საერთაშორისო მიმოხილვა. 22 აპრილი. 2024 წელი
პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ამერიკის კონგრესს თითქმის 61 მილიარდიანი დახმარების პაკეტის დამტკიცებისთვის, თუმცა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხაზი იმასაც გაუსვა, რომ ახლა ყველაფერი იქნება დამოკიდებული იარაღის ხარისხზე და რაობაზე, რასაც ამერიკა მიაწვდის ისრაელს.
ზელენსკის თქმით, უკრაინას აქვს საშუალება წაართვას ინიციატივა რუსეთს, თუ მიიღებს შორსმწვდომ რაკეტებს ამერიკისგან.
ამით უკრაინის ლიდერმა აღიარა, რომ იმ დროს, როცა ამერიკა აჭიანურებდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, სტრატეგიული ინიციატივა ფრონტზე რუსეთმა ჩაიგდო ხელთ, რაც გამოიხატა მათ შორის ავდეევკას დაპყრობაში.
აშშ სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკ უორნერმა აღნიშნა, რომ უკრაინა უკვე მიმდინარე კვირის ბოლოდან მიიღებს ამერიკულ შეიარაღებას. მათ შორის, შესაძლოა შორსმწვდომ რაკეტებს ATACMS, რითაც უკრაინელები ყირიმის, ყირიმის ხიდის, რუსეთის არმიის პოზიციების და რუსეთის სტრატეგიული ობიექტების დაბომბვას შეძლებენ.
. . . . . . . . . . . . . . . . .
დასავლურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ რუსულ დრონებზე, მათ შორის სადაზვერვო უპილოტო აპარატებზე აღმოაჩინეს ირანული (!) წარმოების ოპტიკა.
ეს იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ოპტიკის გარეშე დრონი „ბრმაა“.
ამ ტიპის ოპტიკას ბოლო დრომდე მსოფლიოში მხოლოდ კანადა აწარმოებდა და სწორედ კანადური ოპტიკაა დამონტაჟებული თურქულ „ბაირაქტარზე“.
თუ ირანმაც მოახერხა შესაბამისი ოპტიკის დამზადება, ეს იმას ნიშნავს, რომ ტექნოლოგიურ გარღვევას მიაღწია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.
მაშინ არც ის უნდა გაუკვირდეს ვინმეს, თუ 90%-მდე ანუ ატომური ბომბის დამზადებისთვის აუცილებელ დონემდე გაამდიდრებს ურანს.
. . . . . . . . . . . . . . . . .
რუსები კვლავინდებურად ცრუობენ, რომ სტრატეგიული ბომბდამშენი Туполев-22МЗ უკრაინელებმა კი არ ჩამოაგდეს, არამედ „ტექნიკური გაუმართაობის გამო ჩამოვარდა“.
თუმცა უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსმა (ГУР ВСУ), კირილ ბუდანოვმა დაწვრილებით მოუყვა ჟურნალისტებს, როგორ მოახერხეს ამ თვითმფრინავის ჩამოგდება. მისი თქმით, ჯერ დაზვერვის მეშვეობით დაადგინეს, დაახლოებით რომელ რაიონში გამოჩნდებოდა სტრატეგიული ბომბდამშენი, რათა გაესროლა X-22 ულტრაზებგერითი რაკეტა და ამგვარი „დადარაჯების“ შედეგად შეძლეს საზენიტო რაკეტის (Patriot-იდან) ზუსტი გაშვება.
თანაც, რაკი ბომბდამშენის საწყისი პოზიციის ლოკაცია დაადგინეს, ამის წყალობით მოახერხეს ულტრაზებგერითი რაკეტის ტრაექტორიის გამოთვლაც. შესაბამისად ისიც ჩამოაგდეს საზენიტო რაკეტით. ოღონდ არა Patriot არამედ საბჭოთა წარმოების С-300დან.
ბუდანოვის თქმით, ამიერიდან რუსები ამ ბომბდამშენით (კიდევ რამდენიმე აქვთ ასეთი) ვეღარ შეძლებენ შავი ზღვის თავზე ფრენას და უკრაინული ქალაქების, პირველ რიგში ოდესას დაუსჯელ დაბომბვას. შესაბამისად, უკრაინულ სანაპიროზე დარტყმებისთვის გამოიყენებენ სახმელეთო (ყირიმიდან) და საზღვაო ბაზირების რაკეტებს, რაც შედარებით იოლი სამიზნეა.
