აფხაზეთში «ბაბენკას» - «კარობკა» შეცვლის, მაგრამ საქართველოსათვის არაფერი შეიცვლება

აფხაზეთში «ბაბენკას» - «კარობკა» შეცვლის, მაგრამ საქართველოსათვის არაფერი შეიცვლება

 

    რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეევის ბრძანებით (მხოლოდ მას აქვს ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლება), გენერალი ბაბენკოვი გათავისუფლებულია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დისლოცირებული რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლის თანამდებობიდან. მას გენერალი კორობკოვი შეცვლის.
    მანამდე კი, სარდლის მოვალეობას შტაბის უფროსი ასრულებს. ოფიციალურად გენერალ ბაბენკოვის გადაყენება ავარიის შედეგად მისი დაშავებით იყო არგუმენტირებული; მაგრამ სარწმუნო წყაროებით, საქართველოს ხელისუფლება უკვე დიდი ხანია მისდამი უნდობლობას გამოხატავდა - განსხვავებით წინამორბედ გენერალ იაკუშევისაგან, გენერალი ბაბენკოვი თითქმის არ ჩამოსულა თბილისში.
    აქვე აუცილებელია შევნიშნოთ მდგომარეობის პარადოქსულობა - აბსურდულობაც: გენერალმა იაკუშევმა, რომელიც თბილისში ხშირად ჩამოდიოდა, ლამის არც ერთ ღონისძიებას აცდენდა, ქართველი კოლეგების გული ვერაფრით მოინადირა - ბევრ დაპირებას იძლეოდა, მაგრამ არათუ ასრულებდა, ბოლოს აფხაზურ მილიციასთან ერთადაც ატარებდა დამსჯელ ღონისძიებებს ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ.
    იაკუშევი მისმა ანტიპოდმა შეცვალა, რომელიც თბილისში ჩამოსვლას საერთოდ არ კადრულობდა და არც კი ცდილობდა აქტიურობის რაიმე ილუზია შეექმნა. თავის მხრივ, იაკუშევისაგან განსხვავებით, ბაბენკოვი არავის არაფერს ჰპირდებოდა - არ შევასრულებ ესენგეს სამიტის გადაწყვეტილებებს მანამ, სანამ დოკუმენტში წერია, რომ «მანდატი შეიძლება გაფართოვდეს მხოლოდ კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარის თანხმობით» - ასეთი იყო ბაბენკოვის პოზიცია და კაცმა რომ თქვას, ვერც შეედავებოდი. იგი ასრულებდა ბრძანებას. მოსკოვიდან კი ნამდვილად არ მიუღია მითითება ლტოლვილთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის თაობაზე.
    ზუსტად ასევე მოიქცევა ახლადდანიშნული გენერალი კორობკოვიც: თუ მოსკოვიდან უბრძანებენ, თუნდაც სისხლისღვრის ფასად დაუპირისპირდება აფხაზებს - მანამდე კი შეუვალ «მესაზღვრედ» იდგება «ენგურის საზღვარზე». კორობკოვის დანიშვნა იმის მომასწავებელია, რომ მოსკოვმა თბილისს «ფეხი აუწყო» სამშვიდობო თამაშში: საქართველოს ხელისუფლებამ ოპოზიციაზე არანაკლებად უწყის, რამდენად «შედეგიანი» იქნება ერთი რუსი გენერლის შეცვლა - მეორე რუსი გენერლით, მაგრამ ამგვარი როტაცია მაინც ქმნის პოლიტიკურ არგუმენტს: «რაღაც მაინც იცვლება კონფლიქტის ზონაში, რუსეთი რაღაცით მაინც ითვალისწინებს საქართველოს ინტერესებს» და ა.შ.
    მოსკოვში კორობკოვიც ისეთივე ინსტრუქციებს მიიღებს, როგორიც იაკუშევმა მიიღო თავის დროზე ან ბაბენკოვი იღებდა «ავარიაში მოხვედრამდე». ალბათ იმ განსხვავებით, რომ კორობკოვი იაკუშევივით ხშირად შეიძლება ჩამოვიდეს თბილისში - ამით რეალურად აფხაზეთში საქართველოს სასარგებლოდ არაფერი შეიცვლება.

მერიდიანი, 10 ნოემბერი 1997 წ.