კვირის მიმოხილვა: ხავიერ სოლანას ვიზიტი

კვირის მიმოხილვა: ხავიერ სოლანას ვიზიტი

საქართველოს უმძიმესი ფინანსური წელი ელის

    საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, 1 ოქტომბრამდე (30 სექტემბერს) პრეზიდენტის ხელმოწერით პარლამენტში შევიდა ქვეყნის 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი.
    თარიღის ხაზგასმა აუცილებელია, ვინაიდან ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს. ბიუჯეტს ერთი საათიც რომ დააგვიანდეს, - ეს კონსტიტუციის დარღვევა იქნება და ქმნის საფუძველს იმპიჩმენტის მექანიზმის ასამოქმედებლად თვით პრეზიდენტის (და არა, ვთქვათ, ფინანსთა მინისტრის) წინააღმდეგ.
    1996 წლიდან ხელისუფლება ყოველთვის ითვალისწინებს ამ მომენტს და ცდილობს ბიუჯეტი როგორმე «მოასწროს» მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან დიდ სირთულეებს უკავშირდება.
    ყოფილი საბჭოთა კავშირის ვერც ერთ ქვეყანაში (ესტონეთის გარდა) ბიუჯეტის დროული წარდგენა ვერ ხერხდება. თუმცა, ზოგიერთ მათგანში ასეთი ნორმა კონსტიტუციით საერთოდ არ არის გათვალისწინებული. ამ მხრივ, საქართველოში მართლაც პროგრესული სისტემა დამკვიდრდა: მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში უმრავლესობას «პრეზიდენტის პარტია» შეადგენს, აღმასრულებელ ხელისფლებას მაინც ეშინია კონსტიტუციის დარღვევისა, რაც თავისთავად ქმნის «გამაწონასწორებელ» პრეცედენტს, რომლის გარეშეც ჭეშმარიტი დემოკრატია ვერ იფუნქციონირებს და სერთოდაც ვერ შედგება.
    ჯერჯერობით ძალიან ძნელი სათქმელია, როგორ წარიმართება ბიუჯეტის განხილვა პარლამენტში, თუმცა იმთავითვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას: უმწვავესი დებატების თავიდან აცილებას ხელისუფლება ვერ შეძლებს.
    მით უმეტეს, - ეს არის 1999 წლის ბიუჯეტი! 15 ნოემბრის «ლოკალური არჩევნები» კარსაა მომდგარი, ხოლო 1999 წელს საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. ბუნებრივია, ასეთ პირობებში ოპოზიცია ყველანაირად შეეცდება კრიტიკის ქარცეცხლში გაატაროს ქვეყნის ძირითადი ფინანსური დოკუმენტი და ხელისუფლებას მეხი დაატეხოს თავს - ადრე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის.
    პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში ემთხვევა ფინანსურ კრიზისს. თუმცა ამთავითვე უნდა ითქვას, რომ მხოლოდ ფისკალური კრიზისი არ განაპირობებს პოლიტიკურს, - მას სხვა საფუძველიც გააჩნია, მაგრამ ამჯერად საინტერესო სწორედ ის არის, თუ რამდენად გაამწვავებს ვითარებას წარმოდგენილი ბიუჯეტი; იგი მართლაც ყველაზე «მძიმეა» 1995 წლიდან.
    ერთი შეხედვით, თითქოს პარადოქსული ვითარება იქმნება: 1995 წლიდან, სამი წლის განმავლობაში, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი განუწყვეტლივ იზრდებოდა და 1999 წელს პირველად გადააჭარბებს ერთ მილიარდიან ზღვარს. თანაც საკუთარი შემოსავლებით.
    მიუხედავად ამისა, 1998 წლის ბიუჯეტით, სამინისტროთა და უწყებათა უმრავლესობას ასიგნებები შეეკვეცა 1998, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, 1997 წელთან შედარებითაც კი;
    ეს გამოწვეულია მომავალ წელს, ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი საგარეო ვალის, - თურქმენების კრედიტის ძირითადი თანხის დაფარვის აუცილებლობით.
