საერთაშორისო მიმოხილვა. 16 თებერვალი. 2024 წელი
სამწუხაროდ, რუსული არმია წარმატებას აღწევს ავდეევკასთან - წერტილში დონბასის ფრონტზე, რომელიც ძალიან ახლოსაა დონეცკთან და რუსეთი 2 წელია მის აღებას ცდილობს.
ბოლო დროს პუტინმა ავდეევკას იმდენი ცოცხალი ძალა შეახოცა, რამდენიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კონკრეტულ ოპერაციას არ მოჰყოლია არც ერთ კონფლიქტში პლანეტაზე.
ათი ათასობით რუსი დაიღუპა, თუმცა რუსულმა არმიამ ბოლოს მაინც მოახერხა იმ გზის გადაჭრა, რითაც უკრაინა ავდეევკაში გამაგრებულ მებრძოლებს ამარაგებდა.
რჩება საველე არაასფალტირებული გზები, ოღონდ ისინი დიდწილად მწყობრიდან გამოიყვანა წვიმებმა და ტალახმა.
ანუ უკრაინის არმიას ავდეევკაში ახლა ძალიან გაუჭირდა, რისი მთავარი მიზეზი გახდა ისევ და ისევ, კვლავ და კვლავ ჭურვების ნაკლებობა: დასავლეთი ვერ ახერხებს უკრაინის უზრუნველყოფას ჭურვებით მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული და ევროპული საწყობები თითქმის დაცარიელდა: ეს არის შედეგი იმისა, რომ „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ დასავლეთმა გააჩერა თავისი სამხედრო ინდუსტრია და გადაიყვანა საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოებაზე, რაც ადამიანებს, რასაკვირველია, ასევე ძალიან სჭირდებათ, თუმცა რუსეთი რომ უკრაინის და პოსტსაბჭოური სივრცის დაკარგვას ასე იოლად არ შეურიგდებოდა, ჯერ კიდევ 1990-იან წლებში იყო ნათელი ბევრისთვის.
შედეგად, შეიქმნა ვითარება, როდესაც ავდეევკაშიც და დონბასის მთელს ფრონტზეც, თუ რუსეთი ისვრის 5 საარტილერიო ჭურვს, უკრაინა პასუხობს მხოლოდ ერთი ჭურვით. ეს კოლოსალური უპირატესობაა.
თუ რუსეთმა საბოლოოდ აიღო ავდეევკა, ამით რუსული არმია მოიპოვებს ინიციატივას და ტაქტიკურ უპირატესობას, რომელიც შესაძლოა გადაზარდოს სტრატეგიულ უპირატესობაში შემდგომი შეტევით სხვა მიმართულებებზე.
. . . . . . . . . . . . . . . . .
უკრაინა აძლიერებს შეტევას რუსულ ქალაქ ბელგოროდზე: მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალაქის გარშემო პუტინმა „საჰაერო-ანტისარაკეტო“ სარტყელი შექმნა (რაკი ყველაზე ახლოსაა უკრაინის საზღვართან) უკრაინული არმია ახერხებს ჩეხური წარმოების ზალპური ცეცხლის დანადგარებით RM-70 Vampire ამ სარტყლის გარღვევას. ბოლო დარტყმის შედეგად 7 რუსი დაიღუპა, 18 დაიჭრა.
პუტინისთვის ეს არასასიამოვნო სიტუაციაა. ოღონდ იმიტომ კი, არა, რომ ბელგოროდელი რუსების დაღუპვა ადარდებს. როდის იყო კრემლის ბინადრებს ეს ადარდებდათ, მაგრამ ბელგოროდის (ანუ რუსეთის ტერიტორიის) დაბომბვები, იქ რუსების დაღუპვა ხაზს უსვამს, რამდენად წარუმატებელია მაინც მთლიანობაში მისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.
უკრაინის ომი რუსებში არაპოპულარულია სწორედ ამიტომ - წარუმატებლობის გამო და არა უკრაინელების მასობრივად დახოცვის მიზეზით.
შესაბამისად, არ არის გასაკვირი, თუ პუტინის ცესკომ ბორის ნადეჟდინს (რუსული ე.წ. „დემოკრატიული ძალების“ წარმომადგენელს) აუკრძალა მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, რაკი მილიონობით რუსი მისცემდა ხმას ამ ალტერნატივას და მიუხედავად იმისა, რომ პუტინი, რასაკვირველია, მაინც მოიგებდა, ამით უკმაყოფილოთა არსებობა ხომ დაფიქსირდებოდა?
