საერთაშორისო მიმოხილვა. 14 აგვისტო. 2023 წელი
რუსი ბლოგერები ადასტურებენ, რომ გააფთრებული ბრძოლები სოფელ უროჟაინოეს მიდამოებში უკრაინის გამარჯვებით დასრულდა, - უკრაინულმა არმიამ აიღო უროჟაინოე, საიდანაც, როგორც გუშინ გატყობინებდით იხსნება გზა აზოვის ზღვისკენ.
რუსეთი არ ადასტურებს. თუმცა არც უკრაინა ადასტურებს ჯერ უროჟაინნოეს აღებას. ეს უკრაინელების ბრძნული ტაქტიკაა ომის დაწყებიდან: ადასტურებენ ხოლმე მხოლოდ მას შემდეგ, როცა შეუქცევადია და უეჭველი.
უკრაინა რუსეთს მხოლოდ ბრძოლის ველზე კი არ ჯაბნის, არამედ საინფორმაციო ველზეც.
ძალიან მნიშვნელოვანი ინციდენტი მოხდა მარიუპოლთან, სოფელ უზრუფში, რომელიც ოკუპირებული მარიუპოლიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. იქ `დასასვენებლად` გაემგზავრა ჩეჩნური ბატალიონი. გაირუჯნენ მზეზე, მერე დაუწყებს ადგილობრივ გოგონებს დევნა, ჩაერია მილიცია, მერე ჩაერია რუსული კომენდატურა, სცადეს მთვრალი კადიროველების დაპატიმრება, იმათ საკომენდანტო რაზმის ოფიცრებს დაახიეს პაგონები, დაიწყო ჩხუბი, მერე გადაიზარდა სროლაში და.....4 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა!
ახლა პუტინის `საინფორმაციოები` და `ფაბლიქები` ყოველნაირად ცდილობენ მიჩქმალონ ეს სამარცხვინო ეპიზოდი. პუტინს სხვა გზა არც აქვს: უნდა მოითმინოს, თუ ჩეჩენი `ბოევიკები` რუსი ოფიცრების ცოლებს გააუპატიურებენ ამგვარი `დასვენებების` დროს. ჩეჩნეთის მიკროდიქტატორი რამზან კადიროვი პუტინის დასაყრდენად იქცა: როდესაც პრიგოჟინმა დაძრა თავისი `კერძო არმია` მოსკოვისკენ, პუტინის `უკანასკნელი რეზერვი` სწორედ `ჩეჩნური არმია` იყო. უფრო ზუსტად, `მიკრო0დიქტატორ კადიროვის` დაახლოებით 10 000 თავზეხელაღებული ბოევიკი.
წინათაც იყო შემთხვევები, როცა დონბასზე ჩეჩნები ამგვარ სექსუალური ხასიათის დანაშაულს სჩადიოდნენ, პუტინი კი ეწუწუნა კადიროვს `მეტისმეტი მოსდითო`, თუმცა კადიროვმა საჯაროდ (!) განაცხადა: `დაიღალნენ ბიჭები, დასვენება მოუნდათ და `იცელქეს`, რა მოხდა მერეო.
გუშინ რუსულმა კატარღამ ცეცხლი გაუხსნა გემს `შუქრა ოკან`, რომელიც საბერძნეთიდან უკრაინულ პორტ ისმაილისკენ მიდიოდა, რათა ხორბლით დატვირთულიყო.
ანუ პუტინმა მაინც აღასრულა თავისი მუქარა და დაბლოკა უკრაინული პორტები.
მშრალმზიდი გემი (პალაუს დროშით) გამოვიდა საბერძნეთიდან. არ აჩერებდა, მაგრამ რუსებმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნეს. ამის შემდეგ გემზე გადასხდნენ, `შეამოწმეს` (თითქოს არ იცოდნენ, რომ ცარიელი იყო, რადგან ხორბლით დასატვირთად მიდიოდა) და გაუშვეს, თუმცა გააფრთხილეს, უკრაინულ პორტში არ შესულიყო.
სამწუხაროდ, ამგვარმა ბანდიტიზმმა შედეგი გამოიღო და გემი `შუქრა ოკან` იზმაილისკენ აღარ წავიდა - გეზი რუმინეთისკენ აიღო.
აქ ყველაზე აღმაშფოთებელი ისაა, რომ ყველაფერი მოხდა შავი ზღვის ნეიტრალურ წყლებში (!!!). ეს არის საერთაშორისო სამართლის, ამთ შორის საზღვაო სამართლის ისეთი მკაფიო, ისეთი ერთმნიშვნელოვანი დარღვევა, როგორც ორჯერ-ორი.
რუსული გემები უკრაინის საზღვაო წყლებშიც კი არ შედიან, რათა იქ შეაჩერონ გემები. არ შედიან იმიტომ, რომ იქ შეიძლება მისწვდნენ ის უკრაინული რაკეტები (მათ შორის ბრიტანული) რომლითაც ჩაძირეს კრეისერი `მოსკვა`. (ეს ის კრეისერია, კოდორის ხეობას რომ ბომბავდა 2008 წელს) . ამიტომ რუსული ფლოტი განლაგდა ნეიტრალურ წყლებში და იქ `იჭერს` მშვიდობიან გემებს.
