საერთაშორისო მიმოხილვა. 13 მაისი 2024 წელი.

საერთაშორისო მიმოხილვა. 13 მაისი 2024 წელი.

მნიშვნელოვანი გადაადგილებებია რუსეთის მთავრობაში.

პუტინმა, ინაუგურაციის შემდეგ, მთავრობაში მხოლოდ ერთი მინისტრი შეცვალა: თავდაცვისა!

სერგეი შოიგუ პუტინმა აღარ დანიშნა და მის ნაცვლად თავდაცვის სამინისტრო ჩააბარა ყოფილ ვიცე-პრემიერ ანდრეი ბელოუსოვს, რომელიც მოქმედი სამხედრო საერთოდ არ არის.

Андрей ремович белоусов ეკონომისტია. 1981 წელს მოსკოვის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული.

სერგეი შოიგუ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნა პუტინმა, ნაცვლად პატრუშევისა. თავისთავად საინტერესოა, რომ ნიკოლაი პატრუშევი გადააყენა ამის გამო, თუმცაღა პატრუშევი სულ.... სულ... სულ თავიდან მოჰყვება მას, როგორც გამოცდილი КГБ-შნიკი.

რა თქმა უნდა „უშიშროების საბჭოს მდივნის“ თანამდებობა „ჟღერს“, მაგრამ შეუდარებელია თავდაცვის მინისტრობასთან.

შესაბამისად, შოიგუ დააქვეითეს.

ახლა ბევრს მსჯელობენ მსოფლიო მედიაში, რა გახდა ამის მიზეზი.

სამი სავარაუდო სისტემური მიზეზი სახელდება:

 

ა) პუტინი უკმაყოფილოა  უკრაინაში ომის გაჭიანურებით და ამის გამო პასუხისმგებლობას შოიგუს აკისრებს და არა გენშტაბის უფროს გერასიმოვს, რომელიც თანამდებობას ინარჩუნებს

 

ბ) მცირე ხნის წინ შოიგუს მოადგილე ტიმურ ივანოვი გამოიჭირეს მილიარდი რუბლის (დაახლოებით 13 მილიონი დოლარის) ქრთამის აღებაში. არადა შოიგუს უახლოესი ხელქვეითი იყო და.....ბუნებრივია გაჩნდა ეჭვები შოიგუს მიმართაც.....თუმცათვით შოიგუს დაჭერა ამ ომის დროს პუტინს არ აწყობს რასაკვირველია

 

გ) პუტინს სურს უფრო КГБ-შნიკებს ჩააბაროს თავდაცვის სამინისტრო, რაკი სამხედროებს ბოლომდე არ ენდობა.

ზოგადად რუსეთის უახლეს ისტორიაში  ყოფილა მცდელობა თავდაცვის სამინისტრო „სამოქალაქო პირისთვის“ ჩაებარებინათ, თუმცა არაფერი არ გამოვიდა: სხვაა რუსული ისტორიული ტრადიცია, ამდენად რუსულმა გენერალიტეტმა არ „მიიღო“.

ამიტომ, როგორც ჩანს, კრემლში ფიქრობენ, რომ „სპეცსამსახურების“ შემადგენელი გააძლიერონ.

ერთ-ერთი „ტრიგერი“ ალბათ გახდა ევგენი პრიგოჟინის ამბოხი.

ზოგადად ეს სიახლე არაა: ომის დროს სამხედროებს მეტი კონტროლი სჭირდებათ, რათა „არ აიშვან“. გაუთავებელი ომით ხომ არმიაც „იღლება“. ამას ისტორია ადასტურებს.

სხვა საკვანძო მინისტრებმა პოსტები შეინარჩუნეს. პრემიერი კვლავ მიშუსტინია (ყოფილი რუსული „საგადასახადოს“ უფროსი), რომელმაც უნდა ვაღიაროთ, რაღაცნაირად მოახერხა, რომ რუსული ეკონომიკა არ ჩამოქცეულიყო სანქციების მიუხედავად; საგარეო საქმეთა მინისტრი ისევ სერგეი ლავროვია.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთმა გადალახა რუსეთ-უკრაინის საზღვარი ხარკოვის მიმართულებით.

აქ უნდა გავიხსენოთ, რომ მიუხედავად დონბასის დიდი ნაწილის ოკუპაციისა, ჩრდილოეთით, ანუ რუსეთ-ბელორუს-უკრაინის საზღვრების შეერთების ადგილას  ანუ ბელგოროდის ოლქთან, არსებობდა საზღვრის მონაკვეთები, რომლებსაც 1991 წლიდან დღემდე უკრაინა აკონტროლებდა მიუხედავად ომისა.

