საერთაშორისო მიმოხილვა. 12 აპრილი. 2025 წელი
ტრამპის სპეცწარმომადგენელი უიტკოფი შეხვდა პუტინს სანკტ-პეტერბურგში.
ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რადგან რამდენიმე დღით ადრე აშშ სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა ბრიუსელში, NATO-ს წევრ სახელმწიფოთა შეხვედრაზე: „უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა არა თვეების არამედ კვირეების ამოცანა არისო“.
მაშასადამე, „წესით“, უახლოეს მომავალში უნდა გაფორმდეს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე.
ბევრი დამკვირვებელი ყურადღებას აქცევს, რომ პუტინს (მისთვის მომგებიან პირობებზე ოღონდ) სურს შეთანხმება გააფორმოს 9 მაისამდე, ესე იგი დიდ სამამულო ომში (Великая отечественная война) გამარჯვების 80 წლისთავამდე.
ამავე დროს, ექსპერტები აქცევენ ყურადღებას, რომ ტრამპსაც აქვს ამგვარი Deadline - ეს არის აპრილი, აპრილის ბოლო, როცა იწურება მისი მმართველობის 100 დღე.
ამერიკული ტრადიციაა, 100 დღის ამოწურვამდე მნიშვნელოვანი „ანტისაპრეზიდენტო“ სვლები არ განახორციელონ არც ერთ სივრცეში, მათ შორის მედიაშიც.
ამ წესს ახლა ტრამპის მიმართ არც ისე გულმოდგინედ იცავენ, რაკი თვითონ ტრამპმა დაანგრია ბევრი „დაუწერელი კანონი“ და ტრადიცია, თუმცა მაინც, გარკვეული მნიშვნელობა ამას თეთრი სახლისთვის კვლავინდებურად აქვს.
მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ: წინასაარჩევნო პერიოდში ხომ დონალდ ტრამპი „ერთ დღეში“ აპირებდა უკრაინის ომის დასრულებას....ამიტომ ახლა 100 დღის ამოწურვამდე ცდილობს რაიმე შედეგი მაინც დადოს.
მაგრამ.....პრობლემა ისაა, თუ რა „ფასის“ გადახდას მოითხოვს იგი საამისოდ უკრაინისგან.
დიდი სკანდალი გამოიწვია აშშ პრეზიდენტის მეორე სპეც-წარმომადგენელ კიტ კელოგის განცხადებამ: „უკრაინა რუსეთმა და დასავლეთმა შესაძლოა ისევე გაიყონ, როგორც თავის დროზე ბერლინიო“.
შეგახსენებთ: ბერლინი 1945 წლის შემდეგ მოკავშირეებმა (USA, UK, USSR, France) გაყვეს ოთხ საოკუპაციო ზონად. სამი დასავლური საოკუპაციო ზონა შეერთდა შემდეგ „დასავლეთ ბერლინად“. ხოლო მთელი გერმანიის სამი იგივე საოკუპაციო ზონა - გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკად.
ამავე დროს, სტალინმა შექმნა „გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა“ მაგრამ....ეს ყოველივე მოხდა ნაცისტური გერმანიის სრული, პირწმინდა განადგურების შედეგად.
რა შუაშია აქ თანამედროვე უკრაინა?
იგივე ბერლინი ხომ, 1945 წლის მაისში, მთლიანად, 100%-ით საბჭოთა ჯარების ხელში იყო და სტალინმა მხოლოდ შემდეგ შემოუშვა ფრანგები, ამერიკელები და ბრიტანელები დასავლეთ ბერლინში.
ახლა კელოგი გაფაციცებით ცდილობს უარყოს: „არა, მსგავსი არაფერი მითქვამსო“ ვერ იტყვის, რაკი „რაღაც“ ნამდვილად თქვა.
ამიტომ აცხადებს: არასწორად გამიგეთ ბოდიშიო.
თანაც მივაქციოთ ყურადღება, რომ როცა დასავლური კონტინგენტები ჩამოთვალა, ამერიკული ჯარები არ უხსენებია: მხოლოდ ფრანგებმა და ბრიტანელებმა აიღონ პასუხისმგებლობაო უკრაინის „გადარჩენილ“ ტერიტორიაზე.
უკრაინა არასდროს დათანხმდება ოკუპირებული ტერიტორიების ოფიციალურ აღიარებას.
კიევი ალბათ დათანხმდება „კორეულ ვარიანტს“ ანუ დე-ფაქტო ცეცხლის შეწყვეტის ხაზის დადგენას, მაგრამ დონბასისა და ყირიმის რუსეთის კუთვნილებად აღიარება გამორიცხულია.