    უფრო ზუსტად, 1999 წელს საქართველომ ამ კრედიტის (400 მილიონ დოლარზე მეტი) ძირითადი თანხის 10 პროცენტი უნდა დაფაროს პროცენტებთან ერთად. თურქმენეთთან სასაყვედურო ვერაფერი გვექნება: თურქმენბაში ნიაზოვი ყველანირ შეღავათზე წავიდა, - 1994 წელს გადასახდელი ვალის რესტრუქტურიზაციაზე დაგვთანხმდა (ხუთი წლით, ანუ 1999 წლამდე), თვით თანხაც შეგვიმცირა 50 მილიონი დოლარით (თითქმის უპრეცედენტო შემთხვევაა), კრედიტის ნატურით მიღებაზეც თანახმა იყო სამრეწველო საქონლით, ღვინით, ჩაით, ან ქუთაისური ჯინსებით, მაგრამ როგორც იტყვიან «ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა» და ბოლოს, იძულებული გახდა საერთაშორისო სავალუტო ფონდისათვის მიემართა.
    სსფ კი, ამ თვალსაზრისით გაცილებით მკაცრი და უმოწყალოა. საქართველოს ვალი რომ სხვა რომელიმე ქვეყანას ჰქონდეს, მასაც ისევე «დაახრჩობს», როგორც ახლა ჩვენ გვახრჩობს. მაგრამ საქართველოს ვალი, სამწუხაროდ, არავის მართებს; ყოველ შემთხვევაში, ანგარიშგასაწევი ოდენობით, ამიტომ, გვინდა თუ არა, თურქმენეთის კრედიტის გადახდა უნდა დავიწყოთ.
    წინააღმდეგ შემთხვევაში, სავალუტო ფონდიდან ერთ ცენტსაც ვეღარ მივიღებთ. არავინ გამოუყოფს კრედიტს იმ ქვეყანას, რომელსაც არ ძალუძს თავისი ვალდებულებების შესრულება ან (მით უმეტეს) არც მიიჩნევს თავს ვალდებულად, ისინი შეასრულოს.
    1992-1993 წლებში, აფხაზეთის ომისა და საზარელი ანარქიის დროს, არავინ ითვლიდა და არც არავინ ფიქრობდა იმას, რომ ადრე თუ გვიან მოგვიწევდა ბუნებრივი აირის საფასურის ანაზღაურება, თანაც მსოფლიო ფასებით. იმ წლებში ბუნებრივი აირი კვლავ უხვად მოდიოდა საქართველოში «ძველი ინერციით», მაგრამ უკვე მსოფლიო ფასებით.
    1994 წლის შემოდგომამდე ეს ნაკადი არ შეწყვეტილა, შემდგომ კი მოხმარებული ენერგიის საფასური გაფორმდა სახელმწიფო ვალად.
    რა თქმა უნდა, თურქმენეთისა და სხვა ქვეყნების ვალი არ არის 1999 წლის ბიუჯეტის «დაძაბვის» ერთადერთი მიზეზი. არანაკლებ მნიშვნელოვანია მიმდინარე წლის ბიუჯეტის «ჩაფლავება» და უზარმაზარი გარღვევა საშემოსავლო ნაწილში, რომელიც წლის ბოლოს 150 მილიონ ლარს მიაღწევს.
    სავალუტო ფონდმა, ფაქტობრივად, ულტიმატუმი წაუყენა ხელისუფლებას: ან შეადგინეთ რეალური ბიუჯეტი და იცხოვრეთ შემოსავლების შესაბამისად, ან გამოემშვიდობეთ სავალუტო ფონდის ტრანშებს, რომლებიც ეროვნული ვალუტის განმტკიცების ჯერჯერობით ერთადერთი საშუალებაა.
    ფაქტობრივად, ფინანსთა სამინისტრო, ამ ულტიმატუმის შესაბამისად, იძულებული გახდა შემდეგი იდეოლოგიით ემოქმედა: განისაზღვრა «აუცილებელი ხარჯები» (მათ შორის სამინისტროთა დაცული მუხლები და კრედიტების მომსახურებისათვის აუცილებელი სახსრები), ხოლო დარჩენილი მიზერული თანხა გადანაწილდა რამდენიმე, სასიცოცხლოდ აუცილებელი მიმართულებით.
