საერთაშორისო მიმოხილვა. 14 მაისი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 14 მაისი. 2024 წელი

CNN აღიარებს, რომ სამწუხაროდ, რუსეთის საოკუპაციო არმიამ ათეულობით უკრაინული სოფელი დაიპყრო ხარკოვის ოლქში და აგრძელებს შეტევას თვით ქალაქ ხარკოვის მიმართულებით.

მთავარი, რასაკვირველია, სოფლების რაოდენობა კი არ არის, არამედ სტრატეგიული სამხედრო, ფრონტალური ინიციატივის გამჟღავნება, რაც ამ შემთხვევაში უკვე აბსოლუტურად ცხადია იმდენად, რომ უკრაინის გენერალური შტაბიც აღიარებს, რომ ასეთი სწრაფი წინსვლა რუსებს 2022 წელსაც არ ჰქონიათ.

თანაც, CNN ანალიტიკოსთა ცნობით, არ არის სიმართლე, თითქოს რუსეთის საოკუპაციო არმია მხოლოდ ხარკოვის მიმართულებით უტევს. სინამდვილეში უტევს ოთხი სხვადასხვა მიმართულებით 1 000 კილომეტრიან ფრონტზე და ყველგან აქვს მცირე წინსვლა, ანუ ტაქტიკური მიღწევები სტრატეგიული ინიციატივის ფონზე.

აი ეს იქნებოდა ყველაზე ზუსტი განსაზღვრება: ტაქტიკური მიღწევები სტრატეგიული ინიციატივის ფონზე.  

თუმცა  ამგვარი მიღწევები მალე შეიძლება ტრანსფორმირდეს სტრატეგიულ მიღწევებადაც, თუ დასავლეთი დროულად არ ჩაერია ისე და იმდენად, რაც თუნდაც ვითარების დასტაბილურებისთვისაა აუცილებელი.

კიდევ ერთხელ მივაქცევ თქვენს ყურადღებას, რომ რუსეთი უდიდეს მსხვერპლზე და ცოცხალი ძალის დანაკარგზე მიდის, რათა „დაიბევოს“ მომგებიანი პოზიცია შვეიცარიის სამშვიდობო კონფერენციის წინ (ივნისის პირველ დეკადაში) და იქ „გამოივაჭროს“ სტატუს-კვოს შენარჩუნება სტრატეგიულ ხაზზე, რომელიც ყირიმთან სახმელეთო დერეფნის შენარჩუნება/დამაგრებას გულისხმობს.

ეს პუტინის „პროგრამა - მინიმუმი“ იყო აგრესიის დაწყებისთანავე და თუ ახლა, დასავლეთის მეშვეობით, ამას „დაიმაგრებს“ თუნდაც 10 წლით, ეს პუტინისთვის სერიოზული წარმატება იქნებოდა.

აკი 2014 წლიდან (ყირიმის ოკუპაცია-ანექსიიდან და  დონბასის ოკუპაციიდან), იმდროინდელი დასავლეთის უპასუხისმგებლო ლიდერების მეშვეობით „დაამაგრა“ სტატუს-კვო 2022 წლამდე ესე იგი მთელი 8 წლის განმავლობაში?!

შეგახსენებთ, ვინ იყვნენ იმ დროს დასავლეთის უპასუხისმგებლო ლიდერები, ვინც პუტინს ამაში დაეხმარენ: აშშ პრეზიდენტი ბარაკ ჰუსეინ ობამა და გფრ კანცლერინი ანგელა მერკელი -  გდრ-ის ერთ ერთი ქალაქის ექს-კომკავშირის მდივანი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

 აშშ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა.

როგორც ჩანს ეს ვიზიტიც შვეიცარიის კონფერენციის მოახლოებას უკავშირდება და რუსეთის არმიის წინსვლას ხარკოვის ოლქში, ასევე ფრონტის სხვა მონაკვეთებზეც

იმავდროულად, აშშ პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში, ჯეკ სალივანმა განაცხადა, რომ ამერიკის 61 მილიარდიანი დახმარების პაკეტით გათვალისწინებული იარაღის ნაწილი უკვე (!) უკრაინის ბრძოლის ველზეაო.

ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ამ ვიზიტით და განსაკუთრებით სალივანის განცხადებით (რაც არსობრივად სრული სიმართლეა რასაკვირველია) ვაშინგტონი „თავს იზღვევს“, რათა უარყოს კიევის შესაძლო ბრალდებები, რომ რუსული საოკუპაციო არმიის მიერ „ფრონტის გარღვევა“ ხარკოვსა და დონბასზე „ამერიკის ბრალია“, რაკი სამხედრო დახმარება დაუგვიანა კიევს.

