საერთაშორისო მიმოხილვა. 19 სექტემბერი. 2023 წელი.
ამერიკული The New York Times სამწუხაროდ ძალიან დაეხმარა რუსულ პროპაგანდას ჟურნალისტური გამოძიებით, რის შედეგადაც გამოაქვეყნა დასკვნა, რომ უკრაინულ ქალაქ კონსტანტინოვკაში, სადაც რამდენიმე დღის წინ 15 ადამიანი დაიღუპა სარაკეტო დარტყმის შედეგად, სინამდვილეში არა რუსული, არამედ უკრაინული რაკეტა აფეთქდა.
NYT მონაცემებით, რაკეტა უკრაინელებმა გაუშვეს რუსული პოზიციების მიმართულებით, თუმცა გაურკვეველი მიზეზით, სისტემა БУК-იდან გაშვებულმა რაკეტამ მიმართულება იცვალა და კონსტანტინოვკასკენ გაფრინდა.
რუსმა პროპაგანდისტებმა უმალვე ატეხეს ისტერია, რომ უკრაინამ სპეციალურად დაბომბა თავისი ქალაქი და გაწირა უკრაინელები, რათა თავდასხმა რუსეთისთვის დაებრალებინაო.
. . . . . . . . . . . . . . . . .
კანადასა და ინდოეთს შორის სერიოზული დიპლომატიური კონფლიქტია: კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ ინდოეთის სპეცსამსახურები დაადანაშაულა კანადის ტერიტორიაზე კანადის მოქალაქის ჰარდიპ სინგჰ ნიდჯარას ლიკვიდაციაში.
ნიდჯარა ინდოეთის სინგჰთა სეპარატისტული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერია. ეს მოძრაობა კი ინდოეთიდან გამოყოფასა და `დამოუკიდებელი ჰალისტანის` შექმნისთვის იბრძვის.
ნიდჯარა სინგჰთა კანადური ტაძრის მიმდებარედ ნიღბოსანმა კილერებმა მოკლეს.
ტრიუდომ თქვა, რომ ამ თემაზე G20 სამიტის დროს ესაუბრა ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარანდრა მოდის, რომელიც ყველაფერს უარყოფს.
თუმცა კანადამ ერთი ინდოელი დიპლომატი უკვე გააძევა ქვეყნიდან. ოღონდ დიპლომატიური ეთიკის დაცვით: გაძევებულის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა ამტკიცებს, რომ ის სინამდვილეში ინდოეთის სპეცსამსამსახურთა აგენტი იყო.
ინდოეთი ჰარდიპ სინგჰ ნიდჯარას `ტერორისტად` თვლიდა.
ზოგადად სინგჰებმა ინდოეთის სახელმწიფოს უამრავი ეგზისტენციალური პრობლემა შეუქმნეს 70 წლის განმავლობაში. ინდოეთის პრემიერ მინისტრები: ინდირა განდი და მისი შვილი რადჟივ განდი სწორედ სეპარატისტმა სინგჰებმა მოკლეს.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ჩეჩნეთის მიკროდიქტატორი რამზან კადიროვი მოულოდნელად დაავადდა. როგორც ჩანს თირკმელების უკმარისობა აქვს: მეტისმეტად გასუქდა და ხელზეც `წვეთოვანთა` კვალი ეტყობა.
პუტინი საჯაროდ შეხვდა მის შვილს, 18 წლის აჰმატს. ამით თითქოს ეუბნება: მამაშენი თუ გარდაიცვალა, მის საქმეს ჩეჩნეთში შენ გააგრძელებო.
2004 წელს, როცა რუსულმა სპეცსამსახურებმა ააფეთქეს რამზანის მამა და აჰმადის ბაბუა, აჰმად კადიროვი, პუტინი ასევე შეხვდა კრემლში რამზანს და ჩეჩნეთის მმართველად დანიშნა. აფეთქება კი ჩეჩენ ნაციონალისტებსა და სეპარატისტებს დააბრალა.
`ხატოვანი` ილუსტრაციაა იმისა, რა ხდება ე.წ. `რუსეთის ფედერაციაში`.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკას და მთელს მსოფლიოს კვლავ `დამოკლეს მახვილად` დაეკიდა თავზე აშშ სახელმწიფო ვალი და დეფოლტის საფრთხე.
ორშაბათს ვალმა 33 ტრილიონს გადააჭარბა რაც ისტორიული რეკორდია.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის სახელმწიფო ვალი შედგება შიდა და სუვერენული (საგარეო) ვალებისგან, რასაც ამერიკა იხდის ან ემსახურება.
რესპუბლიკელები და დემოკრატები კვლავინდებურად ვერ თანხმდებიან: რესპუბლიკელები, როგორც ყოველთვის, ხარჯების შემცირებას მოითხოვენ, ხოლო დემოკრატები - გაზრდას.