    საკმარისია ითქვას, რომ პრეზიდენტის საგანგებო ფონდი მომავალ წელს ერთი ლარითაც არ გაიზრდება, ხოლო ფინანსთა სამინისტროს «სახელმწიფო ფონდი» ნაცვლად 4 მილიონისა, მხოლოდ 1 მილიონი იქნება.
    უმრავლეს სამინისტროებს ასიგნებები შეუმცირდათ. ინვესტიციებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ეს არის ბევრისთვის მიუღებელი, უაღრესად მტკივნეული, მაგრამ ერთადერთი შესაძლო, პრაგმატული იდეოლოგია.
    მისი ალტერნატივაა მხოლოდ ლარის დევალვაცია, რასაც საქართველოში კიდევ უფრო დამანგრეველი შედეგები ექნება, ვიდრე რუსეთში.

ხავიერ სოლანა: საქართველოდან იმედით

    ნატოს გენერალური მდივნის მორიგი ვოიაჟი კავკასიასა და დსთ-ს სხვა ქვეყნებში ზოგიერთმა დამკვირვებელმა სიმბოლურ ღონისძიებად ჩათვალა. ასეც რომ იყოს, სიმბოლოებს პოლიტიკაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სოლანას პირველი სნგ - ტური შედგა 1997 წლის თებერვალში, როდესაც ამ გეოპოლიტიკურ სივრცეზე სულ სხვა ვითარება იყო. ამჟამად ვითარება თვისებრივად შეიცვალა, რუსეთის პოზიციები კიდევ უფრო მყიფე გახდა. შეუძლებელია ამ ქვეყნის ეკონომიკურმა სისუსტემ, ფინანსურმა არასტაბილურობამ ზეგავლენა არ მოადინოს რუსული სახელმწიფოს გეოპოლიტიკურ ძლევამოსილებაზე. ეს ორი პრობლემა პირდაპირპროპორციულია, ხოლო «ატომბირთვული იარაღის უზომო არსენალი», ბოლოს და ბოლოს, კონკრეტულ პოლიტიკაზე ზეგავლენას ვეღარ მოახდენს, ვინაიდან რუსეთი ატომური ომის დაწყებას არც აპირებს და ვერც შეძლებს.
    გარდა ამისა, «ნატოს გაფართოებისთვის» უკვე სავსებით კონკრეტული, სკურპულოზურად დამუშავებული და აპრობირებული ტექნოლოგია არსებობს. ამდენად, ნატოს გენერალური მდივანი, გარეგნულად, თითქოს «ჩვეულებრივ პოლიტიკურ კრუიზში» იმყოფებოდა და სტანდარტულ ფრაზებს იმეორებდა «ნატოს პროგრამების ფარგლებში უფრო მჭიდრო თანამშრომლობის» შესახებ, მაგრამ მთავარი იმ საუბრების შინაარსია, რომლებიც პრეზიდენტებთან (მათ შორის ედუარდ შევარდნაძესთან) პირისპირ შეხვედრისას გაიმართა.
    ჩრდილო-ატლანტიკური კავშირი, უპირველეს ყოვლისა, სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც მოქმედებს კომპეტენტური ანალიზისა და ამ ანალიზის საფუძველზე შემუშავებული განზრახულობების შესაბამისად. სამხედრო-სტრატეგიული დაგეგმარება «ნატოსთვის» უბრალოდ აუცილებელია, იგი უმალვე ახდენს რეაგირებას ნებისმიერ ცვლილებაზე სტრატეგიულ ვითარებაში და მოქმედებს მტკიცედ, შეუპოვრად.
    ამის მაგალითია თუნდაც მოვლენათა განვითარება ალბანეთში, სადაც ნატო უეჭველად განახორციელებს მძლავრ დარტყმას სერბთა პოზიციებზე, თუ ეს უკანასკნელები არ შეწყვეტენ მშვიდობიანი ალბანური მოსახლეობის გენოციდს.
    რა თქმა უნდა, ათი წლის წინ ასეთ «სიმტკიცესა და გამბედაობაზე» ლაპარაკი ზედმეტი იქნებოდა, ვინაიდან მაშინ სხვა გეოპოლიტიკური ვითარება იყო ევროპაში, მაგრამ ამჟამად (ვიმეორებ) ეს ვითარება იცვლება - არც თუ მოსკოვის სასარგებლოდ.
