საერთაშორისო მიმოხილვა. 30 ივლისი. 2023 წელი
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ ისეთი განცხადებები გააკეთა, მარგარიტა სიმონიანსაც კი შეშურდებოდა.
ანეკდოტი მოყვა: ავადმყოფი წევს და ექიმი ეუბნება მე-12-ჯერ ვცადოთო. მერედა თუ წინა 11-მა მცდელობამ შედეგი არ გამოიღო, რა აზრი აქვს ამ მცდელობასო.
გულისხმობდა ევროკავშირის სანქციათა მე-12 პაკეტს, რომელსაც უნგრეთი მხარს არ უჭერს.
ოღონდ უნგრეთის ავტორიტარი მმართველის, ვიქტორ ორბანის პოლიტიკაში გარკვეული `ტექნოლოგიურობა` მაინც შეინიშნება: ერთის მხრივ ევროკავშირსაც `უქიცინებს კუდს` და მეორეს მხრივ, მოსკოვს. იმიტომ, რომ უნგრეთს სულ ადვილად შეეძლო სანქციათა 12-ვე პაკეტის დაბლოკვა და ვეტოს დადება. ევროკავშირი გადაწყვეტილებებს მხოლოდ კონსენსუსით იღებს. თუმცა ეს არ გააკეთა.
. . . . . . . . . . . . . . . . .
დონალდ ტრამპმა განაცხადა საარჩევნო მიტინგზე, რომ ამერიკამ არ უნდა გაუწიოს ფინანსური დახმარება უკრაინას, რადგან უკრაინა კორუმპირებული სახელმწიფოა.
აქ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ტრამპი უკრაინის `მიტოვებას` ამერიკის მიერ ასაბუთებს ვითომდაც `ბაიდენის კლანის კორუმპირებულობით` ანუ `უკრაინა ბაიდენის შვილს ქრთამს უხდიდა და ჩვენ რა ფინანსურ დახმარებასაც გავუგზავნით, იმასაც გაფლანგავენო`.
ტრამპმა იქვე დაამატა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია `ამერიკას სამხედრო კონფლიქტში ითრევს` რუსეთთან - ბირთვულ სახელმწიფოსთანო.
როგორც ჩანს ეს თემა - `არა უკრაინის დახმარებას` - საკვანძო გახდება ბაიდენ-ტრამპის საარჩევნო დისკურსში.
რაც რასაკვირველია ძალიან ცუდია, თუმცა ტრამპი კედელთან არის მიყენებული: ათეულობით ბრალდება წაუყენეს და მართლა არ არის გამორიცხული დაიჭირონ.
აქედან დასკვნა: ამერიკაში თანდათან მწიფდება ძალიან სერიოზული სახელმწიფოებრივი კრიზისი (ამ არჩევნების კვალობაზე) რომელმაც ღმერთმა ნუ ქნას, თუმცა თეორიულად შესაძლო გამოიწვიოს ამ სახელმწიფოს საყრდენთა შერყევა და იმ ამერიკის `გადაფორმატირება`, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ძალიან ცუდ `მოძრაობებს` აკეთებს ილონ მასკიც: გუშინ ცნობილი გახდა, რომ მან უარი უთხრა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს, გამოეყენებინა მისი შესანიშნავი სანავიგაციო სისტემა StarLink ყირიმის მიდამოებში. ანუ დონბასზე რუსული პოზიციების დასაბომბად გამოიყენეთ, თუმცა ყირიმში არაო.
აქ ყველაზე საჩოთირო კითხვაა: იყო თუ არა მასკის ეს გადაწყვეტილება შეთანხმებული თეთრ სახლთან?
ერთის მხრივ, მასკი იმდენად ძლიერი ფიგურაა, დამოუკიდებლადაც კი შეუძლია მოქმედება გარკვეულ ჩარჩოებში, თუმცა....მეორეს მხრივ თეთრ სახლსაც არაერთხელ მიუნიშნებია, რომ არ ემხრობა ამერიკული ტექნოლოგიების და ამერიკული იარაღის გამოყენებას ყირიმის წინააღმდეგ.
რამდენიმე დღის წინ, ექს-პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოყვა, რა ხდებოდა თეთრ სახლში 2014 წელს, მისი პრეზიდენტობის დროს, როდესაც პუტინმა ყირიმის ანექსია განახორციელა.
მისი თქმით, `უკრაინაში პრორუსულ ძალებს, მათ შორის პარლამენტში, სერიოზული პოზიციები ეკავათ, ამდენად ესკალაცია საჭიროდ არ ჩავთვალეთო`
შესაბამისად, არც სანქციები შემოუღიათ.
