კრემლის ცბიერება და ქართული `გულუბრყვილობა`

კრემლის ცბიერება და ქართული `გულუბრყვილობა`

    ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ჟურნალისტებს განუცხადა: „ჩვენ საქართველოსთან შუამავლები არ გვჭირდებაო“ («Нам посредники не нужны»). რასაკვირველია არ სჭირდებათ, რადგან ბევრად უფრო კომფორტული და მოხერხებულია დიალოგი პატარა, მეზობელ ქვეყანასთან, - რომლის ტერიტორიები ოკუპირებული გაქვს - „მესამე“ სუბიექტების მონაწილეობის გარეშე, როგორც ეს ხდებოდა „ჟენევის პირველ ფორმატში“.
    თავის მხრივ, რა მესიჯს უგზავნის საქართველო მსოფლიოს კარასინ-აბაშიძის შეხვედრით? იმავე რუსი დიპლომატის თქმით „ორმხრივი შეხვედრისას არ განიხილება ის საკითხები, რაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ეხება“. თუ შინაარსობრივად „გადმოვთარგმნით“, ეს განცხადება იმას ნიშნავს, რომ არ განიხილება რუსეთის ჯარების გაყვანის, ანუ დეოკუპაციის თემა. რაც მთავარია, ეს პოზიცია ირიბად დაადასტურა თვით ზურაბ აბაშიძემ, როდესაც აღნიშნა (ანუ დაეთანხმა კარასინს), რომ მხოლოდ იმ საკითხებს განიხილავდა კარასინთან, რაც ჟენევის წინა ფორმატში არ შედის. ესე იგი, არ ეხებოდა ოკუპაციის თემას.
    აქედან მხოლოდ ერთი დასკვნა გამომდინარეობს: საქართველო, როგორც მინიმუმ, არბილებს ბრძოლას საერთაშორისო ასპარეზზე ოკუპაციის აღიარებისთვის. და რომც არ აპირებდეს ამგვარ „შერბილებას“, თავისთავად ასე გამოვა: არც ისე ბევრი ქვეყანა იყო მზად ეღიარებინა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი „ოკუპირებულად“ და მიეღო შესაბამისი რეზოლუცია. თუმცა ასეთი სახელმწიფოები მაინც მოიძებნენ და არც თუ ისე „ხელწამოსაკრავნი“. ამიერიდან იქ ლოგიკურად დასვამენ კითხვას: თუკი თვით ქართველებისთვის უპირველესი პრიორიტეტია არა დეოკუპაცია, არამედ ქართული პროდუქციის დაბრუნება რუსულ ბაზარზე, სავიზო რეჟიმის გაუქმება და რეგულარული ფრენების აღდგენა, მაშინ მე რატომღა უნდა მივიღო რეზოლუცია თქვენი ტერიტორიების ოკუპირებულობის შესახებ? ბოლოს და ბოლოს ჩემი ტერიტორიები ხომ არ დაუკავებია რუსეთს? აგერ არის ონიშჩენო და აკრძალავს ჩემი პროდუქციის იმპორტს, როგორც ამერიკული ხორცის იმპორტი შეზღუდა!
    ანუ ყველა ქვეყანა, ვინც აპირებდა ან დააპირებს „ოკუპაციის“ აღიარებას და ამით ონიშჩენკოს დარტყმის ქვეშ დააყენებს საკუთარ მწარმოებლებს, ცოტა არ იყოს საჩოთირო და კომიკურ ვითარებაში ამოჩნდა, რადგან ის სახელმწიფო, ვის ნაწილობრივ „ოკუპირებულობასაც“ აღიარებს, მთავარ პრიორიეტეტად თურმე საკუთარი პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნებას მიიჩნევს და არა დეოკუპაციას.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ეს ერთი. ახლა არც შეეხება თვით ამ ყბადაღებულ „რუსულ ბაზარს“ და იქ ღვინისა და „ბორჯომის“ დაბრუნების ილუზიებს. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე არსებითი რაოდენობით (და არა სიმბოლური მოცულობით) შევა მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველო, როგორც მინიმუმ, დაბრუნდება „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში“. სხვა ყველა დაპირება ილუზია და ტყუილია!
