საერთაშორისო მიმოხილვა. 18 ოქტომბერი. 2022 წელი
ჩვენს სამეზობლოში ხდება უმნიშვნელოვანესი ამბავი, რაც აუცილებლად სასიკეთოდ იმოქმედებს საქართველოზე: საფრანგეთის და პირადად პრეზიდენ ემანუელ მაკრონის შუამავლობით, - ალიავსა და ფაშინიანს შორის მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, - სომხეთ - აზერბაიჯანის საზღვარზე, სომხეთის მხრიდან განლაგდნენ ევროკავშირის დამკვირვებლები. ეს დაახლოებით ისეთივე მისიაა, როგორიც საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვრებზეა განლაგებული ე.წ. `სამხრეთ ოსეთთან` და აფხაზეთთან - ენგურის ხიდზე.
ევროკავშირი საქართველოში არსებული მისიის თანამშრომელთა ნაწილს აგზავნის უკვე სომხეთის საზღვარზე, სანამ ძირითადი კონტინგენტი ჩამოვა ევროპიდან.
ამ ცნობამ რუსეთში ნამდვილი გაცოფება გამოიწვია: `პროკრემლური` ექსპერტები წერენ, რომ რა თქმა უნდა, ეს დამკვირვებლები NATO-ს წევრი სახელმწიფოების სპეცსამსახურების აგენტები არიანო.
ანუ, სომხეთის თანხმობით (და არათუ თანხმობით, არამედ მოთხოვნით - საფრანგეთისადმი) ამ დამკვირვებლების განლაგების თაობაზე ერევანმა მკაფიო Message გაუგზავნა მოსკოვს, რომ მისი აღარაფერი სწამს და არაფრის სჯერა.
ეს არის გაგრძელება იმ გეოპოლიტიკური მარცხისა, რაც რუსეთმა განიცადა 2020 წელს. ის იყო რუსეთის ისტორიული გეოპოლიტიკური კატასტროფა, როდესაც აზერბაიჯანმა, თურქეთის დახმარებით, დაამარცხა რუსეთის ისტორიული მოკავშირე სამხრეთ კავკასიაში - სომხეთი.
რა თქმა უნდა სომხები ამის გამო მწარედ განაწყენდნენ და ახლა გეოპოლიტიკური ორიენტაციის ცვლილებაზე ფიქრობენ. არათუ ფიქრობენ, არამედ ასეთ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებსაც დგამენ, როგორიცაა საფრანგეთის და ევროკავშირის `შემოსვლა` რეგიონში. უკვე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სომხეთშიც
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი სომეხ კოლეგასთან მოლაპარაკებისას, სომხეთის საზღვარზე ევროკავშირის დამკვირვებლების ნაცვლად ОДКБ (Организация договора по коллективной безопасности) ანუ რუსული `ანტინატო`-ს დამკვირვებლების განლაგებას სთავაზობდა ერევანს, მაგრამ მტკიცე უარი მიიღო: `აზერბაიჯანთან ომის დროს გეხვეწებოდით მათ განლაგებას სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, გეხვეწებოდით ОДКБ დახმარებას ურთიერთდახმარების შესახებ არსებული `ხელშეკრულების` თანახმად, მაგრამ მაშინ უარი გვითხარით, ახლა არც ჩვენ გვინდიხართო`.
აი ასეთ ჩიხში და დამარცხებათა სერიალში შეიყვანა პუტინმა თავისი ქვეყანა იმ ახირების გამო, რომ მაინცდამაინც მას უნდა გადაეჭრა ისტორიული პრობლემა: უკრაინის დაპყრობა და უკრაინის სახელმწიფოს განადგურება.
შედეგად ვერც ეს `ამოცანა` გადაჭრა, იქაც სამარცხვინოდ აგებს და სამხრეთ კავკასიაც `წააგო` იმიტომ, რომ 2020 წლის აზერბაიჯანის ძლევამოსილი შეტევის დროს, ვერ დაუჭირა მხარი სომხეთს, ფაქტიურად მიატოვა თავისი მოკავშირე, რაკი თურქეთის განაწყენება არ აწყობდა.
საქართველოსთვის ეს ყოველივე მნიშვნელოვანია, რადგან ვერც ევროკავშირი, ვერც საფრანგეთის სახელმწიფო `გვერდს ვერ აუვლის` საქართველოს ამ მისიის შესრულებისას და ეს გეოპოლიტიკური ტრანსფორმაცია აუცილებლად გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას.
