საერთაშორისო მიმოხილვა. 24 დეკემბერი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 24 დეკემბერი. 2023 წელი

აშშ ადმინისტრაციამ პირდაპირ დასდო ბრალი ირანს, რომ იგი ეხმარება იემენელ მეამბოხე ჰუსიტებს (პროირანული შიიტური დაჯგუფება სამოქალაქო ომით მოცულ იემენში) დაბომბოს საზღვაო მარშრუტები წითელ ზღვაში.

ამ ზღვის გავლით მოძრაობს მსოფლიო ბაზრებისკენ გლობალური ნავთობის უდიდესი ნაწილი. მისი გადაკეტვა მსოფლიოსთვის ენერგეტიკული და ეკონომიკური კატასტროფა იქნებოდა.

გუშინ ბრიტანულმა გიგანტმა British petroleum განაცხადა, რომ წყვეტს ნავთობისა და თხევადი გაზის ტრანსპორტირებას წითელ ზღვაში; შესაძლოა მას მიბაძონ სხვა დიდმა კომპანიებმაც

პენტაგონის გადაწყვეტილებით, წითელ ზღვას მიუახლოვდა ამერიკული ავიამზიდი USS Dwight D. Eisenhower, რომელიც თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის ბრძანებით გადმოისროლეს წყნარი ოკეანიდან.

ირანი ყველაფერს უარყოფს. თეირანი აცხადებს, რომ ჰუსიტებს იარაღს (რაკეტებს და დრონებს) არ აწვდის და რომ იემენში ისედაც ბევრი იარაღია.

იემენში რომ იარაღის მთები დარჩა ცივი ომის შემდეგ, სრული სიმართლეა, თუმცა ამერიკელების მოტყუება ამგვარი თავის მართლებით არც ისე იოლია: შესაძლოა იემენელებს არც სჭირდებოდეთ უშუალოდ იარაღი, მაგრამ ირანი მათ ეხმარება სადაზვერვო მონაცემებით და, რაც მთავარია, სანავიგაციო მოწყობილობებით, რომლებიც `ჰუსიტებს` უქმნის საშუალებას, დააკვირდნენ საზღვაო ნაოსნობას წითელ ზღვაში და მიზნები დასახონ.

შემდეგ კი, იმავე მოწყობილობების მეშვეობით, მათკენ მიმართონ დრონები თუ რაკეტები.

ამერიკა ჯერ-ჯერობით ერიდება (და ეს ნიშანდობლივია) პირდაპირ დარტყმებს იემენზე. ამერიკული ხომალდები ძირითადად რაკეტების განადგურებით არიან დაკავებულნი; თუმცა ბოლო დროს თავდასხმებმა იმდენად ინტენსიური ხასიათი შეიძინა, არ არის გამორიცხული პენტაგონმა მასირებული დარტყმა განახორციელოს იემენზე, რაც ახლო აღმოსავლეთში ომის ახალ სტადიაზე გადასვლა იქნება.

რაც შეეხება თვით იემენში მიმდინარე სამოქალაქო ომს, ამჟამად იგი `გაყინულია` საუდის არაბეთსა და ირანს შორის რთული დროებითი კომპრომისის საფუძველზე; თუმცა არავის ეპარება ეჭვი, რომ იემენის სამოქალაქო ომში მონაწილე ორივე მხარეს ისრაელი თანაბრად სძულს.

იემენელები (თუ მათ დეკლარაციებს დავუჯერებთ) მზად არიან სახმელეთო გზით გაემართონ ღაზისკენ და შეუტიონ ისრაელს; თუმცა საამისოდ მათ მთელი საუდის არაბეთის ტერიტორიის გავლა მოუწევთ, რაც უბრალოდ გამორიცხულია: მეტისმეტად შორს არის (ათასობით კილომეტრი) და საუდებიც არ გაატარებენ.

სამაგიეროდ ჰუსიტებს შეუძლიათ (ჯერ-ჯერობით შეუძლიათ) მუდმივად ბომბონ სპარსეთის ყურე. თუმცა `ასი რაკეტიდან ასევე` ჩამოაგდეს ამერიკელებმა საზენიტო სისტემებით.

 

ირანის ხელისუფლება რომ აშკარად ტყუის, დაადასტურა გუშინდელმა ინციდენტმა ინდოეთის სანაპიროებთან. ხაზს ვისვამ: არა სპარსეთის ყურეში, არამედ ინდოეთის ოკეანეში, - ინდოეთის სანაპიროდან დაახლოებით 300 კილომეტრში, სადაც ნავთობტანკერს ირანის ტერიტორიიდან (!) ესროლეს დრონი.

