საერთაშორისო მიმოხილვა. 20 მარტი. 2024 წელი
საფრანგეთი ევროპის ისტორიული ზესახელმწიფოა და „არ ხუმრობს“!
რუსეთის საგარეო დაზვერვის (Служба внешней разведки РФ) მეთაურმა, სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ საფრანგეთში მზადდება საექსპედიციო სამხედრო კორპუსი მოქმედი (!) სამხედროებისგან - უკრაინაში გასაგზავნად.
დაახლოებით 2 000 პროფესიონალი სამხედრო.
როგორც ჩანს, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აპირებს მთელს მსოფლიოს, მთელს ევროპას და რუსეთსაც დაუმტკიცოს, რომ ჰაი-ჰარად სიტყვებს და განცხადებებს „არ ისვრის ჰაერზე“ და როცა თქვა: „არ გამოვრიცხავ უკრაიანაში ჯარების გაგზავნასო“, ნამდვილად ჰქონდა ასეთი განზრახვა
როდის და სად - სხვა საკითხია.
მაღალი ალბათობით, როგორც ვწერდით ადრე, მაკრონი გულისხმობდა ოდესას, რათა არ მისცეს რუსეთს საშუალება, მოჰგლიჯოს უკრაინა შავ ზღვას.
2 000 ფრანგი სამხედროს გაგზავნა უკრაინაში იმას ნიშნავს, რომ მას დასჭირდება საჰაერო სივრცის დაცვა, დასჭირდება ანტისარაკეტო და საზენიტო სისტემები და ა.შ და ა.შ.
სერგეი ნარიშკინი კი ამბობს, რომ უკრაინის მხარეს ახლაც უამრავი ფრანგი იბრძვის და ბევრი მათგანი დაიღუპა.
საინტერესოა, რომ ფრანგულმა საზოგადოებამ ასეთი დონის პასსიონარულობა გამოამჟღავნა, რასაც თითქოს არავინ ელოდა. ფაქტია, ფრანგების დიდი ოდენობით მონაწილეობას უკრაინულ ომში სხვა წყაროებიც ადასტურებენ - არა მხოლოდ ნარიშკინი.
ოღონდ იმ სამხედროებს ოფიციალური სტატუსი არა აქვთ. გარდა ამისა, უკრაინის ტერიტორიაზე საიდუმლოდ იმყოფება ასევე ფრანგული სპეცდანი, მაგრამ სად, როგორ, რა მიზნით - ეს ზუსტად არავინ იცის. იცის მაკრონმა, როგორც უმაღლესმა მხედართმთავარმა.
ბევრი ვარაუდობდა, რომ საფრანგეთის პოლიტიკური კულტურიდან და ამ ქვეყნის მზარდი გეოპოლიტიკური ამბიციიდან, ისტორიული მისიის აღდგენის მისწრაფებიდან გამომდინარე, ემანუელ მაკრონის განცხადება რეალობად იქცეოდა.
უკვე საკითხავია მხოლოდ რ ო დ ის და რა გარემოებებში.
ბუნებრივია, ოფიციალური (!) ფრანგული სამხედრო შენაერთის გამოჩენა უკრაინაში (მთელი სამხედრო კორპუსისა!) ომს გადაიყვანს ახალ სტადიაზე.
აბსოლუტურად გამორიცხულია, საფრანგეთს არ მიბაძონ ამა თუ იმ ფორმით, ამა თუ იმ ხარისხით და ოდენობით NATO-ს წევრმა სხვა სახელმწიფოებმა.
გერმანია, გასაგები მიზეზების გამო ბოლო იქნება, მაგრამ ადრე თუ გვიან ისიც იქნება ალბათ!
ბევრი ევროპული ქვეყანა უბრალოდ დააშინა მაკრონის პასსიონარულობამ. ესტონეთის პრემიერმა ქალბატონმა კალასმა განაცხადა, რომ საფრანგეთი ჯარების გაგზავნას კი არ გეგმავს, არამედ უკრაინელი ჯარისკაცების მომზადებას უკრაინასავე ტერიტორიაზეო.
თუმცა ეს მარტივი თვითდამშვიდებაა.