განმკითხავი კი არავინაა: თურქეთის ფლოტი რუსულზე ძლიერია, თუმცა ერდოღანი წინააღმდეგობას ვერ ბედავს. ამერიკას და ბრიტანეთს კი `მონტრეს კონვენციით` არა აქვთ უფლება სერიოზული ძალები განალაგონ შავ ზღვაში. რუმინეთისა და ბულგარეთის ფლოტები რუსულს ვერ შეედრება.
რამდენი ხანია NATO ლაპარაკობს შავი ზღვის კონტურის გაძლიერებაზე - იგულისხმება არა `მონტრეს კონვენციის `იგნორირება, არამედ შავიზღვისპირა სახელმწიფოების ფლოტთა (იმავე რუმინეთის და ბულგარეთის) გაძლიერება, თუმცა ლაპარაკი ლაპარაკად რჩება სამწუხაროდ.
პუტინმა სამწუხაროდ ძალიან სერიოზულ წარმატებას მიაღწია ნიგერში, სადაც, როგორც გატყობინებდით, მოხდა სამხედრო გადატრიალება და პრეზიდენტი მეამბოხეებმა დაატყვევეს.
ბევრი სპეციალისტი ამტკიცებს, რომ ამ გადატრიალებაში ვაგნერის და პრიგოჟინის ხელი ურევია. ისევე, როგორც რუსული სამხედრო დაზვერვისა ГРУ.
საქმე ის გახლავთ, რომ ნიგერის ამბებმა გამოიწვია უპრეცედენტო დიპლომატიური და პოლიტიკური კრიზისი საფრანგეთსა და ამერიკას შორის: ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვიქტორია ნულანდი ჩავიდა რეგიონში, მოლაპარაკება გამართა მეამბოხეებთან და მიიღო მათგან დაპირება, რომ არ შეეხებიან ამერიკის ინტერესებს. მათ შორის 1300 ამერიკელ სამხედროს, რომელიც ნიგერშია დისლოცირებული. ამ პირობით ამერიკა მზად არის აღარ გაამწვავოს ნიგერში კანონიერი ხელისუფლების აღდგენის საკითხი.
მაგრამ......საფრანგეთს კატეგორიულად საპირისპირო პოზიცია აქვს. მისი 1500 სამხედროა განლაგებული ნიგერში. საფრანგეთი მოითხოვს კანონიერად არჩეული პრეზიდენტის აღდგენას პოსტზე და ცდილობს ასევე შეკრას აფრიკული ქვეყნების კოალიცია. საქმე იქამდე მივიდა, რომ კომპეტენტურმა წყარომ პრეზიდენტ მაკრონის ადმინისტრაციაში პარიზულ გაზეთს L Figaro განუცხადა: `ასეთი მეგობრის და მოკავშირის ყოლას, როგორიც ამერიკაა, სჯობს მტრები გყავდესო!`
აქ სისტემური პრობლემა ისაა, რომ ნიგერი ყოფილი ფრანგული კოლონიაა.... და როგორც ყველა ყოფილ კოლონიაში, ყოფილი მეტროპოლია (ამ შემთხვევაში საფრანგეთი) ძალიან არ უყვართ. ამერიკელების მიმართ კი ნიგერის მაცხოვრებლებს ეს რესენტიმენტები არა აქვთ.
თუმცა ფრანგებს, რომლებიც ამერიკის მოკავშირეები არიან NATO-ში, ვაშინგტონის ამგვარი პოზიცია ძალიან სწყინთ.
ისევე, როგორც ძალიან ეწყინათ, როცა ამერიკამ წყნარი ოკეანის აუზში შექმნა AUKUS, არ მიიწვია საფრანგეთი და ავსტრალია დაარწმუნა, გაეუქმებინა მრავალმილიარდიანი კონტრაქტი დიზელძრავიანი წყალქვეშა ნავების მშენებლობაზე, სამაგიეროდ კი ბირთვულძრავიან წყალქვეშა ნავებს ამერიკა და დიდი ბრიტანეთი აუშენებდნენ.
ფრანგულ- ანგლოსაქსური წინააღმდეგობა ძველი თემაა: იმ დროიდან მოყოლებული, რაც პრეზიდენტმა დე გოლმა საფრანგეთი NATO-ს სამხედრო ორგანიზაციიდან გამოიყვანა.
ნიგერის ამბებს კი უფრო ფაქიზი მიდგომა სჭირდება, თორემ თუ აფრიკულმა ქვეყნებმა, საფრანგეთის წინამძღოლობით ინტერვენცია დაიწყეს კანონიერი ხელისუფლების აღსადგენად, იქ ისეთი ხოცვა-ჟლეტა ატყდება, უკრაინაც კი მონაგონი შეიძლება აღმოჩნდეს.
და პუტინი ძალიან იხეირებს ამით.
საინტერესოა შევადაროთ `ორი კორეა`, რომლის ჩრდილო ნაწილი სსრკ (რუსეთის) და ჩინეთის პროტექტორატი იყო, ხოლო სამხრეთ ნაწილი - ამერიკის შეერთებული შტატებისა.