ანუ მისი მიმართულებით გაუშვეს, თუმცა ამერიკულმა ფლოტმა შეძლო უპილოტო საბრძოლო აპარატის გაუვნებლება.

ირანი არის რეგიონისა და მთელი მსოფლიოს ძალიან დიდი, იმმანენტური პრობლემა, რომლის გადაჭრა ამერიკამ ვერ შეძლო 1980-იანი წლებიდან მოყოლებული, რადგან ამ პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია ორი გზით: შიდა ირანული აჯანყების, რევოლუციის მხარდაჭერით და დიდი საომარი ოპერაციით.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ერთიც და მეორეც ჯერ-ჯერობით არარეალურია. რეალისტურია მხოლოდ ფანატიკოსი `აიათოლების რეჟიმის `შეკავება`.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

Los Angeles Times აქვეყნებს ედითორიალს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამერიკის არაბული და მუსლიმური მოსახლეობა იმდენად არის გაბრაზებული პრეზიდენტ ჯო ბაიდენზე ღაზელთა დაღუპვის გამო, ახლა მზადაა `მის ჯინაზე` (თუ ქართული საზრისით `გადმოვთარგმნით`-დ) ტრამპსაც კი დაუჭიროს მხარი მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებზე და ამით `დასაჯოს` მოქმედი პრეზიდენტი, ასევე მისი ადმინისტრაცია

არადა, როგორც ედითორიალის ავტორები აღნიშნავენ, `ტრამპი არაბებისთვის ბევრად უარესი იქნება`, რადგან სწორედ ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა აღიარა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი ნაცვლად თელ-ავივისა და გადაწყვიტა ამერიკის საელჩო იერუსალიმში გადაეტანა.

გარდა ამისა, ტრამპის `სამშვიდობო პროგრამებში` პალესტინელებს არავითარი როლი და ფუნქცია არ გააჩნდათ.

აქ არის ერთი მნიშვნელოვანი სისტემური საკითხი: მართლაც, დონალდ ტრამპი და მისი სიძე (ივანკას ქმარი) ჯერარდ კუშნერი აქცენტს აკეთებდნენ დიდ არაბულ სახელმწიფოთა `მორიგებაზე`: საუდის არაბეთი, ეგვიპტე და ასე შემდეგ

შეიმუშავეს კიდეც სამშვიდობო გეგმა რაც ითვალისწინებდა ისტორიულ კომპრომისს. ამ გეგმას ეწოდებოდა `აბრაამული შეთანხმება` - წმიდა მამა აბრამის სახელად, რაკი მას სამივე `აბრაამული რელიგია` (იუდაიზმი, ისლამი, ქრისტიანობა) აღიარებს.

თუმცა 7 ოქტომბრის თავდასხმით, ჰამასმა დაადასტურა, რომ სულაც არ აინტერესებს დიდი არაბული სახელმწიფოების აზრი: მას თავისი ამოცანები აქვს. მათგან უმთავრესი კი ისრაელის განადგურებაა.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

უკრაინელებმა ხერსონის ოლქში ჩამოაგდეს სამი რუსული  СУ-34 სტრატეგიული ბომბდამშენი.

ამ წარმატებულ ოპერაციაში უკრაინულმა `საზენიტომ` გამოიყენა ამერიკული სისტემა  Patriot.

ერთბაშად სამი `მეოთხე თაობის` თვითმფრინავის ჩამოგდება უკრაინული არმიის უდიდესი წარმატებაა! იგი ადასტურებს, რომ უკრაინაში არაფერი დასრულებულა; პირიქით, მხოლოდ იწყება.

 

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთმა `სამუდამოდ დაკარგა` უკრაინა და უკრაინა `აუცილებლად გახდება NATO--ს წევრი`. თუმცა, მისი თქმით `ომის სწრაფად დასრულებას არ უნდა ველოდოთ`.

ზოგადად დასავლეთში ახლა ბევრი სპეკულაციაა იმაზე, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს ომი.

ასახელებენ 2024-2025 წლებს, ოღონდ დამკვირვებელთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ომს ექნება სტადიები და `გაყინული` სტადიაც არ არის გამორიცხული.

The New York Times (NYT) ცნობით, პუტინი დასავლელ ლიდერებს სხვადასხვა არხით უგზავნის სიგნალებს, რომ მზად არის `გაყინოს` უკრაინული კონფლიქტი იმ ხაზზე, სადაც უკრაინული და რუსული არმიები ამჟამად არიან პირისპირ.

