საერთაშორისო მიმოხილვა. 21 მარტი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 21 მარტი. 2024 წელი

რუსეთში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციამ  Голос, რომელიც ტრადიციულად აკვირდება არჩევნებს, ბოლო ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებზე“ ტოტალური ფალსიფიკაცია გამოამჟღავნა. დაახლოებით 22 მილიონი „ჩაყრილი ბიულეტენი“ - ასეთია ამ დამკვირვებელთა ვერდიქტი.

თავისთავად ის ფაქტი, რომ პუტინს ამ მასშტაბის ფალსიფიკაცია, ბიულეტენების „ჩაყრა“ დასჭირდა მიუხედავად ტოტალური კონტროლისა, უკვე ნიშანდობლივია: წარმოუდგენელია ეს ომი დიდხანს გაგრძელდეს და პუტინის დელეგიტიმაცია არ გამოიწვიოს. ოღონდ არა იმიტომ, რომ რუსების მასა უკრაინელების მხარესაა არამედ ამ ომის წარუმატებლობის და „ვერგამარჯვების“ გამო.

ბევრ რამეს აპატიებენ, თუმცა დამარცხებას არ აპატიებენ, ხოლო რუსული სოციუმის აღქმით „ვერგამარჯვება“ უკვე თავისთავად დამარცხებაა.  

. . . . . . . . . . . . . . . . .

ნიშანდობლივია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მდიდარმა რუსებმა აქტიურად დაიწყეს არა მხოლოდ საზღვარგარეთ, არამედ თვით რუსეთში ელიტური ბინების შეძენა. თითქმის 80%-ით გაიზარდა მოსკოვსა და პეტერბურგში აპარტამენტთა შეძენის მაჩვენებელი. დაახლოებით მილიარდი დოლარის ბინები იყიდეს რუსმა მილიონერებმა.

რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ესეც პუტინის რეჟიმის კრიზისის და სამომავლო გაურკვევლობის მაჩვენებელია, რაკი ფულს უძრავ ქონებაში დებენ და არა ბიზნესში

 . . . . . . . . . . . . . . . . .

ბაიდენის „მარჯვენა ხელი“ - ეროვნული უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი ჯეკ სალივანი კიევში ჩავიდა და ძირითადი მოლაპარაკება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს ანდრეი ერმაკთან გამართა.

ამ ვიზიტის მიზანი და მისიაა უკრაინელთა დამშვიდება. სალივანმა მასპინძლებს მოუწოდა „სჯეროდეთ ამერიკის“ და დაარწმუნა, რომ პრეზიდენტი იპოვის გზებს რათა უკრაინის სამხედრო დახმარება გააგრძელოს კონგრესის წინააღმდეგობის მიუხედავად.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

პუტინის კოშმარად იქცა თანდათან ის, რაც ხდება ბელგოროდში - რუსულ ქალაქში უკრაინის საზღვართან.

უკრაინა უკვე ყოველ დღე, თანაც დღეში რამდენჯერმე ბომბავს ბელგოროდს ზალპური ცეცხლის დანადგარებიდან.

ესაა ჩეხური წარმოების Vampire, რომლის შორსმწვდომობა 40 კილომეტრია.

ზოგადად, ზალპური ცეცხლის დანადგარიდან გაშვებული რაკეტების „დაჭერა“ ძნელია (შეუძლებელი არ არის, თუმცა ძნელია) თვით ყველაზე მაღალტექნოლოგიური ანტისარაკეტო და საზენიტო სისტემებისთვის, რომლებიც უდავოდ გააჩნია რუსეთს.

ოღონდ აქ მჟღავნდება პუტინის რეჟიმის ყველაზე ბნელი თვისებებიც: რუსებს გააჩნიათ Панцир-С სისტემა, რომლითაც ნამდვილად შეუძლიათ Vampire რაკეტების დაჭერა, თუმცა Панцир-ის ანტირაკეტა ბევრად ძვირია, ვიდრე Vampire-ის რაკეტა, ამდენად, რუსულ გენშტაბში ჩათვალეს, რომ ბელგოროდის დასაცავად ამ რაკეტების ხარჯვა მიზანშეწონილი არ არის - მოსკოვი რომ იყოს და საქმე მოსკოველებს ეხებოდეთ ან პეტერბურგელებს, სულ სხვა საქმეა.

კიდევ ერთი ასპექტია, პუტინის უკვე მართლა  ტრაგიკომიკური განცხადება არჩევნების შემდეგ „გამარჯვების პრეს-კონფერენციაზე“, რომ...... თურმე...... ბელგოროდის დაბომბვებმა შესაძლოა აიძულოს რუსული არმია, შექმნას „სანიტარული კორდონი“ რათა უკრაინამ რუსეთის ტერიტორიის დაბომბვა ვეღარ შეძლოსო.