ბუნებრივია, ბალტიის სახელმწიფოებს ძალიან ეშინიათ, რომ თუ უკრაინაში პირდაპირი სამხედრო შეტაკებები დაიწყო NATO-სა და რუსეთს შორის, რუსეთის არმია ბალტიას დაარტყამს. მათ შორის ესტონეთს, რომელიც ყველაზე სუსტ რგოლად ითვლება.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილი თანაშემწე, Peter Navarro გახდა პირველი პერსონა, რომელიც ციხეში ჩასვეს 2021 წლის 6 იანვარს კონგრესის შტურმის საქმეზე.
უფრო ზუსტად, იგი თავად გამოცხადდა და თავად გააკეთა ყველაფერი, რათა ციხეში ჩაესვათ 4 თვით (!) იმის გამო, რომ სპეციალურად არ მივიდა კონგრესის კომისიის სხდომაზე, რომელიც 2021 წლის „აჯანყების“ საქმეს იძიებს.
ძალიან ნიშანდობლივი ამბავია!
იგი მეტყველებს, რომ დონლად ტრამპის გარემოცვაში იყვნენ და არიან ნამდვილი იდეალისტები, რომლებიც მას პრინციპულად უჭერდნენ და უჭერენ მხარს.
ფაქტობრივად, რაც ნავარრომ გააკეთა, არის დემარში - ხელისუფლების წინააღმდეგ. მისმა დაპატიმრებამ და 4 თვით ციხეში ჩასმამ დიდი რეზონანსი გამოიწვია და იქცა მძლავრ აქციად, ანუ მოვლენად მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
პუტინმა გადააყენა რუსული ფლოტის მთავარსარდალი ევმენოვი იმის გამო, რომ უკრაინამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსული შავი ზღვის ფლოტის მესამედი გაანადგურა წარმატებული დარტყმებით.
ნიკოლაი ევმენოვის ნაცვლად რუსული ფლოტის მთავარსარდლად ადმირალი ალექსანდრე მოისეევი დაინიშნა, რომელიც მანამდე რუსეთის ბირთვულ წყალქვეშა ფლოტს მეთაურობდა.
ეს მნიშვნელოვანი ფაქტია იმიტომ, რომ ზოგადად, ჯერ კიდევ 2000-2003 წლების მეორე ჩეჩნური ომიდან დაწყებული, დამკვირვებლებმა შენიშნეს პუტინის ერთი თვისება: წარუმატებლობის გამო იგი ძალიან იშვიათად „უშვებდა“ სამხედრო ჩინოსნებს, რადგან ამით თვით წარუმატებლობას დაადასტურებდა მთელი მსოფლიოს წინაშე.
მაგრამ ამჯერად რუსეთის შავი ზღვის ფლოტის განადგურება იმდენად თვალსაჩინო იყო და იმდენად უდავო, პუტინი იძულებული გახდა ფლოტის მთავარსარდალი შეეცვალა. არა მხოლოდ შავი ზღვის ფლოტისა უშუალოდ, არამედ მთელი რუსული ფლოტისა.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
„რამშტაინის“ ფორმატში მორიგი შეხვედრა გაიმართა გერმანიაში. აშშ თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ უკრაინის გადარჩენა უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ბუნებრივია, ამერიკის თავდაცვის მინისტრი საკუთარი ქვეყნის კონგრესის ლანძღვას ვერ დაიწყებდა იმის გამო, რომ არ გამოყო 61 მილიარდი დოლარის დახმარება უკრაინისთვის, რის შედეგადაც რუსული აგრესიის მსხვერპლი ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა........ თუმცა პენტაგონი რაც შეუძლია ყველაფერს აკეთებს. კერძოდ 200 მილიონი დოლარის საზენიტო სისტემებს აგზავნის, რაც ახლა უკრაინას ყველაზე მეტად სჭირდება.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ჰონკონგის პარლამენტმა მიიღო კანონთა პაკეტი უცხოური გავლენის, შპიონაჟისა და ეროვნული უშიშროების შესახებ, რომელიც ადასტურებს, რომ ჩინეთის ავტოკრატმა მმართველმა სი ძინპინმა კიდევ უფრო განიმტკიცა ძალაუფლება და მთლიანად განავრცო მისი ავტორიტარული რეჟიმი ოდესღაც თავისუფალ და დემოკრატიულ ჰონკონგზე, რომელიც XX საუკუნის ბოლოს დიდმა ბრიტანეთმა ჩინეთის რესპუბლიკას დაუბრუნა.
