საერთაშორისო მიმოხილვა. 14 აპრილი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 14 აპრილი. 2024 წელი

შვედეთის NATO-ში გაწევრების თემა ამერიკა-თურქეთის ფარულ სტრატეგიულ მოლაპარაკებათა საკვანძო საკითხი იყო.

ერდოღანმა შვედეთის წევრობაზე თანხმობა განაცხადა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციისგან მიიღო თანხმობა, რომ აშშ მიჰყიდის თურქეთის არმიას F-16 ავიაგამანადგურებლების დიდ პარტიას და დაეხმარება იმ თვითმფრინავების მოდერიზებაში, რაც უკვე აქვს შეიარაღებაზე თურქეთს.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

2024 წლის 26 თებერვალს, უნგრეთის პარლამენტმა დაარატიფიცირა შვედეთის NATO-ში გაწევრება.

ბოლო სახელმწიფო სწორედ უნგრეთი აღმოჩნდა, რომელმაც სტოკჰოლმს „მწვანე შუქი აუნთო“.

ამით დასრულდა შვედეთის ჩრდილო ატლანტიკურ კავშირში გაწევრების პროცესი.

სწორედ 26 თებერვალს გახდა შვედეთი ოფიციალურად ალიანსის წევრი. ანუ დე-იურედ. თუმცა ყველას გვესმის, რომ დე-ფაქტო შვედეთი მოკავშირედ იქცა უმალვე, როგორც კი ვაშინგტონმა, პარიზმა, ბერლინმა და ლონდონმა განაცხადეს ამაზე თანხმობა.

თუმცა იურიდიული პროცედურა მაინც იურიდიული პროცედურაა და რასაკვირველია ძალიან მნიშვნელოვანია.

ოქმი შვედეთის ალიანსში გაწევრების შესახებ ძალაში შევიდა 7 მარტს.

ახლა შვედეთი უკვე  NATO-ს 32-ე წევრია.

შვედეთის სახელმწიფო  დროშა ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინასთან, 11 მარტს აღიმართა.

ფინეთი ბევრად იოლად და უპრობლემოდ გახდა უფრო  ადრე ალიანსის წევრი: 2023 წლის აპრილში.

მას არ ჰქონდა ესოდენ გართულებული ურთიერთობები წამყვან და გავლენიან სახელმწიფოებთან. ეს ერთი და მეორეც....შვედეთი უფრო ძლიერია ვიდრე ფინეთი და მისი „სამხედრო წონაც“ უფრო დიდია როგორც არმიის ძლიერების, ასევე სამხედრო ინდუსტრიის (სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის) კრეატიულობის გამო.

უნგრეთის პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის.....მითითებით მას შემდეგ, რაც ორბანს ბუდაპეშტში ეახლა შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი და მხარეებმა მოილაპარაკეს, რომ შვედეთი - უნგრეთს შეღავათიან ფასად მიჰყიდის შვედურ სამხედრო თვითმფრინავებს  AS-39 Gripen.

მანამდე შვედეთი ამაზე უარს აცხადებდა და ხშირად აკრიტიკებდა უნგრეთს, მის ავტორიტარ მმართველ ორბანს, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პრინციპთა დარღვევისთვის.

სწორედ შვედეთმა დასვა საბოლოო „წერტილი“ უნგრეთის გაწევრების პროცესში, მაგრამ უნგრეთის თანხმობა მხოლოდ „დროის საქმე“ იყო.

ეს ყველას ესმოდა.

 

ბევრად  რთული და სერიოზული ჩანდა თურქეთის ავტორიტარული რეჟიმის ლიდერის, რეჯეფ ერდოღანის საბოლოო თანხმობა.