პუტინი კი, სარწმუნო რესურსების ცნობით, მოითხოვს ან ოფიციალურად აღიარებას, ან, როგორც მინიმუმ, უკრაინული ჯარების უკან დახევას იმ რაიონების თუ ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებამდე (Херсонскую, Запорожскую, Луганскую и Донецкую), რომლებიც პუტინმა „რუსეთის ფედერაციის“ ოფიციალურ სუბიექტებად აქცია.
და მხოლოდ ამ საფუძველზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას - თუნდაც ოფიციალური აღიარების გარეშე.
ტრამპის ადმინისტრაცია კი მედიაში „უშვებს“ მინიშნებებს რუსეთის მიმართ ახალი სანქციების ამოქმედების შესახებ.
რაც ყველაზე საინტერესოა, როგორც ჩანს განიხილება ამერიკული სამხედრო ფლოტის ამოქმედება რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი სატანკერო ფლოტის“ წინააღმდეგ, რომელსაც სანქცირებული რუსული საწვავი გადააქვს.
ამჟამად პუტინი ექსპორტირებული რუსული ნავთობის ნახევარს ყიდის სწორედ ამ ჩრდილოვანი ფლოტის მეშვეობით.
მისი შეჩერება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ ოფციით, რომ ამერიკის სამხედრო გემები დაედევნონ, დააპატიმრონ, ეკიპაჟი დააკავონ, შემდეგ ტანკერი მოკავშირე ქვეყნების პორტებში შეიყვანონ და „უკანონო ნავთობი“ აუქციონზე გაყიდონ.
ასეთი წინადადება ტრამპის „მაგიდაზე“ დევს;
ამერიკულ ფლოტს ფიზიკურად „ძალა“ რასაკვირველია ეყოფა, რაკი მსოფლიო ოკეანის ყველა მეტრს და სანტიმეტრს აკონტროლებს, მაგრამ.....გაბედავს ტრამპი ამას?
ეს სამხედრო კონფრონტაციას ნიშნავს რუსეთთან.
იმიტომ, რომ პუტინმაც შეიძლება იმ რაიონებში გააგზავნოს თავისი სამხედრო გემები ნავთობტანკერების დასაცავად.
პუტინი „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნეიტრალიზებას ვერ დაუშვებს, რადგან ბიუჯეტი ჩამოექცევა: რუსული ბიუჯეტი დიდწილად არა ბუნებრივი აირით ივსებოდა (როგორც ბევრს ეგონა) არამედ სწორედ ნავთობის ექსპორტით.
თანაც, მივაქციოთ ყურადღება, რომ ტრამპის „საბაჟო ტარიფთა ომის“ კვალობაზე ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზრებზე ისედაც ეცემა.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთში ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია ავტომობილების ბაზარი. შეიძლება ითქვას, ეს ბაზარი „სისტემათშემოქმედია“ და მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.
ბოლო რამდენიმე კვირაა, ამ ბაზრებზე მცირდება ჩინური ავტომობილების გაყიდვები.
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ავტო-ბაზარი ელის დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეთანხმებას სანქციების გაუქმების შესახებ; უფრო ფართოდ კი, დასავლური სანქციების გაუქმებას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ.
ამ პირობით, როგორც დილერები ვარაუდობენ (რუსეთში ეს პროფესია და საქმიანობა ბევრად სისტემატიზებული და ინსტიტუირებულია ვიდრე საქართველოში) გერმანული, ფრანგული, ამერიკული, კორეული, იაპონური მანქანები თუ დაბრუნდა რუსეთის ბაზარზე, ჩინურზე მოთხოვნა განახევრდება, რაკი ხარისხი მაინც სხვაა.
და აქვე: ეს თუ მოხდა, საქართველოშიც მოკვდება ევროპული და ამერიკული მანქანების სატრანზიტო ბიზნესი ცენტრალურ აზიაში, რაკი ცენტრალური აზიიდან, ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან ის მანქანები სწორედ რუსეთში იგზავნებოდა.
რამდენად რეალისტურია ეს პროგნოზები რთული სათქმელია, თუმცა საინტერესოა, რომ დილერების აზრით კორეამ უფრო სწრაფად შეიძლება მოხსნას ემბარგო თავის KIA-ს ვიდრე ევროპელებმა თავიანთ ბრენდებზე.
