საერთაშორისო მიმოხილვა. 20მარტი. 2022 წელი.
10 აპრილს საფრანგეთში ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები. მეორე ტური - 24 აპრილს.
ამ არჩევნებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც თვით საფრანგეთისათვის, ასევე მთელი ევროპისთვის, რადგან ტარდება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის, - უკრაინაში რუსეთის აგრესიის და ბირთვული ომის რეალური საფრთხის ფონზე.
არსებობს შიდაპოლიტიკური მიზეზებიც, თუ რატომ ითვლება ეს არჩევნები ისტორიულად: გასულ წელს საფრანგეთი შეძრა ე.წ. `ყვითელი ჟილეტების` მოძრაობამ, რომელიც ყველაზე მასშტაბური რყევა აღმოჩნდა 1968 წლის სტუდენტური ამბოხიდან.
`ყვითელმა ჟილეტებმა` პარიზის ცენტრში ნამდვილი ბრძოლები მოაწყვეს პოლიციასთან, გადაწვეს უამრავი კაფე, სხვა ნაგებობა. დაიღუპა რამდენიმე ადამიანი. რეზინის ტყვიით თვალი დაკარგა 30-ზე მეტმა. პასუხისმგებლობას ამ ტრაგედიისათვის `ყვითელი ჟილეტები` და ის სოციალური წრე, რომელსაც ის წარმოადგენს, აკისრებენ ფრანგულ ისტებლიშმენტს და პირადად ემანუელ მაკრონს, რომელიც მათი თქმით და ერთ-ერთი პრიმიტიული კონსპიროლოგიური თეორიით, ვითომდაც როტშილდების ისტორიულმა კლანმა დასვა პრეზიდენტად (ციტატის დასასრული)
აღსანიშნავია, რომ კარგა ხანია არც ერთი ფრანგი პრეზიდენტი მეორე ვადით არ აურჩევიათ. მეორე ვადით არჩევა ვერ შეძლო ემანუელ მაკრონის წინამორბედმა ფრანსუა ოლანდმა და იმის წინამორბედმა ნიკოლა სარკოზიმ.
ბევრს ეს გარემოება საფრანგეთის დემოკრატიული სახელმწიფოს სისტემური კრიზისის პირველ ნიშნად მიაჩნია და არც თუ უსაფუძვლოდ.
მანამდე ორ-ორი ვადით იყვნენ არჩეულნი ჟაკ შირაკი და ფრანსუა მიტტერანი. თუმცა შირაკის, მით უმეტეს მიტტერანის ეპოქებში საფრანგეთიც, ევროპაც და მსოფლიოც ბევრად` დალაგებული` იყო და რუსეთიც ბევრად `თვინიერი`, ვიდრე დღეს.
ზუსტად ამ მიზეზების გამო, 10 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში შესაძლოა მნიშვნელოვანი `გზასაყარი` აღმოჩნდეს და არა მხოლოდ საფრანგეთისთვის.
. . . . . . . . . . . . . . .
მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა, საფრანგეთს კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება ევროპის უსაფრთხოებისა და ევროკავშირის მომავალი განვითარების თვალსაზრისით. მათ შორის საქართველოსთვის.
აღსანიშნავია აგრეთვე, რომ საფრანგეთში პრეზიდენტის ინსტიტუტი ყველაზე ძლიერია ევროპის მასშტაბით.
ევროკავშირის ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა საპარლამენტო რესპუბლიკაა ან კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქია. საფრანგეთი კი საპრეზიდენტო-საპარლამენტო რესპუბლიკაა, რომელშიც პრეზიდენტს ისეთი უფლებამოსილებებებია აქვს, როგორც არც ერთ პრეზიდენტს სხვა ევროპულ სახელმწიფოებში.
ეს არ არის `საპრეზიდენტო რესპუბლიკა`, როგორც ამ ტერმინის მნიშვნელობა ესმოდათ პოსტსაბჭოური სივრცის ქვეყნებს, მაგრამ საფრანგეთში პრეზიდენტს ძალიან დიდი უფლებები აქვს. მათ შორის, მთავრობის ფორმირების დროს. თუმცა პრეზიდენტ დე გოლის მიერ ჩამოყალიბებული კონსტიტუციით (ე.წ. `მეხუთე რესპუბლიკის კონსტიტუცია - 1958წ) პრეზიდენტი ვალდებულია საპარლამენტო უმრავლესობასთან შეათანხმოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა. ამიტომაც უწოდებენ საფრანეგთის ამჟამინდელ რესპუბლიკას `საპრეზიდენტო-საპარალმენტოს`
ასეთი მმართველობის ფორმა დასავლეთის არც ერთ(!) ქვეყანაში აღარ არის: ესაა საშუალედო ვარიანტი ამერიკულ მოდელს (სადაც პრეზიდენტი უშუალოდ თავკაცობს მთავრობას, რაც ჩვენთან იყო ვარდების რევოლუციამდე) და საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელს შორის, რაც ახლა გვაქვს საქართველოში.
