საერთაშორისო მიმოხილვა. 12 მაისი. 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 12 მაისი. 2022 წელი

აფხაზეთში საიდუმლო ვიზიტით იმყოფება რუსეთის სადესანტო ჯარების ყოფილი სარდალი, გენერალ - პოლკოვნიკი ვლადიმერ შამანოვი.

ის აქტიურად მონაწილეობდა 2008 წელს რუსეთის აგრესიაში საქართველოს წინააღმდეგ.

შესაძლოა რაიმე ახალი პროვოკაცია იგეგმებოდეს.... ან მოსკოვი რაიმე ახალ ვარიანტებს თვლიდეს.

სადაც შამანოვია, იქ აგრესიაა.

2000 წელს ჩეჩნეთის ჯალათი იყო ეს შამანოვი

2008 წლის აგვისტოში კი იმ რუსულ დაჯგუფებას მეთაურობდა, რომელიც 2008 წლის 10 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში, სენაკში შემოიჭრა.

ამ რუსულ დაჯგუფებასთან ერთად ზუგდიდსა და სენაკში აფხაზური ფორმირებებიც შემოვიდნენ.ამაზე ნაკლებად ვლაპარაკობთ ხოლმე.

ილორის ტაძარი `მოილოცა` 10 მაისს ამ `დერჟიმორდამ` ე.წ. `აფხაზური ეკლესიის` მამამთავარ ვისსარიონ აპლიასთან ერთად (საბჭოთა პერიოდში ცნობილი აფხაზი `ავტორიტეტი` და ე.წ. `კანონიერი ქურდი`. ახლა `აფხაზური ეკლესიის` დამფუძნებლად გამოაცხადა თავი).

. . . . . . . . . . .

აფხაზები ჩივიან, რომ `როსავიაციის` წინააღმდეგ დასავლური სანქციები ჩაშლის სოხუმის ბაბუშერას აეროპორტის ამოქმედების გეგმას, რაც მოსკოვთან ერთად შეიმუშავეს. 2024 წლისთვის გეგმავდნენ პირველ რეისს მოსკოვი-სოხუმი-მოსკოვი.  თუმცა ნურას უკაცრავად.

. . . . . . . . . . .

უკრაინა აგრძელებს წარმატებულ კონტრშეტევას ხარკოვთან.

გუშინ კიდევ რამდენიმე სოფელი და პატარა ქალაქი გაანთავისუფლეს ოკუპანტებისაგან.

სამწუხაროდ, გათავისუფლებულ ქალაქებში სიტუაცია დაახლოებით ისეთივე დახვდათ, როგორც ბუჩაში: დახოცილი, ხელფეხშეკრული ადამიანები და გაუპატიურებული ქალები.

გათავისუფლებულ ლოკაციებში უკვე შევიდნენ უკრაინის პროკურატურის და ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს წარმომადგენლები. აგროვებენ მტკიცებულებებს. შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ უახლოეს მომავალში მართლა ახალი `ნიურნბერგის ტრიბუნალი` ვიხილოთ.

`ატომური კომბლის` ტრიალი პუტინს ვერ გადაარჩენს: თუ მთელი მსოფლიო გაერთიანდა მართლა და საყოველთაო ეკონომიკურ იზოლაციაში მოექცა, თვითონ რუსები დაამხობენ.

რაც შეეხება უკრაინული არმიის კონტრშეტევას, არა იმდენად სამხედრო-სტრატეგიული, რამდენადაც ფსიქოლოგიური უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან აღაფრთოვანებს უკრაინელებს და გამარჯვების რწმენას უნერგავს.

. . . . . . . . . . .

არსებობს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელმაც გამოჟონა დასავლური სპეცსამსახურებიდან, რომ როდესაც თებერვლის ბოლოს რუსის ჯარი ბელორუსიდან კიევისკენ დაიძრა, კიევში უნდა მომხდარიყო აჯანყება და სახელმწიფო გადატრიალება. ამიტომ წამოვიდა პუტინი კიევისკენ ასე უაზროდ, თუმცა რაკი შიდა გადატრიალების გეგმა ჩაიშალა, უკან გაიძურწა.

ანუ, პუტინს იმედი ჰქონდა, მისი ჯარის კიევთან მიახლოება უკრაინის მოღალატე შეთქმულებს მეტ სითამამეს შეძენდა.

. . . . . . . . . . .

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი შვედეთში იმყოფებოდა და ხელისუფლებას სრული მხარდაჭერა აღუთქვა NATO-ში გასაწევრებლად.