ისევ და ისევ, ყოველივე დამოკიდებულია „ცეცხლის შეწყვეტის“ შეთანხმებაზე, რომელიც ჯერ არ არსებობს.
თუმცა კონტურები თითქოს იკვეთება.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
The New York Times, რომელიც ძალიან რესპექტაბელური და სერიოზული რესურსია, აქვეყნებს მასალას ირანში მიმდინარე პროცესების შესახებ, რაც შესაძლებელია (გარანტირებული არ არის, მაგრამ შესაძლებელია) დასრულდეს დონალდ ტრამპის ძალიან მნიშვნელოვანი საგარეო-პოლიტიკური გამარჯვებით: პუბლიკაციის თანახმად, ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლლა ალი ხამენეიმ ნება დართო ირანის პრეზიდენტს მასუდ პეშეზკიანს, განაახლოს მოლაპარაკება ამერიკასთან ბირთვული პროგრამის შეჩერებასა და სანქციების მოხსნაზე.
ეს ეკონომიკური და ფინანსური სანქციები, რაც დასავლეთმა დაადო ირანს (მაგალითად ნავთობით ვაჭრობის აკრძალვა, SWIFT გადარიცხვათა სისტემის ბლოკირება და ა.შ) სულ უფრო და უფრო მეტ დაძაბულობას იწვევს ისლამურ რესპუბლიკაში.
რამდენიმე დღის წინ მთავრობა იძულებული გახდა ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება შეეწყვიტა რამდენიმე დიდი ქალაქისთვის.
მწიფდება სოციალური ამბოხი. როგორც ჩანს სიტუაცია იმდენად სერიოზულია, რომ ირანის მმართველმა ელიტამ გადაწყვიტა ემოქმედა და დაარწმუნა „სულიერი ლიდერი“ ნება დაერთო აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის „ელაპარაკა“ ამერიკელებთან, ანუ....ფაქტობრივად ილაპარაკოს საძულველ ისრაელთან, რაკი ყველას გვესმის, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ნებისმიერ კომპრომისს სწორედ პრემიერ ნეთანიაჰუსთან შეათანხმებს.
ზოგადად ეს მოსაზრება, რომ „ეკონომიკური სანქციები არ მუშაობს რადგან ფანატიკოსებთან გვაქვს საქმე“, მცდარია, რადგან სწორედ ამ ეკონომიკური სანქციების წყალობით თანდათან გროვდება ის „ფეთქებადი სოციალური პოტენციალი“, რისიც ნებისმიერ ხელისუფლებას ეშინია ანუ ეშინია ბრმა სოციალური „ბუნტისა“.
რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთმა ვერ შეძლო ასეთივე ყოვლისმომცველი სანქციების შემოღება, მით უმეტეს განხორციელება, რაკი რუსეთი მეტისმეტად დიდია.
ირანის მიმართ კი შეძლო!
ასევე შეძლო კუბას მიმართ „მომაკვდინებელი სანქციების, ემბარგოს“ შემოღება და კუბაზეც, ადრე თუ გვიან, კიდევ რამდენი წელიც არ უნდა გაგრძელდეს, რეჟიმი აუცილებლად გახდება იძულებული კომპრომისებზე წავიდეს ან დაემხობა ბრმა, სტიქიური სოციალური „ბუნტით“.
ოღონდ......ყველა დამკვირვებელი, ვინც იცნობს ირანს, თანხმდება იმაზე, რომ ლაპარაკი შეიძლება იყოს მხოლოდ კომპრომისებზე, ნაწილობრივ დათმობებზე ირანის მხრიდან, რაკი ის ფანატიკოსი აიათოლები, სანქციების მოხსნის ან შერბილების სანაცვლოდ შესაძლოა კიდეც დაეთანხმონ „ბირთვული პროგრამის“ შეჩერებას, მაგრამ......რადაც არ უნდა დაუჯდეთ, არასდროს ცნობენ ისრაელის სახელმწიფოს არსებობის კანონიერებას, მით უმეტეს, აღმოსავლეთ იერუსალიმის ალ აქსას მეჩეთის ისრაელის იურისდიქციაში არსებობას.
იმიტომ, რომ ეს ისლამში სუნიტურ-შიიტური პრევალირების თემაცაა, მაშასადამე ირანის დაპირისპირებისა არაბულ სამყაროსთან, სადაც სუნიტური ისლამია გამეფებული ხოლო ალ აქსას მეჩეთი ისლამის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდეა. მესამეა მნიშვნელობით მექასა და მედინას შემდეგ