როგორც ცნობილია, 1953 წლიდან კორეა ორ ნაწილად არის გაყოფილი.
ჩრდილოეთ (პრორუსული და პროჩინური) ნაწილი 120 000 კვადრატული კილომეტრია; სამხრეთ კორეა - 100 000 კვადრატული კილომეტრი.
შედარებისთვის: საქართველო, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში არის 70 000 კვადრატული კილომეტრი.
ჩრდილოეთ კორეაში ორჯერ მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე სამხრეთ კორეაში: 52 მილიონი - 26 მილიონი.
ერთ ერთი უმთავრესი მაჩვენებელი GDP Per capita ანუ ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობა სამხრეთ კორეაში 2022 წელს არის 47 000 დოლარი, ხოლო ჩრდილო კორეაში.....30 დოლარი (!!!)
შედარებისთვის, საქართველომ 2 წლის შემდეგ შესაძლოა მიაღწიოს 9 000 დოლარს. დღეს ამაზე ნაკლებია.
ღამით ჩრდილო კორეა ფაქტობრივად ჩაბნელებულია, ელექტროენერგია არ არის. სამხრეთ კორეა კი გაჩახჩახებულია.
ჩრდილო კორეაში ინტერნეტი არ არის. უფრო ზუსტად, არის მხოლოდ `შიდა-ინტერნეტი` პარტიის წევრებისთვის.
ჩრდილო კორეა თითქოს ჯორჯ ორუელის გენიალური რომანის, `1984 წელი` ეკრანიზაციაა.
ამერიკელებმა ხელი შეუწყვეს, რომ სამხრეთ კორეული ინდუსტრიული გიგანტები Samsung, Daewoo, Hyundai, Kia, Doosan გლობალურ ლიდერებად ქცეულიყვნენ.
‘სამხრეთ კორეა, ამერიკული მხარდაჭერით, გლობალური ლიდერია გემთმშენებლობაში (ყველაზე დიდ საოკეანო მშრალმზიდებსა და ტანკერებს სწორედ სამხრეთ კორეაში აშენებენ), ასევე ტანკმშენებლობაში (კორეული ტანკი K2 ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება) და ბოლო დროს კინოხელოვნებაშიც კი.
ეს არის სამხრეთ კორეაში ამერიკული `ყოფნის` 70 წლის თვალსაჩინო შედეგი მაშინ, როდესაც მოსკოვმა და პეკინმა ჩრდილო კორეა ღარიბ და მშიერ საკონცენტრაციო ბანაკად აქციეს.
დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ამერიკის ფინანსური დახმარება სამხრეთ კორეისთვის განსაკუთრებით დიდი არ ყოფილა. მაგრამ ამერიკელებმა `ხელი წაუკრეს` კორეულ ინდუსტრიას და, რაც მთავარია, შექმნეს `მოდელი`, როგორ უნდა განვითარებულიყო სამხრეთ კორეა დემოკრატიისა და ლიბერალური ეკონომიკის პირობებში.
ახლა შორეულ აღმოსავლეთში, წყნარი ოკეანის აუზში და ინდო-ჩინეთში ორი `მოდელი` ეჯიბრება ერთმანეთს და ეს შეჯიბრი 21-ე საუკუნეში ყველაფერს განსაზღვრავს
პირველი მოდელი არის დემოკრატიის შეთავსება ლიბერალურ საბაზრო ეკონომიკასთან, რაც ამერიკელებმა დაამკვიდრეს.\ იაპონიაში, შემდეგ სამხრეთ კორეაში.
მეორე მოდელი კი, რაც ახლა ხორციელდება ჩინეთში, არის ე.წ. `ლი ქუან იუს` მოდელი, ანუ სინგაპურის დიქტატორისა, რომელმაც დაამყარა მკაცრი დიქტატურა, თუმცა შეუთავსა იგი ლიბერალურ ეკონომიკას.
დენ სიაოპინის შემდეგ ჩინეთი ცდილობს 1,5 მილიარდიან `სინგაპურად` იქცეს. ’ჩრდილო კორეა ანაქრონიზმია, ოღონდ.....აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი ისაა, რომ დღევანდელ ჩინეთს არა აქვს იმის უნარი (და სურვილიც) კი, რომ ჩრდილო კორეას თუნდაც საკუთარი `მოდელი` გაუზიაროს.
ეს ძირფესვიანი სისტემური სხვაობაა ამერიკასა და ჩინეთს შორის: ჩინეთი თვითონ კი ვითარდება ლი ქუან იუ - დენ სიაპონის მაგისტრალური ხაზით, მაგრამ ხელს უწყობს ჩრდილო კორეაში აბსოლუტურად არაადამიანური, უსასტიკესი, უბნელესი დიქტატურის შენარჩუნებას.
და ეს იმიტომ ხდება, რომ მცნება `ღირებულებები` სულაც არ არის ქარაფშუტა იდეალისტების მოგონილი სისულელე, როგორც ზოგიერთს ჰგონია.