საერთაშორისო მიმოხილვა. 11 სექტემბერი. 2024 წელი

ტრამპ-ჰარისის დებატები, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან საინტერესო გამოდგა.
ფილადელფიაში, ABC პლატფორმაზე.
ნიუანსებს აქვთ მნიშვნელობა: ბაიდენსა და ტრამპს შორის დებატებისას ერთმანეთისთვის ხელი არ ჩამოურთმევიათ. ახლა ჰარისი მივიდა ტრამპთან (მის „მოედანზე“ მივიდა ანუ მის ნახევარ სივრცეში იმ სცენაზე) და ხელი გაუწოდა, რასაც დონალდი აშკარად არ მოელოდა და არც აპირებდა
ეს PR-ინჟინრების რჩევა იყო: კამალამ თავისი „გენდერული რესურსი“ გამოიყენა ასე ოსტატურად და დონალდიც აშკარად დააბნია ამ ჟესტით.
დაიწყეს ეკონომიკით: კიდევ ერთი „რჩევა“ იყო პოლიტტექნოლოგებისა, რომ კამალას აქცენტი გაეკეთებინა საშუალო კლასზე.
„მეც ხომ საშუალო კლასის ოჯახში დავიბადე და გავიზარდეო“- ამით ხაზს უსვამდა, რომ დონალდი ოლიგარქის (მამამისი დიდი დეველოპერი და რიტეილორი იყო) ოჯახში დაიბადა, უმაღლეს სოციალურ ფენას განეკუთვნება, ამიტომ „უბრალო ხალხის“, მათ შორის Middle class-ისა არ ესმისო.
შესაბამისად, კამალამ აქცენტი გააკეთა „დემოკრატების“ იმ სოციალურ მესიჯზე, რომ ტრამპი „კორპორაციების“ და Wall street-ის, მთლიანობაში ე.წ. „ისტებლიშმენტის“ ინტერესებს გამოხატავსო.
ტრამპმა ერთის მხრივ კამალას „მარქსისტი“ უწოდა (მამაშენი მარქსის მკვლევარი და ლექტორი იყოო) ხოლო მეორეს მხრივ მისი ბრალდებები ეკონომიკური თემის ირგვლივ იმით მოიგერია, რომ „საშუალო ფენის“ დახმარება ის იყო, მე რომ ჩინეთიდან იმპორტი შევზღუდეო.
გარდა ამისა დონალდმა რასაკვირველია ხაზი გაუსვა „კოვიდ-პანდემიის“ კატასტროფულ გავლენას ამერიკის ეკონომიკაზე და რომ მან მართლაც ბევრი რამ ვერ მოასწრო ამ საზარელი პანდემიის გამო.
წამოსცდა: „2017 წელს დაიწყოო“. არადა ყველას გვახსოვს, რომ პანდემია 2019 წელს დაიწყო თუმცა..... თეთრ სახლში სპეციალისტებისგან როგორც ჩანს უფრო ადრე ჰქონდათ არსებითი ინფორმაცია, რა ხდებოდა ჩინეთში, საიდანაც წამოვიდა ის გამანადგურებელი ვირუსი.
„ჩინეთი და სხვა ქვეყნები გვაუპატიურებდნენო“ - საზარელი მეტაფორა დაიმოწმა დონალდმა.
ზოგადად, ანტიჩინური განწყობები რომ ტრენდულია ამერიკაში, ეს ტრამპმა და მისმა გუნდმა რასაკვირველია შესანიშნავად იციან და აქტიურადაც იყენებენ.
კამალა თავის მხრივ, ემოციურად ლაპარაკობდა აბორტების თემაზე, რომელიც კიდევ უფრო ტრენდულია ამერიკაში.
დონალდმა ჰარისსაც, დემოკრატებსაც და ზოგადად ლიბერალებს ბრალად დასდო: ზოგ შტატში ბავშვის დაბადების შემდეგ მოკვლის უფლებასაც კი ითვალისწინებთო, რასაც კამალას მძვინვარე რეაქცია მოჰყვა რასაკვირველია ისევე როგორც ABC-ს ქალი თანაწამყვანისა.
„ემიგრაცია“ კამალას აქილევსის ქუსლი“ გამოდგა ამ დებატებზეც. ეს მოსალოდნელი იყო, რაკი ამ მიმართულებით ბაიდენის ადმინისტრაციამ ბევრი ვერაფერი შეძლო და ალბათ ვერც შეძლებდა იმ „ფილოსოფიიდან“ გამომდინარე, რასაც ზოგადად „დემოკრატები ატარებენ“ და გამოიხატა ნენსი პელოსის ისტორიულ ფრაზაში: „ამერიკის სიმბოლო Misses liberty უნდა იყოს და არა მექსიკის საზღვარზე აგებული უზარმაზარი კედელიო“.