კონგრესის ქვედა პალატის ლიდერი კევინ მაკკარტი ცდილობს კომპრომისს მიაღწიოს, თუმცა ახლა აღმოჩნდა სიტუაციაში, როცა მისი კომპრომისები არც მისივე `რესპუბლიკური` პარტიის ლიდერებს მოსწონთ და არც დემოკრატებს.
არადა კონგრესის ქვედა პალატას ახლა რესპუბლიკელები აკონტროლებენ, ხოლო სენატს (ზედა პალატას) - დემოკრატები. სიტუაცია კვლავ ჩიხურია.
Deadline 30 სექტემბერია.
ამ სიტუაციიდან უმტკივნეულო გამოსავალი არ არსებობს. მით უმეტეს საარჩევნო კამპანიის პირობებში.
. . . . . . . . . . . . . . . . .
დასავლურ მედიაში გამოჩნდა სტატიები საერთო საზრისით `პრიგოჟინი მოკვდა (მოკლა პუტინმა), თუმცა მისი საქმე ცოცხალია`.
CNN-ს მაგალითად მოჰყავს ე.წ. `კერძო სამხედრო კომპანია `ვაგნერის` მოქმედება `ცენტრალურ აფრიკულ რესპუბლიკაში`, სადაც პუტინის დავალებით `ვაგნერმა` მხარი დაუჭირა არსებულ ხელისუფლებას მეამბოხეების წინააღმდეგ და მეამბოხეთა დამარცხების შედეგად განიმტკიცა პოზიციები.
ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ `ვაგნერი` გამაგრებულია ე.წ. `რუსულ სახლში` (Русский дом) რომელიც რუსეთის ფორპოსტად იქცა ამ ქვეყანაში. ერთი შეხედვით თითქოს `რუსეთის კულტურის გამავრცელებელია`; სინამდვილეში კი `ვაგნერის` ბანდიტთა და მათი ბანდიტური ბიზნესის კერაა.
სწორედ ამ `რუსული სახლიდან` ახორციელებდნენ და კვლავაც ახორციელებენ `ვაგნერის` მეთაურები არა მხოლოდ სამხედრო ოპერაციებს, არამედ კომერციულ პროექტებს.
როგორც ირკვევა `ვაგნერი` პრიგოჟინის ბიზნეს იმპერიის მხოლოდ ნაწილი იყო. `რუსული სახლიდან` ხდება პრიგოჟინის მიერ ჩამოსხმული ლუდის Africa Ti L’Or და არყის Wa-Na-Wa დისტრიბუცია ცენტრალურ აფრიკულ რესპუბლიკაში.
და რაც ყველაზე ნიშანდობლივია, ეს ბიზნესი, მიუხედავად პრიგოჟინის ლიკვიდაციისა, კი არ მცირდება, არამედ იზრდება და ყვავის.
მერედა, ვინ არის პრიგოჟინის ბიზნეს-იმპერიის მემკვიდრე? ვინ `ამუშავებს` მის ბიზნესებს?
აქედან გამომდინარეობს უეჭველი დასკვნა, რომ ეს ბიზნესები, სინამდვილეში, პუტინს ეკუთვნოდა; ისევე როგორც თვით კსკ `ვაგნერი`. შესაბამისად, ბიზნეს - პარტნიორი მოიშორა და კვლავინდებურად `აკეთებს` მილიარდებს.
პუტინი, უდავოდ, ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია დედამიწაზე და ბიზნესს, ისევე როგორც იმპერიულ პოლიტიკას, მართავს `1990-იანი წლების `ბანდიტური პეტერბურგის` კანონებით.
საოცრებაა, რომ დიდმა ბრიტანეთმა მხოლოდ ახლა (15 სექტემბერს) გამოაცხადა კსკ `ვაგნერი` ტერორისტულ ორგანიზაციად. ამიერიდან ყველა, ვისაც რაიმე შემხებლობა ექნება ამ დაჯგუფებასთან დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე, 15 წლით ციხეში წავა.
. . . . . . . . . . . . . . . . .
სამხრეთ კაროლინა ამერიკაში `სახმელეთო ბერმუდის სამკუთხედად` იქცა, სადაც წლების განმავლობაში გემები თითქოს ქრებოდნენ - მერე აღმოჩნდებოდა ხოლმე, რომ იძირებოდნენ.
სამხრეთ კაროლინაში გაურკვეველი მიზეზით ჩამოვარდა უახლესი ავიაგამანადგურებელი F-35. პილოტმა კატაპულტირება მოასწრო, გადარჩა, თუმცა ძალიან სერიოზულად დაშავდა და უგონოდაა. მეორე თვთმფრინავი ბაზაზე უვნებლად დაბრუნდა.
