საერთაშორისო მიმოხილვა. 19 თებერვალი. 2024 წელი
გრძელდება ძალიან რთული თამაში ამერიკელ „დემოკრატებსა“ და „რესპუბლიკელებს“, ანუ პრეზიდენტ ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის უკრაინის თემაზე.
შაბათს, ცნობილმა ბლოგერმა იულია ლატინინამ, რომელიც არა მხოლოდ რუსეთის არამედ ამერიკის შესანიშნავი მკვლევარი და ისტორიკოსია, თავის Youtube ბლოგში Код доступа თქვა, რომ სინამდვილეში ამერიკის პრეზიდენტს სულაც არ სჭირდება კონგრესის მიერ 60 მილიარდი დოლარის დახმარების საკანონმდებლო პაკეტის მიღება, რათა უკრაინას იარაღი გაუგზავნოს. ამისთვის საკმარისია(ო) პრეზიდენტის დეკრეტის (ბრძანებულების) გამოცემა, რომელიც აშშ არმიის უკვე არსებული რეზერვებიდან გადასცემს იარაღს უკრაინას.
კონგრესის საკანონმდებლო პაკეტი გულისხმობს, რომ ამერიკის მთავრობა (პრეზიდენტის ადმინისტრაცია) ამერიკულ ინდუსტრიებს უკვეთს დასამზადებლად იარაღს უკრაინისთვის. აი ამას კი ნამდვილად სჭირდება საბიუჯეტო ხარჯების დამტკიცება სენატის და კონგრესის ქვედა პალატის მიერ, მაგრამ......დავაკვირდეთ: პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხომ უკრაინის ფინანსური პაკეტი მჭიდროდ დაუკავშირა ისრაელის დახმარებას? კონგრესმა ისარელ-უკრაინა-ტაივანის „პაკეტი“ არ დაამტკიცა, მაგრამ..... ამას სულაც არ შეუშლია ხელი აშშ პრეზიდენტისთვის, ამერიკული არმიის რეზერვებიდან გაეგზავნა დახმარება ისრაელისთვის ბომბების და რაკეტების სახით ისე, რომ კონგრესს საბიუჯეტო ასიგნებათა დამტკიცება არ დასჭირვებია.
უფრო ზუსტად, ადმინისტრაციას არ დასჭირვებია კონგრესის თანხმობა, რაკი არსებული რეზერვებიდან სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირისთვის იარაღის გადაცემა პრეზიდენტის დეკრეტით (ბრძანებულებითაც) არის შესაძლებელი.
რატომ არ აკეთებს იმავეს პრეზიდენტი ბაიდენი უკრაინასთან მიმართებაში?
იულია ლატინინა ასკვნის, რომ........ და ეს დასკვნა ძალიან მძიმეა....... მას შეიძლება დავეთანხმოთ, შეიძლება არ დავეთანხმოთ......... თუმცა მკვლევარი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც ავდიევკა დაეცა და სრულებით ცხადი გახდა - უკრაინა დიდი საფრთხის წინაშეა სწორედ იარაღის, პირველ რიგში ჭურვების ნაკლებობის გამო - დონალდ ტრამპი დაინტერესებულია უკრაინის მარცხი პრეზიდენტ ბაიდენს დაბრალდეს, რომელმაც უკრაინას ჭურვები ვერ მიაწოდა, თუმცა ჯო ბაიდენიც, საარჩევნო პერიოდში დაინტერესებულია, ტრამპს და მის მხარდამჭერ რესპუბლიკელებს დაჰბრალდეთ უკრაინის მარცხი, რაკი კანონს არ იღებენ(ო).
ლატინინას დასკვნის თანახმად, ამ ცინიკურ თამაშში უკრაინა (ბოდიში ჟარგონისთვის) „იჭყლიტება“.
ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ აბსოლუტურად გამორიცხულია, მართლაც, პენტაგონს და მის მრავალრიცხოვან მოკავშირეებს მთელს მსოფლიოში არ გააჩნდეთ საკმარისი რაოდენობით ჭურვები თავიანთ რეზერვებში, რათა ამ რეზერვებიდან მიაწოდონ საჭირო (სასიცოცხლოდ საჭირო უკვე!) იარაღი უკრაინას.
მაგალითად, თუკი რუსეთის მოკავშირე ჩრდილოეთ კორეამ მიაწოდა რუსეთს მილიონი ჭურვი, ამერიკამ, თავის მოკავშირე სამხრეთ კორეას“ ტერიტორიაზე ისეთი უკიდეგანო რეზერვები შექმნა ბოლო 70 წლის მანძილზე, 2 მილიონ ჭურვსაც მიაწვდის უკრაინას, თუ გადაწყვიტა.
ასე რომ, იულია ლატინინას მოსაზრება ძალიან ცინიკურად ჟღერს: შესაძლოა არ დავეთანხმოთ ან უარვყოთ, მაგრამ ლეგიტიმურია, ანუ ლოგიკის მარცვალი მასში ნამდვილად არის.
ფაქტია, როცა საქმე არჩევნებს ეხება, ამერიკული პოლიტიკური კულტურისთვის არ არსებობს იმაზე დიდი პრიორიტეტი ვიდრე არჩევნების ბედი ანუ ამერიკის ბედისწერა ამ არჩევნების შედეგად.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
აშშ პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური პარტიიდან“ ნიკი ჰეილიმ მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა უკრაინის და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის თემაზე.
მისი თქმით, „უკრაინა არ მოითხოვს ამერიკისგან ჯარისკაცების გაგზავნას“, არამედ ითხოვს მხოლოდ იარაღს, რათა თავად იომოს, ხოლო „თუ პუტინი დაამარცხებს უკრაინას“, შემდეგი იქნება პოლონეთი და ბალტიის სახელმწიფოები, რომლებიც NATO-ს წევრები არიან, შესაბამისად იქ ამერიკა იძულებული იქნება პირდაპირ იომოს - თავისი ჯარისკაცები გააგზავნოს ბრძოლის ველზე და ა.შ.
ნიკი ჰეილის ეს განცხადება მკაფიოდ კონტრასტირებს დონალდ ტრამპის (ჰეილის უშუალო კონკურენტის) ანტიNATO ფრაზეოლოგიასთან.
ჰეილი ამით ცდილობს ამერიკული და ევრო-ატლანტიკური ისტებლიშმენტი გარკვეულწილად მაინც დაამშვიდოს.
რამდენად გამოუვა რთული სათქმელია. ფაქტია, დონალდ ტრამპს იგი „რესპუბლიკურ“ პრაიმერიზებში და „კოკუსებში“ ბევრად ჩამორჩება, ოღონდ......„რესპუბლიკელთა ელიტაში მაინც განიხილება ვარიანტი“ „ტრამპი - პრეზიდენტი, ჰეილი - ვიცე-პრეზიდენტი.
ეს ქალბატონი საკმაოდ პოპულარულია და...... სხვათა შორის, რაოდენ უცნაურიც არ უნდა მოეჩვენოს ვინმეს, პოპულარულია არა მხოლოდ „რესპუბლიკელებში“ არამედ „დემოკრატებშიც“ კი. განსაკუთრებით გენდერული ნიშნით.
ბევრჯერ გვითქვამს, რომ მასობრივი ამომრჩევლის (!) დონეზე ამერიკაში „რესპუბლიკელობა“ და „დემოკრატობა“ პირობითი კატეგორიებია. ოღონდ ეს სწორედაც „მასობრივი ელექტორატის“ დონეზე; არადა სწორედ ეს მასობრივი ელექტორატი წყვეტს არჩევნების ბედს.
ნიკი ჰეილის ვიცე-პრეზიდენტობაზე ჯერ თვით დონალდ ტრამპს არაფერი უთქვამს და ქართული სოციალურ-პოლიტიკური კულტურისთვის საერთოდ გაუგებარია, როგორ შეიძლება პოლიტიკოსები, რომლებიც ასე სასტიკად ლანძღავენ ახლა ერთმანეთს იმავე „პრეიმერიზის“ და „კოკუსის“ ფარგლებში, შემდეგ შეთანხმდნენ პრეზიდენტობა-ვიცე-პრეზიდენტობაზე.