კრემლის ბინადარის თავხედობას საზღვარი არა აქვს; დიდ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი მიზანი კვლავინდებურად უკრაინული სახელმწიფოს მოსპობაა, თუმცა მარტში დაგეგმა საკუთარი საპრეზიდენტო `არჩევნები` და მცირე ხნით ცეცხლ;ის შეწყვეტა სჭირდება ახლა.

საეჭვოა მისი ე.წ. `საპრეზიდენტო არჩევნების` გამო ან უკრაინამ, ან დასავლეთმა მას მოსვენების საშუალება მისცენ; თუმცა საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა, ჯერ კიდევ 15 დეკემბერს განაცხადა: `მოსკოვთან მოლაპარაკება სასურველიაო`.

 აქ ისევ და ისევ ყველაფერი დამოკიდებული იქნება უკრაინელი ჯარისკაცის მედგარ წინააღმდეგობაზე და უკრაინელი სამხედროების პროფესიონალიზმზე: ერთბაშად სამი რუსული მეოთხე თაობის (!)სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდება საუკეთესო არგუმენტია უკრაინის ეროვნული ინტერესების ხარჯზე `მშვიდობისმყოფელთა` საწინააღმდეგოდ.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

საოცარ ციფრებს აქვეყნებს The New York Times: რუსეთი ამჟამად შვიდჯერ მეტ საარტილერიო ჭურვს უშვებს, ვიდრე მთელი დასავლეთი: მილიონ ნახევარ ჭურვს ამზადებენ რუსული ქარხნები და 2024 წელს გეგმავენ გასვლას 2 მილიონ ჭურვზე.

პუტინს ის ეხმარება (როგორც ბევრჯერ გვითქვამს), რომ რუსეთი მან ფაქტობრივად სამობილიზაციო ეკონომიკის რელსებზე გადაიყვანა. დასავლეთში ეს შეუძლებელია.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

ესტონეთმა განაცხადა, რომ მზადაა დაეხმაროს უკრაინას იმ უკრაინელთა მობილიზაციაში ფრონტზე, რომლებიც ესტონეთში ცხოვრობენ;

შესაძლოა ეს გადაწყვეტილება პრეცედენტული აღმოჩნდეს სხვა ევროპული ქვეყნებისთვის: თუ ესტონეთში მხოლოდ 6 500 უკრაინელი ცხოვრობს, ვინც ომს გამოექცა უკრაინიდან........ გერმანიაში, პოლონეთში და საფრანგეთში - ორ მილიონამდე.

სულ კი დაახლოებით 3-4 მილიონი უკრაინელი გადასახლდა უკრაინიდან ევროპაში.

აქ ყველაზე ნიშანდობლივი ის არის, რომ თვით ყველაზე მძიმე მომენტებშიც კი რუსული აგრესიისა, უკრაინის ხელისუფლებამ ვერ გაბედა (!) საზღვრების ჩაკეტვა ომის დროს.

არადა ეს სრულებით ნორმალური პრაქტიკაა: ჩვენმა მეზობელმა აზერბაიჯანმა ჯერ კიდევ 2020 წელს, - როცა დაიწყო სამხედრო ოპერაცია სომხეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად, - ჩაკეტა სახმელეთო საზღვარი ყველა მეზობელ ქვეყანასთან, მათ შორის აზერბაიჯანთან და ეს საზღვრები დღესაც არ გაუხსნია.

 . . . . . . . . . . . . . . . . .  

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაასახელა ქვეყნები, რომლებიც ჯერაც არ შეუერთდნენ  `უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიათა დეკლარაციას`, რომელიც ჯერ კიდევ ზაფხულში შეიმუშავეს NATO-ს სამიტზე.

ეს ქვეყნებია: ავსტრია, ხორვატეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი და მალტა.

`უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიათა დეკლარაცია` გულისხმობს იარაღის მიწოდებას და ეკონომიკურ დახმარებას, სანამ არ დასრულდება რუსული აგრესია და ოკუპაცია.

პოლონეთისა და ხორვატეთის  მოხვედრა ამ სიაში გაურკვევლობას იწვევს.

როგორც ჩანს ამ სახელმწიფოებს ჯერ კიდევ არა აქვთ ჩამოყალიბებული სტრატეგია კიევის მიმართ, ხოლო ამჟამინდელი პოზიცია სიტუაციურია.

სულ დეკლარაციას 51 სახელმწიფო შეუერთდა.