საერთაშორისო მიმოხილვა. 15 მაისი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 15 მაისი. 2024 წელი

„იარაღი გზაშია უკვე“ - ეს იყო აშშ სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მთავარი „მესიჯი“ კიევში, პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრის დროს.

ბლინკენი გულისხმობდა, რომ 61 მილიარდიანი პაკეტის დამტკიცების შემდეგ, ამერიკამ უკვე დაიწყო იარაღის გაგზავნა უკრაინისთვის.

თუმცა ზელენსკი, როგორც ჩანს, არ არის დარწმუნებული, შევა თუ არა ამ იარაღის პარტიაში ის შეიარაღება, რაც ყველაზე მეტად სჭირდება უკრაინას ახლა, On the ground როდესაც რუსები უტევენ ხარკოვის ოლქს და წინსვლაც აქვთ: ყველაზე მეტად კი უკრაინას სჭირდება Patriot საზენიტო სისტემა.

ეს პირდაპირ თქვა ზელენსკიმ და იმაზეც მიანიშნა, რომ რუსები ცდილობენ გამოიყენონ „შესაძლებლობათა ფანჯარა“, რაც შეექმნათ ამერიკული სამხედრო დახმარების დაგვიანების გამო.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

ხვალ, ხუთშაბათს, პუტინი პეკინს ეწვევა და სი ძინპინთან მოლაპარაკებას გამართავს. ეს მეინსტრიმული დასავლური მედიის მთავარი თემაა. აღინიშნება, რომ პუტინი წლის განმავლობაში მეორედ ჩადის ჩინეთში, რაც თავისთავად იშვიათი მოვლენა უნდა იყოს წესით....როდესაც ამ მასშტაბის და რანგის სახელმწიფოებზეა ლაპარაკი, თუმცა რუსეთი უკვე „უმცროსი ძმაა“, ტოტალურად პეკინზეა დამოკიდებული და გასაკვირი არ არის, თუ „ხაზეინს“ მეორედ ეწვევა წლის განმავლობაში.

მივაქციოთ ყურადღება, რომ ეს პუტინის პირველი ვიზიტია მისი ე.წ. „არჩევის“ შემდეგ.

ჩინეთი (ისევე, როგორც რუსეთი, ისევე როგორც აშშ) არ არის საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს წევრი, რომელმაც გასცა ორდერი პუტინის დაპატიმრებაზე უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის გამო. ანუ პეკინში დაპატიმრება არ ელის.

შეხვედრა შედგება სი ძინპინის ევროპაში წარუმატებელი ვიზიტის შემდეგ, როცა პროტოკოლით მაღალ დონეზე კი მიიღო საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, თუმცა  ისიც უთხრა ევროკავშირის სახელით, რომ რუსეთის ეკონომიკური მხარდაჭერის პირობებში ჩინეთი ევროპულ ბენეფიტებს მაინც არ უნდა ელოდოს.

 ეს როგორც მინიმუმ.

იგივე მეინსტრიმული მედია აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში პუტინის ვიზიტი იმდენად ეკონომიკურ საკითხებსაც არ უკავშირდება: ეკონომიკური კოოპერაციის მხრივ მოსკოვმა და პეკინმა სიტუაცია გრძელვადიანად „დაალაგეს“ და ჩინეთი ნამდვილად იქცა „ჟანგბადის მიმწოდებლად“ დასავლურ სანქციათა პირობებში;

მთავარი თემაა არა ეკონომიკა,  არამედ კოორდინაცია სხვა საერთაშორისო კრიზისთა მოდერაციაში: ირანი და მისი ბირთვული პროგრამა (ირანში ჩინური ინვესტიციები, განსაკუთრებით საპორტო ინფრასტრუქტურაში, 10 წლის მანძილზე ნახევარ ტრილიონ დოლარს მიაღწევს) ასევე ღაზას კონფლიქტი და რაც მთავარია ჩრდილო კორეა, რომლის ბირთვული პროგრამა დასავლეთისთვის ხელში მწარედ შერჭობილი „ხიწვია“ არანაკლებ, ვიდრე ირანის ანალოგიური პროგრამა.

კაცმა არ იცის, რამდენი ბირთვული მუხტი აქვს (უკვე) ფხენიანის მანიაკურ, თითქოსდა ჯორჯ  ურუელის „1984“ ფურცლებიდან „გარდამასულ“ რეჟიმს.