ზოგადად ბარაკ ობამას პრობლემა (რაც უკრაინის, საქართველოს და მსოფლიოს პრობლემა გახდა) ის არის, რომ იგი წარმოადგენდა აფროამერიკელთა ისტორიულად მრავალტანჯულ თემს. შესაბამისად ის იყო ძალიან სუსტი პრეზიდენტი იმიტომ, რომ მუდამ უფრთხოდა რუსეთთან დაპირისპირებას, რათა არ დაეზიანებინა საკუთარი სუსტი `თემი`- აფრო/ამერიკელები.
ის ძალები და ის ფენები ამერიკაში, რომლებიც წინააღმდეგნი იყვნენ `აუტკივარი თავის ატკივებისა` - ობამას პოლიტიკით უკმაყოფილებას აუცილებლად გადაიტანდნენ მის თემზეც.
სწორედ ამიტომ, ბარაკ ობამა იყო ერთ-ერთი ყველაზე სუსტი და გაუბედავი პრეზიდენტი ამ დიდი ქვეყნის ისტორიაში.
ხოლო მისი ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ ჯო ბაიდენი.
. . . . . . . . . . . . . . . . .
საუდის არაბეთი გამოვიდა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივით: 5 აგვისტოს ამ ქვეყანაში გაიხსნება საერთაშორისო კონფერენცია უკრაინის თემაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ არაბული ქვეყნები, ნავთობ-მწარმოებელი ქვეყნები, ამერიკა, ევროპა, უკრაინა და.....არ არის მიწვეული რუსეთი!
ეს ძალიან ცუდი ნიშანია პუტინისთვის. არ არის გამორიცხული, საუდის არაბეთმა კიდევ ერთხელ შეასრულოს რუსეთის დამანგრეველის როლი, როგორც შეასრულა 1985 წელს, როდესაც ამერიკის დიდი პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის თხოვნით, საუდის არაბეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა ნავთობის მოპოვება, ნავთობი გაიაფდა 8 დოლარამდე ერთი ბარელისთვის, შესაბამისად, სსრკ გაკოტრდა.
საუდის არაბეთმა თუ მოინდომა, დღესაც შეუძლია იგივე გააკეთოს, ანუ მნიშვნელოვნად გაზარდოს ნავთობის მოპოვება, შესაბამისად გააიაფოს ნავთობი იმ ვითარებაში, როდესაც მოსკოვი ახერხებს გვერდი აუაროს ევროპული სანქციებით დაწესებულ `ზღვრულ ფასებს`.
თუმცა, აქ ყველაზე საინტერესო კითხვაა: რა ამოძრავებს საუდის არაბეთს, როცა იწვევს ასეთ კონფერენციას? რით არის იგი უკმაყოფილო? პასუხი ნათელია: საუდის არაბეთი, ისევე როგორც არაბული ქვეყნების უმრავლესობა, უკმაყოფილოა იმით პირველ რიგში, რომ რუსეთი ბლოკავს ხორბლის ექსპორტს უკრაინიდან.
ზოგადად, `მესამე მსოფლიოს` მდიდარ ქვეყნებს იმავე `მესამე მსოფლიოს` ღარიბი ქვეყნების მეურვეებად მიაჩნიათ თავი.
საუდის არაბეთი და სხვა მდიდარი ნავთობწარმოებელი ქვეყნები ყოველწლიურად უდიდეს ფინანსურ დახმარებას უგზავნიან ღარიბ და მშიერ ქვეყნებს. უპირველესად აფრიკაში.
ანუ ამ `ხორბლის ბლოკადით` პუტინმა ერთის მხრივ დასავლეთი სასტიკად გააბრაზა, მეორეს მხრივ `მესამე მსოფლიოც` გადაიკიდა შეურიგებლად.
ორიოდე სიტყვა უნდა ითქვას, თუ რატომ და როგორ შეუძლია საუდის არაბეთს ნავთობის გაიაფება. არა 8 დოლარამდე რასაკვირველია, რაკი დღეს სხვა მასშტაბია ფასების, ვიდრე 40 წლის წინ, თუმცა ნამდვილად შეუძლია.
საქმე ის გახლავთ, რომ საუდის არაბეთის ნავთობს, ჯერ ერთი რომ უმაღლესი ხარისხისაა და რაც მთავარია, აქვს ძალიან დაბალი თვითღირებულება. ამერიკელები და ინგლისელები თავის დროზე ხუმრობდნენ ხოლმე: ``ჯოხი რომ ჩაარტყა მიწას არაბეთში, მაშინვე ნავთობი წამოვაო``.
