საერთაშორისო მიმოხილვა. 21 თებერვალი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 21 თებერვალი. 2024 წელი

ავდიივკას დაცემა პუტინისთვის მნიშვნელოვანი PR რესურსი გახდა: დილიდან საღამომდე ამაზეა ლაპარაკი რუსულ პროპაგანდისტულ არხებზე. პუტინმა უკვე მეორედ ტელეკამერების წინ მიიღო თავდაცვის მინისტრი შოიგუ და „მოაყოლა“ ქალაქის აღების პერიპეტიები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო შოიგუს სიტყვები, რომ რუსულმა არმიამ ავდიევკა „მინიმალური მსხვერპლით აიღო“.

მართალია თუ არა ეს განცხადება? როგორ შეძლო რუსულმა არმიამ „მინიმალური მსხვერპლით“ ქალაქის აღება, როდესაც მაგალითად ბახმუტს ათასობით ჯარისკაცი „შეაწყვიტა?“

სამწუხაროდ, როგორც ჩანს მართალია, რადგან ამჯერად რუსულმა არმიამ ისარგებლა იმ უპირატესობით, რაც მას ჰქონდა საარტილერიო ჭურვებში. რუსებმა ასი ათასობით ჭურვი დახარჯეს, უკრაინელებს კი ჭურვები არ ჰქონდათ, ამიტომ „ჩვეულებრივი სასროლი იარაღით“ გმირულად იცავდნენ ქალაქს, თუმცა მუდმივად და დაუსრულებლად ეს შეუძლებელია.

აი ასეთი შედეგი გამოიღო, ისევ და ისევ სამწუხაროდ, ამერიკული ელიტების შეუთანხმებლობამ უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის შესახებ და გაუთავებელმა თამაშებმა კაპიტოლიუმის ბორცვზე.

„რუსეთის დრო დგება“ - განაცხადა პუტინმა შოიგუსთან შეხვედრის შემდეგ. მან თავდაცვის მინისტრს უბრძანა, „განავითაროს შეტევა“, რათა არ მისცეს უკრაინელებს საშუალება, გამაგრდნენ ახალ პოზიციებზე ავდიევკას აღმოსავლეთით.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

ამაზრზენად იქცევიან პოლონელები პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე.

ე.წ. „პოლონელმა ფერმერებმა“ გადაკეტეს ყველა გადასასვლელი უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის.

ამჯერად უკვე მხოლოდ ხორბალიც აღარ იგულისხმება, არამედ იგულისხმება უკრაინაში წარმოებული ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია.

კიდევ უარესი: ზოგიერთ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე პოლონელი ფერმერები უკვე ჩვეულებრივ სამგზავრო ავტობუსებსაც კი არ ატარებენ ევროპაში. კერძოდ, უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე არსებული 9 გამშვები პუნქტიდან, ცხრავე ჩაკეტილია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის და სამი ჩაკეტილია სამგზავრო ავტობუსებისთვის მიუხედავად იმისა, რომ მათში ქალები და ბავშვები არიან.

კატასტროფული სიტუაციაა, რომელიც სულ უფრო ძაბავს პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობებს.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს სიტუაცია აჩვენებს, რამდენად დიდი იქნება პოლონელთა წინააღმდეგობა, როდესაც დაიწყება მოლაპარაკება უკრაინის ევროკავშირში გაწევრების თაობაზე. იმიტომ, რომ თუ უკრაინა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდა, მაშინ პოლონეთსაც და აღმოსავლეთ უკრაინასაც უძლიერესი კონკურენტი ეყოლებათ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის თვალსაზრისით მთელს ევროპაში.

დღეს უკრაინული პროდუქცია ევროკავშირის ბაზრებზე „გამონაკლისის“ სახით შედის ბრიუსელის გადაწყვეტილებით.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

საოცარი განცხადება გააკეთა ამერიკული ფლოტის ადმირალმა Brad Cooper ტელეკომპანია  CBS შოუში "60 Minutes."

მისი თქმით, ის ბრძოლები, რომლებსაც ახლა ამერიკული ფლოტი აწარმოებს წითელ ზღვაში, იემენელი ჰუსიტების წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბურია, რაც კი ამერიკულ ფლოტს უწარმოებია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკას ვიეტნამის ომიც ჰქონდა და კორეის ომიც ჰქონდა, რომ აღარაფერი ვთქვათ 1991 წლის ომზე სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ და იმავე ჰუსეინის ერაყის წინააღმდეგ 2003 წლის ომზე;

 მაგრამ ადმირალი გულისხმობდა უშუალოდ სამხედრო ფლოტის ჩართულობას, რაც, როგორც ირკვევა, ახლა ყველაზე მასშტაბურია: ირანის მხარდაჭერილი იემენელი ჰუსიტები მუდმივად ესვრიან რაკეტებსა და დრონებს ამერიკულ გემებს; წითელ ზღვაში ამერიკის ფლოტმა 7 000 სამხედრო მეზღვაური გადაისროლა.

