საერთაშორისო მიმოხილვა. 13 მაისი. 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 13 მაისი. 2022 წელი

აფხაზეთის ტურინდუსტრიის ხელმძღვანელები აცხადებენ: დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა, რუსი ტურისტები ევროპაში ვეღარ დადიან, ადტრიატიკაზე და ხმელთაშუა ზღვაზე ვეღარ ისვენებენ, ამიტომ წელს 1 მილიონის ნაცვლად 3 მილიონი ტურისტი ჩამოვა აფხაზეთშიო.

ეს სრული სისულელეა, რადგან ის კატეგორია, რომელიც ადრიატიკაზე და ესპანეთის სანაპიროზე ან საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე ისვენებდა, აფხაზეთში არ წავა: არც უსაფრთხოებაა და არც სერვისი.

აბა რომელი მათგანი  დაისვენებს `კავკასიურ ჰარლემში`?

იმ `1 მილიონი რუსი ტურისტიდან` უდიდესი ნაწილი აფხაზეთში მხოლოდ ერთი დღით ჩადიოდა: ახალი ათონის მონასტრისა და რიცის ტბის  მოსანახულებლად.

. . . . . . . . . . .

აფხაზეთში პროდუქტები 60%-ით გაძვირდა. ასე იცის რუსულ ბაზარზე მიბმამ.

რა გააკეთეს აფხაზებმა ამ პრობლემის გადასაჭრელად?  - შეამსუბუქეს ე.წ. `სასაზღვრო რეჟიმი` ზუგდიდის რაიონთან, ენგურის ხიდზე, რადგან თუ იქ აქტიური მოძრაობა დაიწყო, აფხაზეთში პროდუქტები შევა დასავლეთ საქართველოდან და, შესაბამისად, საკვებიც გაიაფდება.

. . . . . . . . . . .

კრიპტოვალუტის ბაზარზე დიდი პანიკაა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კრიპტოვალუტა ბიტკოინი (ეს არ არის ერთადერთი კრიპტოვალუტა, თუმცა ყველაზე ძლიერი კრიპტოვალუტაა)  50%-ით გაიაფდა ისტორიულ მაქსიმუმთან შედარებით და ახლა 1 ბიტკოინი მხოლოდ 26 350 დოლარი ღირს.

თუ გავითვალისწინებთ, რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს (დღეს უკვე) ბიტკოინი ფინანსურ ბაზრებზე, ზოგადად გლობალურ ფინანსებში და ეკონომიკის სხვადასხვა დარგშიც, ბიტკოინის ასეთი გაუფასურება ძალიან ცუდის მომასწავებელია. ოღონდ არა მხოლოდ ბიტკოინის მფლობელთათვის ან იმ ხალხისთვის, ვინც ბიტკოინის კურსებზე თამაშობს, არამედ მთლიანობაში გლობალური ფინანსებისა და ეკონომიკისათვის.

სპეციალისტები თვლიან, რომ მიზეზი ორია: ჯერ ერთი, უკრაინის ომი, ზოგადი არასტაბილურობა და მეორე: ეჭვები, - ხომ არ `დაეცემა` საერთოდ ბიტკოინი, როგორც ელექტრონული `ფული`?!

 თავად ბლოკ-ჩეინის ტექნოლოგია არავითარ ეჭვს არ იწვევს. ლაპარაკია კონკრეტულად ბიტკოინზე.

იგი ადრეც გაუფასურებულა, თუმცა ერთბაშად ასეთი მასშტაბით არა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ვიღაც დიდმა მოთამაშეებმა `რატომღაც` გადაწყვიტეს ერთბაშად მოეშორებინათ თავიდან ბიტკოინი.

ზოგიერთი სპეციალისტი, ამ პროცესებზე დაკვირვებისას, ამბობს, რომ ბიტკოინის დაცემა გამოიწვევს მთელი `ციფრული ეკონომიკის` დაცემას.

არსებობს ასეთი ტერმინი `ციფრული ეკონომიკა`, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში ფანტასტიური ტემპებით იზრდებოდა და ეკონომიკის რეალურ სექტორებს ანუ ინდუსტრიებს, ესე იგი წარმოებას, ბევრად აღემატებოდა.

. . . . . . . . . . .

გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დმიტრი პოლიანსკიმ განაცხადა, რომ ამიერიდან რუსეთისთვის ერთნაირად მიუღებელია როგორც უკრაინის NATO-ში შესვლა, ასევე მისი შესვლა ევროკავშირში.