    შესაბამისად, ნატოს გავლენის კიდევ უფრო გაფართოება (აღმოსავლეთით) რეალური ხდება. ვგულისხმობ არა მხოლოდ ახალი წევრების მიღებას ალიანსის შემადგენლობაში, არამედ ზეგავლენის სხვა ბერკეტების ამოქმედებას. ნატოს ამ თვალსაზრისით ფართო არჩევანი აქვს: «პარტნიორობა მშვიდობისათვის» პროგრამა მხოლოდ საწყისი ეტაპია. იგი ნელ-ნელა ქმნის ახალ რეალობას, უფრო ზუსტად - ნატო ნელ-ნელა, ძალზე ფრთხილად მოქმედებს ამ ახალი რეალობის შესაბამისად.
    მაგალითად, თბილისში ყოფნისას ხავიერ სოლანამ განაცხადა, რომ ღრმავდება თანამშრომლობა სამოქალაქო თავდაცვის, მეცნიერების დარგში, მუშავდება სამშვიდობო ბატალიონის იდეა, თბილისში (ნატოს ეგიდით) ჩატარდება წარმომადგენლობითი კონფერენცია რეგიონული თანამშრომლობის საკითხებზე (სავარაუდოდ, კონფერენცია ოქტომბერში გაიმართება).
    გარდა ამისა, ნატოს შეუძლია პოლიტიკური მხარდაჭერა გამოუცხადოს ამა თუ იმ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტს. მაგალითად, თბილისში ყოფნისას, ხავიერ სოლანამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ «ნატო მხარს უჭერს ევრაზიული დერეფნის პროგრამას და ეს პროექტი შესანიშნავ იდეად მიაჩნია».
    მაგრამ ყველასათვის ნათელია, რომ «ევრაზიული ხიდის» პროექტი მხოლოდ ეკონომიკური შინაარსისა არ არის. მას აგრეთვე ძალზე დიდი სტრატეგიული, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს «კორიდორის ქვეყნებისათვის», ვინაიდან განამტკიცებს მათ სახელმწიფოებრიობასა და დამოუკიდებლობას.
    ხავიერ სოლანამ, რა თქმა უნდა, ეს ყოველივე შესანიშნავად უწყის, მაგრამ იქვე, ამ ფრაზის შემდეგ, თითქოს სხვათა შორის მიაყოლა: «პრეზიდენტ შევარდნაძესთან შეხვედრისას გარკვეული განზრახულობები განვიხილეთ, ანუ ის ფიქრები და გეგმები, რომლებიც ჩვენ გვაქვს ურთიერთობათა გასაღრმავებლად».
    რა არის ეს თუ არა მკაფიო განცხადება იმისა, რომ «ევრაზიული ხიდის» იდეა უეჭველად მოითხოვს შესაბამის სამხედრო-სტრატეგიულ უზრუნველყოფას და ნატო, პრინციპში, ამისთვის მზად არის?
    საინტერესოა თვით სოლანას ფიგურა. პრიმაკოვისთვის იგი «კერკეტი კაკალი» აღმოჩნდა. მოლაპარაკებათა შედეგად რუსეთმა ვერ მიაღწია მთავარს: ვერ მოაწერინა ხელი დასავლეთს იურიდიულ ვალდებულებაზე, რომ ალიანსი არასდროს მოიცავს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს.
    ამგვარი ვალდებულება არსებობს მხოლოდ პოლიტიკური თვალსაზრისით (გამომდინარე რეალობიდან), მაგრამ იურიდიულად, ნატოს არაფერი უშლის ხელს, თუნდაც ხვალ მიიღოს ნამდვილ წევრად ლიტვა, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო ან აზერბაიჯანი.
    ამრიგად, ეს პოზიცია შეიცვლება რუსეთის გავლენის შემდგომ დასუსტებასთან ერთად. რაც შეეხება ხავიერ სოლანას, - იგი პრიმაკოვისთვის დაახლოებით იგივე აღმოჩნდა, რაც ჰენრი კისინჯერი - ანდრეი გრომიკოსათვის, ანუ ქართული გამოთქმისა არ იყოს, «მოვიდა სეტყვა, დახვდა ქვა».