შესაძლოა, თუ ცნობილ პრობლემებს გადავწყვეტთ, კანდიდატის სტატუსის თემაც დაჩქარდეს. შეგახსენებთ, რომ სწორედ მაკრონმა თქვა არასასიამოვნო ფრაზა `კანდიდატობის` კონტექსტში, რომ თითქოსდა საქართველო გეოგრაფიულად არ არის ევროპის ნაწილი. მანვე მოგვიწოდა, სწორედ სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად გვემოქმედა. მაგრამ ახლა, როდესაც საფრანგეთის ინიციატივით ევროკავშირმა ამოდენა პასუხისმგებლობა იკისრა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების თვალსაზრისით, საეჭვოა მაკრონმა იგივე პოზიცია გამოხატოს. ალბათ პირიქით, რეგიონში პოზიციების გასაძლიერებლად ის ხელს შეუწყობს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას იმ შემთხვევაში, თუ საქართველოც `დაეხმარება` ევროპული ელიტების ამ ნაწილს, ვისაც ევროკავშირის შემდგომი გაფართოვება სურს. გერმანიის კანცლერმა შოლცმაც ხომ ისაუბრა ევროპაზე `ლისაბონიდან - თბილისამდე.
ეს ისეთივე ისტორიული ფრაზაა, როგორი ისტორიული მოვლენაცაა ევროკავშირის დამკვირვებელთა (ფაქტიურად სამხედრო დამკვირვებელთა) განლაგება რუსეთის ისტორიული `პრეროგატივის` თუ `პრიორიტეტის` არეალში.
რა არის საჭირო ამ შესაძლებლობის რეალიზებისთვის? რა არის საჭირო (ვიმეორებ) ევროპულ ელიტათა იმ ნაწილის პოზიციათა გასაძლიერებლად, ვინც პრინციპში თანახმაა საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი და რაც მთავარია, მთელი სამხრეთ კავლკასია განიხილოს ერთიან კონტექსტში რაც გეოპოლიტიკური გარღვევა იქნება?
ერთადერთი, არც თუ ისე ბევრია ამისთვის საჭირო: ქვეყანას არ ჰყავდეს პოლიტპატიმრები და ხელისუფლებები პერიოდულად იცვლებოდეს ისე, რომ ახალი ხელისუფლება წინა ხელისუფლებას არ აპატიმრებდეს ნებისმიერი მოტივით.
ეს არის და ეს.
ბევრს არ გვთხოვენ სინამდვილეში.
თუ კანდიდატობას მივიღებთ, მერე უკვე ბევრსაც მოგვთხოვენ, ალბათ ათასობით კანონის და კანონქვემდებარე აქტის მიღებას, თუმცა ეს უკვე შეუქცევადი ისტორიული პროცესი იქნება.
გარდა ამისა, არ დაგვავიწყდეს, რომ არ არსებობს არანაირი `ჩინური კედელი` ევროკავშირსა და NATO-ს შორის. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ ბევრი რამ შეცვალა და ბევრი რეფორმა დააყენა დღის წესრიგში - თვით ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის `მოდუს ვივენდისა` და `მოდუს ოპერანდის` ჩათვლით. დასავლეთში გავლენიანი ადამიანები უკვე ამბობენ, რომ `ვაშინგტონის ხელშეკრულება` და წესდება `წმიდა წერილი` არ არის და მისი ზოგიერთი პუნქტი (რაც ტერიტორიული კონფლიქტების მქონე სახელმწიფოთა მიღებას ეწინააღდმეგება) შესაძლოა გადაიხედოს.
ზოგადად კი, აქვე უნდა ითქვას, რომ თანამედროვე დასავლური პოლიტიკური (ან გეოპოლიტიკური) კულტურისთვის თვისებრივია, ესე იგი დამახასიათებელია `რეგიონულ პარადიგმებში` აზროვნება და მოქმედება, ანუ სახელმწიფოთა განხილვა არა განყენებულად, არამედ რეგიონულ სისტემაში; ამიტომაცაა მნიშვნელოვანი უკრაინა-საქართველოს რეგიონული კავშირის პარადიგმა, რაც სამწუხაროდ დაირღვა....... ასევე საქართველოს განხილვა სამხრეთ კავკასიის რეგიონულ პარადიგმაში; როგორც მინიმუმ საქართველო-სომხეთის კავშირის გათვალისწინებით.
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ თუ დღეს, დღევანდელ ვითარებაში, 2020 წლის საზარელი მარცხის შემდეგ, სომხეთი საბოლოოდ `დაემშვიდობება` რუსეთს და მოინდომებს ევროკავშირთან ასოცირების გაფორმებას (რაც ჩვენ გავაფორმეთ 2014 წელს) ან უვიზო რეჟიმს ევროკავშირთან და ასე შემდეგ, აბსოლუტურად უპრობლემოდ მიიღებს! იმიტომ, რომ ევროპული ზესახელმწიფო, საფრანგეთი აქტიურად დაუჭერს მხარს. და ეს ჩვენთვისაც ძალიან კარგია, იმიტომ, რომ საქართველო-სომხეთის რეგიონულ პარადიგმაში ამ ორი ქვეყნის განცალკევება აბსოლუტურად შეუძლებელი იქნება.
