საერთაშორისო მიმოხილვა. 21 აპრილი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 21 აპრილი. 2023 წელი

მოლდოვას ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის ე.წ. სამშვიდობო ძალები, რომლებიც დნესტრისპირეთთან არიან განლაგებულნი 1992 წლიდან, სულ უფრო აქტიურობენ და მოქალაქეებს გადაადგილებას უშლიან. პროვოკაციებსაც აწყობენ.

თავისთავად საინტერესო ფაქტია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ახლო წარსულს გვახსენებს: რუსეთმა ჯერ მოახდინა კონფლიქტების პროვოცირება აფხაზეთში, ცხინვალში, დნესტრისპირეთში და ამის შემდეგ საკუთარი ე.წ. `სამშვიდობო კონტინგენტი` შეიყვანა იქ ვითომდაც მდგომარეობის დასაშოშმინებლად. თითქოსდა კონფლიქტი იყო `აფხაზეთსა და საქართველოს`, `აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს`, `დნესტრისპირეთსა და მოლდოვას` შორის.

როგორც `დააშოშმინა` და `დააწყნარა` საქართველოში ვიცით. მაგრამ მოლდოვაში დღემდე არიან რუსი ე.წ. `მშვიდობისმყოფელები`, რომლებსაც ე.წ. `დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრიობის` მანდატი აქვთ.

სინამდვილეში, `მოლდოვასა და დნესტრისპირეთს შორის` გამყოფ ხაზზე განლაგებული ე.წ. `რუსი მშვიდობისმყოფელები` რეალურად დნესტრიპირეთში დისლოცირებული რუსული არმიის ქვედანაყოფები არიან.

და როდესაც უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები აქტიურ ფაზაში შევა, ისინი დნესტრისპირეთიდან არა მხოლოდ ოდესას შეუტევენ, არამედ შეუტევენ კიშინიოვსაც.

. . . . . . . . . . . . . . . . .

პოლონეთი და ბალტიის სამი რესპუბლიკა უკვე ჩამოყალიბდნენ ჯგუფად, რომელიც ევროკავშირსა და ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში ყველაზე აქტიურად გამოდიან რუსეთის წინააღმდეგ.

ბევრად აქტიურად და მკაცრად, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოები.

გუშინ ამ ოთხეულმა ევროკავშირისგან მოითხოვა, რომ ახალი პაკეტის ფარგლებში სანქციები უნდა დაედოს რუსულ `გაზპრპომბანკს` ანუ იგი გაითიშოს საბანკო ვერიფიკაციის სისტემა SWIFT-იდან.

ეს უკვე სრულებით რეალური მოთხოვნაა, რაკი ევროპამ მინიმუმზე დაიყვანა დამოკიდებულება  რუსულ გაზზე. არადა ГазпромБанк, სხვა რუსული ბანკების დასანქცირების პირობებში, აქტიურად გამოიყენებოდა ფინანსური ტრანზაქციებისთვის არა მხოლოდ და არა იმდენად ბუნებრივი აირისა და ნავთობის, არამედ მთელს მსოფლიოში სხვადასხვა პროდუქციის შესაძენად ან გასაყიდად.

. . . . . . . . . . . . . . . . .

პაკისტანმა დაიწყო რუსული ნავთობის შესყიდვა. პირველი ტანკერი რუსული ნავთობით მაისში ჩავა პაკისტანის პორტ კარაჩიში.

ბუნებრივია, პაკისტანმა დიდი ფასდაკლება მოითხოვა და მიიღო კიდეც.

ამით პაკისტანი, რომელიც ამერიკის მოკავშირეა რეგიონში, არღვევს დასავლურ სანქციებს და მიდგომებს რუსეთის მიმართ; თუმცა გარიგება, როგორც ჩანს, მეტისმეტად მომგებიანია.