ეს უტრირებაა რასაკვირველია, თუმცა არაბეთში, ნამდვილად, ნავთობის მოსაპოვებლად არ არის აუცილებელი რამდენიმე კილომეტრის (!) სიღრმის ჭაბურღილები; გარდა ამისა, რუსეთივით ჩრდილო ყინულოვან ოკეანესთან ხომ არ ხდება ნავთობის მოპოვება---ბევრად უფრო რბილ კლიმატში ხდება, რაც ასევე ამცირებს თვითღირებულებას.
შესაბამისად, თუკი რაიმესი უნდა ეშინოდეს ახლა პუტინს, სწორედ ეს კონფერენციაა.
მასზე შესაძლოა დასავლეთმა და არაბულმა, ასევე ნავთობმომპოვებელმა `მესამე მსოფლიომ` მიიღოს გადაწყვეტილება, გააიაფოს ნავთობი ისე, პუტინმა იმ ფასადაც კი ვეღარ გაყიდოს, რასაც ახლა ინდოეთი და ჩინეთი უხდიან.
. . . . . . . . . . . . . . . . .
გუშინ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ ათასამდე `ვაგნერელი` დაიძრა `სუვალკის დერეფნისკენ` ანუ პოლონეთ -ლიტვა-ბელორუსის საზღვრის იმ წერტილისკენ, სადაც ამ სამი ქვეყნის საზღვრები იყრის თავს.
ეს ძალიან სერიოზული ამბავია.
მივაქციოთ ყურადღება, რომ განცხადებას აკეთებს არა რომელიმე სფოუქსპერსონი, არამედ პირადად პრემიერ-მინისტრი!
მაშასადამე, საქმე მართლაც სერიოზულადაა! - პუტინი ისეთი ესკალაციისთვის ემზადება ამ `ვაგნერის` ხელით, რასაც დასავლეთთან `კლინჩი` შესაძლოა სრულიად ახალ `ლეველზე` გადაყვანა მოჰყვეს.
პოლონეთში დისლოცირებულია ამერიკა-ინგლისის უძლიერესი საჰაერო სამხედრო დაჯგუფება: უახლესი თვითმფრინავები.
რასაკვირველია მათ შეუძლიათ ერთიანად `დაადუღონ` ეს `ვაგნერი` ადგილზე.
აქვე შევნიშნოთ ისიც, რომ სწორედ პოლონეთში განალაგეს (პირობითად) `ანგლოსაქსებმა` უძლიერესი საჰაერო დაჯგუფება და მუდმივმოქმედი ბაზა შექმნეს: მათ მეორე მსოფლიო ომიდან (განსაკუთრებით ინგლისელებს) აქვთ პასუხისმგებლობა ამ გმირი ერის მიმართ: 1939 წელს, როდესაც ჰიტლერმა პოლონეთი დაიპყრო, დიდმა ბრიტანეთმა ომი კი გამოუცხადა გერმანიას, თუმცა რეალურად არ ჩარეულა. ჩაერია მოგვიანებით ოღონდ არა პოლონეთში, არამედ გერმანიაში - 1940 წელს.
გარდა ამისა, პოლონელებს მწარედ ახსოვთ, რომ როდესაც უინსტონ ჩერჩილს მოახსენეს რუსების მიერ კატინში ათეულობით ათასი პოლონელი ოფიცრის დახვრეტის შესახებ, მან ეს ამბავი `გაატარა`- სტალინის წყენინება არ სურდა.
თუმცა ახლა ინგლისელებს (უპირველესად) და ამერიკელებს აქვთ საშუალება პოლონელებს უერთგულონ ისე, რომ სულ `ბდღვირი ადინონ` რუსებს და მათ დამპალ `ვაგნერს` პოლონეთის საზღვართან!!!
ბუნებრივია, თუ ამერიკულ-ბრიტანული შენაერთი `ვაგნერს` დაბომბავს, ჭურვები ბელორუსის ტერიტორიასაც მოხვდება.
მანამდე პუტინმა განაცხადა, რომ ეს იქნება რუსეთისთვის ომის გამოცხადება.
საოცნებოა, რომ ამ ისტორიულ ავანტიურისტს ერთი ისეთი მოხვდეს `დინგში` დასავლეთისგან, თვითონაც განადგურდეს და მისმა ქვეყანამაც ჭკუა ისწავლოს.