შეიძლება სულ ათი ჰქონდეს, შესაძლოა  ასი ჰქონდეს....„მიტანის საშუალებები“ კი ისეთი აქვს, კალიფორნიასაც მიაღწევენ

ერთ-ერთი დამკვირვებელი აღნიშნავს, რომ პეკინი და მოსკოვი ჩრდილო კორეასთან „ორ ხელში ბანქოს თამაშობენ“, როდესაც პეკინის ინტერესი, „დასავლეთის დაშანტაჟებისას“ ტაივანია, ხოლო მოსკოვის ინტერესი - უკრაინა რასაკვირველია.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

სამშაბათს, პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც, როგორც იქნა მიიღო მკაცრი ზომები ჩინური ექსპორტის და ჩინური დემპინგის, არასამართლიანი ჩინური კონკურენციის წინააღმდეგ: საბაჟო ტარიფები ზოგიერთი სახეობის ჩინურ პროდუქციაზე რამდენჯერმე გაიზარდა ამ ბრძანებულებით.

თანაც არა მხოლოდ ელექტრონიკაზე, არამედ ლითონებზე, მათ შორის ალუმინზე, ბატარეების კომპონენტებზე და ა.შ და ა.შ.

ზოგიერთ პროდუქტზე თუ ნაკეთობაზე  ზრდა 50%-ია, ზოგიერთზე 100%-ც.....

 მთლიანობაში 18 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელს ეხება, რაც ჩინეთისთვის კრიტიკული ჯერ არ არის, მაგრამ პეკინში პრეცედენტის შეეშინდათ და გუშინ ჩინურმა ოფიციოზმა მრისხანე განცხადებები აკეთა: ჯერ ერთი, საპასუხო ზომებს მივიღებთ და მეორეც, ეს გადაწყვეტილებები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს ეწინააღმდეგებაო.

კი, ეწინააღმდეგება ფორმალურად. ოღონდ მხოლოდ ფორმალურად.

იმიტომ, რომ ბრეტონ-ვუდსის ისტორიული შეთანხმების საფუძველზე შექმნილი WTO-ს ფილოსოფია იყო სამართლიანი კონკურენცია დემოკრატიულ, ლიბერალური ეკონომიკის მქონე სახელმწიფოებს შორის სახელმწიფო დოტაციებისა და სახელმწიფო პატერნალიზმის გარეშე, როდესაც მაგალითად ფრანგული პროდუქცია კონკურენციას უწევს კანადაში კანადურ პროდუქციას, ხოლო ამერიკული პროდუქცია - გერმანიაში გერმანულ პროდუქციას; ასევე პირიქით.

რომელ „სამართლიან კონკურენციაზეა“ ლაპარაკი, როდესაც ჩინეთის ავტორიტარული და ავტოკრატიული, ლამის ძველებურად ტოტალიტარული ხელისუფლება, ხელოვნურად, სახელმწიფო ინსტრუმენტების მეშვეობით განგებ ახდენს ხშირად იუანის დევალვაციას, რათა „გააიაფოს“ ჩინური ექსპორტი?! დოტაციებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია - ეს თავისთავად, თუმცა ჩინური ეკონომიკური ექსპანსიის მთავარი „ინსტრუმენტი“ სწორედ იუანის ხელოვნური გაიაფებაა ექსპორტის წასახალისებლად.

თავის დროზე, 35 წლის წინ, როდესაც დენ სიაოპინმა მისი ლიბერალური ეკონომიკური რეფორმები დაიწყო სინგაპურელ ლი ქუანიუს მიბაძვით (ფორმულით: „ეკონომიკური ლიბერალიზმი და პოლიტიკური დიქტატურა) დასავლეთი, ამერიკა იმდენად იყვნენ მოხიბლულ-გახარებულნი: ახლა კი გვეშველა, ჩინეთი ლიბერალურ ეკონომიკას აშენებს და მოსკოვი დასუსტდებაო, რომ ყურადღება არ მიაქციეს ან დააიგნორეს  ფუნდამენტური წინააღმდეგობა: სახელმწიფოს როლი ჩინურ „ლიბერალურ ეკონომიკაში“ - სწორედ ფინანსური ბერკეტებით და სახელმწიფო რეგულირებით - იმდენად ძლიერი იყო, ეს სამომავლოდ უდიდეს პრობლემებს შექმნიდა.