როგორც სჩანს, ფინეთის და შვედეთის შესვლა ალიანსში უკვე დაახლოებით 90%-ით გადაწყვეტილია.

რუსეთი საპასუხოდ იმუქრება, რომ თუ შვედეთი და ფინეთი ალიანსში შევლენ, მაშინ რუსეთი კალინინგრადში და უშუალოდ ამ ქვეყნების საზღვრებზე ბირთვულ იარაღს, ბირთვულ რაკეტებს განალაგებს.

მაგრამ პუტინის პრობლემა ისაა, რომ ამით ვეღარავის აშინებს.

ვერ აშინებს თუნდაც იმიტომ, რომ...აბა ვის სჯერა თითქოს რუსული ბირთვული რაკეტები, მაგალითად `ისკანდერები` ატომური საბრძოლო ნაწილით ისედაც უკვე არ არის განლაგებული იმავე კალინინგრადში, ანუ ევროპის გეოგრაფიულ ცენტრში? პუტინი და ლავროვი კი ამბობენ `არაო`. მაგრამ მათი ვის სჯერა?

ან ვის სჯერა, თითქოს ახლა უკვე არ არიან დამიზნებულნი ჰელსინკიზე და სტოკჰოლმზე რუსული ბალისტიკური რაკეტები წყალქვეშა ან სახმელეთო ბაზირების ლოკაციებიდან?

არავის არ სჯერა! ამიტომ ახალი არაფერი იქნება რეალურად, თუ პუტინი ფინეთის და შვედეთის ჩრდილო ატლანტიკურ კავშირში გაწევრების შემდეგ უბრალოდ ღიად იტყვის `დაგიმიზნეთ რაკეტებიო`. ისედაც დამიზნებული აქვს!

. . . . . . . . . . .

აშშ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 33 მილიარდი დოლარი სთხოვა უკრაინის შესაიარაღებლად და კონგრესმა....40 მილიარდი გამოუყო.

ასეთი რამ  იშვიათად ხდება:  კი არ შეამცირა, არამედ გაზარდა.

ეს გადაწყვეტილება მიღებულია `ლენდ-ლიზის` პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ბაიდენმა 9 მაისს მოაწერა ხელი.

საქმე ისაა, რომ ფულის გარეშე თავისთავად `ლენდ-ლიზი` ბევრს არაფერს ნიშნავს: იგი მხოლოდ იმ უფლებას ანიჭებს პრეზიდენტს, რომ იარაღი კონგრესის უკითხავად, განუსაზღვრელი რაოდენობით გადასცეს მოკავშირეს. ამ შემთხვევაში უკრაინას.

მაგრამ იმ იარაღს დამზადება ხომ უნდა? შეძენა ხომ უნდა?

აქ წარმოიშვა ერთი პრობლემა, რომ ამერიკული ინდუსტრიები მაკომპლექტებელ ნაწილებს სხვა ქვეყნებში ამზადებდნენ ხოლმე. ანუ დრო ნამდვილად დასჭიდრებათ. თუმცა 40 მილიარდი დოლარი.....ძალიან დიდი თანხაა, რათა უკრაინა სათანადოდ შეაიარაღონ.

დასავლური, მათ შორის ამერიკული Think-tanks, ესე იგი ანალიტიკური წრეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ პუტინი სტრატეგიულ ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს. ოღონდ მხოლოდ იმიტომ არ გამოიყენებს, რომ განსხვავებით 1964 წლის კარიბის კრიზისისგან (როცა სსრკ-მ კუბაზე ბირთვული რაკეტები განათავსა) ამჯერად მოსკოვის ვიზავი, ანუ მოწინაააღმდეგე, არა ამერიკის შეერთებული შტატებია უშუალოდ, არამედ `უბირთვო` უკრაინა.

შესაბამისად, თუ ჯონ ფიტცჯერალდ კენედის (JFK) ტერმინოლოგიით, `რუსეთი აღმოჩნდება სამარცხვინო დამარცხებასა და გლობალურ არმაგედონს შორის არჩევანის წინაშე`, ის აუცილებალდ გამოიყენებს ბრძოლის ველზე ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს.

ერთი ასეთი ჭურვი, ფრთოსან რაკეტაზე განთავსებული, მთელი ფრონტის გასანადგურებლადაა საკმარისი.