ერდოღანის რეჟიმი ტიპოლოგიურად ძალიან ჰგავს ორბანის რეჟიმს, თუმცა ბევრად მასშტაბურია, ხოლო თურქეთ-შვედეთის წინააღმდეგობები შეუდარებლად ღრმა ჩანდა:

თურქეთი ადანაშაულებდა შვედეთს ქურთი სეპარატისტების (თურქეთში მათ ყველას ტერორისტებად თვლიან) შეფარებაში.

შვედეთი ამას კატეგორიულად უარყოფდა და აცხადებდა, რომ შეიფარა მხოლოდ ის ქურთები, ვინც არ იყო შემჩნეული ძალადობრივ აქციებში და იდევნებოდა მხოლოდ პოლიტიკური საქმიანობისთვის.

ამას დაემატა სტოკჰოლმში ფანატიკოსის მიერ ყურანის დაწვა, რის შემდეგაც შვედეთის „დასჯამ“ ერდოღანის რეჟიმისთვის უკვე სისტემური ხასიათი შეიძინა ბევრად მეტად, ვიდრე ვიქტორ ორბანისთვის.

იმიტომ, რომ ერდოღანის რეჟიმის საყრდენია „პოლიტიზებული ისლამი“, რომელიც თურქმა ავტორიტარმა თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკის (მათ შორის ისლამურ სამყაროში თურქეთის რენომეს) ქვაკუთხედად აქცია.

 

მთავარი კითხვაა: რის სანაცვლოდ ანუ რის ფასად დასთანხმდა ერდოღანი შვედეთის გაწევრებას ალიანსში?

ერთ-ერთი (თუმცა არა ერთადერთი და არა ყველაზე მთავარი) მოტივი თუ „გეშეფტი“ ანუ გარიგება არც დამალულა: ისევე, როგორც უნგრეთს, ისევე როგორცა აზერბაიჯანს და მსოფლიო მრავალ ქვეყანას თურქეთის არმიასაც ძალიან მოსწონს შვედური იარაღი. მათ შორის „ექსკალიბურის“ „ჭკვიანი საარტილერიო ჭურვები“.

სტოკჰოლმმა და ანკარამ მოილაპარაკეს, რომ შვედეთი კრეატიულ შვედურ იარაღს მიჰყიდის ანკარას. მანამდე შვედეთი ამაზე უარს აცხადებდა ქურთებით დასახლებულ სირიის რეგიონში თურქული არმიის ოპერაციის გამო. შვედები თვლიდნენ, რომ ეს არღვევდა მშვიდობიანი ქურთი მოსახლეობის  უფლებებს.

თუმცა მხოლოდ ეს დათმობა ვერანაირად ვერ გახდებოდა ერდოღანის მხრიდან თანხმობის  მიზეზი და სრულიად ცხადია, რომ მთავარი „ვაჭრობა“ მიმდინარეობდა არა სტოკჰოლმთან, არამედ ვაშინგტონთან: ამერიკა, - NATO-ს ლიდერი ქვეყანა, - სისხლხორცეულად დაინტერესებული იყო შეეძინა ისეთი ძლიერი მოკავშირე (ბალტიის ზღვის ჩამკეტი) როგორიც შვედეთია.

აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ბალტიის ზღვას, რომელსაც აბსოლუტურად შეუდარებელი ფუნქცია და მნიშვნელობა აქვს მთელი ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისთვის (ბევრად მეტად ვიდრე შავ ზღვას) ჩრდილოეთის ზღვასთან და  მსოფლიო ოკეანესთან აკავშირებს ვიწრო სრუტე დანიასა და შვედეთს შორის.

ზუსტად ისევე, როგორც ბოსფორის სრუტე ერთადერთი კომუნიკაციაა, რომელიც შავ ზღვას აკავშირებს მარმარილოს ზღვასთან, ეგეოსის ზღვასთან, ხმელთაშუა ზღვასთან და მერე მსოფლიო ოკეანესთან.