და უნდა ვაღიაროთ, რომ ეს პრეტენზია მთლად უსაფუძვლო არ იქნება.

 . . . . . . . . . . . . . . . . . .  

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა შვეიცარიის კონფერენციასთან  დაკავშირებით განაცხადა, რომ მოსკოვი არ გამორიცხავს შვეიცარიის სამშვიდობო კონფერენციაში მონაწილეობას, თუმცა „ჩვენ არ ვიქნებით იმ მოსწავლის პოზიციაში, რომელსაც პედაგოგიური საბჭო ულტიმატუმს წარუდგენსო“.

კიდევ უფრო აგრესიული განცხადება გააჟღერა ლავროვმა: „თუ დასავლეთს სურს შევხვდეთ უკრაინის ბრძოლის ველზე უშუალოდ, რუსეთი მზად არის შეხვდეს დასავლეთს ბრძოლის ველზეც“.

ეს ზუსტადაც  ნიშნავს: კრემლი არ გამორიცხავს კონფერენციაში მონაწილეობას, ოღონდ რუსეთის პირობებზე, რაც 8-10 წლით ფრონტის ხაზის „გაყინვას“ გულისხმობს. და კრემლში იმედი აქვთ, რომ თუ სტატუს-კვო „გაიყინება“, რუსეთს სანქციები მოეხსნება, უკრაინა ბელგოროდს ვეღარ დაბომბავს, რუსეთი ყირიმს სახმელეთო დერეფნით საბოლო „გადასანსლავს“ და „შემოიმტკიცებს“ (ერთი ასეთი გენიალური ქართული ისტორიული ტერმინის არსებობს: „მიწის შემომტკიცება“) მაშინ უკრაინელები ანუ უკრაინული პოლიტიკური და ბიზნეს-ელიტები „ერთმანეთს დაჭამენ“, დაიწყება იქ ჩვეული შიდა-დაპირისპირება და რუსეთს მომგებიანი პოზიციები შეექმნება, რათა სადღაც 2030 იანი წლების დასაწყისში აგრესია განაახლოს.

 

სხვათა შორის, სერგეი ლავროვის ბოლო განცხადებები ჩვენც გვეხება.

თან პირდაპირ გვეხება.

იმიტომ, რომ როცა შვეიცარიის კონფერენციაზე ლაპარაკობდა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოღმით აღნიშნა: „შვეიცარია აღარ არის ნეიტრალური ქვეყანა, როგორიც იყო საუკუნეების განმავლობაშიო“.

ჩვენ კი იმიტომ გვეხება ეს განცხადება, რომ იგივე ლავროვი მოითხოვს ე.წ. „ჟენევის კონსულტაციათა ფორმატის“ გადატანას ჟენევიდან მინსკში.

ქართული მხარე ამის წინააღმდეგია, ოღონდ.....არც სოხუმში მოსწონთ ეს იდეა, რაკი „ჟენევის ფორმატი“ სეპარატისტებს ობიექტურად აძლევს საშუალებას „გაჭრან არხები“ დასავლეთთან.

აფხაზეთს, განსხვავებით „სამხრეთ ოსეთისგან“ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლა სულაც არ ეპიტნავება. მას გაეროს წევრობა სურს.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

 პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას (ამ თემაზე ადრეც ვწერდით) რუსეთიდან მცირედგამდიდრებული ურანის“ იმპორტის აკრძალვის შესახებ 2040 წლამდე. თუმცა......იგულისხმება „გამონაკლისებიც“ იმ შემთხვევაში, თუ „სხვა წყარო არ მოიძებნა ურანის იმპორტისთვის“.

ამერიკას, რასაკვირველია, თავადაც შეუძლია ურანის გამდიდრება ნებისმიერ დონეზე, თუმცა რუსული ურანი იაფია და თან ეს „ეკოლოგიური თემაცაა“: კრემლის სპეცსამსახურებმა ბევრი იმუშავეს ბოლო 20 წლის განმავლობაში, რათა დაეფინანსებინათ ის ეკოლოგიური მოძრაობები, რომლებიც ამერიკაშივე ურანის თუნდაც მცირედ გამდიდრების წინააღმდეგნი იყვნენ ხოლო  რუსეთიდან ამ ნედლეულის შესყიდვა „ნაკლებ ბოროტებად“ და „ნაკლებ სახიფათოდ“ მიაჩნდათ.

ამერიკამ პირველი 90 კილოგრამი მცირედგამდიდრებული ურანი უკვე გამოიმუშავა. მაგრამ 90 კილოგრამი არაფერია 500 ტონასთან, რასაც რუსეთისგან ყიდულობდნენ

ახლა სხვა ქვეყნებისგან იყიდიან. მათ შორის აფრიკაში, რაც ყველაფერთან ერთად იმასაც ნიშნავს, რომ აფრიკული მიმართულებით ამერიკული პოლიტიკა გააქტიურდება და გაძლიერდება.

