საერთაშორისო მიმოხილვა. 2021 წლის 20 აგვისტო

საერთაშორისო მიმოხილვა. 2021 წლის 20 აგვისტო

თემა: კვლავ ავღანეთი

 

ავღანეთის ამბები რჩება მთავარ, გლობალურად მნიშვნელოვან თემად. უმრავლესობა თვლის, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ უსასტიკესი მარცხი იწვნია. ოღონდ ეს მარცხი ის კი არ არის, რომ ავღანეთიდან ჯარები გამოიყვანა, არამედ როგორ, რა ფორმით, რა `იმიჯით` მოხდა ეს ყველაფერი.

ავღანეთიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება არა ბაიდენმა, არამედ ტრამპმა მიიღო.

ამერიკულ ისტებლიშმენტში კონსენსუსია იმაზე, რომ 20 წლიანი ომის შემდეგ ამერიკელების და მისი მოკავშირეების წასვლა ავღანეთიდან გარდაუვალი იყო: ამერიკამ მიაღწია 2011 წელს ბენ ლადენის ლიკვიდაციას პაკისტანში და ამას ნამდვილად ვერ მიაღწევდა, რომ არ ჰქონოდა სამხედრო საყრდენი და ოპერატიული პოზიციები ავღანეთში.

რაც შეეხება ავღანეთის `გაცივილურებას`, ბაიდენმაც აღიარა ბრიფინგზე, რომ ასეთი მიზანი ამერიკას არ ჰქონია. `ჩვენი მისია ავღანეთში სახელმწიფოს მშენებლობა არასდროს ყოფილაო`- თქვა პრეზიდენტმა ბრიფინგზე კემპ-დევიდში

ავღანური  საზოგადოება წინასწარმეტყველ მუჰამმადის ეპოქაში ცხოვრობს, თალიბებსა და სხვა ავღანელებს შორის უთანხმოება მხოლოდ იმაზეა, როგორ და რანაირად უნდა იცხოვრონ იმ ეპოქაში. სწორედ ამიტომ არ გაუწიეს წინააღმდეგობა სხვა ავღანელებმა - თალიბებს.

ამდენად, ამერიკის გადაწყვეტილება გაეყვანა ჯარები იყო ერთადერთი შესაძლო, აბსოლუტურად სწორი, მიზანშეწონილი, გარდაუვალი, მაგრამ....ბაიდენს აკრიტიკებენ, რომ ეს გასვლა შეიძლებოდა უფრო მოწესრიგებული ყოფილიყო: დღევანდელ მსოფლიოში ნებისმიერი საინტერესო კადრი მაშინვე ხვდება მილიარდობით ტელეფონზე. ასე მოხვდა მილიარდობით სმარტფონზე კადრები, როგორ აფრინდება აეროპორტიდან ცოცხალი `ხუნძით` ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტი თვითმფრინავი წარწერით US Air Force და იმ კადრების მაყურებელ მილიარდობით ადამიანს მთელს მსოფლიოში დარჩა შთაბეჭდილება, რომ ამერიკელები `გარბიან და ტოვებენ თავის მოკავშირეებს`.

ამან სერიოზული ზიანი მიაყენა ამერიკის Image და საქართველოსთვისაც ძალიან ცუდია, რაკი აქ აძლიერებს ფარულად ან ღიად პრორუსულ ძალებს  ხოლო ამერიკაში აძლიერებს იზოლაციონიზმს: `ნუღარ ჩავერევით მსოფლიოში ნურავის საქმეებში - კისერი უტეხიათ`- ამერიკაში დომინანტური და  მეინსტრიმული საზრისი ხდება.

ეს (ვიმეორებ) ცუდი და სახიფათოა საქართველოსათვის.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

წინააღმდეგობა თალიბებს მხოლოდ თვით ავღანელებმა შეიძლება გაუწიონ. მხოლოდ მათ თვითონ უნდა იბრძოლონ თავისი მომავლისათვის, სხვა მათ ნაცვლად ამას ვერ შეძლებს - ისინი თვითონ უნდა `გამოელეწონ` VII საუკუნიდან, სადაც ახლა ცხოვრობენ მენტალურად და მოუახლოვდნენ XXI საუკუნეს. ამას წლები და წლები დასჭირდება, თუმცა პირველი ნიშნები არის: ერთ-ერთ ქალაქში გაიმართა დემონსტრაცია, რომლის წევრები ავღანეთის სახელმწიფო დროშის რელიგიური დროშით ჩანაცვლებას აპროტესტებდნენ. ეს დემონსტრაცია თალიბებმა მხეცურად დახვრიტეს. აქ აუცილებლად ჩაერთვება `სისხლის აღების` ადათი და ამგვარი მოქმედებების შედეგად თალიბებს მშვიდი ცხოვრება ნამდვილად არ ექნებათ.

