძალიან ჰგავს ტრამპ-ვენსის სამშვიდობო გეგმას რუსეთის დაშოშმინებისა (Appeasement) ჰიტლერის მსგავსად და არა მშვიდობისადმი იძულებისა.
ეს ტანდემი (ბრაზილია-ჩინეთი) უკრაინისთვის და დასავლეთისთვის იმითაა სახიფათო, რომ მას აქვს პოტენციალი ანტიუკრაინულ „მშვიდობის გეგმას“ შესძინოს ლეგიტიმაცია „გლობალურ სამხრეთში“ ანუ აზიისა და აფრიკის სახელმწიფოებში, რომელთა დიდი ნაწილი ისედაც „კუდს უქიცინებს“ ტრადიციულად პუტინს.
მაგრამ მთლიანობაში, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ ამ დიპლომატიურ ინტრიგებზე, ამ ნარატივებზე, გაეროს წესდების ინტერპრეტაციებზე და ა.შ და ა.შ. ყველაფერი მაინც წყდება ბრძოლის ველზე! - წყდება უკრაინელი ჯარისკაცებისა და ოფიცრების, უკრაინელი გენერლების პატრიოტიზმითა და პროფესიონალიზმით.
წყდება უგლედართან, დონბასზე, რომელსაც ახლა უტევს პუტინის საოკუპაციო არმია და წყდება კურსკის ოლქში, სადაც კვლავინდებურად განლაგებულნი არიან უკრაინული ძალები;
ასევე წყდება უკრაინულ ქარხნებში, სადაც ამზადებენ შორსმწვდომ რაკეტებს და ამ რაკეტებით წარმატებით ბომბავენ რუსეთის სამხედრო ობიექტებს აგრესორი ქვეყნის სიღრმეში.
გუშინ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის „ბირთვულ დოქტრინაში“ შეაქვს ცვლილება: მოსკოვი იმუქრება, რომ ტაქტიკურ (როგორც მინიმუმ) ბირთვულ იარაღს გამოიყენებს იმ შემთხვევაში, თუკი უცხო სახელმწიფოს რაკეტები და თვითმფრინავები დაარღვევენ რუსეთის საჰაერო სივრცეს და დაბომბავენ ობიექტებს რუსეთის ტერიტორიაზე.
უეჭველად იგულისხმება ბოლოდროინდელი მოვლენები, როცა უკრაინული წარმოების რაკეტებით განადგურდა მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტები რუსეთში.
პუტინის ახალი დოქტრინა ამ რაკეტების მწარმოებელს კი არ აქცევს ყურადღებას, არამედ იმ გარემოებას, რომ ასეთი ზუსტი დარტყმები უკრაინას რუსეთის სიღრმეში შეეძლო განეხორციელებინა მხოლოდ და მხოლოდ ამერიკული თანამგზავრული მიზანდასახულობის სისტემებით.