1 ტონა დაბალგამდიდრებული ურანი 100 000 ბინის გათბობისთვის და განათებისთვისაა საკმარისი ატომური ელექტროსადგურების მეშვეობით.

განსხვავებით „დაბალგამდიდრებული“ ურანისგან, ის ურანი, რომელიც 90%-მდეა გამდიდრებული, უკვე საკმარისია ატომური იარაღის დასამზადებლად.

ისრაელი მუდმივად აფრთხილებს მოკავშირეებს, რომ ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ ურანი 70-80%-მდე გაამდიდრა. ანუ სულ ცოტა აკლია.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რამდენიმე დღის წინ აფხაზეთის ხელისუფლებამ ე.წ. „პარლამენტის“ და სხვა სამთავრობო შენობების გარშემო ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ აგებულ კედელსა და ლითონის ზღუდეზე ელექტროენერგიის გაშვება გამოცადა. ანუ თუ ოპოზიცია კვლავ შეუტევს ამ ზღუდეს...დენს გაუშვებენ.

აფხაზეთში ჯერ ხელისუფლება ნორმალურად თითქმის არც ერთხელ არ შეცვლილა. სულ გადატრიალებებით იცვლებოდა. თუმცა უმთავრესში (საქართველოსთან შეურიგებლობაში) აფხაზური ელიტები მუდამ კონსოლიდირებულნი არიან.  

. . . . . . . . . . . . . . . . . . .  

ამასობაში რუსეთში თავს იჩენს ამ ქვეყნის მარადიული, ისტორიული მანკიერება, რაც პუტინის ყველა გეგმას ჩაშლის იმედია: კორუფცია!

გუშინ დააპატიმრეს თავდაცვის სამინისტროს „კადრების განყოფილების“ უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი კუზნეცოვი.

ბრალდება, ისევ და ისევ, ქრთამის აღებაა, როგორც უკვე დაპატიმრებული მინისტრის მოადგილე ტიმურ ივანოვის (Тимур Иванов) შემთხვევაში, რის შემდეგაც პუტინმა თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ დააქვეითა და უშიშრობის საბჭოს მდივნის „ქვემდებარე“ პოსტზე დანიშნა.

ეს რასაკვირველია დაქვეითებაა თავდაცვის მინისტრისთვის.

„კადრების განყოფილებაზე“ მნიშვნელოვანი სტრუქტურა თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უბრალოდ არ არსებობს. არც ერთ ქვეყანაში: არა მხოლოდ რუსეთში, არამედ საფრანგეთში, ამერიკაში და ა.შ.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის მეუღლე, ელენა ზელენსკაია ბელგრადში შეხვდა სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდრ ვუჩიჩს.

მანამდე, ელენე ზელენსკაიას დიდი პროგრამა ჰქონდა სერბეთის პირველ ლედი თამარა ვუჩიჩთან.

შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი მოვლენა. სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯია კრემლის მიმართ „არალოიალურობისა“ სერბი ლიდერის მხრიდან.

შეგახსენებთ მნიშვნელოვან ფაქტს: აზერბაიჯანმა ყარაბაღის საბოლოოდ დასაბრუნებლად 2023 წელს სპეცოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც კრემლის ბინადარი პუტინი და მისი „მოადგილე მედვედევი“ უბრალოდ გააცოფა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მეუღლის ანა აკოპიანის ვიზიტმა კიევში და მისმა შეხვედრამ იმავე ელენა ზელენსკაიასთან.

დიპლომატიის „ენაზე“, სინამდვილეში, მეუღლეების პოზიციონირება უდიდესი მნიშვნელობის „მესიჯის“ მატარებელია მუდამ და სწორედ ამიტომ ანიჭებენ  პირველ პირთა მეუღლეებს უმაღლეს პოლიტიკაში ასეთ დიდ მნიშვნელობას ევროპული ელიტები ისტორიულად და ტრადიციულად.

მათ შორის „პროტოკოლის“ თვალსაზრისით, „მესიჯების“ თვალსაზრისით და ა.შ და ა.შ.

სერბეთი რუსეთის „ტროას“ცხენად კი ითვლება, მაგრამ ზელენსკაია-ვუჩიჩის დემონსტრაციული შეხვედრით  სერბეთის პრეზიდენტი დასავლეთსაც უგზავნის მესიჯს, რომ მუდამ მოსკოვის შემყურე არ იქნება თუ ევროკავშირში მიიღებენ.