ოღონდ.....პუტინს არ შეიძლება არ ესმოდეს, რომ რადიოაქტიული მტვერი ქარმა მერე შესაძლოა რუსეთის ტერიტორიაზე წაიღოს და მოსკოვში იწვიმოს რადიაციულად. როგორც 1986 წლის ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის კატასტროფის დროს მოხდა.

ერთ-ერთი ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი, დუგლას მაკგრეგორი ამტკიცებს, რომ ამერიკასა და მის მოკავშირეებს აქვთ საიდუმლო გეგმა: თუ პუტინმა აღმოსავლეთ და ცენტრალურ უკრაინაში მოიგო (თუნდაც რამდენიმე თვის შემდეგ) და დასავლეთ უკრაინისკენ სერიოზული ძალებით დაიძრა...პოლონეთს ექნება `მწვანე შუქი` ამერიკისგან, რათა ლვოვში, გალიციაში, ანუ დასავლეთ უკრაინაში არმია შეიყვანოს.

. . . . . . . . . . .

ილონ მასკმა, რომელმაც ახლახანს შეიძინა სოციალური ქსელი Twitter $44 მილიარდ დოლარად, გუშინ დაადასტურა, რომ როგორც კი მენეჯმენტს საბოლოოდ  გადაიბარებს, მაშინვე მოუხსნის ბანს დონალდ ტრამპს.

როგორც ცნობილია, სოციალური ქსელის ყოფილმა მენეჯმენტმა ტრამპის ექაუნთი გააუქმა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა (ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო) 2020 წლის არჩევნების შემდეგ მომხრეებს ლამის აჯანყებისკენ მოუწოდა. ერთ-ერთი შედეგი იყო კონგრესის შენობაში ტრამპის მომხრეთა შეჭრა.

ტრამპმა სცადა საკუთარი სოციალური ქსელის შექმნა, დიდი ფულიც დახარჯა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

და რომ არ გამოუვიდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია: სანამ Twitter-ზე იყო, 200 მილიონი `ფოლოუერი` ჰყავდა, საკუთარ სოციალურ ქსელზე კი ორასჯერ ნაკლები! აი რას ნიშნავს ლეგიტიმური და წლობით სოციუმში დამკვიდრებული პლატფორმა! ახლის ასე დამკვიდრება ძალიან ძნელია. ტრამპი და მასკიც რომ იყო, მაინც!

ილონ მასკს არც უცდია საკუთარი პლატფორმის შექმნა მიუხედავად მისი დიდი პოპულარობისა, რადგან იცოდა, მაინც არაფერი გამოვიდოდა, ამიტომ Twitter შეიძინა და მთელი თავისი ქონებით გარისკა.

დონალდ ტრამპისთვის ბლოკირების მოხსნა ტრამპის პირველი სერიოზული განაცხადია, რომ ამ სოციალურ ქსელს იგი ტრამპის სასარგებლოდ(აც) მომართავს 2024 წელს. დონალდი ალბათ მიიღებს მონაწილეობას იმ საპრეზიდენტო არჩევნებში. მით უმეტეს, თუ შემოდგომაზე, კონსგრესის არჩევნებში, რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, თუმცა რომც არ გაიმარჯვონ, მაინც!

ამიტომ 2024 წლის არჩევნები ამერიკაში ისეთი იქნება.......`დედა შვილს არ აიყვანს ხელში`.

თუ დემოკრატებმა უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს და `პოლიტკორექტულობის` ტალღაზე ტრამპს დღევანდელი ვიცე-პრეზიდენტი, ქალბატონი კამილა ჰარისი დაუპირისპირეს, დონალდ ტრამპი 100%-ით მოიგებს და თეთრ სახლში `დაბრუნდება!

რა გათვლა აქვს ილონ მასკს?

რა თქმა უნდა ის არა, რომ ტრამპი ბიუჯეტიდან ფულს გამოუყოფს მის კომპანიას!

 თუმცა არ არის გამორიცხული, ხელმეორედ გაპრეზიდენტების შემდეგ, დონალდ ტრამპმა პოლიტიკურად (!) დაუჭიროს მხარი მასკის ფანატიკურ იდეას - მარსზე ადამიანთა კოლონიის შექმნის შესახებ.

ანუ, ჯერ ადამიანის გაშვება მარსზე, შემდეგ კი იმ პლანეტაზე საცხოვრებელი პატარა `სოფლის` აშენება.

ტრამპის სიგიჟემ და მასკის კრეატიულობამ ამ დიდ საქმეში შესაძლოა პროდუქტიული სინერგია შექმნან.