ბრძოლების მასშტაბი გასაკვირი არ არის, რაკი წითელი ზღვა მსოფლიოს, მათ შორის დასავლეთის უმთავრესი არტერიაა ნავთობით მომარაგების მხრივ.

რაც შეეხება სამხედრო კომპონენტს, ჰუსიტების დრონები და რაკეტები მიზანს ვერ აღწევენ დიდწილად, რაკი ამერიკელებს უფრო კრეატიული და თანამედროვე შეიარაღება აქვთ. თუმცა სერიოზული დაძაბულობა უკვე ფაქტია და აღიარებულია ამერიკელი ადმირალის მიერ.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ამერიკული სპეციალიზებული მედია აღნიშნავს, რომ გასულ წელს თურქეთმა რუსეთისგან მიიღო 9 მილიონი ტონა ნედლი საწვავი და 9 მილიონი ტონა დიზელი.

აშშ ცდილობს ბანკებზე ზეწოლით ხელი შეუშალოს ამ სფეროში რუსეთ-თურქეთის Business as usual, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ როგორც ბევრი დამკვირვებელი აღნიშნავს, ამერიკელები ერიდებიან მეტისმეტად მკაცრ ზომებს საბანკო სფეროში, რათა არ ჩამოშალონ გლობალური ნავთობის ბიზნესი და არ გააძვირონ ბენზინი ამერიკაში 5 ნოემბრის საბედისწერო არჩევნების წინ.

როგორც ბევრჯერ ითქვა, არაფერი ამერიკელებზე ისე ცუდად არ მოქმედებს და ისე არ აღიზიანებთ, როგორც ბენზინის ფასების ზრდა ამერიკულ ბენზო-გასამართ სადგურებში.

თურქეთის მაგალითი იმიტომ მოჰყავთ ხშირ შემთხვევაში ამ თემაზე მსჯელობისას, რომ რუსეთის მეზობელია, თავად ნავთობი საერთოდ არა აქვთ და არაბულ ქვეყნებთანაც არაკომფორტულია თურქეთისთვის ავჭრობა ისტორიული, პოლიტიკური მიზეზების გამო.

რუსეთთან ვაჭრობა და რუსეთისგან ნავთობის ყიდვა  ბევრად უფრო კომფორტულია ერდოღანისთვის.

ჯერ ჯერობით ამერიკულმა „ფრთხილმა“ სანქციებმა ნავთობის სფეროში რუსეთის საბანკო სისტემის წინააღმდეგ ის შედეგი გამოიღო, რომ თურქეთი და ინდოეთი 2-3 კვირით აგვიანებენ გადარიცხვებს. თუმცა საბოლოოდ მაინც ახერხებენ.

ეს არის კლასიკური მაგალითი, როგორ ზემოქმედებს ამერიკის მიმდინარე პოლიტიკური კონიუნქტურა გლობალურ პროცესებზე, მათ შორის უკრაინის ომზე: ფაქტია, ამერიკას ნამდვილად შეუძლია საბანკო და დოლარის ბერკეტის გამოყენებით საერთოდ, 100%-ით დაბლოკოს რუსული ნავთობის მოძრაობა გლობალურ ბაზრებზე. იგი ვერ შეაჩერებს მსოფლიო ოკეანეში მოძრავ „ჩრდილოვან ფლოტს“, ანუ ტანკერებს, რომლებსაც რუსული ნავთობი გადააქვთ, მაგრამ ამ ნავთობში ხომ ვიღაც იხდის ფულს? ფულადი ტრანზაქციები ხომ ხორციელდება დოლარში?! არადა,  ვერც ერთი დოლარი ვერსად გადაირიცხება ნიუ იორკის გვერდის ავლით.

სხვა საქმეა, რომ სრულყოფილი სანქციები ამ ფეროში გააძვირებს ნავთობს. შესაბამისად გააძვირებს ბენიზნს.

რა თქმა უნდა ამერიკის პრეზიდენტს შეუძლია „გახსნას“ აშშ სტრატეგიული ნავთობის რეზერვები, მაგრამ მაშინ უნდა შეურიგდეს იმას, რომ „რესპუბლიკელები“ დაადანაშაულებენ საკუთარი წინასაარჩევნო მიზნებით ქვეყნის სტრატეგიული რეზერვის გამოყენებაში.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

ისრაელმა კატეგორიულად უარყო გაეროს (!) ექსპერტთა მტკიცება, რომ ისრაელის ჯარისკაცები ღაზას სექტორში და პალესტინის ავტონომიაში (მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე) აუპატიურებენ პალესტინელ ქალებსა და გოგონებს.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

მოსკოვის მთავარი „გავლენის აგენტი“ აფხაზეთში საბოლოოდ გახდა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი  ინალ არძინბა.

