საერთაშორისო მიმოხილვა. 18 მაისი. 2002 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 18 მაისი. 2002 წელი

პუტინის  გადაწყვეტილებამ, დაეწყო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ,  მისივე დერჟავა ანუ იმპერია დააზარალა და ერთ-ერთი შედეგის სახით ის `დადო`, რომ ჩამოყალიბდა უახლეს ისტორიაში თითქმის უპრეცედენტო ერთობა, კონსენსუსი ევროატლანტიკური სივრცის ორ სუბიექტს: ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის.

წარსულში ბევრად უფრო `ჩვეული` და ბუნებრივი იყო, ამერიკას მოსკოვის მიმართ უფრო რადიკალური და შეურიგებელი, პრინციპული, ღირებულებებზე დაფუძნებული მიდგომა ჰონოდა, ვიდრე ევროპას.

ჯერ სულ ახალ მაგალითებს შეგახსენებთ: დონალდ ტრამპი კატერგორიულად ეწინააღმდეგებოდა გაზსადენ `ჩრდილო ნაკადს`, ხოლო ევროპას, უპირველესად გერმანიას, საკითხისადმი  ლოიალური დამოკიდებულება ჰქონდა.

 

და ეს მხოლოდ რუსეთს არ ეხება: ზოგადად, ევროპას, რომელიც არათუ ფედერაცია, არამედ კონფედერაციაც კი არ არის, ანუ სახელმწიფოთა ასოციაციაა შინაარსობრივად, უჭირდა და უჭირს დიდი საერთაშორისო თემებისა და პრობლემებისადმი კონსოლიდირებული პოზიციის გამომუშავება:

2003 წელს, ერაყის კრიზისის დროს, როცა აუცილებელი გახდა დაემხოთ ერაყის სახიფათო დიქტატორი სადამ ჰუსეინი, აშშ პრეზიდენტი ჯორჯ ბუშ უმცროსი ცდილობდა შეეკრა ევროატლანტიკური  კოლიაცია; თუმცა ძალიან გაუჭირდა `ძველი ევროპის`(საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის) დარწმუნება!

 მისი ერთმნიშვნელოვანი მოკავშირე იმდროიდელ ევროკავშირსა და NATO-ში მხოლოდ პრემიერ-მინისტრ ტონი ბლეერის დიდი ბრიტანეთი იყო.

აქვე უნდა ითქვას, რომ ანგლოსაქსური `ძირის` სახელმწიფოთა სოლიდარობას რა თქმა უნდა ღრმა ისტორიული, ეთნოკულტურული, ტრადიციონალისტური  ფესვები აქვს და სწორედ მათზე დაყრდნობით შექმნეს აშშ პრეზიდენტმა ფრანკლინ დელანო რუზველტმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას  `ატლანტიკური ქარტია`, რომელიც მოგვიანებით საფუძვლად დაედო NATO-ს.

 

გავიხსენოთ ასევე ცივი ომის პერიოდი: 1970-80-იან წლებში, საბჭოთა კავშირმა `ძველ ევროპას` შესთავაზა პროექტი `მილსადენები ბუნებრივი აირის ნაცვლად`.

პროექტი გულისხმობდა, რომ გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდი და იტალია დაამზადებდნენ მილებს გაზსადენისთვის, რასაც სსრკ გამოიყენებდა როგორც ქვეყნის შიგნით გაზიფიკაციისას (მოსკოვს თავად ამგვარი მილების დამზადების შნო არ ჰქონდა და არც ახლა აქვს), ასევე გამოიყენებდა ევროპისთვის ბუნებრივი აირის მისაწოდებლად.

ამერიკის დიდი პრეზიდენტი, რონალდ რეიგანი ცდილობდა ევროპელები დაერწმუნებინა, რომ საშიშია მოსკოვზე ასეთი დამოკიდებულების `ყულფთა` შექმნა, მაგრამ ვერ დაარწმუნა, რადგან....გერმანია (პირველ რიგში გერმანია!) მაშინ იწყებდა მოსკოვთან `ფლირტის` პოლიტიკას, რადგან აღმოსავლეთ გერმანიაზე, ე.წ. `გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაზე` ფრთხილად ოცნებობდა და იცოდა, ამ საკითხში მოსკოვის გარეშე ვერაფერს გახდებოდა.

სხვა, ახალ საფრთხეებს კი რუსეთისაგან ვერ გრძნობდა.