    რუსეთის მთავარ სანიტარ გენადი ონიშჩენკოს ბოლოდროინდელ განცხადებებში ერთი საეჭვო უცნაურობაა: ბევრს ლაპარაკობს „ბორჯომსა“ და ღვინოზე, მაგრამ არც ერთხელ არ უხსენებია ხილი და ბოსტნეული, რაც სინამდვილეში, „უბრალო ხალხისთვის“. ანუ ჩვენი გასაცოდავებული გლეხობისთვის, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. რატომ? იმიტომ, რომ სინამდვილეში ბორჯომისა და ღვინის ექსპორტის აღდგენა არის ბლეფი - ძალიან მზაკვრული გეგმის ნაწილი, რომლის მიზანი სხვა პოსტსაბჭოურ ქვეყნებში ჩვენი ექსპორტის დანგრევაა!
    წარმოვიდგინოთ, გენადი ონიშჩენკომ საქვეყნოდ განაცხადა ქართული ღვინის და ბორჯომის „დაბრუნების“ შესახებ. რეალურად მხოლოდ მცირე პარტიებს შეუშვებს ბაზარზე, მაგრამ როგორც კი ეს განცხადება გაიჟღერებს, მაშინვე ამოქმედდებიან სრული ძალით რუსეთში არსებული კონტრაფაქტული საწარმოები, სადაც 2006 წლამდე კოლოსალური ოდენობით იწარმოებოდა ღვინოც და ბორჯომიც. სანამ ემბარგო მოქმედებს, ეს საწარმოები გაჩერებულია, ვინაიდან ყველამ იცის, რომ თუ მაღაზიაში „ბორჯომი“ ან „ქინძმარაული“ გამოჩნა, ის „ნამდვილი“ ვერაფრით იქნება. მაგრამ როგორც კი იმპორტი განახლდება, ფალსიფიკაციას „აზრი“ მაშინვე დაუბრუნდება. განმეორდება სიტუაცია, როდესაც ყოველი 10 ბოთლიდან მხოლოდ ერთი იყო „ნამდვილი ბორჯომი“ ან „ნამდვილი ქართული ღვინო“, ხოლო 9 - პოდმოსკოვიეში ჩამოსხმული სუროგატი.
    მერედა (აი, ეს არის ყველაზე მთავარი) სად წავა ხსენებული სუროგატი, როდესაც რუსულ ბაზარს მთლიანად გაავსებს? რა თქმა უნდა უკრაინაში, ბელორუსში, ყაზახეთში ანუ იმ ქვეყნებში, სადაც შედარებით ცივილიზებული კანონები მოქმედებს კონტრაფაქტულ პროდუქციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, თუმცა საზღვრების „გამჭვირვალობა“ მათ არ მისცემს საშუალებას რუსეთიდან წამოსული ნიაღვარი შეაჩერონ. შედეგად, ფალსიფიკაცია დაანგრევს ქართული პროდუქციის ბაზრებს და მოკლავს ჩვენს ექსპორტს იმ ქვეყნებშიც კი, რომლებმაც თუნდაც ნაწილობრივ ჩაანაცვლეს რუსული ბაზარი 2006 წლის შემდეგ!
    სწორედ ეს არის კრემლის მიზანი, როდესაც საქართველოდან იმპორტის აღდგენაზე ლაპარაკობენ! ჩვენ კი ბავშვური გულუბრყვილობით გვიხარია, - „ქართული ღვინო და ბორჯომი რუსულ ბაზარზე ბრუნდებაო“. სინამდვილეში, ქართველმა მწარმოებლებმა, თუ არ უნდათ უკარინასა და სხვა სახელმწიფოებში ბაზრები საერთოდ დაკარგონ, ახლავე განგაში უნდა ატეხონ და მთავრობას მკაცრად მოსთხოვონ, მოსკოვთან ამ საკითხზე შეთანხმების მთავარ პირობად დასვას სწორედ ფალსიფიკაციის წინააღმდეგ კანონის მიღება. უფრო ზუსტად, ამ კანონმდებლობის ამოქმედება. გარწმუნებთ, მოსკოვში ასეთ წინადადებას არც კი განიხილავენ, რადგან მათი მიზანი რეალურად ქართული საექსპორტო დარგების მხარდაჭერა კი არა, მათი სრული განადგურებაა!
    თუ ასე არ არის, ჩავატაროთ მცირე ექსპერიმენტი და ონიშჩენკოს პირველ რიგში არა ღვინისა და „ბორჯომის“, არამედ ხილისა და ბოსტნეულის იმპორტის აღგენა ვთხოვოთ. აბა ვნახოთ ერთი, რა გამოვა.
    - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
    ზოგადად, პოლიტიკაში გულუბრყვილობას სხვა სახელი ჰქვია, რომელიც იმავე ფუძიდან მომდინარეობს. არაფერს, გარდა ზიანისა ეს „ორმხრივი შეხვედრები“ არ მოიტანს, თუ ვაგრძელებთ იმავე საგარეო-პოლიტიკურ კურსს, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ტარდებოდა.
    სულ სხვა საქმეა, თუკი ვცვლით პარადიგმას და ვთანხმდებით „ევრაზიულ“ ინტეგრაციულ პროექტებში მოანწილეობას. აი, ამ შემთხვევაში (მაგრამ მხოლოდ ამ შემთხვევაში), ეს შეხვედრა და ორმხრივი ფორმატის გამომუშავება თუმცა პირველი, მაგრამ აუცილებელი და ნამდვილად სასარგებლო ნაბიჯია.

2012