იგულისხმება ხარკოვის მიტაცება, საიდანაც უკრაინელები ბომბავენ ბელგოროდს.

თითქოსდა 2022 წლიდან პუტინი არ ცდილობდეს ხარკოვის, ასევე დნეპრის და სხვა უკრაინული ქალაქების დაპყრობას.

როგორ არ ცდილობს, მაგრამ ვერ ახერხებს.

ბელგოროდიდან კი უკვე ათასობით ადამიანი, ქალები ბავშვები მოხუცებია ევაკუირებული.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

ამერიკა აგრძელებს ურანის იმპორტს რუსეთიდან.

და არათუ აგრძელებს, არამედ ურანის იმპორტი რუსეთიდან  წლიდან წლამდე იზრდება.

2023 წელი ამ მხრივ რეკორდულიც კი აღმოჩნდა: ამერიკამ 1,2 მილიარდი დოლარის ღირებულების ურანი შეიძინა რუსეთისგან. და ეს....ყველა სანქციის მიუხედავად.

ლაპარაკია ნაკლებგამდიდრებულ (20%) ურანზე, რომელიც გამოიყენება ატომურ ელექტროსადგურებში.

ბოლო დროს ამერიკაში ძალზე გავრცელებულია მოდულური, მცირე მასშტაბის ატომური რეაქტორები. ეს დაახლოებით იგივეა, რაც მცირე ჰიდრო-ელექტროსადგურები.

მათ ესაჭიროებათ ნაკლებგამდიდრებული ურანი და ირკვევა, რომ ყველაზე მეტად ხელსაყრელი ურანის იმპორტი სწორედ რუსეთიდანაა ამერიკული ენერგო-კომპანიებისთვის.

ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩათვალა (მართებულადაც), რომ ამგვარი სიტუაცია არანორმალურია. ამიტომ, სენატს სთხოვა შემოიღოს საკანონმდებლო აკრძალვა რუსეთიდან ურანის იმპორტზე.

აქ პრობლემა ისაა, რომ რუსეთის ბირთვული წარმოება და ბირთვული ტექნოლოგიები საკმაოდ განვითარებულია: რუსეთი იმ მცირერიცხოვანი ქვეყნების კლუბს განეკუთვნება, სადაც ურანის გამდიდრება მიმდინარეობს და არა მხოლოდ ურანის მოპოვება (მოპოვებით ბევრგან მოიპოვებენ) თანაც უფრო იაფად, ვიდრე ამერიკაში: ამერიკა ხომ საბაზრო ეკონომიკის ქვეყანაა?! სახელმწიფო დოტირება ამ სფეროში გამორიცხულია, ხოლო ამერიკული ენერგო კომპანიებისთვის ბევრად ხელსაყრელია გამდიდრებული ურანის შესყიდვა რუსეთში, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ან თვით ამერიკაში.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

 

11 აპრილს ვაშინგტონში გაიმართება სამმხრივი სამიტი „აშშ-იაპონია-ფილიპინები“ უმაღლეს დონეზე.

ამერიკა ქმნის მორიგ „სტრატეგიულ სამკუთხედს“ წყნარი ოკეანის აუზში ჩინეთის „შესაკავებლად“. ფილიპინები უკმაყოფილოა ჩინეთის მზარდი და აგრესიული აქტივობით, რაც გამოიხატება სერიოზულ საზღვაო ინციდენტებში.

აღსანიშნავი და ნიშანდობლივია, რომ ეს არ არის ერთადერთი გეოპოლიტიკური „სამკუთხედი“ რეგიონში, რომლის არქიტექტორი ვაშინგტონია: არსებობს ასევე „ამერიკა-იაპონია-სამხრეთ კორეის“ ალიანსი და „აშშ-დიდი ბრიტანეთი - ავსტრალიის“ სამხედრო-სტრატეგიული ალიანსი.

ყველა ამ „გეოპოლიტიკური სამკუთხედის“ „წვერო“ ჩინეთის წინააღმდეგაა მიმართული.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

იტალიის პოლიციამ იპოვა ორი მოქალაქე (მამა შვილი), ვინც დაამზადა და გაავრცელა Deep Fake პორნო ვიდეო ვითომდაც იტალიის პრემიერ მინისტრის, ჯორჯი მელონის მონაწილეობით.

პორნო ვიდეო მილიონობით ადამიანმა ნახა მთელს მსოფლიოში. შემდეგ კი გაირკვა, რომ ფეიკი იყო: ფალსიფიკატორებმა მელონის თავი მიატმასნეს პორნო-მსახიობს.

