საერთაშორისო მიმოხილვა. 24 ოქტომბერი. 2022 წელი
აფხაზეთში გრძელდება ისტერია იმის გამო, რომ ხორცის კონსერვზე, რომელიც ბიჭვინთას მაღაზიაში იყიდებოდა, გამოსახულია საქართველოს რუკა აფხაზეთით.
მთელი გამოძიება ჩაატარეს ვეტერანთა ორგანზიაცია `არუაა`- ს ინიციატივით და მიმართეს მთავრობას, მკაცრად დასაჯოს ყველა, ვინც დამნაშავეა ამ `დივერსიაში`.
აღმოჩნდა, რომ ხორცის კონსერვი ფსოუს საბაჟოდან ანუ რუსეთიდან შევიდა აფხაზეთში.
გარდა ამისა, ვეტერანთა ორგანიზაცია `არუაა` აღშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ აფხაზეთის სკოლაში, გეოგრაფიის გაკვეთილებზე, გამოიყენება ატლასი, რომელზეც საქართველოს დროშაცაა გამოსახული სხვა დროშებთან ერთად. და ზოგჯერ, თურმე ნუ იტყვით, აფხაზეთის მაღაზიებში ქართული ღვინოც კი იყიდება.
გენერალურ პროკურორს მიმართავენ, დაუყოვნებლივ დააპატიმროს ყველა დამნაშავე.
. . . . . . . . . . . . . . .
გალის რაიონის ყოფილმა გამგებელმა, თემურ ნადარაიამ აფხაზეთის მთავრობას მოუწოდა, დაუყოვნებლივ აკრძალოს აფხაზეთში ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დასავლეთიდან ფინანსდება. ნადარაია ამბობს, რომ ეს დასავლური ორგანიზაციები საქართველოს ინტერესებს ატარებენ და ცდილობენ აფხაზეთი (თურმე) `შეათრიონ` საქართველოში`.
ნიშანდობლივია, რომ აფხაზეთის მთავრობის გავლენიანი წარმომადგენლები ნადარაიას არ დაეთანხმნენ და ამით ირიბად დაარტყეს პუტინისა და ლავროვის პირდაპირ სატრაპს აფხაზეთში, - ე.წ. `საგარეო საქმეთა მინისტრ` ინალ არძინბას, რომელიც დიდი ხანია ებრძვის არასამთავრობო ორგანიზაციებს მოსკოვის დავალებით. თუმცა ბევრს ვერაფერს მიაღწია, რადგან სინამდვილეში ეს არასამთავრობო ორგანიზაციები აფხაზეთის მოსახლეობას ეხმარებიან და ვალუტაც შეაქვთ აფხაზეთში.
საინტერესოა, რომ ეს თემურ ნადარაია გააფხაზებული ქართველია, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ომში აფხაზი სეპარატისტების მხარეს. როდესაც აფხაზური ფორმირებები, რუსებთან ერთად, ზუგდიდში გადმოვიდნენ 2008 წლის 10 აგვისტოს, თემურ ნადარაია გადმოჰყვათ და ზოგდიდში საკუთარი დეიდაშვილები და მამიდაშვილები გაძარცვა: შევარდა მათ დაცარიელებულ სახლებში, თუკი რაიმე ფასეული იყო, სულ წაიღო უკან, აფხაზეთში.
. . . . . . . . . . . . . . .
აფხაზეთში დიდი ამბით აღნიშნეს აფხაზეთის არქივის დაწვის 30 წლისთავი. ქართველებს აბრალებენ, რომ მათ დაწვეს სოხუმში აფხაზური არქივი, სადაც ინახებოდა მათ შორის ქართული ხელნაწერებიც.
აფხაზებმა შემთხვევით არ მოაწყვეს ეს ფლეშმობი სწორედ ახლა.
თანაც, საინტერესოა, რომ ინიციატორი გახდა ორგანიზაცია `დაიცავი პიცუნდა`, რომელიც ბიჭვინთის აგარაკის პუტინისათვის გადაცემის წინააღმდეგ გამოდის. ანუ ამით ამბობენ, რომ ჩვენ წინააღმდეგი ვართ ბიჭვინთის დათმობის, მაგრამ ქართევლები ჩვენთვის მტრებად რჩებიანო.