მთავარი პრობლემა ისაა, რომ განსხავვებით ირანისგან, რომელსაც დასავლეთმა არა მხოლოდ აუკრძალა ნავთობით ვაჭრობა, არამედ მსოფლიო ოკეანეში სამხედრო გემებით აკავებდა ირანული ნავთობით დატვირთულ ტანკერებს, დასავლეთი იგივეს გაკეთებას ვერ ბედავს (ჯერ-ჯერობით) რუსეთის მიმართ. ანუ მსოფლიო ოკეანეში, თუნდაც იმავე კარაჩის მიმდებარე წყლებში დააკავოს რუსული ნავთობით დატვირთული ტანკერები.

ირანისგან განსხვავებით, რუსეთს ჰყავს საოკეანო სამხედრო ფლოტი და ინციდენტები გამორიცხული არ არის.

მართალია რუსული სამხედრო ფლოტი მსოფლიო ოკეანეში ბევრად სუსტია, ვიდრე ამერიკული და ბრიტანული (ეს ორი ქვეყანა ოკეანეებში ტანდემად მოქმედებენ მუდამ) მაგრამ მაინც ანგარიშგასაწევი ძალაა.

თუმცა უკრაინაში ვითარების გამწვავების კვალობაზე საქმე აქამდეც მივა ალბათ.

. . . . . . . . . . . . . . . . .

რუსულ ქალაქ ბელგოროდს დაეცა საავიაციო ბომბი რუსული სტარტეგიული თვითმფრინავიდან СУ-34, როდესაც ამ თვითმფრინავმა ქალაქს გადაუფრინა.

20 მეტრიანი ორმო გაჩნდა ქალაქში, ერთი სახლის კედელი ჩამოინგრა, ორი მაცხოვრებელი მძიმედ დაშავდა. ბომბი სრულყოფილად არ აფეთქებულა, რადგან საბრძოლო მზადყოფნაში არ იყო მოყვანილი.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ლატვიის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც 9 მაისს ქვეყნის ტერიტორიაზე აკრძალა ყველა საჯარო ღონისძიება. მათ შორის მსვლელობები, მიტინგები და პიროტექნიკის გამოყენება.

როგორც ცნობილია, 9 მაისი რუსეთში აღინიშნება, როგორც გამარჯვების დღე.

ლატვიაში, კერძოდ რიგაში მცხოვრებმა რუსებმა პროტექსტი გამოთქვეს, თუმცა მათი პროტესტი, მით უმეტეს უკრაინის ომის ფონზე, ვერაფერს შეცვლის.

როდესაც სსრკ დაიშალა 1991 წელს, რუსები ლატვიის მოსახლეობის ნახევარს შეადგენდნენ. ისინი იქ 1945 წლის შემდეგ სტალინმა და ბერიამ ჩაასახლეს.

ლატვია, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ  ევროკავშირის წევრი გახდა; შესაბამისად, ლატვიაში მცხოვრებმა რუსებმა მიიღეს შანსი, გადასახლებულიყვნენ არა რუსეთში, არამედ ევროკავშირის ქვეყნებში - იქ ეცხოვრათ და ემუშავათ. რუსების დიდმა ნაწილმა ამ უფლებით ისარგებლა, შესაბამისად დემოგრაფიული ვითარებაც შეიცვალა ლატვიაში.

დღეს ლატვია, ისევე როგორც ლიტვა და ესტონეთი უკრაინის აქტიური მხარდამჭერია.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ცხინვალში რეზონანსული მკვლელობა მოხდა: გიორგი სიუკაევმა, რომელიც ახალი დაბრუნებული იყო უკრაინის ფრონტიდან, სულით ავადმყოფი ადამიანი, სოსლან ვალიევი მოკლა.

როგორც ჩანს, თვით ეს სიუკაევიც სულიერად ავადმყოფია - დაავადდა უკრაინის ომში.

ის ჯერ გაიწვიეს, როგორც რუსეთის მეოთხე სამხედრო ბაზის მოსამსახურე (ეს ბაზა ცხინვალშია), მაგრამ უკრაინაში საკუთარი მეთაური მოკლა; ციხეში ჩასვეს, თუმცა პრიგოჟინმა გაათავისუფლა მეთაურის მკვლელი და საკუთარ ЧВК Вагнер-ში ჩარიცხა.