თან გერმანელებს ისტორიული წყენაც ჰქონდათ ამერიკელების და ზოგადად ანგლოსაქსების მიმართ: `ჩვენ ვიყავით ერთადერთი ბარიერი რუსების წინააღმდეგ, მაგრამ მეორე მსოფლიო ომში გაგვანადგურეთ და ბერლინი რუსებს დააპყრობინეთ. ჰოდა ახლა მათთან ვითანამშრომლებთ -  რაღა პრეტენზია გაქვთო`.

ოღონდ ეს ნარატივი, რა თქმა უნდა, ხმამაღლა არ ჟღერდა, თორემ ჰიტლერის ადვოკატირება გამოვიდოდა -  რუსეთის მოსპობას რომ ცდილობდა იმ ომით.

 

ახალ ეპოქაშიც, როდესაც მოსკოვმა საქართველოს ტერიტორიის 20% დაიპყრო, მერე ყირიმი გადაყლაპა, დონბასზე ომი გააჩაღა...... ევროპა, ამერიკისაგან განსხვავებით, ამას არ აღიქვამდა სერიოზულ, მით უმეტეს ეგზისტენციურ ანუ სამკვდრო-სასიცოცხლო საფრთხედ.

ევროპელებს (პირველ რიგში გერმანელებს) არ სჯეროდათ, რომ რუსები `უფრო შორს წავიდოდნენ` ვიდრე მხოლოდ აფხაზეთის, ცხინვალის, ყირიმის, დონბასის დაპყრობაა, არ სჯეროდათ, რომ პუტინს უკრაინის მთლიანად ოკუპაცია ან ხელისუფლების სრულად ჩამოშლა სურდა.... და რომ  ევროპის საზღვრებს მიუახლოვდებოდა, ბალტიის ქვეყნებს დაემუქრებოდა.....

თუმცა,  2022 წლის 24 თებერვლიდან პუტინმა ისე გიჟურად იმოქმედა, - კიევის დასაპყრობად ჯარი დაძრა, ევროპის საზღვრებთან მშვიდობიან ქალაქებს (ევროპულ ქალაქ ლვოვს, რომელიც სტალინამდე სუფთად ევროპა იყო) ესროლა ზებგერითი რაკეტები, შავ ზღვაზე პორტები ჩაკეტა, ბუჩაში გენოციდი მოაწყო, უკრაინის ხორბლის კოლოსალურ მარაგებს `თათი დაადო`, დასავლეთს ბირთვული ომით დაემუქრა....რომ ევროპამაც გაიღვიძა:

ევროპის კონტინენტის პოტენციურად დომინანტურმა სახელმწიფომ, გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ამ ომში უსასტიკესი პოლიტიკური და მორალური (ებრაელთა გენოციდი) დამარცხების გამო, `ეკონომიკურ გიგანტს და გეოპოლიტიკურ ჯუჯას` უწოდებდნენ, ხმა აღიმაღლა და ახალმა კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგის სხდომაზე განაცხადა: უკრაინაში რუსეთის შეჭრა `შემობრუნების წერტილი გახდა` გერმანიისთვის, რათა შეცვალოს მრავალწლიანი ლოიალობის პოლიტიკა მოსკოვის მიმართო.

ზუსტად ამ სიტყვებით არა, თუმცა შინაარსობრივად სწორედ ასე თქვა გერმანიი სკანცლერმა ბუნდესტაგის იმ ისტორიულ სხდომაზე, 27 თებერვალს - აგრესიის დაწყებიდან 3 დღის შემდეგ!

 

ანუ, პუნქტუალურად რომ ჩამოვაყალიბოთ, ევროპის და მისი `ცენტრალური`, დიდწილად განმსაზღვრელი სახელმწიფოს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ლოიალობას რუსეთის მიმართ  (მაშასადამე კარდინალურ სხვაობებს ამერიკისა და ევროპის მიდგომებში),  შემდეგი სისტემური მოცემულობანი განსაზღვრავდნენ:

  1. გერმანიის ისტორიული კომპლექსები და პოლიტიკურ კულტურად ქცეული სიფრთხილე; მაშინ როდესაც ამერიკას არანაირი მსგავსი კომპლექსი არ ჰქონია. უფრო მეტიც, ანგლოსაქსები (ამერიკელები და ინგლისელები), მთელი ისტორიის მანძილზე რუსებთან არასდროს დამარცხებულან, ხოლო ამერიკას არც ოდესმე უომია რუსეთთან ისტორიულად
  2. კომუნიზმის დანგრევის შემდეგ `ძველი ევროპა` აღარ აღიქვამდა რუსეთს ეგზისტენციურ საფრთხედ, რომელიც მისი მეზობელი ევროპის მთლიანად `გაწითლებას` აპირებს მაშინ, როცა ამერიკაში ეს შიშები კომუნიზმის დროსაც ნაკლებად იყო: ორი დიდი ოკეანე ჰყოფდათ მოსკოვური სახელმწიფოსაგან. აღმოსავლეთ გერმანიაში სსრკ დროს იდგა უძლიერესი სატანკო არმია (რუსების), რომელსაც რამდენიმე საათში შეეძლო ატლანტის ოკეანემდე მიეღწია. ყოველ შემთხვევაში, ევროპელებს ამის შიში ჰქონდათ მუდამ. ამერიკელებს - ნაკლებად.
  3. ეკონომიკურად და ენერგეტიკულად ევროპა მეზობელ რუსეთზე ბევრად მეტად იყო დამოკიდებული, ვიდრე ამერიკა: ამერიკა თითქმის არ მოიხმარდა რუსულ ენერგომატარებლებს და რუსეთის ბაზარზეც ასჯერ ნაკლები ამერიკული პროდუქცია იყიდებოდა, ვიდრე ევროპაში წარმოებული. მაგალითად, `ფორდისთვის` რუსული ბაზარი საერთოდ არაფერს ნიშნავს, `მერსედესისათვის` კი მნიშვნელოვანია. ამერიკულ ენერგობალანსში რუსული ნავთობის წილი მიზერულია, გაზის წილი - ნულია; ხოლო ევროპის ენერგობალანსში დაახლოებით 40%, რაც კოლოსალური ციფრია!
  4. ამერიკა ერთიანი დიდი გლობალური ზესახელმწიფოა. მას გლობალური ინტერესები, ამბიციები და, რაც მთავარია, გლობალურად ძალის (სხვადასხვა სახის ძალის) პროეცირების უნარია აქვს ზუსტად იმიტომ, რომ ერთიანი სახელმწიფოა. მაშინ, როდესაც ევროკავშირი, როგორც უკვე ითქვა, კონსენსუსზე დაფუძნებული ასოციაციაა და არა ერთიანი, თუნდაც ფედერაციული სახელმწიფო: მნიშვნელოვანი  საგარეო-პოლიტიკური გადაწყვეტილებები ევროკავშირში მხოლოდ ერთხმად მიიღება. ერთი პატარა სახელმწიფოც კი რომ იყოს წინააღმდეგი (მაგალითად უნგრეთი ან საბერძნეთი) არათუ კონკრეტული გადაწყვეტილება დაიბლოკება, არამედ მთლიანად პოლიტიკური ტრენდიც.

 

ოღონდ  პუტინის შიზოიდურმა აგრესიამ ეს ფაქტორები გააბათილა:

ა) გერმანული ელიტები ისტორიული კომპლექსებისაგან ნაწილობრივ, თუმცა სისტემურად გაათავისუფლა;

ბ) დასავლეთ ევროპელებს გაუჩინა განცდა, რომ რუსეთი მათ ემუქრება მიუხედავად იმისია, რომ `წითელი, კომუნისტური რუსეთი` აღარ არის. შესაბამისად, თუკი ფრანგები, გერმანელები, იტალიელები, ნიდერლანდელები ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ ადრე პოლონელების, ლიტველების, ლატვიელების, ესტონელების და რუსეთის სხვა უშუალო მეზობლების  წუხილს, ჩივილებს, შიშებს, გაფრთხილებებს...დღეს  უკვე `ახალი ევროპის` შიშებმა, მოთხოვნებმა, ბევრად მეტი ლეგიტიმურობა და `წონა` შეიძინა; შესაბამისად ევროპული პოზიცია რუსეთის საკითხში ამერიკის პოზიციასავით კონსოლიდირებული გახდა; თან გაჩნდა იმის მოტივაცია, რომ უნგრეთის მსგავსი `პრორუსული დისიდენტები` აიძულონ (! - ეკონომიკური და სხვა ბერკეტებით) რათა გონს მოვიდნენ და მოსკოვთან ფლირტი შეწყვიტონ.

გ) ევროპამ საფრთხე უკვე იმ ხარისხისად მიიჩნია, დიდი ეკონომიკური და ენერგეტიკული ბონუსებიც კი აღარ `უღირს` გეოპოლიტიკურ, სამხედრო-პოლიტიკურ საფრთხეებთან შედარებით.