თუმცა ამერიკული სოციალურ-პოლიტიკური კულტურისთვის ეს აბსოლუტურად მისაღები და ჩვეულებრივი ამბავია.
ბევრჯერ მომხდარა ამერიკის ისტორიაში.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აგრძელებს სენსაციური განცხადებების გაჟღერებას, რომელიც ძააააააალიან არ მოსწონთ კრემლში.
მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციაზე ყოფნისას, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა (ოღონდ არა თვით კონფერენციის რომელიმე „პანელზე“, არამედ სომხურ დიასპორასთან შეხვედრისას), რომ სომხეთი არ არის, ვერც იქნება და არც იქნება რუსეთის მოკავშირე უკრაინის საკითხში! მაშასადამე არ უჭერს მხარს უკრაინის წინააღმდეგ კრემლის აგრესიას. იმიტომ, რომ „უკრაინა სომხეთის მეგობარი სახელმწიფოა“.
ეს პირდაპირი დადანაშაულებაა მოსკოვისა აგრესიაში!
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ვიქტორის ძე ლავროვმა (Калантарян) განაცხადა, რომ NATO სამხრეთ კავკასიაში თავისი „აგრესიული ზრახვების“ განხორციელებას სომხეთის მეშვეობით აპირებს.
ბუნებრივია, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას ეიფორიის გარეშე, „საღი თვალით“ უნდა შევხედოთ.
იმიტომ, რომ ერთის მხრივ ერევანი აცხადებს „უკრაინის საკითხში მოსკოვის მოკავშირე არ ვარო“, მაგრამ მეორეს მხრივ, სომხეთი, ყაზახეთთან ერთად, პოსტსაბჭოურ სივრცეზე ლიდერია რუსეთში „პარალელური იმპორტის“ თვალსაზრისით, რაც ძალიან ეხმარება რუსეთს, დასძლიოს დასავლური სანქციები უკრაინსი წინააღმდეგ აგრესიის დროს
ეს, რასაკვირველია, იციან კრემლში და ამიტომაც ხდება, რომ ნიკოლ ფაშინიანის დიპლომატიურ განცხადებებს ჯერ-ჯერობით მაინც მხოლოდ განცხადებებით პასუხობენ და არა ბუნებრივი აირის მიწოდების გადაკეტვით ან სომხური კონიაკის საბოლოო დაბლოკვით.
თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ფაშინიანის განცხადებები მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფაქტორია: 7-10 წლის წინ ფანტასტიკის სფერო თუ იქნებოდა იმის წარმოდგენა, რომ ერევანი მოსკოვს მისცემდა საბაბს ეთქვა: „ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი სამხრეთ კავკასიაში თავისი ინტერესების განხორციელებას სომხეთის მეშვეობით ცდილობსო“.
სომხეთის მეორე-მესამე რანგის ფიგურები და ინსტიტუტები კი სულ უფრო ხშირად აჟღერებენ არანაკლებ მნიშვნელოვან თეზისს, რომ რუსეთი...... „აზერბაიჯანის მეშვეობით ცდილობს სამხრეთ კავკასიიდან განდევნოს დასავლეთი“.
სურათის სრულად წარმოსადგენად აქვე უნდა გავიხსენოთ ცნობილი ფაქტი, რომ რამდენიმე დღის წინ ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის პარლამენტში გამოსვლისას თქვა: „ევროკავშირი უკვე შემოვიდა სამხრეთ კავკასიაში, რაკი საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოო“.
მაგრამ ისევ და ისევ, ამ განცხადებების მიუხედავად, სომხეთი ჯერ მაინც ვერ ბედავს ღიად განაცხადოს, რომ სურს ევროკავშირის თუნდაც ასოცირებული წევრობა, რაც საქართველომ მიიღო 2014 წელს, როგორც პირველი ნაბიჯი კანდიდატობისა და „უვიზო რეჟიმისკენ“.