„უკმაყოფილოთა კონტინგენტის არსებობის დაფიქსირება“ კი ავტოკრატიული რეჟიმისთვის მუდამ პრობლემაა: თუ დაფიქსირდა, იგი იძენს „კინეტიკურ ენერგიას“, რათა გაფართოვდეს და გაიზარდოს როგორც რიცხობრივად, ასევე შინაარსობრივად.
ნიშანდობლივია, რომ ბელგოროდში, სარაკეტო დარტყმის დროს, თავშესაფრები დაკეტილი იყო.
გამორიცხულია ეს შემთხვევით მომხდარიყო, როგორც ახლა ბელგოროდის ადმინისტრაცია იტყუება და იმართლებს თავს.
სინამდვილეში თავშესაფრები დაკეტეს პუტინის და კრემლის PR ინტერესებიდან გამომდინარე: თუკი სოციალურ ქსელებში გავრცელდებოდა ე.წ. „კარტინკა“, როგორ სხედან მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულია „დიადი რუსეთის“ მოქალაქენი თავშესაფრებში, ეს სერიოზული დარტყმა იქნებოდა პუტინის ავტორიტეტზე.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გერმანიამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შექმნეს ე.წ. „ჰაერსაწინააღდმეგო სისტემის კოალიცია უკრაინისთვის“. ამ კოალიციას უკვე შეუერთდა ნიდერლანდი და მოსალოდნელია, რომ შეუერთდება კიდევ 15 სახელმწიფო.
კოალიციის მიზანია, მიაწოდოს უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები. ფაქტობრივად მთლიანად „დახუროს“ უკრაინის ცა. იმაზე მეტადაც კი, ვიდრე დღეს, როცა უკრაინის „საჰაერო“ და „ანტისარაკეტო“ 100 რუსული რაკეტიდან 80-90-ს ანადგურებს წარმატებით.
ამავე დროს, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი შეთანხმდა, უკრაინას მიაწოდოს მილიონი (!) დრონი, რამაც შეიძლება გადამწყვეტი როლი შეასრულოს რუსეთის დამარცხებაში.
ეს გადაწყვეტილება შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ უკრაინისთვის დრონების მიწოდებაში ჩაერთოს ისრაელი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონია „უპილოტო აპარატების“ წარმოების თვალსაზრისით. ზოგიერთი მიმართულებით ამერიკასაც კი უსწრებს. მაგალითად ისეთი დრონების წარმოებაში, რომლებიც მოქმედებენ „გუნდში“ ანუ ერთდროულად ხდება ათეულობით მცირე დრონის გაშვება, რომლებსაც მართავს „ლიდერი“ - ერთ-ერთი უპილოტო აპარატი - აღჭურვილი ხელოვნური ინტელექტით.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკელი ჟურნალისტი ტაკერ კარლსონი აგრძელებს პუტინის „გაფიარებას“.
მასთან დემაგოგიური ინტერვიუს გამოქვეყნება არ იკმარა (200 მილიონზე მეტი ნახვით) და დემონსტრაციულად წავიდა მოსკოვის ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში, სადაც იყიდა ყირიმის ღვინო (! - გამორიცხულია ეს შემთხვევითი შენაძენი ყოფილიყო) ასევე ფქვილი, პური და სხვა პროდუქტები;
გადაიხადა $104 და ილონ მასკის X-ზე გამოთქვა აღშფოთება ამერიკაში სიძვირის გამო: „ამერიკულ ჰიპერმარკეტში 500 დოლარს გადავიხდიდი ამ კალათაშიო“.
ამის შემდეგ მოჰყვა დემაგოგიას, რომ არ ვარგა ამერიკა, არ ვარგიან ამერიკელი ლიდერები და ამერიკული პოლიტიკა ზოგადად, რაკი მოსკოვში ჰიპერმარკეტი უფრო იაფია, ვიდრე ნიუ იორკში.