ამავე დროს, BBC ცნობით, თალიბებმა დაიწყეს კარდაკარ სიარული: ეძებენ იმ ავღანელებს., ვინც ამა თუ იმ ფორმით თანამშრომლობდა (მაგალითად თარჯიმანობდა) ამერიკელებთან და NATO-ს კონტინგენტთან

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ რუსეთმა და ჩინეთმა არ დახურეს საელჩოები ქაბულში. თალიბები მათ არ ერჩიან და ეს ორი ქვეყანა თალიბთა ხელისუფლების აღიარებასაც არ გამორიცხავს.

ერთი შეხედვით კომიკური განცხადება გააკეთა ცხინვალის რეჟიმის გავლენიანმა ლიდერმა დავით სანაკოევმა: `სამხრეთ ოსეთმა შეიძლება აღიაროს თალიბთა რეჟიმიო`. ეს კიდევ ერთი `შეთავაზებაა` მოსკოვისთვის ამ რეჟიმის მხრიდან - ათასი პროვოკაცის მოსწყობად, რომელსაც მოსკოვი თვითონ ვერ აწყობს. სანაკოევმა თან `დასაბუთებაც` მოაყოლა: პუშტუნები (იგივე თალიბების მოძრაობა) ოსი ხალხის მონათესავეა, რადგან ორივენი აღმოსავლეთ ირანელთა შთამომავლები ვართო.

ეს წვრილმანი და მხოლოდ სასაცილო განცხადება არ არის.

საყურადღებოა.

ისე...აფხაზებს მსგავსი არაფერი უთქვამთ ჯერ.

ავღანეთის გარშემო ახალი დიდი გეოპოლიტიკური თამაში იწყება. ბრიტანელი გეოგრაფი ჰელფორდ მაკინდერი ამ ქვეყანას `მსოფლიოს გულს` უწოდებდა და ალბათ მართალიც იყო. ავღანეთზე კონტროლი განაპირობებს ევრაზიის `მზის წნულზე`, - ცენტრალურ აზიაზე კონტროლს.

ავღანეთი ესაზღვრება და ეთნიკური` ბმები` აქვს პაკისტანთან (ბირთვული იარაღის მქონე პაკისტანთან!) ასევე ესაზღვრება ჩინეთს, ყოფილი `შუა აზიის` ქვეყნებს და ირანს, რომელიც რჩება და დიდხანს დარჩება, ალბათ, დასავლეთისა და ისრაელის მთავარ თავის ტკივილად.

ავღანეთში მოხდარი ასუსტებს ამერიკის პოზიციებს პაკისტანშიც, სადაც ძლიერდება თურქეთი და ჩინეთი - ინდოეთის წინააღმდეგ. ანუ ჩვენს თვალწინ კოლოსალური მნიშვნელობის გეოპოლიტიკური კატაკლიზმო მოხდა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამასობაში კი, რას აკეთებს რუსეთი? იქცევა იქედნურად: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თურმე, რუსეთი მზადაა თავისი თვითმფრინავებით გადაიყვანოს ათასობით ავღანელი ლტოლვილი......არა რუსეთში, არამედ ევროპაში!

იმ მიზნით, რათა იქაურ ხელისუფლებებს შეუქმნას პრობლემები.

ადრე რუსეთი იგივეს აკეთებდა სირიაში, სადაც რუსული სპეცსამსახურები ჭორებს ავრცელებდნენ, რომ ევროპა მიიღებდა ლტოლვილებს და ამან სერიოზული პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია დასავლეთში. ანგელა მერკელი უახლოეს დღეებში სწორედ ამ საკითხის განსახილველად ჩადის მოსკოვში.