ჩინეთის არმია მაშინ მარშით შევიდა ჰონკონგში, ხოლო პეკინის ხელისუფლება იფიცებოდა, რომ ჰონკონგი რეალურ ავტონომიას შეინარჩუნებდა ჩინეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში
ახლა ცხადი ხდება, რა „ღირს“ ეს ავტონომია: რამდენიმე წლის წინ ჰონკონგის სტუდენტები, ასევე მთელი ლიბერალური საზოგადოება საპროტესტო აქციებს მართავდა და ასი ათასობით ადამიანი მონაწილეობდა პროტესტებში, მაგრამ ამ კანონთა პაკეტის მიღების შემდეგ ეს ყოველივე დასრულდა: ჰონ კონგი ჩინეთის ჩვეულებრივი პროვინცია ხდება. უბრალოდ უფრო მეტად განვითარებული ეკონომიკურად, ვიდრე სხვა პროვინციები და რეგიონები.
სულ მცირე გადაცდომისთვის, დასავლეთის სახელმწიფოებთან თანამშრომლობისთვის, ჟურნალისტები, იურისტები, სამოქალაქო აქტივისტები ამ ახალი კანონმდებლობით შესაძლოა ციხეში ჩაყარონ.
ასე დამთავრდა ჰონკონგის, როგორც ჩინურ კონტინენტზე „თავისუფლების კუნძულის“ ისტორია. რაც შეეხება კუნძულ ტაივანს, მისი დაპყრობა და განადგურება ჩინეთმა ჯერ ვერ შეძლო თუმცა ჰონკონგის მაგალითი ტაივანელებს უდასტურებს, რა ელით, თუ ჩინეთს შეუერთდებიან ნებისმიერი დაპირების და ფიცი-მტკიცის სანაცვლოდ.
აღსანიშნავია, რომ ამ კანონთა პაკეტის მიღებას ჩინეთის რეჟიმი ჰონკონგში ჯერ კიდევ 2003 წელს ცდილობდა, მაგრამ მაშინ ისეთი ბობოქარი პროტესტები მოჰყვა, რომ იმ დროს უკან დაიხია.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (სოკ) როგორც იქნა დაიწყო პრინციპული გადაწყვეტილებების მიღება მიუხედავად იმისა, რომ მას ხელმძღვანელობს პუტინის დიდი ხნის მეგობარი, გერმანელი თომას ბახი.
სოკის გადაწყვეტილებით, რუსი და ბელორუსი სპორტსმენები, რომლებიც ისედაც მხოლოდ ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობენ 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებში, არ მიიღებენ მონაწილეობას ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალში.
ვერანაირი სტატუსით ანუ ვერც ნეიტრალური ოლიმპიური დროშის ქვეშ.
გარდა ამისა, ის რუსი და ბელორუსი სპორტსმენები, რომლებიც დაშვებულნი არიან ოლიმპიადაზე, აუცილებლად მოაწერენ ხელს ოლიმპიურ ქარტიას, რომელიც ფაქტობრივად გულისხმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაგმობას.
რუსები და ბელორუსები მხოლოდ ინდივიდუალურად არიან დაშვებულნი ოლიმპიადაზე. ანუ რუსული გუნდების, ესე იგი ნაკრებების მონაწილეობა სხვადასხვა სპორტულ სახეობებში აბსოლუტურად გამორიცხულია. რუსი ფრენბურთელები, კალათბურთელები, ფეხბურთელები და ა.შ პარიზში საერთოდ არ იქნებიან.
რუს და ბელორუს სპორტსმენებს თავიანთი ქვეყნების არათუ დროშის აწევა ეკრძალებათ, არამედ დროშის ფერებში ჩაცმაც კი „ოლიმპიურ ქალაქში“.