დ) შესაბამისად, გაჩნდა წინაპირობანი, ევროპა ბევრად მეტად კონსოლიდირებული გახდეს და მოიპოვის უნარი კონცენტრირებული პოლიტიკის გატარებისა მოსკოვის მიმართ, ვიდრე ადრე. ამერიკასთან ერთად.

 

ზუსტად ამიტომ, ერთ-ერთმა კვალიფიციურმა რუსმა ექსპერტმა, ფიოდორ ლუკიანოვმა ამასწინანდელ პროგრამულ სტატიაში აღნიშნა, რომ თუ ადრე ლაპარაკი იყო რუსეთის საერთაშორისო სტატუსზე, ანუ ამ სტატუსის ამაღლებაზე და  გავლენის ზრდაზე, ახლა უკვე ლაპარაკი უნდა იყოს რუსეთის `საერთაშორისო მდგომარეობაზე`, ესე იგი საერთოდ თავის გადარჩენაზე, ელემენტარული სანდოობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთქმედების  ხარისხზე მაშინ, როცა რუსეთი ხდება `ხელჩამოურთმევადი` (Нерукопожатный) სახელმწიფო.

 

ამიტომაც არარავის უკვირს, როცა  აშშ თავდაცვის მდივანი ლლოიდ ოსტინი გერმანიაში (რამშტეინის სამხედრო ბაზაზე) ყოფნისას აცხადებს: რუსეთი ისე უნდა დავასუსტოთ, აგრესია ვეღარსსად გაბედოსო, ხოლო გერმანიის კანცლერი შოლცი არათუ რაიმენაირად  არბილებს მის განცხადებას, არამედ პირდაპირ ამბობს: `უკრაინაში რუსეთის გამარჯვება არაფრის დიდებით არ უნდა დავუშვათო!`; ევროკავშირის `საგარეო` ჟოზეფ  ბორელი კი ამბობს: `ომის ბედი არა მოლაპარაკების მაგიდაზე,  არამედ ბრძოლის ველზე გადაწყდებაო`

ეს ბოლო განცხადება  კარდინალური კულტურული ტეხილია: ახალი პოლიტიკური და კულტურული კოდია ევროპისთვის, რადგან ეს ევროპის `ენა`, მისი `ნარატივი` არაფრის დიდებით არ იყო დღემდე;

 ევროპული ნარატივი და `ენა` ორ ეპოქად გაიყო: მეორე მსოფლიო ომიდან 2022 წლის 24 თებერვლამდე (რუსული აგრესიის დაწყებამდე) და 24 თებერვლის შემდეგ.

რუსეთისთვის თუნდაც `სახის შენარჩუნებაზეც` კი ევროპაში დღეს ბევრად ნაკლები ზრუნავს (მაკრონი), ვიდრე ამ აგრესიამდე.

 

ამრიგად, ამერიკა და ევროპა უკვე კონსოლიდირებულად აწვდიან იარაღს უკრაინას, კონსოლიდირებულნი არიან სანქციების საკითხში, ვაშინგტონს აღარ სჭირდება ბერლინის, პარიზის, რომის დასარწმუნებლად ხვეწნა-მუდარა ან მუქარა, რათა მიხვდნენ, რომ შეშლილი დიქტატორის აგრესიისაგან მხოლოდ ამერიკასთან კონსოლიდაცია და საკუთარი (რეალურად ამერიკაზე მეტი) კოლოსალური ეკონომიკური, ფინანსური და სხვა რესურსების გამოყენებაა აუცილებელი - ევროატლანტიკური ერთობის განმტკიებით, გაძლიერებით, `აღმოსავლეთ ფლანგის` გამაგრებით, უკრაინასთან მჭიდრო სამხედრო ალიანსით და პუტინის რუსეთის იზოლირებით.

მაგალითად: თუ გუშინ ამერიკას სჭირდებოდა ევროპელთა დარწმუნება, რომ 1997 წლის პრიმაკოვ-ოლბრაიტის ე.წ. `პარიზის ქარტიამ`, - NATO-ს ახალი წევრების ტერიტორიაზე შეიარაღების არგანლაგების შესახებ - ძალა დაკარგა საქართველოს წინააღმდეგ(2008წ) და უკრაინის წინააღმდეგ (2014წ)  აგრესიის შედეგად,  24 თებერვლის შემდეგ  ევროპელები თავად გახდნენ ბევრად რადიკალურნი ამ საკითხში.

იმიტომ, რომ ბოლოს და ბოლოს, რუსეთი მათი მეზობელია და არა ამერიკისა.

 

დათო