შეასმენს რაიმეს პუტინს? რა თქმა უნდა ვერა. `ლტოლვილებით დასავლეთის შანტაჟი` პუტინის ახალი ტექნოლოგიაა, რომელსაც ბოლო დროს ლუკაშენკოც იყენებს - ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ

17 სექტემბერს რუსეთში ტარდება ე.წ. `გოსუდარსტვენნაია დუმას` (Государственная Дума) ანუ იქაური პარლამენტის არჩევნები. არჩევნები 19 სექტემბრამდე გაგრძელდება, რასაც იმ ქვეყნის ტერიტორიის უზარმაზარობა და იქაური კანონმდებლობა ითვალისწინებს.

225 დეპუტატი აირჩევა პარტიული სიებით, კიდევ 225 - მაჟორიტარული წესით. ძნელი შესამჩნევი არ არის, როგორ ჰგავს ეს `შერეული სისტემა` იმას, რის შენარჩუნებასაც ივანიშვილი საქართველოში ცდილობდა.

მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში არანაირი `პარლამენტის `დანიშნულება და უფლებები რუსულ  `სახელმწიფო სათათბიროს` არ გააჩნია და ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში არც შეიძლება ჰქონდეს, ეს არჩევნები მაინც ძალიან საეჭვო პოლიტიკური ინტრიგის მატარებელი აღმოჩნდა.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ე.წ. `დემოკრატი` ბორის ელცინის დანატოვარი კონსტიტუცია და მმართველობის სისტემა რუსეთში მხოლოდ პირობითად შეიძლება შეფასდეს, როგორც თუნდაც `სუპერ-საპრეზიდენტო`. სინამდვილეში, ეს არის ნამდვილი მონარქია, იმპერატორობა, როდესაც ე.წ. `პრეზიდენტს` აბსოლუტურად განუსაზღვრელი საიმპერატორო უფლებები აქვს. დაახლოებით ისეთი, როგორიც ჰქონდა რუსეთის ბოლო იმპერატორ ნიკოლოზ მეორეს მას შემდეგ, რაც მანიფესტი გამოსცა 1905 წელს და რუსეთის იმპერიაში ეს მარიონეტული, სათამაშო `სახელმწიფო სათათბირო` შექმნა.

ეს არის პირველი  ნიშანი იმისა, რომ არავითარი `დემოკრატი` სინამდვილეში ბორის ელცინი არ ყოფილა. მეორე ნიშანი ისაა, რომ ყოფილი КГБ-შნიკი პუტინი დაუტოვა ქვეყანას მემკვიდრედ და არა რომელიმე რუსი დემოკრატი: ბორის ნემცოვი, მაგალითად, რომელიც პუტინის სპეცსამსახურებმა მოკლეს ჩეჩნების ხელით 2015 წელს.

თუმცა ეს სხვა თემაა.

ახლა კი საინტერესოა, რომ პუტინმა გადაწყვიტა, თავისი `ხელის პარტია` ანუ ფორმალურად მმართველი პარტია `ერთიანი რუსეთის` (Единая Россия) პირველ ათეულში შეიყვანოს მისივე ადმინისტრაციის რამდენიმე ყველაზე ძლიერი ფიგურა. მათ შორის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი!

და.....არ შეიყვანა მმართველი პარტიის საარჩევნო სიაში ყოფილი `პრეზიდენტი` დიმიტრი მედვედევი, რომელიც მის უახლოეს ყმად ითვლება იმდენად, რომ 2008 – 2012 წლებში რუსეთის პრეზიდენტობაც კი ანდო. დღეს მედვედევი რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა. თავმჯდომარეა თვით პუტინი.

მრავლისმნახველი რუსი ექსპერტები გაოგნებულები არიან: რუსეთის კონსტიტუციით, შეუძლებელია სერგეი შოიგუ იყოს დეპუტატი და ამავე დროს იყოს თავდაცვის მინისტრი. ასევე, სერგეი ლავროვი იყოს დეპუტატი და ამავე დროს, შეინარჩუნოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი.