დიახაც შექმნა ამგვარი პრობლემები იმიტომ, რომ განვლილი პერიოდის განმავლობაში „მოხიბლულმა“ დასავლეთმა ასეულობით მილიარდი დოლარის ინვესტიცია „ჩაასხა“ ჩინეთში და ახლა ინდუსტრიული კოოპერაციის თუ ინდუსტრიული ინტეგრაციის დონე იმდენად ღრმაა (უკვე) ამერიკასა და ჩინეთს, ევროპასა და ჩინეთს შორის, რომ ისეთი ზომებით, რაც ბაიდენმა მიიღო, პრობლემა სისტემურად ვეღარ გადაიჭრება: იმიტომ, რომ ჩინეთსაც შეუძლია (მით უმეტეს მას შეუძლია სახელმწიფო პრეროგატივების წყალობით) მიღოს იმგვარი საპასუხო ზომები, - ამერიკას და ევროპას მძიმე პრობლემები შეუქმნას თავადაც

ანუ გუშინ, ბაიდენის ბრძანებულების კომენტირებისას რომ განაცხადა „თეთრმა სახლმა“ „ამით ამერიკელი მშრომელების უფლებებს ვიცავთ, რათა მათ ჩინური დემპინგის გამო სამუშაო არ დაკარგონ ან აღარ დაკარგონო“.....ის არ უთქვამთ, რომ ინტეგრაციისა და ეკონომიკური ლამის კონვერგენციის („შერწყმის“) ხსენებული დონის გათვალისწინებით, თუ ერთ სფეროში მოხერხდება ამერიკელი მუშების უფლებების დაცვა, სხვა სფეროებში შესაძლოა დაიკარგოს სამუშაო ადგილები ჩინეთის საპასუხო ზომების შედეგად.

მაგალითად, ჩინეთში ამერიკულ ინდუსტრიათა ნაწარმის  იმდენი „კომპონენტი“  მზადდება, თუ პეკინმა ეს წყარო „გადაკეტა“, ამერიკაში უამრავი  ინდუსტრია საერთოდ გაჩერდება.

„ჩინელი მუშებიც ხომ დარჩებიან ამ საპასუხო ზომებით უმუშევარნიო და“....აქ არის კიდევ ერთი არაპოლიტკორექტული  თემა, რომელიც ჩინელთა და ამერიკელთა მენტალობას ეხება: ჩინელი მუშა მზად არის საათში 10 ცენტად იმუშაოს მაშინ, როდესაც ამერიკელი მუშა იმავე სამუშაოს საათში 5 დოლარადაც არ გააკეთებს და.......უკაცრავად, სინგაპურში თუ მუშას საჯაროდ როზგავენ სამსახურში დაგვიანების გამო, ამერიკელ მუშას ეს რომ ვინმემ გაუბედოს, „მაგნუმ-45“ ტყვიას დააჭედებს შუბლში. და ნაფიც მსაჯულთა სასამართლო გაამართლებს მერე. 

სოციუმის მენტალობა მათ შორის ეკონომიკური კატეგორიაცაა და ეს სხვაობები ისევ და ისევ ჩინეთის სასარგებლოდ მუშაობს ანუ ჩინეთს ანიჭებს უპირატესობებს.

. . . . . . . . . . . . . . . . . .  

წინა მიმოხილვებში ვწერდით, რომ ბაიდენის დემარში, როდესაც მან „თეატრალურად“ აკრძალა ისრაელისთვის საავიაციო ბომბების და რაკეტების მიწოდება, სხვა არაფერი იყო გარდა პოლიტიკური ტექნოლოგიისა არაბულ სამყაროში აშშ პოზიციათა შესანარჩუნებლად.

ეს მთლიანად დადასტურდა გუშინვე, როდესაც ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ისრაელისთვის 1 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის გადაცემის შესახებ

ამ პაკეტში არ შედის რაკეტები, არ შედის ბომბები, მაგრამ....შედის ჯავშანმანქანები და სხვა შემტევი შეიარაღება, რაც ახლა „ცახალს“ (ისრაელის არმიას) უკვე ბევრად მეტად სჭირდება, ვიდრე რაკეტები ან საავიაციო ბომბები, რაკი ეგვიპტის საზღვართან მდებარე ქალაქი რაფახის  დაბომბვა აზრს მოკლებულია - იქ „ცახალი“ სახმელეთო ოპერაციას იწყებს მიუხედავად ვაშინგტონის „გაფრთხილებისა“ არ შეუტიოს ქალაქს სადაც მილიონობით პალესტინელი ლტოლვილია თავშეფარებული.