    სოლანას გულკეთილი ღიმილის მიღმა რკინის ნებისყოფა და უმოწყალო გლადიატორის შეუდრეკელობა იკითხება. მთავარია, ეს გლადიატორი ჩვენი თანამებრძოლი იყოს და ჩვენს ინტერესებს იცავდეს. ქართული პოლიტიკა ამ ვითარებას ნელ-ნელა უახლოვდება. ამჟამად არსებულ ტენდენციათა შენარჩუნების შემთხვევაში, მიჯნას 2004-2005 წლისათვის მივაღწევთ და მაშინ «ნატოში საქართველოს გაწევრიანებაზე» მსჯელობა სასაცილოდ აღარ აღიქმება არც მოსკოვში, არც ვაშინგტონში და არც ბრიუსელში.

რჩეულიშვილ-მოქალაქეების შერკინება ოპოზიციის «გამხოლოებას» ისახავს მიზნად
   

     სასამართლო პროცესებით «გადაბჟირებულ» საქართველოში კიდევ ერთი სასამართლოს დაწყება გასაკვირი მაინც არავისთვის იყო. მით უმეტეს, «სოციალისტებსა» და «მოქალაქეებს» შორის. ორგზის უმეტეს, საარჩევნო მარათონის სტარტის შემდეგ.
    ამჯერად ინიციატორები «მოქალაქეები» გახდნენ, მაგრამ მორიგი სკანდალი «სოციალისტთა» წისქვილზეც ასხამს წყალს. თუ ყურადღებით დავაკვირდებით ვახტანგ რჩეულიშვილის სტრატეგიას ლაგოდეხის არჩევნებიდან დაწყებული, იგი ყველანაირად ცდილობს დააფიქსიროს, რომ სწორედ თავად არის მმართველი პარტიის ერთადერთი ალტერნატივა. შესაძლოა, ამ თვალსაზრისით რჩეულიშვილი ორ მიზანს ისახავდეს: დაამარცხოს «მოქალაქეთა კავშირი» მომავალ საპარლამენტო (მანამდე «ადგილობრივ») არჩევნებში ან, უკიდურეს შემთხვევაში, როგორც პროგრამა მინიმუმი, - გახდეს «მთავარი ოპოზიციური ძალა» და გაცილებით უკეთ ორგანიზებული, მძლავრი საპარლამენტო ფრაქცია შექმნას, ვიდრე დღეს.
    ძალთა განლაგებისა და გავლენის ბერკეტების გათვალისწინებით, ალბათ მეორე ვარიანტი უფრო რეალურია, მაგრამ რჩეულიშვილი, როგორც ჩანს, არ ითვალისწინებს ქართული პოლიტიკური სპექტრის თავისებურებას.
    ამ თვისებიდან გამომდინარე კი, მმართველ პარტიას (ჯერჯერობით «მოქალაქეთა კავშირს)» უეჭველად ეყოლება პარლამენტშიც და პარლამენტს გარეთაც (რაც ერთობ მნიშვნელოვანი ნიუანსია) არა მხოლოდ მემარცხენე, არამედ მემარჯვენე ოპოზიციაც.
    ქვეყანა იმყოფება გარდამავალ ეტაპზე. გადასაწყვეტია ფუნდამენტური მნიშვნელობის სახელმწიფოებრივი პრობლემები, ამიტომ ჩვენში შეუძლებელი და არარეალურია ისეთი ვითარების შექმნა, როდესაც მმართველი პარტიას «მხოლოდ» მემარცხენე ოპოზიცია ეყოლებოდა. ვგულისხმობ, რასაკვირველია, გავლენიან პოლიტიკურ ძალას, თორემ მაგალითად, დიდ ბრიტანეთში «ლეიბორისტებისა» და «კონსერვატორების» გარდა სხვა პარტიებიც არიან. მათ შორის ისეთები, რომლებიც კონსერვატორებს «მარჯვნიდან» აკრიტიკებენ, ხოლო «ლეიბორისტებს» (ვთქვათ, კომუნისტები) - მარცხნიდან. მაგრამ რეალურ გავლენას პოლიტიკურ კურსზე ისინი ვერ ახდენენ, - ხელისუფლებაში კი ლეიბორისტები და კონსერვატორები ცვლიან ერთმანეთს.