დანია, შვედეთისგან განსხვავებით, NATO-ს წევრი იყო. ოღონდ  სანამ შვედეთი ინარჩუნებდა  ნეიტრალურ სტატუსს, ალიანსს არ შეეძლო სამხედრო-სტრატეგიული მიზნებით გამოეყენებინა ის გარემოება, რომ რუსეთი ვერც ერთ სამხედრო გემს ვერ გამოიყვანს ბალტიის  ზღვიდან და ვერ შეიყვანს ბალტიის ზღვაში, თუ არ ექნებოდა როგორც კოპენჰაგენის, ასევე სტოკჰოლმის თანხმობა.

და პირიქით: იმ სახელმწიფოებს, რომლებიც არ არიან უშუალოდ ბალტიის ზღვის მონაპირენი, როგორც კოპენჰაგენის, ასევე სტოკჰოლმის თანხმობა ესაჭიროებოდათ რათა ბალტიის ზღვაში სამხედრო გემები შეეტანათ, რაც ართულებდა ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის დაცვას.

მოსკოვს შეეძლო ზეწოლა განეხორციელებინა შვედეთის ხელისუფლებაზე და ესარგებლა მისი ლოიალობით.

ახლა უკვე ეს დისპოზიცია კარდინალურად შეიცვალა: შვედეთი ალიანსის „სოლიდარობის პაქტის“ მონაწილეა და მოსკოვი მასზე ზეწოლას ვეღარ განახორციელებს. მაშასადამე,  ბალტიის ზღვა ნამდვილად, საბოლოოდ იქცა NATO-ს „შიდა ტბად“ სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით.

 

მაგრამ რის სანაცვლოდ განაცხადა ერდოღანმა თანხმობა შვედეთის ალიანსში გაწევრებაზე? რა „გამოივაჭრა“ მან ვაშინგტონისგან?

ინფორმაცია ამერიკასა და თურქეთს შორის „დიდი ვაჭრობის“ თაობაზე განსაკუთრებით არც გასაიდუმლოებულა; თუმცაღა ოფიციალურად არ გაჟღერებულა:

ერდოღანს დიდი სურვილი ჰქონდა, შეეძინა უახლესი ამერიკული F-35 თვითმფრინავების პარტია. დაახლოებით 40-50 ერთეული. მაგრამ პენტაგონმა ეს გარიგება დაბლოკა მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ ერდოღანი „კუდს უქიცინებს“ მოსკოვს და პუტინისგან იყიდა  რუსული წარმოების საზენიტო სისტემა С-400.

ამით ერდოღანმა უხეშად დაარღვია NATO-ს არათუ დაუწერელი, არამედ დაწერილი კანონი, რომელიც პირდაპირ კრძალავს სამხედრო ტექნიკის და შეიარაღების შეძენას ალიანსის არაწევრი სახელმწიფოსგან NATO-ს საკოორდინაციო უწყებების თანხმობის გარეშე. ეს უწყებები კი თანხმობას გასცემენ მხოლოდ ყველა წევრი სახელმწიფოს „ვიზით“.

ბუნებრივია, ამერიკა, ისევე როგორც თუნდაც ევროპული სახელმწიფოები, თანხმობას ამაზე არ განაცხადებდნენ.

ბოლოს და ბოლოს ეს სუფთა სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისითაც იარაღის „შეუთავსებლობის“ თემაცაა. 

C-400  ტექნოლოგიურად და ტექნიკურად „შეუთავსებელია“ NATO-ს შეიარაღებასთან.

 

ოღონდ იყო მეორე მიზეზიც F-35 არმიწოდებისა: საბერძნეთი გამოვიდა წინააღმდეგი და ვაშინგტონმა ათენის პოზიცია უფრო გაითვალისწინა.

