საერთაშორისო მიმოხილვა. 13 სექტემბერი 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 13 სექტემბერი 2022 წელი

აზერბაიჯანმა დაიწყო სომხეთის ქალაქებისა და სოფლების ინტენსიური საარტილერიო დაბომბვა. ჯერ-ჯერობით არტილერია უტევს იმ დასახლებულ პუნტქებს, რომლებიც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს მდებარეობს უდავოდ სომხურ ტერიტორიაზე.

ტერმინი `უდავოდ` ხაზგასასმელია იმიტომ, რომ რაც აზერბაიჯანმა 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბრის ომი მოიგო, წარსულს ჩაბარდა დრო, როცა აზერბაიჯანის არმია საკუთარ ტერიტორიაზე ბომბავდა სომხურ პოზიციებს, ანუ იმ ტერიტორიაზე, რაც სომხებს ჰქონდათ დაკავებული. ახლა გადავიდა უშუალოდ სომხეთის ტერიტორიის დაბომბვაზე.

აქტიურად იყენებს შორსმსროლელ არტილერიას, ზალპური ცეცხლის დანადგარებს და გენიალურ თურქულ უპილოტო `ბაირაქტარებს`.

რაც არ უნდა ილაპარაკოს ახლა ბაქომ, რა საბაბიც არ უნდა მოიტანოს, რითაც არ უნდა...`გაამართლოს` (აზერები ამბობენ, თითქოს სომხურ პროვოკაციებს პასუხობენ), ნამდვილი, სიღრმისეული, სისტემური მიზეზი ამ შეტევისა ისაა, რომ აზერბაინანს სურს, სანამ რუსეთი ჩაფლულია უკრაინის სისხლიან ჭაობში, სანამ მოსკოვი სუსტია და კავკასიისთვის `არ სცალია`, მოასწროს და აიძულოს სომხეთი დაეთანხმოს აზერბაიჯანის ორ სტრატეგიულ მოთხოვნას:

ა) აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარება - სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის ძალიან ვიწრო კულტურული ავტონომიით

ბ) სომხეთის გავლით სახმელეთო დერეფნის გახსნა აზერბაიჯანიდან ნახჭევანის და თურქეთის მიმართულებით.

 

სომხეთი არც ერთ ამ მოთხოვნას არ თანხმდება.

აბსოლუტურად გამორიცხულია აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ეს საარტილერიო დარტყმა (ჯერ სახმელეთო ჯარებით არ უტევს სომხეთის ტერიტორიას, თუმცა საარტილერიო შემზადებას კი ჰგავს ნამდვილად) დაეწყო თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან წინასწარი შეთანხმების გარეშე.

ისევე, როგორც 2020 წლის ომი იყო წინასწარ შეთანხმებული თურქეთის ლიდერთან.

აზერბაიჯან-თურქეთის ერთობა ახლა ცდილობს ისარგებლოს რუსეთის ისტორიული სისუსტით და `ფეხო ამოაკვეთინონ` ფაქტიურად მოსკოვს სამხრეთ კავკასიიდან.

აზერბაიჯანის შეტევა არის  უკრაინული არმიის წარმატებული კონტრშეტევის პირდაპირი შედეგი.

 

ამ დილით სომხეთმა ოფიციალურად მიმართა რუსეთს თხოვნით, გაუწიოს სამხედრო დახმარება აზერბაიჯანის წინააღმდეგ. არგუმენტიც მყარი აქვთ: `ადრე ომი ყარაბაღში მიმდინარეობდა, ახლა პირდაპირ სომხეთს ბომბავენ აზერებიო....`

მოსკოვი დუმს.

საეჭვოა ახლა სომხეთისთვის  ეცალოს მართლა პუტინს, მაგრამ სულ მთლად გაჩუმება და ასეთი, უკაცრავადმ `სახეში შეფურთხების `მოწმენდაც` აღარ შეიძლება.

სომხეთი ხომ რუსეთის უკანასკნელი დასაყრდენია რეგიონში?

. . . . . . . . . . . . . . . . .

საოცარი გეოპოლიტიკური ფიგურები იქმნება პუტინის ჩლუნგი, იმპერიალისტური, ანტიევროპული  აგრესიის შედეგად.

აი, მაგალითად, რამდენიმე წლის წინ რომ წარმოდგენაც კი შეუძლებელი იქნებოდა: ისტორიულმა მტრებმა, ისრაელმა და ეგვიპტემ მოილაპარაკეს, რომ ისრაელი თავის საბადოებზე მოიპოვებს მეტ ბუნებრივ აირს, მერე ამ ბუნებრივ აირს მიაწვდის ეგვიპტის გადამამუშავებელ ქარხნებს, ეგვიპტე გაათხევადებს ამ გაზს და მიაწვდის ევროკავშირს.