ეს თუ გაბედა ერევანმა, თუნდაც დეკლარაციის დონეზე, მოსკოვს ვერანაირი „პარალელური იმპორტის“ მოსაზრება ვერ შეაჩერებს აგრესიული ეკონომიკური და ენერგეტიკული სანქციებისაგან სომხეთის მიმართ.
იმიტომ, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი პუტინმა მას შემდეგ დაიწყო, რაც კიევმა განაცხადა (მხოლოდ განაცხადა ჯერ) ევროკავშირთან ასოცირების სურვილი.
ცოტას თუ ახსოვს სამწუხაროდ, რომ დაახლოებით იმ დროს, სომხეთის მაშინდელმა ხელისუფლებამ (ჯერ სად იყო იმ დროს ფაშინიანი - 2012-2013 წლებში) ფრთხილად „წამოიკნავლა“: „რატომაც არ შეიძლება სომხეთმაც მოითხოვოსო ევროასოცირება თუკი ქართველებმა მიიღესო“ და....იმდროინდელი პრეზიდენტი, სრჟ სრგსიანი დაუყოვნებლივ, ელვისებურად დაიბარეს მოსკოვში, იმავე სერგეი ლავროვთან, რის შემდეგაც „გაწურული სახით„ გამოვიდა ჟურნალისტებთან და თქვა: „არა, არა....... რა ევროასოცირება, რის ევროასოცირებაო......“
ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო პუტინისთვის მაშინ, როცა კიევთან რთულ თამაშს აწარმოებდა (ჯერ საომარი კომპონენტის გარეშე) უკრაინის ევროასოცირებასთან დაკავშირებით.
და თუ სომხეთის პროევროპულ ასპირაციაზე იმ დროს თვალს დახუჭავდა, კიევთან ურთიერთქმედებაშიც დაკარგავდა კოზირებს და არგუმენტებს. აბა თუკი შენი უახლოესი მოკავშირეც კი აპირებს ევროასოცირებას, მაშინ უკრაინას რას ერჩი და უკრაინასთან რა „გართულება“ გაქვს ასეთი?
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გუშინ ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა სომხური ეთნიკური წარმომავლობის რუსმა პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა. მისი თქმით, რუსეთმა უნდა დაიწყოს ეთნიკური ნიშნით (!) პოსტსაბჭოურ ქვეყნებში მცხოვრებ რუსებზე რუსული პასპორტების გაცემა, როგორც ამას აკეთებს გერმანია მაგალითად....... ან ისრაელი.
მოსკოვი ეთნიკური ნიშნით მხოლოდ რუსებზე რუსული პასპორტების გაცემას ჯერ ვერ ბედავს, რადგან თუ, ვთქვათ, ყაზახეთში დაიწყებს ეთნიკური ნიშნით რუსული პასპორტების დარიგებას, ამას ყაზახეთი გამოაცხადებს „იმპერიული აგრესიის ფორმად“, ხოლო რუსეთ-ყაზახეთის ურთიერთობა არ არის ჯერ იმ სტადიაზე, ამგვარი ღია კონფრონტაციისთვის იყოს რუსეთი მზად ყველა პოსტსაბჭოურ ქვეყანასთან.
სულ სხვა საქმე იყო ბალტიის სახელმწიფოები.
იქ დიდი ხნის წინ დაიწყო რუსეთმა ეთნიკური ნიშნით რუსული პასპორტების დარიგება, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ლიტვა, ლატვია და ესტონეთი 2004 წლიდან EU წევრები არიან. შესაბამისად, ამ ქვეყნებში მცხოვრებმა რუსებმა მიიღეს საშუალება ევროკავშირის მოქალაქეები ან ევროკავშირის რეზიდენტები (!) გამხდარიყვნენ.
რუსული პასპორტი რაღად.......უნოდათ?!