მელონი 100 000 ევროს ითხოვს კომპენსაციის სახით. პრემიერის ადვოკატები აცხადებენ, რომ ეს სიმბოლური თანხაა, რომელსაც იტალიის პრემიერ-მინისტრი იმ ქალების დაცვის ფონდში გადარიცხავს, ვინც მამაკაცთა ძალადობის მსხვერპლი გახდა.

იტალიის კანონმდებლობით, ამგვარი ვიდეოს დამზადება სისხლის სამართლის დანაშაული არ არის, თუმცა დეფიმაციის საწინააღმდეგო კანონმდებლობა ეხება.

ვიდეო რომ ნამდვილი ყოფილიყო და არა ფეიკი, მაშინ ციხე არ ასცდებოდათ. ახლა კი რა.....ცუდი ხუმრობაა უბრალოდ.

   . . . . . . . . . . . . . . . . .

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე რუსი სპორტსმენების ნეიტრალური სტატუსით დაშვებასთან დაკავშირებით ყველაზე უცნაური ის არის, რომ თავად რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი გარიცხულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიდან ანუ საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობიდან მას შემდეგ, რაც რუსეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა განყოფილებები გახსნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე: დონეცკსა და ლუგანსკში.

მაშასადამე......... აქ კვლავაც მჟღავნდება ზოგადად დასავლური ბიუროკრატიის იმანენტური თვისება - სანახევროობა და „მექანიკური კომპრომისებისადმი“ ლტოლვა.

რუსეთისა და პუტინისადმი „რიდიც“ რასაკვირველია.

იმიტომ, რომ თუკი ქვეყანა გარიცხულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიდან, მაშინ ამ ქვეყნის სპორტსმენებს არანაირი სტატუსით არაფერი ესაქმებათ ოლიმპიურ თამაშებზე. მაგრამ სოკ-ი „მოქალაქეობის ნიშნით“ გადაწყვეტილებების მიღებას ერიდება და კვლავ „სანახევროობას“ არჩევს ანუ იმავე „მექანიკურ კომპრომისს“

  . . . . . . . . . . . . . . . . .

ინგლისში დიდი სკანდალი მწიფდება: გაირკვა, რომ ლონდონის ელიტური კლინიკა, სადაც უელსის პრინცესა ქეთერინ მიდლტონმა რამდენიმე კვირის წინ მძიმე ოპერაცია გადაიტანა, პრინცესას პირადი მონაცემების გაყიდვას გეგმავდა.

ყოველ შემთხვევაში, ელიტური კლინიკის რამდენიმე თანამშრომელზე შესაბამისი ეჭვი და მონაცემები არსებობს.

ტაბლოიდები მზად იყვნენ მილიონობით გირვანქა გადაეხადათ ამ ინფორმაციაში - თუ რა ოპერაცია გადაიტანა ქეით მიდლტონმა და რით არის ავად.

ლონდონის ამ კლინიკაში მკურნალობდა ელიზაბეტ ტეილორი ........ ჯონ კენედიც ...... და სწორედ ამ კლინიკაში დაუდგინეს მეფე ჩარლზ III პროსტატის კიბო გასულ თვეში.

   . . . . . . . . . . . . . . . . .

ჯულიან ასანჟის საქმის ახალი განვითარება: WikiLeaks-ის დამფუძნებელი, ფანატიკოსი და სოციოპატი ამჟამად, როგორც ცნობილია, ლონდონის ციხეში იმყოფება გაუპატიურების ბრალდებით.  ამერიკაში მას 175 წლით ციხე ელის საიდუმლო დოკუმენტთა გამჟღავნებისთვის. თუმცა ამერიკის იუსტიციის სამინისტრო მზადაა კომპრომისზე წავიდეს და თუ ასანჟი ბრალს აღიარებს, სასჯელი შეუმსუბუქოს.

როგორც ცნობილია, ჯულიან ასანჟს საიდუმლო დოკუმენტები გადასცა აშშ არმიის ოფიცერმა ჩელსი მენინგმა, რომელიც დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის მამაკაცი იყო და შემდეგ გენდერი შეიცვალა.

ჯულიან ასანჟის თუნდაც მცირე ვადით ამერიკულ ციხეში ჩასმა ამერიკული მართლმსაჯულებისა და პენტაგონისთვის ძალზე პრინციპული საკითხია. მით უმეტეს მის მიერ ბრალის აღიარება.

თუმცა თავად ასანჟი ჯერ ჯერობით ბრალის აღიარებაზე უარს ამბობს.

სწორედ იმიტომ, რომ მას ანგარება არ ამოძრავებდა სინამდვილეში: უანგარო ფანატიკოსი და სოციოპათია, რომელიც ბრწყინვალედ გამოიყენა მოსკოვმა და პუტინის სპეცსამსახურებმა. ისევე, როგორც მეორე სოციოპათი - ედვარდ სნოუდენი.