ვისი ბრძანებით დაიწვა აფხაზეთის უნიკალური არქივი, დღემდე გაუგებარია.
ომი იყო; ეს მოხდა მას შემდეგ, რაც გაგრაში აფხაზებმა ქართველებს გენოციდი მოუწყვეს.
ზოგიერთი ცნობით, ბრძანება თამაზ ნადარეიშვილმა გასცა, რომლის სახლი, რამდენიმე დღით ადრე, გაგრაში დაწვეს აფხაზებმა.
თუმცა ამ ამბავმა უდიდესი ზიანი მიაყენა ქვეყანას და დღემდე `მუშაობს` საქართველოს წინააღმდეგ.
არც ის არის შემთხვევითი, რომ `აფხაზური არქივის` დაწვის თემა აფხაზმა სეპარატისტებმა მოაწყვეს სწორედ მაშინ, როდესაც ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება აკრძალოს რუსეთის მიერ აფხაზეთში გაცემულ პასპორტებზე შენგენის ვიზათა გაცემა.
. . . . . . . . . . . . . . .
უნდა ვაღიაროთ, რომ ევროკავშირი როგორც არასდროს და როგორც არავის მიმართ, ისე სოლიდარულია დღეს უკრაინისადმი. და არა მხოლოდ სოლიდარული, არამედ თანმიმდევრული: ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტზე, ბრიუსელში, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 2023 წელს უკრაინა ყოველთვიურად (!) მიიღებს ევროკავშირისაგან 1,5 მილიარდ ევროს. უკრაინამ წელს უკვე მიიღო 19 მილიარდი ევრო.
ამაზე ევროპა მიდის იმის მიუხედავად, რომ იძულებულია შეურიგდეს ევროს დევალვაციას დიდი ფულადი ასიგნებების გამო. ანუ ევროპამ, ისევე როგორც ეს ხშირად მომხდარა ამერიკაში `ჩართო ფულის საბეჭდი დაზგა` და ეხმარება უკრაინას გადარჩეს (და გადაარჩინოს ევროპა) ინფლაციის, ანუ ფასების ზრდის და ევროს დევალვაციის ფასად.
ევრო უკვე დოლარს მნიშვნელოვნად ჩამორჩა კურსით.
თუმცა ევროპელი ელიტები მიხვდნენ, რომ ნამდვილად უღირთ დღეს ამგვარი მსხვერპლი: თუ პუტინმა თავისი გაიტანა, ეს უძლიერესი დარტყმა იქნება ევროპულ ცივილიზაციაზე, რადგან მთელი მსოფლიო დაინახავს, რომ ევროპამ ვერ დაიცვა საკუთარი ღირებულებები.
. . . . . . . . . . . . . . .
ისრაელმა უკრაინას მიაწოდა უპილოტო თვითმფრინავების ადგილმდებარეობის და მარშრუტის დადგენის ანუ მათი ლოკალიზებისთვის აუცილებელი სისტემა.
ეს არის ძლიერი პასუხი რუსეთის თანამშრომლობაზე ირანთან, რომელმაც რუსეთს მიაწოდა დრონები `შაჰიდ`. აგერთვე არის ისრაელის ძლიერი `მესიჯი` რუსეთს ირანთან თანამშრომლობის გამო, რასაც ისრაელი ყველა შემთხვევაში, მუდამ მტკივნეულად აღიქვამს.
მას შეუძლია სხვა ბევრი რამ მიაწოდოს კიდევ უკრაინას. თანაც ისეთი, რასაც უკრაინა დასავლეთისგანაც ვერ იღებს ჯერ ჯერობით. მაგალითად, საშუალო სიშორის რაკეტები.
. . . . . . . . . . . . . . .
ინდური წარმოშობის ბრიტანელი, მილიარდერი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ხდება. ყოველ შემთხვევაში, მეინსტრიმულ ინგლისურ გაზეთებს და სხვა მედიას ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილად მიაჩნიათ.
ბორის ჯონსონს უარი უთხრეს სწორედ იმ მიზეზით, რომ იგი გადადგა რამდენიმე თვის წინ არა პოლიტიკური გარემოებებით, არამედ იმის გამო, რომ ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული: კოვიდ-რეგულაციები დაარღვია და წვეულება მოაწყო; ამიტომ გავლენიანმა ფიგურებმა კონსერვატიული პარტიის ელიტაში ბორის ჯონსონს ურჩიეს `აქ ცირკს ნუ მოაწყობო` - ზუსტად ამ ტერმინებით.