ამიტომაც, არავის აინტერესებს ვინ იქნება პრეზიდენტი გერმანიაში. . . . . . . თუმცა ყველას აინტერესებს ვინ იქნება პრეზიდენტი საფრანგეთში.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მაკრონს ჰყავს უძლიერესი PR ჯგუფი. სწორედ მან განაპირობა მაკრონის გამარჯვება (ბევრისთვის მოულოდნელი) 5 წლის წინანდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე.
საფრანგეთში პრეზიდენტს 5 წლის ვადით ირჩევენ. ნიკოლა სარკოზიმდე კიდევ უფრო მეტი, 7 წელი იყო და ეს დე გოლის კონსტიტუციის კიდევ ერთი თავისებურებაა.
მაკრონმა და მისმა გუნდმა თავიდანვე შეძლო `შეეთავსებინა` თითქოსდა შეუთავსებელი: `მემარჯვენეობა` - `სოციალური სახელმწიფოს` კონცეპტთან!
ამჯერადაც, ემანუელ მაკრონის საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს საინტერესო სლოგანით: ``ჩვენი ბავშვობის საფრანგეთზე კი არ უნდა ვოცნებობდეთ და ის კი არ უნდა გვენატრებოდეს, არამედ უნდა ავაშენოთ ახალი საფრანგეთი - ჩვენი შვილებისათვის``.
ჩემი აზრით, გენიალური სლოგანი იქნებოდა საქართველოსთვისაც: “ქართველებმა ჩვენი ბავშვობის საქართველოზე კი არ უნდა ვიოცნებოთ, არამედ ახალ საქართველოზე - ჩვენი შვილებისათვის`.
ანუ, მაკრონის ნარატივში იგულისხმება, რომ ის `ძველი საფრანგეთი`, რომელიც მშვენიერი იყო, აღარ დაბრუნდება და მომავალზე უნდა ვიფიქროთო`. ამ მხრივ მაკრონი უდავოდ ნოვატორია და პროგრესისტია. გულჩვილი ნოსტალგიები და წარსულზე სლუკუნი მას არ ახასიათებს, - როგორიც უნდა იყოს პრეზიდენტი იმ ქვეყანაში, რომელიც ღრმა რეფორმირებას საჭიროებს მრისხანე გამოწვევათა ეპოქაში.
მაკრონის მთავარი აქცენტია: საფრანგეთს უპირველესად სჭირდება ეკონომიკური ძლევამოსილება. ამისთვის კი აუცილებელია გადასახადების შემცირება, მეტი სამუშაო ადგილი, ინვესტირება ინოვაციებში, ლიდერობა ატომურ ტექნოლოგიებში, რათა საფრანგეთმა შეამციროს დამოკიდებულება რუსულ გაზზე და რუსულ ნავთობზე.
განსხვავებით გერმანიისაგან, საფრანგეთს არ აუკრძალავს ატომური ელეტქროსადგურები, რაც ახლა ამ ქვეყნის უდიდეს პლიუსად და სასტარტო პოზიციად იქცა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ემანუელ მაკრონი საფრანგეთის ძირძველ, მრავალრიცხოვან, მყარ, `ფესვებგადგმულ`, უზრუნველყოფილ `საშუალო კლასს` ეყრდნობა. თან ეყრდნობა წარმატებით. ეს ყველა მისმა წინამორბედმა როდი მოახერხა.
ამჟამად ემანუელ მაკრონის რეიტინგი, ავტორიტეტულ რესურსთა გამოკითხვებით, 27-29%-ია.
რა თქმა უნდა ეს გამორიცხავს გამარჯვებას პირველივე ტურში. თუმცა საფრანგეთი დემოკრატიაა და პირველ ტურში გამარჯვება ნამდვილ დემოკრატიებში თითქმის თეორიულადაც გამორიცხულია.
