ბრიუსელის დრო

ბრიუსელის დრო

        დღეს პრეზიდენტი შევარდნაძე გერმანიასა და ბელგიაში მიემგზავრება. დელეგაცია თავდაპირველად აღმოსავლეთ-გერმანულ ქალაქ ჰალეს ეწვევა, ვინაიდან ამ ქალაქში ჰანს დიტრიხ გენშერის 75 წლისთავისადმიმიძღვნილი ღონისძიებები მართება. გასაგები მიზეზის გამო, შევარდნაძე იუბილეზე საგანგებოდ დაპატიჟეს.
        მიუხედავად გენშერთან მეგობრობისა, შევარდნაძე ჰალეში გამგზავრებას არ აპირებდა, ვიდრე არ დაარწმუნეს, რომ გერმანიაში ყოფნის ყველა ხარჯს მასპინძლები კისრულობდნენ. ესეც გასაგებია - წინააღმდეგ შემთხვევაში, თბილისურ პოლიტიკურ ბომონდში უეჭველად დაიწყებოდა ინსინუაციები ამ ვიზიტის ხარჯთან დაკავშირებით.
        თუმცა გერმანიაში ედუარდ შევარდნაძის მორიგი სტუმრობა ამ ქვეყანასთან განსაკუთრებულ ურთიერთობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს: გერმანელები მათთვის ჩვეული პუნქტუალობით ასრულებენ ყველა დაპირებას ფინანსური თუ ტექნიკური დახმარების თაობაზე.
        გარდა ამისა, გერმანია ევროკავშირის «ლოკომოტივია» ყველა თვალსაზრისით ფინანსურიდან - სამხედრო ფაქტორამდე. ამდენად, გარკვეულწილად, სიმბოლურიცაა, რომ ბრიუსელში ვიზიტს წინ გერმანიაში სტუმრობა უძღვის. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა ცნობილი ევროპელი (წარმოშობით გერმანელი) ჟურნალისტის საბინა კრისტიანსენის პოლიტიკურ გადაცემაში - ეს ხელს შეუწყობს ევროპული საზოგადოებისთვის საქართველოს პრობლემათა შეხსენებას, მით უმეტეს, ბოლოდროინდელ მოვლენათა ფონზე.
        ამრიგად, ჰალეში ჩასვლა (სულ რაღაც 8 წლის წინათ იქ რუსეთის ჯარი იდგა, როგორც მეორე მსოფლიო ომის გადმონაშთი), მხოლოდ «უიქ ენდი» არ იქნება - ვიზიტის ამ ნაწილს სერიოზული საგარეო პოლიტიკური დატვირთვა აქვს. და, საერთოდ, ტყუილად გვგონია, რომ პოლიტიკა მხოლოდ ოფიციალური მოლაპარაკებების დროს კეთდება – სინამდვილეში «ა ლა ფურშეტისას» ხშირად გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები წყდება ხოლმე.
        ჰალედან საქართველოს დელეგაცია ბრიუსელში ჩაფრინდება, სადაც «ევროპული ვიზიტის» ღონისძიებები იმართება.
        ბრიუსელი, უპირველეს ყოვლისა, «სატახტო ქალაქია», ანუ ბელგიის მეფის რეზიდენცია სწორედ ამ ქალაქშია განლაგებული. მაგრამ, ამავდროულად, ნატოსა და ევროკავშირის დედაქალაქად მიიჩნევა. ედუარდ შევარდნაძის სამუშაო ვიზიტი ევროკავშირსა და ნატოში ჯერ კიდევ შარშან შემოდგომაზე უნდა გამართულიყო, მაგრამ მაშინ ჩაიშალა თბილისში დაწყებული სტუდენტური გამოსვლების გამო. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ იმ ვიზიტის გამართვის შემთხვევაში, შესაძლოა, ამჟამინდელ «ამერიკულ აქტიურობას» საქართველო კიდევ უფრო მომზადებულიო შეხვედროდა, ანუ უფრო მეტი არგუმენტიც გვქონოდა. ამერიკა მსოფლიოს ერთადერთი ზესახელმწიფოა. ევრაზიის სივრცეში, იგი, რასაკვირველია, დამოუკიდებლად მოქმედებს, მაგრამ ევროპელ პარტნიორების აზრს (რომლებიც მასთან ერთად შეადგენენ ჩრდილოატლანტიკურ კავშირს), რა თქმა უნდა, ითვალისწინებს. ევროკავშირმა კი ამიერიკის მოქმედებას საქართველოში, ფაქტობრივად, მხარი დაუჭირა ევროპარლამენტის 18 თებერვლის საკმაოდ შინაარსიანი და მკაფიო განცხადებით.
        პრეზიდენტი შევარდნაძე ბრიუსელში შეხვდება ევროკავშირის კომისიის (უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს) თავმჯდომარეს რომანო პროტის, აგრეთვე, უშიშროების დარგში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ხავიერ სოლანას და «აღმოსავლური მიმართულების» ხელმძღვანელს კრის პატენს. დაგეგმილია შევარდნაძის გამოსვლა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის გაფართოებულ სხდომაზე. მოსალოდნელია, რომ ამ სხდომაზე საქართველოს სახელმწიფოს მეთაური მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს.
        რაც შეეხება ნატოს, ედუარდ შევარდნაძე შეხვდება ალიანსის გენერალურ მდივანს ჯორჯ რობერტსონს და პოლიტიკური ხელმძღვანელობის წარმომადგენლებს. წინასწარ ცნობილია, რომ ჯორჯ რობერტსონი ერთმნიშვნელოვნად არ განაცხადებს საქართველოში ამერიკელ სამხედროთა ყოფნის მხარდაჭერას, მაგრამ ამას «ორი ქვეყნის პრეროგატივად» აღიარებს, რაც შინაარსობრივად იგივე მხარდაჭერაა.

დილის გაზეთი, 16 მარტი, 2002 წელი