დაბრუნდა და ასეთი მკვლელობა ჩაიდინა

ოსები ჩივიან: ამდენი ომი გადავიტანეთ (საქართველოსთან) და ახლა რუსეთი კიდევ უკრაინაში გვაომებსო.

. . . . . . . . . . . . . . . . .

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტმა უკრაინაში რუსი პოლიტიკოსები ძალიან გააბრაზა. როგორც ჩანს ამ ვიზიტს ისინი განიხილავენ უკრაინის მომავალი შეტევის მომზადებად.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ (თავმჯდომარე თვითონ პუტინია) ექს-პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა `თუითერზე` დაწერა, რომ უკრაინა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი მხოლოდ ნაწილ-ნაწილ თუ გახდება, როგორც სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიის ნაწილიო.

ანუ, როგორც მედვედევი წერს, უკრაინის ნაწილს მიითვისებს პოლონეთი, ნაწილს - უნგრეთი, ნაწილს - რუმინეთი (ეს სახელმწიფოები ესაზღვრებიან უკრაინას)

ბუნებრივია იგულისხმება, რომ ყველაზე დიდი ნაწილი ერგება რუსეთს - აღმოსავლეთ უკრაინა.

მედვედევი ბევრი ანალიტიკოსის მიერ კვლავინდებურად განიხილება, როგორც პუტინის მემკვიდრე.

მისი განცხადება უეჭველად იმას ნიშნავს, რომ პუტინ-მედვედევის ტანდემს აღარ სურთ მთელი უკრაინის დაპყრობა რაკი მიხვდნენ - ეს შეუძლებელია!

. . . . . . . . . . . . . . . . .

იმ დროს, როდესაც რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია `ვაგნერი` აქტიურად ცდილობს უკრაინულ ბახმუტში პოზიციების შენარჩუნებას, ამ კომპანიის სხვა დაჯგუფება, როგორც ირკვევა, იბრძვის სუდანში, აფრიკის კონტინენტზე, სადაც არმიის აჯანყებულ სპეცდანს ეხმარება სუდანის სამხედრო ხელისუფლების დამხობაში.

კონკრეტულად რა ინტერესი აქვს მილიარდერ პრიგოჟინს, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომისას რაზმებს აგზავნის უკვე სუდანშიც, ჯერ უცნობია, მაგრამ მოულოდნელი არ არის: პრიგოჟინის `კერძო არმია` რეალურად იბრძვის ასევე ლიბიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და..... ყველგან იბრძვის იმ მხარეს, რომელიც დასავლეთს უპირისპირდება.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ილონ მასკის ზემძიმე რაკეტა Starship, რომლითაც იგი მარსის დაპყრობას აპირებს, გუშინ წარმატებით აფრინდა, თუმცა 39 კილომეტრის სიმაღლეზე მწყობრიდან გამოვიდა და აფეთქდა.

სპეციალისტების აზრით, მთავარი მიზეზი, რაც უშლის ხელს მასკს ააგოს ეს რაკეტა ის არის, რომ მას სურს იგი მრავალჯერადი იყოს ანუ მიწაზე დაეშვას ფრენის შემდეგ, რაც უამრავ ტექნიკურ სირთულესთანაა დაკავშირებული.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ამერიკულმა პროკურატურამ გააუქმა ბრალდება `გაუფრთხილებლობით მკვლელობაში` ცნობილი ამერიკელი მსახიობის, ალეკ ბოლდუინის მიმართ.

მას კინოოპერატორი ქალის გაუფრთხილებლობით მკვლელობას აბრალებდნენ იმის გამო, რომ ვესტერნის გადაღებისას მის ხელში აღმოჩმდა რარიტეტული რევოლვერი, რომელიც არა ფუჭი არამედ თურმე ნამდვილი ტყვიით იყო დატენილი.

ვინ ჩადო რევოლვერში ნამდვილი ტყვია (აშკარა ბოროტი განზრახვით) დღემდე უცნობია.