ამიტომ მაკრონი და მისი გუნდი, იმ პროგრამით, რაზეც მოგახსენეთ (`ახალი, ეკონომიკურად ძლიერი, კრეატიული, ინოვაციური საფრანგეთი`) უკვე ემზადება მეორე ტურისთვის და მაღალი ალბათობით, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მეორე ტურში გამარჯვების რეალური შანსებიც აქვს.
ანუ მაკრონს რჩება აბსოლუტურად რეალური შანსი, მეორე ვადით აირჩეს საფრანგეთის სახელმწიფოს მეთაურად.
. . . . . . . . . . . . . . .
მით უმეტეს, რომ მისი მთავარი კონკურენტია ულტრამემარჯვენე ეთნონაციონალისტი, ფრანგი შოვინისტი, ანტიემიგრანტი მარინ ლე პენი. (16-18% გამოკითხვებით).
მარინ ლე პენს მყარი, ნაციონალისტური, პასსიონარული, აქტიური, აგრესიული ფრანგული ელექტორატი ჰყავს. მაგრამ ის იმდენად აშინებს ყველა დანარჩენს, რომ თუ ლე პენი გავიდა მეორე ტურში, მაღალი ალბათობით განმეორდება ის, რაც მოხდა 2002 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, როდესაც მეორე ტურში გავიდნენ შაკ შირაკი (20%) და იგივე მარინ ლე პენი (17%). ამან საფრანეგთში შოკი გამოიწვია: ვაითუ `ჰიტლერი კაბაში` ავირჩიოთ XXI საუკუნეში, ეს ხომ ფრანგი ერისთვის დიდი სირცხვილი და თავის მოჭრა, ასევე ომის საფრთხე იქნებაო. ამიტომ მეორე ტურში თითქმის ყველამ, მათ შორის შირაკის მოძულე მემარცხენეებმაც კი, სოციალისტებმაც კი, კომუნისტებმაც კი....... `ნაკლებ ბოროტებად` მიჩნეულ შირაკს მისცეს ხმა და მან უდიდესი უპირატესობით მოიგო მეორე ტური. 82%-მა დაუჭირა მხარი 2002 წელს, რაც უპრეცედენტოდ დიდი ციფრია დემოკრატიული საფრანგეთისათვის.\
ლე პენი ბოლო დროს `დაჭკვიანდა`, უფრო სწორად გაეშმაკდა, შეარბილა რიტორიკა, `დაარეგულირა` ეთნონაცისტური ნარატივი, თუმცა გონიერ ამომრჩეველს ვერ მოატყუებს ანუ მისი მეორე ტურში გასვლა მაკრონის ხელმეორე გაპრეზიდენტების გარანტიაა. თანაც ლე პენი `გასვრილია` პუტინთან მრავალწლიანი მეგობრობით.
. . . . . . . . . . . . . . .
ჯერ ჯერობით მესამე ადგილზეა ქალბატონი ვალერი პეკრესს (12-13%).
იგი მემარჯვენე `რესპუბლიკურ` პარტიას წარმოადგენს.
პოტენციურად ძალიან ძლიერი კანდიდატია. ამჟამად პარიზის რეგიონს ხელმძღავნელობს და პოპულარულია.
ფრანგი სოციოლოგები ამბობენ, რომ პირველ ტურში ის უფრო მაკრონს წაართმევს ხმებს. თუმცა მეორე ტურში თუ გავა მაკრონთან ერთად, ბევრად მეტი შანსი აქვს მოუგოს მეორე ტური მაკრონს, ვიდრე ამის შანსი ექნება ულტრანაციონალისტ მარინ ლე პენს.
ქალბატონ პეკრესს უწოდებენ `მარგარეტ ტეტჩერისა და ანგელა მერკელის ნაზავს`.
აქ აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ საფრანგეთი გამარჯვებული ფემინიზმის ქვეყანაა. ქალი პრეზიდენტი კი, ფრანგთა მშვენიერი ნახევრისთვის, შესაძლოა მიმზიდველი პერსპექტივაც აღმოჩნდეს `საშუალო კლასისთვის`, რომელიც არჩევნების შედეგს განსაზღვრავს.
ფრანგი სოციოლოგების ერთსულავანი შეფასებით, 2017 წლის არჩევნებზე მაკრონის წარმატება დიდწილად განაპირობა მისმა მეუღლემ, რომელიც მასზე ბევრად უფროსია, თუმცა ელექტორალურად მიმზიდველი მოტივატორი აღმოჩნდა `მიზნობრივი აუდიტორიისათვის`, რომელიც საფრანგეთში ტრადიციულად ძალიან აქტიურია არჩევნებისას.