აქ კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ შოიგუც და ლავროვიც პუტინის ყველაზე გავლენიანი და `ავტორიტეტული` ხელქვეითები არიან. პუტინმა კი წინა წლებში დაამკვიდრა წესი, რომლის თანახმად, რუსეთის ე.წ. `პარლამენტის` წევრები ხდებიან ცნობილი ტელეწამყვანები, პროპაგანდისტები, სპორტსმენები, მსახიობები, ხელოვანები და ა.შ (ძალიან ჰგავს ივანიშვილის პრაქტიკას) ანუ ადამიანები, ვისაც არასდროს არაფერს არავინ არ ეკითხება და მხოლოდ პროპაგანდისტულ შოუებში მონაწილეობის რესურსი თუ გააჩნიათ.

რატომ მიიღო პუტინმა ასეთი გადაწყვეტილება? რატომ უმზადებს ორ ყველაზე გავლენიან მინისტრს `საპენსიო` თანამდებობებს?

ზოგადად, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრს ცვლის დიდი სახელმწიფო, ამით მსოფლიოს უგზავნის Message-ს, რომ საგარეო პოლიტიკაში რაღაც გარდამტეხი ცვლილებისათვის, ანუ გარდამტეხი ნაბიჯისთვის ემზადება. შესაძლოა სერგეი ლავროვის `გადაყვანა` იმას ნიშნავდეს, რომ მოსკოვი, ამ არჩევნების შემდეგ, ემზადება უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაწყებად და თავზე გადაახევს დასავლეთს ყველა იმ შეთანხმებას (მათ შორის `მინსკის შეთანხმებას`), რასაც უკრაინის თაობაზე მიაღწია 2014 წლის შემდეგ.

სერგეი ლავროვის `გაშვება` მინისტრის თანამდებობიდან სწორედ  ამას გულისხმობს. თუმცა `საპენსიო თანამდებობა` ერგო საპატიო ჯილდოს სახით. ახალი მინსიტრი კი `მხრებს აიჩეჩს` - აბა მე რა შუაში ვარო. ეს საერთაშორისო დიპლომატიის წესი არ არის, მაგრამ პუტინის რეჟიმის წესია ნამდვილად. ზუსტად ასე `აიჩეჩეს` მხრები სარკოზი-მედვედევის` შეთანხმებაზე 2008 წელს.

რაც შეეხება სერგეი შოიგუს, ის არ არის რუსი და რუსულ არმიაში არც ისე ავტორიტეტული ფიგურაა. უკრაინასთან ომის წინ კი პუტინს უფრო ძლიერი საყრდენი სჭირდება.

არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ პუტინმა დიმიტრი მედვედევი არ შეიყვანა საარჩევო სიაში. არადა მედვედევი ამ პარტიის (ედინაია როსსიას) თავმჯდომარეა!!!

ძნელია უკვე ხანშიშესული ავტოკრატი მმართველის (პუტინის) ყველა სვლის ნამდვილი მოტივაციის გამოცნობა. ამჟამად პუტინს თითქოს გარანტირებული აქვს მმართველობა 2036 წლამდე, როდესაც იწურება მისი მეექვსე ვადა. ამგვარი რეჟიმებისათვის კი ყოვლად აუცილებელია, რომ ბიუროკრატიას ჰქონდეს მმართველის `მარადისობის` განცდა, თორემ პუტინის კიდევ უფრო მობერებასთან ერთად, ბიუროკრატიაში, მათ შორის `ძალისმიერ ბიუროკრატიაში` დაიწყება მერყეობა და დაბნეულობა.

როდესაც პუტინმა მედვედევი დანიშნა უშიშროების საბჭოში თავის მოადგილედ, თითქოს ყველას ეგონა, რომ ამით მისი, როგორც `მემკვიდრის` სტატუსი დააკანონა. მაგრამ, როგორც სჩანს (ეს ჩემი აზრია) პუტინს მაინც ეშინია, რომ უკრაინასთან ომს წააგებს ან ისე ვერ მოიგებს, როგორც მის ტრიუმფს სჭირდება, ამიტომაც არ აწყობს გვერდით ახალგაზრდა ალტერნატივა, რომელმაც ფორმალურად უკვე დაიკავა ერთხელ  მისი ადგილი 2008 წელს.

ეს კიდევ ერთი საშიში ნიშანია იმისა, რომ პუტინი შემოდგომით უკრაინასთან ომისთვის ემზადება.

დათო