„ემიგრაცია“ ტრამპის და „რესპუბლიკელების“ კოზირია და ეს ამ დებატებზეც ნათელი იყო.
მთლიანობაში, ეს დებატები უფრო „ფრედ“ დასრულდა, თუმცა......ტრამპი მაინც ოდნავ უფრო დამაჯერებელი იყო.
მის სასარგებლოდ იმუშავა საბოლოოდ იმ გარემოებამ, რომ მიკროფონებს რთავდნენ მხოლოდ სპიკერისთვის, ანუ „შეპასუხება-ჩაჭრა-ჩაკითხვის“ საშუალება მხარეებს არ ჰქონიათ.
„სად არ ვყოფილვარ მსოფლიოში, ტრამპს ყველგან დასცინიანო“ - თქვა კამალამ.
ჰო, მაგრამ.....ავღანეთიდან ისე წასვლა......
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
2024 წელს ვადა გასდის რუსეთ-უკრაინა-ევროპის სატრანზიტო შეთანხმებას უკრაინის ტერიტორიის გავლით ნავთობისა და გაზის ტრანზიტის შესახებ.
კიევმა უკვე განაცხადა, რომ ნავთობსადენით Дружба (მისი სამხრეთის ანუ უკრაინული განშტოებით) 2025 წლის 1 იანვრიდან ნავთობს მხოლოდ იმ პირობით გაატარებს, თუ ევროპული კომპანიები შეიძენენ რუსეთში ამ ნავთობს და უკრაინას გადაუხდიან „ევროპულ სატრანზიტო ფასს“.
ეს არის მთელი ეპოქის დასასრული!
2 000 წლიდან, როცა პუტინი მოვიდა კრემლში, იგი მუდმივად აშანტაჟებდა უკრაინას გაზისა და ნავთობის ტრანზიტის შეწყვეტით და გათვლა იმაზე ჰქონდა, რომ უკრაინას თავად სჭირდებოდა ნავთობიც და გაზიც, რასაც იღებდა ტრანზიტის საფასურად.
მაგრამ არაოკუპირებულ ტერიტორიაზე „ფიქლის გაზისა“ და „ფიქლის ნავთობის“ მოპოვებამ, აგრეთვე ეკონომიამ და აზერბაიჯანის დახმარებამ (!!!) უკრაინის დამოკიდებულება ამ თვალსაზრისით შეამცირა.
პუტინმა კი ვერ შეძლო მიეღწია იმისთვის, რა მიზანსაც ისახავდა: დაესვა კიევში თავისი მარიონეტი 2022 წლის აგრესიის შედეგად, რომელიც ყველანაირ „ტრანზიტზე“ ხელს მოუწერდა.
უკრაინის ამ გადაწყვეტილების გამო სრული პანიკაა ახლა ბუდაპეშტში: ვიქტორ ორბანი აცხადებს: «Дружба» თუ გაჩერდა და უნგრეთმა რუსული ნავთობი ვეღარ მიიღო, უნგრეთი უბრალოდ დაიღუპებაო“
ასე ამბობს პირდაპირ
და.....ვისი ბრალია? - ჩაეხუტოს კიდევ იმ „კრემლის ბინადარს“ მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ევროპის პოლიტიკურ კულტურას, საეჭვოა ევროკავშირმა უნგრეთი (ასევე ჩეხეთი და სხვა აღმოსავლეთევროპული სახელმწიფოები) დატოვოს ნავთობის გარეშე.
ალბათ როგორც ყოველთვის ბრიუსელი რაღაც კომპრომისულ ფორმულას მოიფიქრებს აქ, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში უკრაინისთვის ბევრად მომგებიანი და მისაღები იქნება, ვიდრე 2000 წლიდან არსებული დისპოზიცია.
სხვათა შორის, პუტინის რეჟიმის ერთ-ერთმა იდეოლოგმა, კინორეჟისორმა Никита Михалков- მა ჯერ კიდევ უკრაინის წინააღმდეგ კრემლის აგრესიამდე თქვა: გეოპოლიტიკური წვდომის თვალსაზრისით რუსეთი XVII საუკუნის მდგომარეობაშიაო.
ანუ იმ ეპოქაში, როცა უკრაინა ჯერ კიდევ არ იყო რუსეთის სახელმწიფოს ნაწილი.