. . . . . . . . . . . . . . .
ყველაზე საინტერესო კანდიდატად ითვლება მემარჯვენე პუბლიცისტი, ერიკ ზემური, რომელსაც `ფრანგ ტრამპს` უწოდებენ.
TV-Cnews-ის ტელეწამყვანი და გაზეთ Le Figaro-ს კოლუმნისტია.
მისი რეიტინგი 11-13%-ია ანუ თითქმის იმდენივე, რამდენიც მესამეადგილოსან ქალბატონ პეკრესს აქვს. ზოგიერთი გამოკითხვით უფრო მეტიც კი.
ზემურის განცხადება არჩევნებში მონაწილეობის შესახებ სენსაციად იქცა. მან გაიმეორა გენერალ დე გოლის 1940 წლის მიმართვა ფრანგ ერს ლონდონიდან: `საფრანეგთი დაპყრობილია და მოგიწოდებთ წინააღმდეგობისკენო`. ასეთი საშინელება ლე პენსაც კი არ უთქვამს: შეიარაღებული ამბოხისკენ მოწოდებაა ფაქტობრივად.
დამპყრობლებად ზემური მუსლიმებს მიიჩნევს.
ეს არის სუფთა ფაშისტური ნარატივი.
ისევე, როგორც ლე პენი, ზემურიც მოითხოვს ევროკავშირიდან საფრანგეთის გასვლას, ევროს ნაცვლად ფრანკის აღდგენას და ა.შ და ა.შ. ასევე შავკანიანების წინააღდმეგია, სოციალისტების წინააღმდეგია......
ამიტომაც უწოდებენ მის ფენომენს `ფრანგული პოლიტიკის ტრამპიზაციას`.
ტერმინიც გაჩნდა `ფრანკო-ტრამპიზმი`.
თანაც იმავე პოპულისტური `ინსტრუმენტალის` გამოყენებით.
უდავოდ ნიჭიერი კაცია და განათლებული (ტრამპისგან განსხვავებით).
ამაზე არავინ კამათობს, მაგრამ სახიფათოდ მიიჩნევენ.
. . . . . . . . . . . . . . .
აქვე უნდა ითქვას ძალიან მნიშვნელოვანი თავისებურება საფრანგეთის ამჟამინდელი პოლიტიკური ლანდშაფტისა: პირველი ოთხი ადგილი მემარჯვენეებს ეკუთვნით. მარინ ლე პენიც ეკონომიკური პროგრამით მემარჯვენეა.
აი მემარცხენეები კი რომელთა პოზიციები საფრანგეთში ტრადიციულად ძლიერი იყო (გავიხსენოთ დიდი ფრანსუა მიტტერანი), ამჟამად პირველ ოთხეულს ძალიან ჩამორჩებიან. მემარცხენეებიდან ყველაზე ანგარიშგასაწევია ჟან ლიუკ მელანშონი, თუმცა მისი რეიტინგი დაბალია.
მემარცხენეებმა ამ ისტორიულ მონაკვეთზე დაკარგეს ფრანგთა სიმპატია, რადგან საფრანგეთში მემარცხენეობა უკვე ასოცირდება არა მიტტერანის აკადემიურობასთან, სოლიდურობასთან, არისტოკრატიზმთან, არამედ `ყვითელ ჟილეტიანთა` აგრესიასთან, ბანდიტიზმთან და მშვენიერი პარიზის კინაღამ გადაწვასთან.
შანს ელიზე (ელისეის მინდვრები) ტრიუმფალურ თაღთან დამახინჯებული იყო მათ მიერ გაჩენილი ხანძრების გამო. ხოლო მაღაზიები და კაფეები აჭედილი ფიცრებით.
პარიზის `კომუნის` (XIXს) შემდეგ ასეთი რამ პარიზში არ ყოფილა.
დასკვნა: ემანუელ მაკრონს აქვს რეალური შანსი, მეორე ვადით აირჩიონ პრეზიდენტად; თუმცა ის გარემოება, რომ მისი სამივე რეალური კონკურენტი მემარჯვენეა და არა მემარცხენე, იმას გამოიწვევს, რომ მეორე ტურში მემარცხენე ელექტორატი შესაძლოა საერთოდ არ მივიდეს საარჩევნო ყუთებთან. აქედან გამომდინარე კი, მოულოდნელობები გამორიცხული ნამდვილად არ არის!