პოლიანსკიმ თავისი ეს გამაოგნებელი განცხადება იმით ახსნა, რომ EU-ს `საგარეომ`, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა: `რუსეთი უნდა დამარცხდეს უკრაინაშიო.

ამიტომ, თურმე ნუ იტყვით, მოსკოვი `ვეღარ ხედავს სხვაობას ევროკავშირსა და ნატოს` შორის, ანუ ირეაგირებს უკრაინის ნატოში შესვლაზე ისევე, როგორც ევროკავშირში შესვლაზე ირეაგირებდა. და პირიქით.

რა თქმა უნდა, რუსი დიპლომატი თვალთმაქცობს: 2014 წელს, როდესაც რუსეთმა დაიწყო ღია აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ყირიმი დაიპყრო და დონბასზე ომი გააჩაღა, უკრაინას ოფიციალურად საერთოდ `უბლოკო` სტატუსი ჰქონდა, რაც ნეიტრალიტეტის არასრული, თუმცა ერთ-ერთი ფორმაა. ანუ უკრაინა მაშინ აცხადებდა, რომ სულაც არ აპირებს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში შესვლას, თუმცა ამით რუსული აგრესია თავიდან ვერ აიცილა.

იმიტომ, რომ სინამდვილეში, მოკოვისთვის უკრაინის ნატოში შესვლა მიუღებელია, რადგან NATO არის  პირველი ნაბიჯი ევროკავშირისკენ, რის შედეგადაც უკრაინა მოსწყდება ე.წ. `რუსსკი მირს` და იქცევა ევროპული ცივილიზაციის ნაწილად.

გაეროში რუსეთის წარმომადგენლის მოადგილემ ღიად თქვა: ევროკავშირისა და ნატოს გატოლება იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ უკრაინამ კითხვარი შეავსო და არ არის გამორიცხული, ნატოს გარეშეც მიიღონ უკვე ევროკავშირშიო. ან კანდიდატის სტატუსი მიანიჭონო.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა იმანუილ მაკრონმა განაცხადა: შესაძლოა უკრაინა, საქართველო და მოლდოვა სრულფასოვან წევრებად ვერ მივიღოთ ახლავე, მაგრამ მათ შეიძლება მივანიჭოთ განსაკუთრებული სტატუსიო. რაღაც უფრო მეტი, ვიდრე ევროასოცირებაა.

როგორც სჩანს მაკრონი გულისხმობს, რომ ეს სამი ქვეყანა (თუ ჩვენც მიგვიღეს) ისარგებლებს ყველა სავაჭრო-ეკონომიკური უფლებით, შრომითი მიგრაციის უფლებითაც კი, მაგრამ ვერ მიიღებს დოტაციებს ბრიუსელის ბიუჯეტიდან.

თუ ეს ვარაუდი სწორია, ამ ისტორიულ ეტაპზე ამგვარი სტატუსიც მიღწევა იქნებოდა, თუმცა არავინ იცის, როგორ შეაფასებს ევროკავშირი დღევანდელ საქართველოში დემოკრატიის დონეს.

. . . . . . . . . . .

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ განაცხადა: `რუსსკი მირი ევროპის კიბოა`.

ბოლო დღეებში გამოიკვეთა NATO-ს შიგნით მცირე ალიანსების  შესაძლებლობა.

მაგალითად, უკვე 100%-ით ნათელია, რომ პოლონეთი ცდილობს `მცირე ალიანსის` შეკვრას ბალტიის სამ ქვეყანასთან და... ფინეთთან ერთად, რომელიც ზაფხულის განმავლობაში აუცილებლად გახდება ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი.

რა თქმა უნდა, ამ ალიანსის წევრად მოიაზრება უკრაინაც. ამით აღდგება ისტორიული გეოპოლიტიკური რეალობა, როდესაც XVII საუკუნეში არსებობდა სახელმწიფო სახელად `რეჩ პოსპოლიტა` და ეს ალიანსი სწორედ ამ ქვეყნებს მოიცავდა.

დღევანდელი რეალიების გათვალისწინებით კი ახალ `რეჩ პოსპოლიტას` კურირებას გაუწევს დიდი ბრიტანეთი, რომლის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ძალიან აქტიური და მონდომებულია.

საქართველოსთვის ამგვარი კონფიგურაციები ხელსაყრელია, რადგან აუცილებლად გაჩნდება შანსი, ჩვენი ქვეყანაც მიუერთდეს რომელიმე მათგანს NATO-ს საერთო `ქოლგის` ქვეშ.