ზოგიერთი ცნობით, იგი აფხაზეთის სეპარატისტული მოძრაობის ლიდერის, ვლადისლავ არძინბას შვილია ან ახლო ნათესავია. თავის დროზე სწორედ ამ მიზეზით მეტად პოპულარული იყო აფხაზეთში.

მთელი ცხოვრება მოსკოვში აქვს გატარებული, თავის დროზე პროპუტინური რუსული ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერად დაინიშნა - ახალი „კომკავშირის“ ასე ვთქვათ.

პუტინი ამ მოძრაობას იყენებდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ სხვადასხვა პროვოკაციების მოსაწყობად.

ინალ არძინბა იყო უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის მთავარი არქიტექტორის, ვლადისლავ სურკოვის „მარჯვენა ხელი“ და უამრავი რამ გააკეთა უკრაინული სახელმწიფოს წინააღმდეგ. მათ შორის ოდესაში, სადაც პუტინმა, სურკოვისა და არძინბას ხელით, სისხლიანი პროვოკაციები მოაწყო ჯერ კიდევ 2014-2015 წლებში.

ახლა ინალ არძინბა მოსკოვის დავალებით ლობირებს კანონს „უცხოელი აგენტების შესახებ“, რომელიც რუსული კანონის კალკია. ამ კანონით აიკრძალება ან მნიშვნელოვნად შეიზღუდება აფხაზეთში დასავლური ორგანიზაციების მუშაობა.

აქ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ინალ არძინბას „ახირება“ „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით“, სინამდვილეში ილინკება პუტინის უკმაყოფილებასთან სოხუმის „კუდის ქიცინის“ გამო დასავლეთის მიმართ.

პუტინმა იცის (და ძალიან არ მოსწონს) რომ აფხაზები „ჟენევის ფორმატს“ იყენებენ, რათა რუსეთის მიღმა დაამყარონ კავშირები დასავლეთთან, ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

მოსკოვს ეს „აეჭვიანებს“ და ცდილობს ამგვარი კავშირები ყოველნაირად დაბლოკოს.

მხოლოდ ერთი მაგალითი: „ახალი ათონის მონასტერი“, რომელსაც პუტინი მოითხოვს რუსული ეკლესიისათვის, ამჟამად დაკავებულია ე.წ. „აფხაზეთის წმიდა მიტროპოლიის“ თვითმარქვია იერარქების მიერ, რომლებიც არა მოსკოვზე, არამედ კონსტანტინოპოლზე არიან ორიენტირებულნი.

პუტინის თვალთახედვით, კონსტანტინოპოლი დასავლეთის თამაშს თამაშობს, რაკი ცნო უკრაინის ავტოკეფალია.

ინალ არძინბამ რამდენჯერმე სცადა გადადგომა, მაგრამ აფხაზეთის ხელისუფლებამ გააფრთხილა, რომ თუ გადადგება, ეს „დემარში“ იქნება და აფხაზეთის ინეტრესებს დააზიანებს, ამიტომ გადადგომის შემთხვევაში აფხაზეთში ვეღარ ჩამოვა.

ერთ-ერთი ასეთი მცდელობის დროს აფხაზეთის საზღვარიც კი ჩაუკეტეს და ფსოუს საზღვარზე არ გადაუშვეს.

როდემდე გაგრძელდება ეს „კატა-თაგვობანას“ თამაში მოსკოვსა და სოხუმს შორის, ჯერ-ჯერობით უცნობია: არც ერთი არსებითი კანონი, რასაც მოსკოვი მოითხოვდა აფხაზეთის ხელისუფლებისგან („კანონი უცხოელ აგენტებზე“, „კანონი აპარტამენტებზე“ და ა.შ) აფხაზებს არ მიუღიათ.

„პუტინის აგარაკი“ სინამდვილეში მესამეხარისხოვანია და ისიც იმგვარი ფორმულირებებით  მიიღეს, ისეთი კანონები და შესწორებები „დაამგზავრეს“, მისი რეალური მნიშვნელობა ნულზე დაიყვანეს.

მოსკოვმა ამასთან დაკავშირებით დიპლომატიური ნოტაც კი გაუგზავნა აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს: „პიცუნდას აგარაკზე“ თქვენი გადაწყვეტილება ადრე ხელმოწერილ შეთანხმებას არ შეესაბამებაო.