ახლა რუსულმა არმიამ ეს მონაკვეთი გადალახა და ერთდროულად ავითარებს შეტევას ხარკოვის მიმართულებით.

ჯერ ჯერობით, საბედნიეროდ, წარუმატებლად. თუმცა სპეციალისტები აცხადებენ, რომ რუსეთის მიზანია აიძულოს უკრაინა, მისი მცირე რეზერვები გადაისროლოს ჩრდილოეთით დონბასის ფრონტიდან.

იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს მეტი ცოცხალი ძალა და მეტი რეზერვი ჰყავს, აქ უკვე, სამწუხაროდ, იწყებს „მუშაობას“ ისეთი ობიექტური და მძიმე ფაქტორი, როგორიცაა დემოგრაფია: უკრაინამ რამდენიმე მობილიზაცია გამოაცხადა უკვე, რუსეთმა კი მხოლოდ ერთხელ. და მაინც, „ცოცხალი ძალის“ რუსული რესურსი მეტია, ვიდრე უკრაინული.

პუტინს შეუძლია თქვას ერთი  სსრკ დროინდელი ბოროტი ანეკდოტის პერიფრაზით: „ვინმეს ხომ არ ჰგონია მე კომუნისტებმა რუსები თვლით ჩამაბარესო“ – Бабы ещё нарожают.

ეს „პარადიგმა“ არ იცვლება.

 

ძალიან ცუდი ტენდენციაა, რომ იმ რამდენიმე დასახლებული პუნქტიდან, რომელიც რუსეთმა ხარკოვის რაიონში ახლა დაიპყრო, მოსახლეობა გარბის ხარკოვში და იქ შეაქვს პანიკა.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

ხარკოვის მიმართულებით შეტევის პასუხად, უკრაინა სულ უფრო ძლიერად ბომბავს რუსეთის ბელგოროდის ოლქს და პირველ რიგში ქალაქ ბელგოროდს.

გუშინდელი უძლიერესი დარტყმის შედეგად, 10 სართულიანი სახლი დაინგრა ბელგოროდში და 15 ადამიანი დაიღუპა.

რუსები უკრაინას „მშვიდობიან მოსახლეობაზე“ თავდასხმაში ადანაშაულებს, მაგრამ უკრაინელები პასუხობენ  ზუსტად ისე, როგორც რუსები პასუხობენ „ხოლმე“, როცა კიევში, ხარკოვში, დნეპრში, ოდესაში ინგრევა სახლები და იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა: „ჩვენ სამხედრო ობიექტებს ვესროდით, მაგრამ უკრაინულმა „საზენიტომ“ რაკეტები ჩამოაგდო და ამიტომ მოხვდა საცხოვრებელ სახლსო„.

ჰოდა იმავეს ეუბნებიან ახლა უკრაინელები ყველა პრეტენზიის პასუხად.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

 რა საოცარი ილუსტრაციაა, თუ რას წარმოადგენენ რუსული ელიტები: კრემლთან დაახლოებული მომღერალი, გრიგოლ ლეფსწვერიძე (ლეფსი) თავს იმართლებს: მე კი ვარ პუტინის აქტიური მომხრე და რუსეთის სახალხო არტისტობაც მომანიჭეს, მაგრამ ჩემი შვილები ევროპა-ამერიკაში სწავლობენ და იქ ცხოვრობენ რაკი.....აბა მე რა შემეძლო, იმათ ასე უნდოდათ და წინააღმდეგობა ვერ გავუწიეო.

 . . . . . . . . . . . . . . . . . .

ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა: ამერიკული INTEL იწყებს ოჰაიოს შტატში მიკროჩიპების დიდი ქარხნის მშენებლობას.

დღემდე მსოფლიოში მიკროჩიპების უდიდესი მწარმოებელია ტაივანის TSMC. მაგრამ ამერიკელებმა (სახელმწიფოს მხარდაჭერით!!!) გადაწყვიტეს 28 მილიარდი დოლარი „ჩაასხან“ ოჰაიოს ქარხანაში, რადგან ვაშინგტონში არ მოსწონთ, რომ თავადაც და მსოფლიოც ამდენად არის დამოკიდებული „მოწყვლად“ მწარმოებელზე.