ეს შეთანხმება იმის წყალობით მოხერხდა, რომ რუსული ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილმა ევროკავშირმა ისეთი `მსუყე` ისეთი `გემრიელი` ფინანსური პირობები შესთავაზა ეგვიპტესაც და ისრაელსაც (თუ ისინი შეთანხმდებოდნენ) რომ ამ ორი ისტორიულად მტრული ქვეყნის მთავრობას სხვა გზა აღარც დარჩა გარდა ორმხრივად და სამმხრივად სასარგებლო შეთანხმებისა.

. . . . . . . . . . . . . . . . .

უკრაინის წარმატებული კონტრშეტევის ფონზე პუტინმა მოსკოვში `ეშმაკის ბორბლის` გახსნაში მიიღო მონაწილეობა; მიესიენ რუსები `ბორბალს` და მეორე დღესვე გაფუჭდა.

საოცარი მეტაფორაა!

 

ამავე დროს, ძალიან საინტერესოა, თუ  რა ხდება ახლა რუსულ ე.წ. `პატრიოტულ ბლოგოსფეროში`, რომელიც სულ `ურას` იძახდა 24 თებერვალს, - სწრაფ გამარჯვებას ელოდა, ახლა კი ყურებჩამოყრილნი წუწუნებენ.

ეს მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ეს ე.წ. `პროპუტინისტი პატრიოტები` ქმნიან ამინდს ე.წ. `რუსულ შოვინისტურ საზოგადოებაში` და არა მცირერიცხოვანი ლიბერელები.

`პუტინისტი ბლოგრები` ახლა წერენ, რომ 2022 წლის  11 სექტემბერი, როცა უკრაინელებმა იზიუმი გაათავისუფლეს, `რუსებისთვის ისეთივე კატასტროფა გახდა, როგორც 2001 წლის 11 სექტემბერი იყო ამერიკელებისთვის და რომ `ყველაფერს მოელოდნენ ოღონდ ასეთ სირცხილს - არა`

ერთი ცნობილი თავგადაკლული პუტინისტი, 2008 წელს რომ სულ შხამს ანთხევდა საქართველოს წინააღმდეგ, ახლა წერს საინტერესო ფრაზას: `ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ რუსული არმიის ეს წარუმატებლობა ღალატის შედეგია, მაგრამ ტანში მზარავს იმის შიში, რომ მიზეზი ღალატი კი არ არის, არამედ ის, რომ ჩვენს დიად არმიას მეტი არც არაფერი შეუძლიაო`.

სხვა `რუსი პატრიოტები` წერენ, რომ ახლა პუტინი უკვე უკან ვეღარ დაიხევს 24 თებერვლის მდგომარეობამდე (რასაც მაკრონი სთავაზობს, როგორც გუშინ მოგახსენეთ) რადგან, მათი თქმით (დავაკვირდეთ): `1905 წელს რუსეთის იმპერიის დამარცხებამ იაპონიასთან ომში ამ იმპერიის დაშლა გამოიწვია; ხოლო 1988 წელს სსრკ დამარცხებამ ავღანეთში და ავღანეთიდან ჯარების გამოყვანამ საბჭოთა იმპერიის დაშლა განაპირობა. ახლა თუ პუტინმა მაკრონის კაპიტულაციას ხელი მოაწერა, გამოდის ათი ათასობით რუსი ჯარისკაცი ტყუილად დაიღუპა და რუსეთის ფედერაციაც აუცილებლად დაიშლებაო`.

პუტინისთვის განსაკუთრებით საშიშია, რომ მის წინააღმდეგ გამოდიან ქარიზმატული საველე მეთაურები, სეპარატისტთა ის ლიდერები, ვინც 2014 წლის სეპარატისტული ამბოხის ინიციატორები გახდნენ ყირიმსა და დონბასზე. მაგალითად იგორ სტრელკოვი (გირკინი), რომელიც იქაურობას პუტინმა მას შემდეგ მოაშორა, რაც სტრელკოვის ქვედანაყოფმა დონბასის თავზე ჰოლანდიური სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდო.

ამის გამო სტრელკოვი ძალიან დაიბოღმა. ბოლო დრომდე ჩუმად იყო. ახლა კი პირდაპირ დასცინის პუტინს: `წარმატებით ჩააბარა მთელი ხარკოვის ოლქი უკრაინას და ბარემ რუსეთის ბელგოროდის ოლქიც გადასცეს: ისედაც ყოველ დღე ბომბავს უკრაინა და იმას მაინც ვეღარავინ იტყვის: რუსეთის ტერიტორია იბომბებაო`.