თურქეთსა და საბერძნეთს შორის ისტორიული მტრობაა და მიუხედავად ორივე ქვეყნის წევრობისა NATO-ში, დრო და დრო ეს მტრობა იჩენს ხოლმე თავს: კვიპროსის კაზუსი (რომლის ტერიტორიის ნაწილი დაპყრობილი აქვს თურქეთს) მხოლოდ ერთი მაგალითია; მეორე მაგალითია  საბერძნეთის მიერ იმ თურქი მაღალი რანგის ოფიცრების შეფარება, ვინც ერდოღანს რამდენიმე წლის წინ სამხედრო გადატრიალება მოუწყო და კლავდა უბრალოდ..... რომ ვერ გაესწრო

ვაშინგტონი იმდენად უკმაყოფილო იყო С-400-ის თაობაზე გარიგებით მოსკოვთან, რომ F-35 სტრატეგიულად დაუბლოკა ანკარას.

და როდესაც ერდოღანმა სცადა „გეშეფტის“ (გარიგების) ნაწილად  (შვედეთის თემაზე), ისევ F-35  კონტრაქტი ექცია, ამერიკელებმა მტკიცე უარი უთხრეს: შვედეთის წევრობაშიც კი არ იცვლებაო!

მაშინ ერდოღანმა, რომელიც საკმაოდ „მოქნილი“, გამოცდილი, ეშმაკი და ჭკვიანი პოლიტიკოსია, აწონ-დაწონა საკითხი, შეაფასა რისკები და ამერიკელებს შესთავაზა კომპრომისი: შვედეთის წევრობაზე თანხმობა ოღონდ არა F-35 არამედ F-16  მრავალდანიშნულებითი (მრავალფუნქციური) ავიაგამანადგურებლის დიდი პარტიის სანაცვლოდ!

როგორც ჩანს სწორედ ეს გახდა საბოლოო გარიგების საფუძველი.

F-16 Fighting Falcon (მებრძოლი შევარდენი) 1970-იან წლებში (1974 წელს იყო პირველი საცდელი ფრენა) ააშენა ამერიკულმა კომპანიამ General dynamics და არის გენიალური ნაკეთობა - აღიარებულია ყველა დროისა და ერის არა უბრალოდ საუკეთესო თვითმფრინავად, არამედ ერთ-ერთ საუკეთესო და წარმატებულ იარაღის სახეობად, როგორც მაგალითად ჯერ კიდევ 1942 წელს გამოშვებული ტყვიამფრქვევი  MG-42, რომელიც დღესაც კი გერმანული არმიის შეიარაღებაზეა.

F-16 მეოთხე თაობის პირველი თვითმფრინავია; 1970-იანი წლების შემდეგ მოხდა მისი მოდერნიზება და მხოლოდ ფრენითი მახასიათებლებით ანუ მანევრირების უნარით თუ ჩამოუვარდება მეხუთე თაობის F-35-ს

სხვაგვარად თუ ვიტყვით, ერდოღანმა ჩათვალა, რომ ამგვარი კომპრომისი მისთვის მისაღები და მომგებიანი იქნებოდა.

თუ გავითვალისწინებთ ერდოღანის რეგიონულ ამბიციებს, რეგიონში მას არ ჰყავს მოწინააღმდეგე, ვისაც F-16-ების დიდი რაოდენობით ვერ გაუმკლავდება.

ეს თვითმფრინავები თურქეთს ისედაც ჰქონდა შეიარაღებაზე.

აზერბაიჯანშიც გადაისროლა რუსეთის და ირანის გასაფრთხილებლად 2020 წელს - მეორე ყარაბაღის ომის დროს.

მაგრამ აქ ლაპარაკია დიდ პარტიაზე - დაახლოებით 50 ერთეულზე, რაც თურქეთის ისედაც ძლიერ არმიას კიდევ უფრო გააძლიერებს.

ერდოღანმა სამხედრო ელიტასთან (თურქულ გენერალიტეტთან) ერთად საკითხი გაანალიზა და ჩათვალა, რომ „შვედეთის ალიანსში შეშვება“ ფასი მას „ამ ფასად უღირდა“.