საოცრებაა, რომ ჩამოვარდნილ თვითმფრინავს საერთოდ ვერ პოულობენ.
ამ ინციდენტს განსაკუთრებულ ყურადღებას არავინ მიაქცევდა, რომ არა ერთი გარემოება: უკვე მეორე F-35-ია, რომელიც ზუსტად იმ ადგილას, ანუ სამხრეთ კაროლინაში ჩამოვარდა.
პირველი ინციდენტი 2018 წელს მოხდა და მაშინ პენტაგონმა მიიღო გადაწყვეტილება F-35 თვითმფრინავების ექსპოლოატაციის დროებით შეჩერების შესახებ, სანამ მიზეზი არ გაირკვეოდა. თუმცა ვერაფერი გაარკვიეს ჯერ-ჯერობით.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ილონ მასკს ისრაელმა და ამერიკის ებრაულმა ლობიმ `ყვითელი ბარათი უჩვენა`: ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნათანიაჰუმ საჯაროდ უთხრა მასკს პირისპირ , რომ Twitter (დღეს ეწოდება X) ვალდებულია ებრძოლოს ანტისემიტურ კონტენტს.
საქმე ის გახლავთ, რომ მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა Twitter იყიდა, მან `გაუშვა` ათეულობით ათასი თანამშრომელი. მათ შორის თითქმის გააუქმა დეპარტამენტი, რომელიც კონტენტის მოდერირებას ახორციელებდა სხვადასხვა ფობიის, მათ შორის ანტისემიტიზმის საწინააღმდეგოდ. ამის შემდეგ კი X კონტენტში ამოხეთქა ანტისემიტიზმმა.
ნათანიაჰუმ მასკს (ვიმეორებ: ეს დისკუსია საჯარო სივრცეში მიმდინარეობდა - დ.) მოუწოდა, `იპოვოს შუალედი სიტყვის თავისუფლებასა და ანტისემიტიზმის დაუშვებლობას შორის`.
რეალურად, კონტენტის მოდერირების შემცირება მასკის პრინციპული გადაწყვეტილება იყო - მას სჭირდებოდა X პოპულარობის ზრდა, რაკი თავიდანვე სწორედ იმ მიზნით შეიძინა ($45 მილიარდი გადაიხადა) რათა ძლიერ ინსტრუმენტად ექცია საკუთარ პოლიტიკურ `თამაშში`.
თუმცა ნათანიაჰუმ (მისი სახით ებრაულმა ლობიმ) ახლა გააფრთხილა, რომ მეტისმეტი მოუვიდა - ანტისემიტიზმი ამერიკაში არ `მართლდება` არანაირი სიტყვის თავისუფლებით.
ილონ მასკმა (ასევე საჯაროდ) ნათანიაჰუს საკმაოდ უხერხულად უპასუხა, რომ ანტისემიტური კონტენტი თითქოსდა ისრაელში ნათანიაჰუს `სასამართლო რეფორმას` მოჰყვა, რასაც ასიათასობით ისრაელელი აპროტესტებს.
შეგახსენებთ, რომ ამ რეფორმას და ისრაელის უმაღლესი სასამართლოს ფუნქციათა შემცირებას ნამდვილად მოჰყვა პროტესტი ისრაელში, თუმცა X-ზე ანტისემიტური ამოფრქვევის მიზეზი ეს ვერანაირად ვერ გახდებოდა: ანტისემიტებს ისრაელის შიდა სახელმწიფოებრივი მოწყობა სულ არ აინტერესებთ.
ამ საჯარო დისკუსიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კოლიზია სიტყვის თავისუფლებასა და ტოლერანტობის აუცილებლობას შორის ნამდვილად სერიოზული პრობლემაა და ხსენებული `ოქროს შუალედის` მოძებნა საკმაოდ ძნელია.
განსაკუთრებით ამერიკაში. ევროპაში ეს კოლიზია ტოლერანტობის სასარგებლოდ ბევრად მკაცრადაა რეგულირებული. რაც არ არის გასაკვირი, რაკი სწორედ ევროპაში განხორციელდა ებრაელთა გენოციდი (გერმანია) ან მათი მასობრივი გაძევება (საფრანგეთი)
ნათანიაჰუსთან `დაჯახებამდე` რამდენიმე დღით ადრე, ილონ მასკმა `კაცობრიობის მტერი` უწოდა ჯორჯ სოროსს!
მასკი ამტკიცებს, რომ მილიარდერი სოროსი, თავისი გლობალური ორგანიზაციების ქსელით `ღია საზოგადოება` ვითომდაც `კაცობრიობის ქსოვილის დაშლას ცდილობს`.
სოროსი ებრაელია.
და ებრაული ლობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი ამერიკაში.