. . . . . . . . . . .

`აზოვსტალში` გამაგრებულმა უკრაინელმა მეომრებმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანს მოუწოდეს, ჩაერთოს მოლაპარაკებებში  მათი ევაკუაციის თაობაზე და გამოიყენოს თურქული სამგზავრო ბორნები, რომლებსაც შეუძლიათ პირდაპირ მიადგნენ მარიუპოლის ქარხანას აზოვის ზღვიდან.

ხოლო თუ მოსკოვი უარს იტყვის, ჩაუკეტოს რუსულ გემებს ბოსფორის გასასვლელი სირიისაკენ.

. . . . . . . . . . .

ამერიკელმა სენატორმა (რესპუბლიკელებიდან) რენდ პოლმა დროებით დაბლოკა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის გამოყოფა, რაც პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციას სჭირდება  ლენდ-ლიზის (იარაღის მიწოდების) პროგრამის რეალურად ასამოქმედებლად.

ამერიკაში კენჭისყრის სისტემა ისეა მოწყობილი,  ნებისმიერ სენატორს შეუძლი აქ დროებით (1 კვირით) დაბლოკოს გადაწყვეტილება, ანუ კანონპროექტი მხოლოდ მომავალ კვირას გავა ხელახალ კენჭისყრაზე, სადაც უკვე ხმათა უმრავლესობით მიიღება გადაწყვეტილება.

                        რენდ პოლმა განაცხადა: `რა დროს უკრაინაა, როცა ამერიკული ეკონომიკა თავზე გვენგრევაო`.

თან რესპუბლიკური პარტიის წევრია, რომელიც მუდამ ბევრად მკაცრი იყო ხოლმე რუსეთის მიმართ, ვიდრე `დემოკრატები`.

ან `სასარგებლო იდიოტია` (უკეთეს შემთხვევაში), ან პირდაპირ რუსული სპეცსამსახურების აგენტი.

. . . . . . . . . . .

ამერიკაში იწყება უდიდესი პოლიტიკური დაპირისპირება აბორტის მოწინააღმდეგეებსა და მომხრეებს შორის. უახლოეს მომავალში ამერიკის უმაღლესმა სასამართლომ (ეს ორგანო იქ საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციასაც ითავსებს) უნდა მიიღოს ამ თემაზე პრინციპული გადაწყვეტილება.

აბორტის მოწინააღმდეგეები თავის მოძრაობას ავითარებენ სლოგანით Pro life ანუ `სიცოცხლისათვის`, ხოლო მომხრეები სლოგანით `Pro choice` ანუ არჩევანის თავისუფლებისთვის.

დაპირისპირება იმდენად მწვავეა და ზოგჯერ ფანატიკური (გენდერული თემაა და ეს არავის უნდა გაუკვირდეს), რომ შესაძლოა მომავალი კონგრესის არჩევნების მთავარი საკითხი, შემოდგომაზე, არა უკრაინა არამედ აბორტები გახდეს.

ბუნებრივია, ამ თემის ზუსტად  ახლა გამწვავებაში მოსკოვის `გავლენის აგენტებისა` და მოსკოვის მიერ დაფინანსებულ NGO-თა ხელიც ურევია უეჭველად.

კრემლმა თავისი `მიძინებული` აგენტურაც აამოქმედა, თუმცა ეს არ გამორიცხავს რასაკვირველია, რომ ამერიკაში ამა თუ იმ პოზიციას სრულიად გულწრფელი, მოუსყიდავი მომხრეები და მოწინააღმდეგეები არ გააჩნია.

ამერიკელმა ჟურნალისტებმა ამ დღეებში ყურადღება მიაქციეს, რომ მარგარიტა სიმონიანის პროპაგანდისტული არხი Russia today-USA დილიდან საღამომდე სულ ამ თემით იწყება და მთავრდება.

ეს არხი ამერიკაში ინგლისურ ენაზე მაუწყებლობს და მიუხედავად იმისა, რომ `უცხოელი აგენტის` სტატუსი მიენიჭა ამერიკული კანონმდებლობით, ამერიკელებმა ვერ აკრძალეს, რადგან მოსკოვი იმუქრება, რომ საპასუხოდ CNN  ABC   NBC   FOX და სხვა ამერიკულ ტელეარხებს აუკრძალავს რუსეთში მუშაობას, ესე იგი კორესპონდენტთა ბიუროებს დაუხურავს.