და, რასაკვირველია, რუსი პატრიოტები რის რუსი პატრიოტები იქნებოდნენ, ახლა პუტინს არ შესთავაზებდნენ `უკანასკნელი არგუმენტის` გამოყენებას: კიევის ბირთვული დაბომბვა!!! არგუმენტით; `აბა ამერიკელებმა ხომ დაბომბეს ხიროშიმა 1945 წეეეეეეეეეეეელს?`

 

რუსი ბლოგერები პუტინს ასევე `სთავაზობენ`, ახლა ოფიციალურად ცოლად მოიყვანოს მისი მეგობარი ქალი ალინა კაბაევა, ჩაძვრეს ბუნკერში და მერე ტყვია იხალოს შუბლში - როგორც ჰიტლერმა მოიყვანა ცოლად მეგობარი ქალი ევა ბრაუნი გერმანიის კაპიტულაციამდე რამდენიმე დღითა დრე  და ტყვია იხალა შუბლში.

 

სხვები წერენ: ის `ეშმაკის ბორბალი` რომ გახსნა მაგ მანიაკმა, ალბათ იმისთვის უნდა, ზედ აძვრეს და უკრაინული არმია დაინახოს მოსკოვის მისადგომებთანო.

 

ალა პუგაჩოვა, რომელიც თავიდანვე ამ აგრესიის წინააღმდეგი იყო, ახლა ასე ხუმრობს: `რა დროულად დავბრუნდი რუსეთში - მგონი მოსკოვთან თავდაცვითი ტრანშეების თხრას დამავალებენ სხვა მოსკოველებთან ერთადო`.

 

საინფორმაციო გლობალური ომის დროს, როცა გლობალიზებული, კომუნიცირებული მსოფლიო იღებს ინფორმაციას და საზრისად აქცევს (ანუ პოლიტიკური ფაქტორის მნიშვნელობასაც სძენს) ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთ დამცინავ საინფორმაციო შეტევებს, როგორიც რამდენიმე დღის განახორციელა ამერიკელმა ჟურნალისტმა (ფოტოკორმა) ქალბატონმა ამანდა რივკინმა: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპოუქსპერსონ კონაშენკოვის ფოტო დადო წარწერით: `რუსული არმია ძლევამოსილად გამორბის, უკრაინელები პანიკურად  მოგვდევენ` (Russian troops retreat victoriously, Ukrainian army runs after them in panic).

 

 ბევრმა შენიშნა აგრეთვე, რომ პუტინის უამრავმა მრავალწლიანმა მხარდამჭერმა მოულოდნელად წაშალა წინა წლების ბლოგები და საიტებიც კი დახურა. გაქცევისთვის ემზადებიან. მათ დასცინიან: წყეულ ევროპაში გაიქცევიან, მანამდე კი პლასტიკურ ოპერაციას გაიკეთებენო.

 

საინტერესოა, რომ გათავისუფლებულ უკრაინულ ქალაქებში, კუპიანსკში და იზიუმში უკრაინულმა სპეცსამსახურებმა დააკავეს რუსი მასწავლებლები, რომლებიც რუსეთის სხვა ქალაქებიდან ჩაიყვანეს უკრაინაში, რათა უკრაინელი ბავშვები `გაერუსებინათ` - რუსული ენის ძალადობრივი სწავლების გზით.

უკრაინის მთავრობა აცხადებს, რომ ამ ე.წ. `რუსულის მასწავლებლებს` გაასამართლებს უკრაინის ტერიტორიაზე მტრული საქმიანობისთვის.

 

უკრაინის მიერ გათავისუფლებული რეგიონებიდან ინტენსიურად გარბიან რუსული აგრესიის მხარდამჭერი რუსები. ათასობით და ასიათასობით;

ზოგი სამუდამოდ მიდის და სახლსაც კი წვავს - უკან მომბრუნებელი აღარ არის.

მიდიან სატვირთო მანქანებით, მიაქვთ რაც კი გააჩნდათ - ტელევიზორი....საწოლი...მაცივარი.....რუსეთის ტერიტორიაზე გადადიან და თავშესაფარს ეძებენ.

საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ პირველად, ეთნიკურმა რუსებმა იგემეს, რას ნიშნავს ლტოლვილობა, რას ნიშნავს, როცა საცოდავი გალელები, სოხუმელები აიკიდებდნენ რაც კი გააჩნდათ და სამშობლოს ტოვებდნენ......