. . . . . . . . . . . . . . . . .
22 აპრილს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩავა პეკინში, რათა ჩინეთის ხელმძღვანელობას გადასცეს საბოლოო ულტიმატუმი: შეწყვიტოს რუსეთის მხარდაჭერა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკა შემოიღებს უმკაცრეს სანქციებს ჩინური ბანკების წინააღმდეგ.
ამერიკულმა დაზვერვამ დაადასტურა, რომ მიკრო-ჩიპების 90%(!) რომელიც გამოიყენება რუსეთის სამხედრო ინდუსტრიაში რაკეტების და სხვა სამხედრო ტექნიკის დასამზადებლად, იმპორტირებულია ჩინეთიდან! ასევე, დაზგა-დანადგარების (ეს ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა) 70%, რითაც იარაღი მზადდება, რუსეთში სწორედ ჩინურია.
როგორც ჩანს, ფინანსთა მინისტრ იელინის ამასწინანდელი ვიზიტი, მისი გაფრთხილებები სი ძინპინის მიმართ არ აღმოჩნდა საკმარისი და ბაიდენმა გადაწყვიტა ახლა უკვე სახელმწიფო მდივანი გააგზავნოს პეკინში იმავე ულტიმატუმით.
სახელმწიფო მდივანი (State secretary) ამერიკის შეერთებულ შტატებში რანგით ბევრად მაღალი ფიგურაა ვიდრე ფინანსთა მინისტრი (Treasury secretary - ხაზინის მდივანი).
. . . . . . . . . . . . . . . . .
სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსი მესაზღვრეები უახლოეს მომავალში დატოვებენ სომხეთის ტავუშის რაიონს, სადაც ისინი დისლოცირებულნი იყვნენ აზერბაიჯანთან საზღვარზე.
ერევანმა რუსი მესაზღვრეების გაყვანა მოითხოვა მაშინვე, როგორც კი ბაქოსთან მიაღწია შეთანხმებას საზღვრის ამ მონაკვეთის დელიმიტაცია-დემარკაციის შესახებ.
ეს შეთანხმება შესაძლოა აღმოჩნდეს „გარღვევა“ სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში.
თუ საბოლოოდ მოხდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია, რუსი მესაზღვრეები მთლიანად დატოვებენ სომხეთს. ეს უკვე ცხადია: არა მხოლოდ აზერბაიჯანთან საზღვარს, არამედ თურქეთთან საზღვარს და ერევნის აეროპორტიდანაც გაიძურწებიან.
ოღონდ აქ უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანი სასტიკი პრაგმატიზმის პოლიტიკას მისდევს: ეს შეთანხმებაც შესაძლებელი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა ფაქტობრივად დაარღვია მისი პირობა ტავუშის რაიონის 4 სომხური სოფლის მაცხოვრებელთა მიმართ და ეს სოფლები აზერბაიჯანს გადასცა, რაკი სსრკ რუკებით აზერბაიჯანის სსრ შემადგენლობაში შედიოდნენ.
ეს აზერბაიჯანის კიდევ ერთი დიდი გამარჯვებაა
დღეს, ორშაბათს, პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მოსკოვში ჩავა.
ვიზიტი შედგება მას შემდეგ, რაც ბაქომ რუსი ე.წ. „მშვიდობისმყოფლები“ გააძევა ყარაბაღიდან და აზერბაიჯანიდან.
რუსული ოფიციოზი ამაზრზენად ხსნის, რატომ გაიძურწნენ რუსი ე.წ. „ცისფერჩაფხუტიანები“ ყარაბაღიდან: სომხეთი მათ ყოფნას იყენებდა, რათა რეგიონში ევროკავშირი და NATO შემოეყვანაო.
უბადრუკობა!