„მოწყვლადზე“ იმიტომ, რომ ტაივანის მდგომარეობა ძალიან რთულია ჩინეთის მუდმივი მუქარის გამო. იქ ომის დაწყების შემთხვევაში, ამ უმნიშვნელოვანეს გლობალურ ინდუსტრიას შესაძლოა დიდი საფრთხე დაემუქროს: დღეს მიკროჩიპები ფაქტობრივად მრავალი სხვადასხვა მომიჯნავე ინდუსტრიის „ხერხემლად“ იქცა.

თეთრ სახლში და კონგრესში მიიჩნიეს, რომ ამერიკული INTEL უნდა გააძლიერონ (28 მილიარდი დოლარი ძალიან მნიშვნელოვანი თანხაა ამერიკის მასშტაბითაც კი!) რათა უფრო გარანტირებული იყოს გლობალური ინდუსტრია.

თანაც ეს სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რადგან ეს ახალი ქარხანა ვერც ერთ თვეში აშენდება და ვერც ერთ წელიწადში.

საოცარი ფაქტია, რომ ტაივანის TSMC მსოფლიოს მიკროჩიპების 80%-ს ამზადებს.

 . . . . . . . . . . . . . . . . . .

ისრაელმა აამოძრავა თავისი ზემძლავრი ლობი ამერიკის შეერთებულ შტატებში მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა სიმბოლურად (!) განაცხადა, რომ შეუწყვიტა ისრაელს დამატებითი ბომბების მიწოდება, რაკი პრემიერი ნეთანიაჰუ არ ამბობს უარს რაფახის აღების გეგმებზე.

კვლავ გავიმეორებ, რომ ეს არის სუფთად სიმბოლური გადაწყვეტილება, რაკი ისრაელს იარაღი არ აკლია.

მიუხედავად ამისა, ისრაელმა გადაწყვიტა დასაჯოს ბაიდენი: „რესპუბლიკელებმა“ კონგრესში დააინიცირეს ბაიდენის იმპიჩმენტი!

ეს იმპიჩმენტი სრულიად უპერსპექტივოა, რადგან „რესპუბლიკურ პარტიას“ კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში მხოლოდ მინიმალური უმრავლესობა აქვთ, რაც არ არის საკმარისი იმპიჩმენტისთვის.

მაგრამ ისრაელის და მისი ლობისტების მიზანია ამ შემთხვევაში „დაანგრიონ“ ბაიდენის რეიტინგი 5 ნოემბრის არჩევნების წინ.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ის რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, არანაირი ომი ღაზაში არ იქნებოდა.

ესეც წინასაარჩევნო განცხადებაა რასაკვირველია: აბა რა რესურსი აქვს ტრამპს, არ დაეშვა 7 ოქტომბრის საზარელი ტერაქტი და პალესტინელი ტერორისტების შეჭრა სამხრეთ ისრაელში?

თუმცა არჩევნებია და აბა რატომ უნდა იყოს გასაკვირი, ტრამპი იყენებდეს ყველა საშუალებას, რათა დაასუსტოს ბაიდენი?

შეგახსენებთ, რომ სწორედ დონალდ ტრამპია ის პრეზიდენტი, რომელმაც იერუსალიმი აღიარა ისრაელის დედაქალაქად მიუხედავად არაბული სამყაროს (მთელი არაბული სამყაროს და არა მხოლოდ პალესტინელთა) მძვინვარე უარყოფითი რეაქციისა.

ეს დიდ რონალდ რეიგანსაც კი არ გაუკეთებია, ანუ ტელ-ავივს აღიარებდა ისრაელის დედაქალაქად და არა იერუსალიმს.

აქ მთავარია, რამდენად „კონსოლირდება“ ბაიდენის პოტენციური ამომრჩეველი და რამდენად - ტრამპის ამომრჩეველი.

ბაიდენის პოტენციური ამომრჩეველია არა მხოლოდ არაბები, არამედ მუსლიმები, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობენ. ეს ძალიან ბევრია. იმაზე მეტი, ვიდრე ამერიკაში მცხოვრები ებრაელები. მაგრამ ისრაელს მხარს უჭერს (შესაბამისად ბაიდენზე გაბრაზდება) ამერიკული ბიზნესი, მათ შორის ელიტური ბიზნესი და შემოქმედებითი ელიტების (მათ შორის ჰოლივუდის) უდიდესი ნაწილი.

ასეთიარაპროგნოზირებადი საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკაში ალბათ ჯერ არ ჩატარებულა, რადგან ლოგიკოსთა ტერმინით თუ ვიტყვით, მეტისმეტად ბევრი „ცვლადია“ ამ არჩევნებში ჩართული. თანაც „საერთაშორისო ცვლადი“.