რიში სუნაკისგან რუსეთი კარგს არაფერს უნდა ელოდოს - ის კიდევ უფრო რადიკალურია, ვიდრე ლიზ ტრასი. და აქტიურად დაიცავს უკრაინას.
. . . . . . . . . . . . . . .
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მკაცრად გააკრიტიკა რუსი პატრიარქი კირილი.
მაკრონმა თქვა, რომ პუტინი ბოროტად იყენებს რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დროს და დაუშვებელია რელიგიური ლიდერები, მით უმეტეს პატრიარქი ომსა და ხოცვა- ჟლეტას ამართლებდნენ.
არადა, პუტინი არათუ იყენებს სინამდვილეში რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას, არამედ სწორედ ის ეკლესია იყო ამ ბოროტი, სისხლიანი ომის ერთ-ერთი იდეოლოგი და კატეგორიულად მოითხოვდა პუტინისგან ომის დაწყებას მას შემდეგ, რაც უკრაინამ ავტოკეფალია მიიღო კონსტანტინეპოლის პატრიარქისგან. ანუ უკრაინის ავტოკეფალია გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი (ამაზე ჩვენთან ნაკლებს ლაპარაკობენ) რის გამოც, რუსეთში ერი და ბერი გაერთიანდა უკრაინელი ერის წინააღმდეგ.
. . . . . . . . . . . . . . .
რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ ახალი საქმე აღძრეს. ამჯერად `ტერორიზმის მხარდაჭერისთვის`. როგორ სჩანს პუტინს გადაწყვეტილი აქვს ეს ქარიზამტული პოლიტიკოსი ციხეში სიკვდილამდე ჰყავდეს. იმიტომ, რომ უკრაინის ომის ფონზე (რისი წინააღმდეგიცაა ნავალნი) მისი ქარიზმა ომით დაღლილ რუსულ საზოგადოებაში დღითი დღე იზრდება და პუტინისთვის იმაზე საშიში ხდება, ვიდრე დაპატიმრებამდე ან ომის დაწყებამდე იყო.
. . . . . . . . . . . . . . .
რუსეთის სტატისტიკის სამსახური აცხადებს, რომ დასავლური საქნციების ფონზე `რუსეთში პარალელური იმპორტი ყოველთვიურად 12%-ით იზრდება`.
ეს რას ნიშნავს? მხოლოდ იმას, რომ რუსები `პარალელურ იმპორტს` უწოდებენ ფაქტიურად კონტრაბანდას, რაც რუსეთში შეედინება მეზობელი ქვეყნებიდან ან მეზობელი ქვეყნების გავლით. მათ შორის საქართველოდან.
ე.წ. `პარალელური იმპორტის` ფულადი გამოხატულება 12 მილიარდი დოლარია.
. . . . . . . . . . . . . . .
გერმანიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, გერმანიის მთელს ტერიტორიაზე სახელმწიფო დაწესებულებებში დღეიდან დაწყებული ტემპერატურა 16-17 გრადუსს არ აღემატებოდეს. ეს არის ერთგვარი ფლეშმობი - ხალხთან სოლიდარობის ნიშნად, რომელიც ამ ზამთარს ძალიან მძიმედ გადაიტანს.
ცივი ზამთარი მოდის. პუტინმა კი სწორედ ამიტომ(აც) ახლა გააჩაღა ომი, რათა აქტიურად გამოიყენოს ენერგეტიკული იარაღი დასავლეთის წინააღმდეგ და მოასწროს უკრაინის თუნდაც ნაწილის დაპყრობა.
. . . . . . . . . . . . . . .
გერმანიაში `მწვანე` აქტივისტებმა პიურე შეასხეს კლოდ მონეს გენიალურ ნახატს `თივის ზვინი`, რომელიც სულ ახლახანს აუქციონზე 110 მილიონ დოლარად გაიყიდა.
ახსნეს იმით, რომ ფრანგი იმპრესიონისტის ეს ნახატი თურმე `ბუნებისადმი მომხმარებლური და გამოყენებითი დამოკიდებულების ნიმუშია`
მალე ქვების სროლას დაიწყებენ ალბათ ქუჩაში.