თურმე სომხეთის მიერ ევროკავშირის (!) რამდენიმე სიმბოლური დამკვირვებლის შემოყვანა აზერბაიჯანთან საზღვარზე ეს „პროNATO“ აქციაა სომხეთის ხელისუფლების მხრიდან (და მაშასადამე რუსეთის ღალატი) ანუ სომხეთი ამით (თურმე) ჩრდილო ატლანტიკური ალიანსისკენ დაიძრა;
ხოლო ის, რომ აზერბაიჯანი დიდი ხანია აქტიურად თანამშრომლობს NATO-სთან (თურქეთთან, მაშასადამე NATO-სთან), ყიდულობს მისგან იარაღს, NATO-ს წევრი თურქეთის არმია დისლოცირებულია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე (რამდენიმე ქვედანაყოფი ნამდვილად); თურქეთის (ანუ NATO-ს) საბრძოლო თვითმფრინავები დაფრინავენ კასპიის ზღვის თავზე და დაღესტნის სანაპიროზე; თურქეთის (ანუ NATO-ს) გენერლები წყვეტენ ყველაფერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში, ეს.....არაფერი.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკამ პირველად ისტორიაში დაასანქცირა ისრაელის არმიის ერთ-ერთი ბატალიონი: ნეცახ იეგუდა, რომელშიც ორთოდოქსი ებრაელები მსახურობენ.
ამ ბატალიონის მებრძოლები ვეღარ გაივლიან მომზადებას ამერიკელ ინსტრუქტორებთან. ეს არის სანქცია.
მიზეზი გახდა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელ არაბთა უფლებების დარღვევა.
რა თქმა უნდა სიმბოლური სანქციაა: ვიზების დაბლოკვაზეც კი არ არის საუბარი. მაგრამ ამ გზით ვაშინგტონი ცდილობს „დააბალანსოს“ ისრაელის მხარდაჭერა.
პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ ამერიკულ სანქციას „აბსურდული“ უწოდა.
ეს ყოველივე პოლიტიკური ტექნოლოგიაა ანუ „თამაშის წესი“.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
როგორც უკვე ვწერდით, ამერიკამ ფილიპინებზე განათავსა საშუალო სიშორის სარაკეტო დანადგარები Typhon, რომლებიც მისწვდებიან ჩინეთს, მაგრამ იქედან ჯერ ვერ სწვდებიან რუსეთის ტერიტორიას.
ამის მიუხედავად, კრემლმა მასთან დაახლოებული სპიკერები (მაგალითად აკადემიკოსი არბატოვი) „ააყეფა“, რომ თუ ამერიკა ამ რაკეტებს არ გაიტანს ფილიპინებიდან და მით უმეტეს დააყენებს ასევე იაპონიაში (საიდანაცრუსეთსაც მისწვდებიან) მაშინ რუსეთი განათავსებს საშუალო სიშორის რაკეტებს კამჩატკაზე, საიდანაც მისი რაკეტები დაემუქრებიან ამერიკულ ალასკას.
აკადემიკოს არბატოვის თქმით, დღევანდელი სიტუაცია ძალიან ჰგავს „სარაკეტო დაპირისპირებას“ ევროპაში 1980-იანი წლების დასაწყისიდან, როცა ამერიკამ დასავლეთ ევროპაში განათავსა რაკეტები Pershing II და Gryphon.
ამის საპასუხოდ საბჭოთა კავშირმაც დაუმიზნა აღმოსავლეთ ევროპიდან რაკეტები დასავლეთ ევროპას, მაგრამ 1987 წელს მოსკოვმა და ვაშინგტონმა მოილაპარაკეს საერთოდ აეკრძალათ საშუალო სიშორის რაკეტები. თუმცა ეს შეთანხმება პუტინმა დაარღვია და კვლავ დაიწყო საშუალო სიშორის რაკეტების დამზადება.
აქ არის საინტერესო ნიუანსი: პუტინს უკვე აქვს ალბათ ამგვარი რაკეტები (საშუალო მანძილზე წვდომისა), თუმცა მათ არ იყენებს უკრაინის წინააღმდეგ, რაკი ამერიკის რეაქციის ეშინია.
მაგრამ ახლა აკადემიკოს არბატოვის პირით ემუქრება ვაშინგტონს: თუ იაპონიაში განათავსებთ, მაშინ ჩვენ ალასკას დავუმიზნებთ კამჩატკიდან და 1983 წელი განმეორდებაო.
იგულისხმება ის გარემოება, რომ საბჭოთა საშუალო სიშორის რაკეტები აღმოსავლეთ ევროპიდან ამერიკამდე ვერ მიაღწევდნენ, ხოლო რუსული საშუალო სიშორის რაკეტები კამჩატკიდან ამერიკამდე (ალასკამდე, სადაც რამდენიმე ქალაქი და სხვა სტრატეგიული ობიექტია) მიაღწევენ!
მოსკოვი ასე აშანტაჟებს ვაშინგტონს, თუმცა ცივი ომის დროინდელი „მოსკოვი“ მაინც ბევრად ძლიერი იყო ამჟამინდელზე.