    საქართველოში ამგვარი დისპოზიცია ამ ეტაპზე შეუძლებელია. ხელისუფლებაში უეჭველად იქნება არა მხოლოდ «მემარცხენე», არამედ «მემარჯვენე» ოპოზიციაც. შემთხვევითი არ არის, რომ თანამედროვე პარლამენტშიც «მოქალაქეთა კავშირს» მემარცხენე მოწინააღმდეგეთა გარდა «მემარჯვენე» ოპოზიციონერებიც ჰყავს.
    თუმცა, ამ უკანასკნელთა ტაქტიკა იმაში მდგომარეობს, რომ «მემარცხენეებს» ღიად არ დაუპირისპირდნენ, რათა უნებლიედ, მმართველი პარტიის პოზიციები არ გააძლიერონ.
    არც ესაა ჯანსაღი მოვლენა თავისთავად, მაგრამ ამჯერად სხვა საკითხი უფრო გვაინტერესებს: შეძლებს თუ არა რჩეულიშვილი, იქცეს «მოქალაქეთა კავშირის» (მმართველი ძალის) ერთადერთ ოპოზიციად, თუ არჩევნებში გამარჯვებას ვერ მოიპოვებს?
    აქვე, საინტერესო იქნებოდა გვეკითხა, ეყოლება თუ არა «ორმხრივი ოპოზიცია» თვით «სოციალისტურ პარტიას», თუკი წარმოვიდგენთ, რომ მან მოახერხა უმრავლესობის მოპოვება მომავალ პარლამენტში? რა თქმა უნდა, ეყოლება! დღეს არ ჩანს, მაგრამ უეჭველად ეყოლება. რომ არაფერი ვთქვათ ოპოზიციაზე «მარჯვნიდან».
    საქართველოს სპეციფიკა კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ «საპირისპირო ფლანგები» ერთმანეთს არ აწონასწორებენ და ვერც გააწონასწორებენ - ასეთია ზოგადად, პოლიტიკის ტექნოლოგია.
    არანორმალური მხოლოდ თვით «სამსუბიექტიანი ბალანსის» არსებობაა. რაც უეჭველად იმას ნიშნავს, რომ საქართველოში სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. მმართველი პარტია და სახელისუფლებო პარტია ერთი და იგივე არ არის. ხოლო ნორმალური პარლამენტარიზმი გულისხმობს მემარჯვენე და მემარცხენე ალტერნატივის არსებობას მხოლოდ.
   
   ძალოვანმა მინისტრებმა დაიფიცეს, რომ არჩევნებში არ ჩაერევიან

    კიდევ კარგი, პარლამენტის სხდომაზე თავდაცვის მინისტრი არ მოიწვიეს და პირობა არ დაადებინეს, რომ «არანაირი ფორმით არ მოახდენს ზეგავლენას», ამომრჩევლებზე ლოკალური არჩევნების დროს. სამაგიეროდ, შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალური პროკურორი და უშიშროების მინისტრი სულ ქადაგად დავარდნენ და ცრემლმორეულნი ევედრებოდნენ დეპუტატებს, ერწმუნათ მათი ფიცი.
    თურმე არც შინაგან საქმეთა სამინისტრო, არც უშიშროება და მით უმეტეს, პროკურატურა არ ჩაერევიან საარჩევნო პროცესში ერთ-ერთი პარტიის «გასაყვანად» ამა თუ იმ რაიონში.
    მათი ფიცისა ოპოზიციას (მემარცხენეს ან მემარჯვენეს) რა თქმა უნდა, არ სჯეროდა და არც ოდესმე დაიჯერებს, ვინაიდან არჩევნებისას სახელისუფლებო ბერკეტების გამოყენების პრობლემა ისევე «ძველია», როგორც თვით დემოკრატია;
    ზოგიერთი ცნობით, თვით ძველ საბერძნეთშიც კი: ამა თუ იმ ქალაქში ხელისუფალნი ცდილობდნენ «დემოსის» გარკვეულ ნაწილზე ზეგავლენის მოხდენას პრივილეგირებული მეომრების მეშვეობით;
    მით უმეტეს ასე იქნება დღევანდელ საქართველოში;
    ეს, ფაქტობრივად, აუცილებელია.
