ერთკანდიდატიანი არჩევნები და საქართველო?

ერთკანდიდატიანი არჩევნები და საქართველო?

        ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციის თანახმად, ედუარდ შევარდნაძის გარდა, საქართველოს პრეზიდენტობის სურვილი კიდევ თოთხმეტმა კანდიდატმა გამოთქვა.
        საერთოდ, ჩვენი ეროვნული თვისებების გათვალისწინებით, გასაკვირი უფრო ის არის, რომ სურვილი მხოლოდ 15 კაცს გაუჩნდა, თუმცა ეს, ალბათ, ჯერჯერობით, თორემ 19 თებერვლამდე კიდევ არის დრო. ყოველ შემთხვევაში, ეს დრო საკმარისია იმისთვის, რათა სურვილი კიდევ ბევრს გაუჩნდეს.
        საქართველოში ამგვარი «სურვილი» სავსებით ნორმალურ, არა ფიზიოლოგიურ, არამედ სოციო-ფსიქოლოგიურ ლტოლვად უნდა ჩაითვალოს, მაგრამ ნორმალურ ადამიანს, ზოგიერთი კანდიდატის მოსმენისას, უეჭველად გაუჩნდება ეჭვი, რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში «გიჟების» მიერ დადგმულ სპექტაკლს აყურებინებენ.
        ერთადერთი ბუნებრივი გრძნობა (აქ) სიბრალულია, ოღონდ საკუთარი თავის მიმართ.
        საერთოდ, ისევ და ისევ, ქართული ეთნოფსიქოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, ქუჩაში ნებისმიერი ქართველი რომ გააჩერო და პრეზიდენტობა შესთავაზო, გულწრფელად გაკვირვებით გკითხავს: «ვა, როგორ მომაგენიო?!»
        ასეა თუ ისე, კანდიდატების რაოდენობამ სულელურ მდგომარეობაში ის ხალხი ჩააგდო, ვინც «წინასწარმეტყველებდა», რომ პოლიტიკური ბოიკოტის შედეგად ედუარდ შევარდნაძე 9 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებში ეული აღმოჩნდებოდა და მსოფლიო ჩატარებული არჩევნების «უალტერნატივობას», ანუ «არადემოკრატიულობას» აღიარებდა.
        თქვენც არ მომიკვდეთ! ზემოხსენებული «ეროვნული თვისებრიობის» გამო, უალტერნატივო (ფორმალური) არჩევნები საქართველოში არასდროს ჩატარდება და ჩვენს ცივილიზებულ, დემოკრატიულ სახელმწიფოში შეუძლებელია განმეორება უზბეკური ტრაგიკომედიისა, როდესაც ერთადერთმა «ალტერნატიულმა კანდიდატმა» არჩევნებამდე 1 კვირით ადრე «აღიარა», რომ თავადაც ისლამ ქარიმოვს მისცემდა ხმას.
        საქართველოში ამგვარი რამ როგორ მოხდება, როგორ გეკადრებათ! ყველა კანდიდატი გულწრფელად დარწმუნებულია, რომ «შევარდნაძეზე უკეთ ქვეყანას მესამეკურსელი ოთხოსანი სტუდენტიც მართავს!» მათ კი უმაღლესი კარგა ხანია დაამთავრეს. უმაღლესდამთავრებულთა ოდენობით, საქართველომ, ჯერ კიდევ შევარდნაძის ცკ-ს მდივნობის დროს, მსოფლიოს «მოწინავე» ქვეყნებს დიდი მაჩვენებლით გადაუსწრო...
        ამიტომაც ვართ ამ დღეში.
        ხუმრობა იქით იყოს და «ქართული დემოკრატიის» განუყოფელ ატრიბუტად იქცა შავნაბდიანი ცხენი, «რომელიც ბრდღვინავს, ფლოქვებით მიწას ებრძვის, ნესტოებიდან ცეცხლს აფრქვევს» და ეძებს სამშობლოს მხსნელ მესიას, რომელიც, იმავდროულად, აგერ არის - «ა», ჩვენს თვალწინ, ეკრანზე... ტელევიზიის ძალის (მით უმეტეს, საქართველოში) გათვალისწინებით კი ბევრი იტყვის: «არა, ისე . . . . . ჭკვიანურად ლაპარაკობს, ხო იცი...»
        ამიტომ ჭკუათმყოფელი კაცი ჯერ კიდევ არჩევნებამდე უნდა გაიქცეს აქედან დროზე, თორემ... ასეთი «ჭკვიანური» გეოპოლიტიკური კონცეფციებისა და სოციალ-ეკონომიკური პროგრამების ფრქვევა, უეჭველად კიდევ ერთხელ ჩაგვრგავს სურნელოვან «იმაში», რომელშიც მთელი ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა 1993 წლის ნოემბერს.
        რაც მთავარია, ერთი წუთითაც არ დაიჯეროთ, რომელიმე «მესია» 50 ათასი ხელმოწერის შეგროვებას ვერ მოახერხებს – როგორ გეკადრებათ! ჟირინოვსკიმ არჩევნებში 6 მილიონი ხმა მიიღო, ანუ ვეებერთელა რუსეთში 6 მილიონი ფსიქიკურად დაავადებული დეგენერატი აღმოჩნდა, ესე იგი ბევრად მეტი, ვიდრე მთელი ქართველი ერი.
        თუმცა რუსი «დიდი ერია» და «ყველაფერი დიდი აქვს», მაგრამ, გარწმუნებთ, პროცენტული შეფარდებით საქართველოში «მათი» რიცხვი გაცილებით მეტი იქნება.

მერიდიანი, 18 თებერვალი, 2000 წელი