მეორეს მხრივ, ტაკერის ეს „გასეირნება ჰიპერმარკეტში“ ნამდვილად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ დასავლურმა, მათ შორის ამერიკულმა სანქციებმა რუსეთის წინააღმდეგ არსებითი შედეგი არ გამოიღო.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ნარატივი რომ ჯერ კიდევ ინარჩუნებს ძალმოსილებას დასავლეთში, ამაზე მეტყველებს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ კემერონის მოწოდება აშშ კონგრესისადმი: „არ გაიმეორონ ჰიტლერის მიმართ დაშვებული შეცდომა და დროულად უპასუხონ პუტინს - გამოყონ უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარი“.
უკრაინისთვის დახმარების პაკეტი ახლა გადასულია კონგრესის ქვედა პალატაში მას შემდეგ, რაც სენატმა (სადაც დემოკრატებს უმრავლესობა აქვთ) იგი მოიწონა. თუმცა რესპუბლიკური უმრავლესობა კონგრესის ქვედა პალატაში კვლავინდებურად უკავშირებს ამ პაკეტის მიღებას მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობის საკითხს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
თეთრი სახლის წარმომადგენელმა სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხში ჯონ კირბიმ ღიად გააფრთხილა ვლადიმერ პუტინი „თავი შორს დაიჭიროს ამერიკული არჩევნებისგან“ მიმდინარე წლის ნოემბერში და არ სცადოს ამ არჩევნებში ჩარევა მისი ტროლ-ბოტების არმიით.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
25 მარტს, პირველად ამერიკის ისტორიაში, ნიუ იორკში დაიწყება სასამართლო პროცესი სისხლის სამართლის (და არა სამოქალაქო) პროცესზე ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ.
მოსამართლე ხუან მარჩალმა უარი უთხრა ადვოკატებს შუამდგომლობაზე პროცესის გადადების შესახებ. თუმცა 25 მარტს მხოლოდ ნაფიც მსაჯულთა შერჩევა იწყება ჯერ და ეს პროცესი მაინც დიდხანს შეიძლება გაიწელოს.
როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ტრამპის გუნდში არ არსებობს ერთიანი აზრი იმის შესახებ, „აქ და ახლა“ რა უფრო აძლევს ხელს დონალდ ტრამპს: განაჩენის გამოტანა არჩევნებამდე თუ პროცესის გაწელვა და განაჩენის გადადება არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, როცა ტრამპი შესაძლოა პრეზიდენტი იყოს და საკუთარ თავს უეჭველად შეიწყალებს - ამის უფლება ექნება.
მეორეს მხრივ, თუ სასამართლო განაჩენს 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გამოიტანს, ხელისუფლება უმძიმესი არჩევანის წინაშე აღმოჩნდება: ან დააპატიმროს ტრამპი და აქციოს იგი „წამებულად“, რასაც აუცილებლად მოჰყვება სამოქალაქო დაპირისპირება (მინიმუმ) ან ხელი არ ახლოს და ამით საკუთარი უსუსურობა დაადასტუროს, რაც აუცილებლად გამოიღებს შედეგს კენჭისყრისას: არც ერთ ქვეყანაში ამომრჩეველს არ უყვარს მშიშარა და სუსტი ხელისუფლება.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ისრაელმა ქვეყნის ჩრდილოეთიდან (ლიბანის საზღვრიდან) ისრაელის სიღრმეში გადმოიყვანა 80 000 მაცხოვრებელი, რაკი ლიბანის ტერიტორიიდან ქვეყნის ეს ნაწილი მუდმივად იბომბება პროირანული დაჯგუფება „ჰესბოლლას“ მიერ. იმავდროულად, ლიბანმაც მოახდინა საზღვრიდან 60 000 მაცხოვრებლის ევაკუაცია ბეირუთისკენ ანუ ლიბანის სიღრმეში.
მხარეები დიდი ომისთვის ემზადებიან? არ არის გამორიცხული, რაკი „ჰეზბოლლა“ აძლიერებს დარტყმებს ისრაელის ჩრდილოეთზე.
ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ უკვე მესამედ გააფრთხილა ლიბანის კოალიციური ხელისუფლება, რომ თუ დიდი ომი დაიწყო, ლიბანის სამხრეთით კი არ განვითარდება მხოლოდ საბრძოლო მოქმედებები, არამედ ისრაელის ავიაცია ბეირუთს დაანგრევს