    «აუცილებელი» იმ აზრით, რომ ამ მოვლენის თავიდან აცილება თითქმის შეუძლებელია. რა თქმა უნდა, იდეალური იქნებოდა ისეთი ვითარება, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში ან საფრანგეთშია, სადაც პოლიციელი საარჩევნო უბანში იმყოფება მხოლოდ იმ მიზნით, (მართლა იმ მიზნით) რათა არ დაუშვას ექსცესები და სხვადასხვა პარტიათა წარმომადგენლების ან თვით ამომრჩევლების ფიზიკური დაპირისპირება.
    ჩვენში კი პოლიციელის გამოჩენა საარჩევნო უბანში იმთავითვე გამოიწვევს ეჭვს, ვინაიდან «ხელისუფლება» «პოლიცია» და «მმართველი პარტია» საქართველოში ერთი და იგივეა. ცივილიზებულ, განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში კი, არამც და არამც ერთი და იგივე არ არის!
    გამოსავალი თითქოს შეიძლება იყოს პოლიციის საერთოდ ჩამოშორება უშუალოდ საარჩევნო პროცესისგან, ანუ არჩევნები ჩატარდეს საარჩევნო უბნებში სამართალდაცმველთა დაუსწრებლად, მაგრამ ეს მეორე უბედურებაა: თუ საარჩევნო უბანზე შეხლა-შემოხლა მოხდა და იქ პოლიცია არ აღმოჩნდა, ან გვიან მოვიდა, - ესეც უეჭველად «პროვოკაციად» აღიქმება.
    რუსთავის დაუვიწყარი (1993წ) ეგრეთ წოდებული «არჩევნების» დროს, სადაც მურმან ომანიძე უნდა აერჩიათ, მოწინააღმდეგეებმა თავ-პირი დაამტვრიეს ერთმანეთს, ავტომატებით შეიარაღებული ბანდები დაძრწოდნენ ქალაქში. ეს, რა თქმა უნდა, არ იყო არჩევნები, მაგრამ «გეგმა შესრულებული იქნა», ანუ ფულმა, გავლენამ წარმატებით იმუშავა.
    დღეს ვითომდაც «ავტომატებით» არჩევნებს ვერ მოიგებ, მაგრამ როგორ უნდა მოიქცეს პოლიციელი თუ (ვთქვათ) საარჩევნო კანონის დარღვევა შეამჩნია? უნდა ჩაერიოს თუ არა, თუ არ ჩაერევა, ბრალად «ბოროტ პასიურობას» დასდებენ, თუ ჩაერევა – არც ამას აპატიებენ. გააჩნია, რომელ ძალას რა კუთხით «აწყობს» პრობლემის დანახვა.
    ეს ყოველივე ჩვეულებრივი ანეკდოტია. არც ერთ ძალას რეალურად პოლიციის «ნეიტრალიტეტი» არ აძლევს ხელს, ოღონდ სხვადასხვა მოტივაციით.
    ოპოზიციას უეჭველად სჭირდება არგუმენტი ხელისუფლების მხრიდან «ზემოქმედების» თაობაზე, ხელისუფლებას კი რასაკვირველია, სხვა, «უფრო ქმედითი» ბერკეტები გააჩნია ელექტორალურ პროცესებზე ზემოქმედებისათვის.
    სხვაგვარად თუ ვიტყვით, პრობლემის დედააზრი პოლიციის «ნეიტრალიტეტი» არ არის. მიზეზთა მიზეზი დაბალი პოლიტიკური და, შესაბამისად, დემოკრატიული კულტურაა. ანუ ხელისუფლების ცივილური გზით დამკვიდრების ტრადიციის არარსებობა.
    სანამ საზოგადოებას ეჭვი ეპარება თვით სახელმწიფოებრივ სტრუქტურების მიუკერძოებლობაში, სანამ ისინი არ გაემიჯნებიან პოლიტიკურ ძალებს, - მანამ ვნახავთ ისეთ ტრაგიკომედიებს, როგორიც გასულ კვირას პარლამენტში გაიმართა.

დილის გაზეთი, 5 ოქტომბერი, 1998 წელი