მთავარია საქართველომ ახლა `დაიჭიროს` ეს ტრენდი სომხეთის საგარეო პოლიტიკაში და მას შეძლებისდაგვარად მხარი დაუჭიროს.
. . . . . . . . . . . . . . .
რუსეთმა კიევი ირანული უპილოტო აპარატებით დაბომბა. ერთდროულად 40 ირანული დრონი უტევდა უკრაინის დედაქალაქს. არის მსხვერპლი და ნგრევა.
ირანული დრონების თავისებურება ისაა, რომ ძალიან დაბლა დაფრინავენ, შესაბამისად, რადარები მათ თითქმის ვერ ხედავენ.
გარდა ამისა, ირანული `უპილოტო` ჩუმად დაფრინავს, რაც აღმოჩენას და ლოკალიზაციას ართულებს.
სამაგიეროდ თვალითაც კარგად ჩანს. ამ 40 ირანული დრონიდან უკრაინელებმა დიდი ნაწილის ჩამოგდება შეძლეს ჩვეულებრივი ავტომატებიდან და ტყვიამფრქვევებიდან სროლით!
ამავე დროს, უკრაინულმა საზენიტო სისტემამ, რომელიც ახლახანს მიიღეს NATO-სგან, რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდება შეძლო რუსეთის საჰაერო სივრცეში! თვითმფრინავი რუსულ ქალაქ იესკს დაეცა. ამ აქციას დიდი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს როგორც უკრაინელებისთვის, ასევე რუსებისათვის.
ირანული დრონების გამოჩენა საბრძოლო მოქმედებათა ზონაში ძალიან შემაშფოთებელია ისრაელისთვის. თუკი უკრაინის დასავლური წარმოების რადარებმა ვერ შენიშნეს ეს დრონები, ისრაელის `ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა` შენიშნავს სანამ თელ ავივამდე ან იერუსალიმამდე მიფრინდებიან?
გარდა ამისა, ისმის კითხვა: რის სანაცვლოდ გადასცეს ირანელებმა რუსებს ეს დრონები? ვაითუ საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტების სანაცვლოდ?
ახლა ისრაელი უკრაინას სთხოვს მიაწოდოს ჩამოგდებული ირანული დრონების ნამსხვრევები, რათა ისინი შეისწავლოს. უკრაინა პასუხობს, რომ მიაწვდის ნამსხვრევებს, თუკი ისრაელი მიაწვდის თავდაცვის საშუალებებს. აბსოლუტურად პრაგმატული პოზიციაა.
ამასთანავე, უკრაინამ უსასტიკესი პროტესტი განუცხადა ირანს. ამ განცხადებაში მინიშნებულია, რომ თუ თეირანი განაგრძობს უკრაინისთვის იარაღის (უპილოტო საფრენი აპარატების) მიწოდებას, უკრაინა გაწყვეტს დიპლომატიურ ურთიერთობას ირანთან. ამავე დროს, კიევმა მოუწოდა ევროკავშირს, შემოიღოს ახალი სანქციები ირანის წინააღმდეგ. არადა ირანის ქალაქებში ისედაც არ წყდება საპროტესტო გამოსვლები მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო. იმიტომ, რომ უკვე მოქმედებს უმძიმესი სანქციები ირანის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობის აღსაკვეთად.
საეჭვოა ფანატიკოს აიათოლლათა (ისლამურ წინამძღვართა) რეჟიმი რაიმე ახალმა სანქციებმა დააშინოს, თუკი ამ დრონების სანაცვლოდ რუსეთი `ისკანდერის` რაკეტებს გადასცემს, შემდეგ ამ რაკეტებს ირანი სირიაში განალაგებს, სადაც იბრძვიან `ისლამური რევოლუციის მცველთა რაზმები`, იქედან კი`ისკადერი`, რომლის სიშორე მინიმუმ (!) 500 კილომეტრია, უეჭველად მიაღწევენ ირსაელის ქალაქებს. ამით ირანი ისრაელს ვერ გაანადგურებს რასაკვირველია, თუმცა კი გაამწარებს.
SS-26 Iskander-ის ჩამოგდება შ ე უ ძ ლ ე ბ ე ლ ი ა!
აღსანიშნავია, რომ ირანის მიერ რუსეთისთვის დრონების მიწოდების შესახებ ამერიკულმა და ისრაელის სპეცსამსახურებმა ჯერ კიდევ აგვისტოში იცოდნენ და სწორედ მათ `გაჟონეს` ეს ინფორმაცია ავტორიტეტულ გამოცემაში The Washington post