მერე იყო პერეიაროსლავის რადა (1654), ბოგდან ხმელნიცკი, მომდევნო ეპოქაში იმპერატორი პეტრე I, პოლტავას ბრძოლა შვედეთთან (1709წ), მერე XVIII საუკუნე და ამ ტერიტორიების „შემომტკიცება“ რუსულ სახელმწიფოში.
ანუ პუტინი ზუსტად იმ მიზნით ეომება ახლა უკრაინას და ცდილობს მისი დამოუკიდებლობის მოსპობას, აგრეთვე ეომება დასავლეთს, რა მიზნითაც (სატრანზიტო გზების მოსაპოვებლად) პეტრე I ეომებოდა იმდროინდელი ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოს - კარლ XII-ის შვედეთს.
იმ განსხვავებით, რომ პუტინმა ჯერ, საბედნიეროდ, ვერაფერს მიაღწია: უკრაინა აცხადებს, რომ კრემლს სატრანზიტო გზებს გადაუკეტავს, რისთვისაც 300 წელი იბრძოდა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
დიდი ამბებია რუსულ არა მხოლოდ ბლოგოსფეროში, არამედ ოფიციოზში აფხაზეთთან დაკავშირებით.
უკვე კრემლთან დაახლოებული რესურსებიც ლანძღავენ აფხაზებს, აფხაზეთს და არაფერს ერიდებიან.
თუ გავითვალისწინებთ რუსული ოფიციოზის ანუ კრემლთან დაახლოებული ე.წ. „ჟურნალისტური რესურსების“ თვისებრიობას, ცხადია, რომ მათ მიიღეს ე.წ. Отмашка კრემლიდან - თავს დაესხან სოხუმს.
ესხმიან კიდეც: მარგარიტა სიმონიანი აცხადებს, რომ თურმე დასავლური NGO-ები „აფხაზი ხალხის კულტურულ კოდს ცვლიან“.
მაგრამ აფხაზეთი ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს არ აძევებსო.
სხვები, - აფხაზეთის სპეციალისტებად რომ მოაქვთ თავი 30 წელია, - ახლაღა „შიფრავენ“ იმ „ნაცრისფერ სქემებს“, რომლითაც აფხაზები ატყუებენ „საბრალო რუსებს“- სუბტროპიკულ აფხაზეთში რომ უნდათ სახლების შეძენა.
თან ეს სახლები რომ ქართველი ლტოლვილებისაა- ეს ვითომ არ იციან.
„ნაცრისფერი სქემა“ კი შემდეგნაირია: ქვეყნდება განცხადება ზღვის პირას სახლის გაყიდვის შესახებ....ნოვოსიბრსკელი ან მურმანსკელი რუსი გაგიჟებულია სიიაფით....ურეკავს ტელეფონზე „გამყიდველს“.....ჩადის აფხაზეთში.....მას ეუბნებიან, რომ პირდაპირ ვერ გაუფორმებენ სახლს (ბინას) თუმცა შეუძლიათ ვინმე აფხაზზე გააფორმონ „შენ მთავარია ფული გადაიხადო“...... იხდის ის „ბედნიერი რუსი“, ბრუნდება მურმანსკში, რამდენიმე თვის შემდეგ ჩადის ისევ გაგრაში ან სოხუმში ან ლიძავაში და....
იმ სახლში აფხაზები ცხოვრობენ. ისინიც ეუბნებიან: „ვინ ხარ? გიცნობ? მიცნობ? აფხაზეთის კანონებით სახლების და ბინების ყიდვა-გაყიდვა აკრძალულია: ეს სახლი მუნიციპალიტეტმა აღიარა უპატრონოდ, გადაეცა აფხაზეთის სახელმწიფოს, შემდეგ ჩვენ ვიყიდეთ..... შენ ვირ ხარ?“
მიდის ეს რუსი პირში „ჩალაგამოვლებული“, ჩივის კრემლში, ჩივის რუსეთის პროკურატურაში, ჩივის რუსულ პრესაში....მაგრამ ისინი დღემდე „ოღონდ საქართველოს ჯინაზე და.....“ ხმას არ იღებდნენ....... ახლა პუტინის მოთმინების ფიალა აივსო, თუმცა საეჭვოა რაიმე რადიკალური ზომა გაბედოს, რაკი შეეშინდება, რომ აფხაზეთი შეტრიალდება დასავლეთისკენ ან თურქეთისკენ.
საქართველოსკენ არა, თუმცა ევროპისკენ, ამერიკისკენ, თურქეთისკენ „შეტრიალების“ რესურსი (საქართველოს მონაწილეობით მაინც) სოხუმს ნამდვილად აქვს.