საერთაშორისო მიმოხილვა. 11 სექტემბერი. 2022 წელი
უკრაინის მოვლენებმა და უკრაინული არმიის ბრწყინვალე წარმატებებმა, ასევე რუსეთის (უკვე) პოლიტიკურმა და (სულ მალე) სამხედრო-სტრატეგიულმა, საბოლოოდ კი გარდაუვალმა სახელმწიფოებრივმა კრახმა დააჩქარა პროცესები......აფხაზეთში.
ერთი შეხედვით ეს თითქოს უცნაურია, თუმცა სინამდვილეში არაფერი მოულოდნელი აქ არ არის: პუტინი უკვე ისეთ მენტალურ მდგომარეობაში იმყოფება, ემოციურად რეაგირებს ყველა გამაღიზიანებელზე, ყველა წარუმატებლობაზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა მიიჩნევს, რომ ისინი, ვინც მოკავშირეებად მიაჩნდა, ცდილობენ ისარგებლონ რუსული წარუმატებლობებით და მეტი დამოუკიდებლობა მოიპოვონ მოსკოვისგან.
ამის მაგალითად იქცა ბოლო 2 დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენები აფხაზეთში.
`ბიჭვინთის აგარაკზე` უკვე ბევრჯერ დაგვიწერია: აფხაზებმა კატეგორიული უარი სტკიცეს პუტინს, გადაეცათ მისთვის (პირადად მისთვის კი არა მხოლოდ, არამედ რუსეთის სახელმწიფოსთვის) ბიჭვინთის ულამაზესი სანაპიროს დაახლოებით 190 ჰექტარი, რაც ამ სანაპირო ზოლის დაახლოებით მესამედია მთლიანობაში.
ამ უარმა პუტინი ძალიან გააბრაზა.
თუმცა მისი სრული გაცოფება გამოიწვია აფხაზეთის პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებამ აფხაზურ ოპოზიციასთან შეხვედრაზე, როდესაც აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა პირდაპირ, რუსულ ენაზე, დაუფარავად, სატელევიზიო ეთერში თქვა (შინაარსობრივად) შემდეგი: `ახლა რომც მოხდეს პარლამენტში შეთანხმების რატიფიცირება 190 ჰექტარის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ, ჩვენ ამ შეთანხმებაში ჩავდეთ პუნქტი, რომ მხოლოდ აფხაზეთის არქიტექტურის სამსახურთან შეთახმებით არის შესაძლებელი რაიმეს აშენება ამ ტერიტორიაზეო`.
ამ სიტყვებით არ უთქვამს, თუმცა შინაარსობრივად სწორედ ეს თქვა: `მოვთაფლავთ პუტინს, ფორმალურად გადავცემთ ტერიტორიას, რომელიც 1995 წლიდან ისედაც რუსეთის სახელმწიფოს მართვაშია (მართვაში და არა საკუთრებაში, რასაც ახლა მოითხოვენ რუსები-დ.) და მერე აფხაზეთის `არქიტექტურის სამსახური` აღარ გასცემს რაიმეს მშენებლობის უფლებას, მოიმიზეზებს არქიტექტურულ საბაბებს (ამგვარი საბაბი არსად არასდროს დაილევა-დ) და პუტინს დარჩება `ბუს კვერცხები`, სამაგიეროდ ჩვენ რუსულ სანქციებს თავიდან ავირიდებთო`.
არადა, პუტინს ეს ტერიტორია იმიტომ და იმისთვის კი არ უნდა, ხრუშჩოვის გამომპალ აგარაკზე იცხოვროს. რასაკვირველია იგი გეგმავს იქ ააშენოს გელენჯიკის სასახლეზე უფრო `მეფურ-ფადიშაჰური` სასახლე ულამაზესი ხედებით, პირდაპირ ზღვაში შესასვლელებით და ა.შ.
`პრეზიდენტ ბჟანიას` ამ განცხადებამ, რომელიც აფხაზური ტელევიზიით გადაიცა, პუტინი იმდენად გააცოფა, რომ გუშინ მან ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რითაც დაავალა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე სხვა პროფილურ უწყებებს, გააფორმონ აფხაზეთთან ხელშეკრულება `ორმაგი მოქალაქეობის` შესახებ.
სამწუხაროდ, თბილისში ამ ბრძანებულებას სათანადო ყურადღება არ მიექცა. არადა, ეს ბრძანებულება შესაძლოა აფხაზეთთან მიმართებაში უმნიშვნელოვანესი გამანადგურებელი პროცესების საწყისი აღმოჩნდეს.
რატომ არის იგი ასე მნიშვნელოვანი?
ხომ თითქოს ისედაც აფხაზების 100%-ს რუსული პასპორტი აქვთ ე.წ. `აფხაზურ პასპორტთან ერთად`?
საქმე ის გახლავთ, რომ საერთაშორისო სამართალი და მსოფლიო სახელმწიფოთა ნაციონალური პრაქტიკა ერთმანეთისგან განასხვავებს ორ ინსტიტუტს: `მეორე მოქალაქეობა` და `ორმაგი მოქალაქეობა`.
ეს ორი სხვადასხვა ინსტიტუტია, თუმცა მათ ხშირად ურევენ ერთმანეთში.
აფხაზებს აქვთ `მეორე მოქალაქეობა` - რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა; ოღონდ იმ რუსული კანონის შესაბამისად, როცა მოსკოვი `მეორე მოქალაქეობას` გასცემს საზღვარგარეთ (ამ შემთხვევაში აფხაზეთში) მცხოვრები ე.წ. `თანამემამულეებისათვის`. ამ რუსული პასპორტებით, სინამდვილეში, აფხაზებს შეეძლოთ ემოგზაურათ მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე. არც ერთი სახელმწიფო ამ პასპორტებს არ სცნობდა. იურიდიული თვალსაზრისით აფხაზები იყვნენ `საზღვარგარეთ მცხოვრები რუსი თანამემამულეები`. ოღონდ ეს არ წარმოშობდა მათ რაიმე ვალდებულებას რუსული სახელმწიფოს მიმართ.
მაგალითად, მოსკოვმა შეიძლება გასცეს რუსული პასპორტი საფრანგეთში მცხოვრები პირველი ან მეორე ტალღის რუსული ემიგრაციის შთამომავლებისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანები იძენენ იმავე უფლებებს და ვალდებულებებს (მაგალითად რუსულ ჯარში სამსახურისა) რაც აქვთ რუსეთის ნამდვილ მოქალაქეებს.
ეს რაც შეეხება `მეორე მოქალაქეობას`.
სულ სხვაა `ორმაგი მოქალაქეობა`!
`ორმაგი მოქალაქეობა` კი იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთის მოქალაქეებს რუსეთის მიმართ და პირიქით, რუსეთის მოქალაქეებს - აფხაზეთის მიმართ უნდა ჰქონდეთ თანაბარი როგორც ვალდებულებანი, ასევე უფლებები! სწორედ ამაზე ფორდმება საგანგებო ხელშეკრულება.
მაგალითად, აფხაზებს ექნებათ თანაბარი უფლება შეიძინონ რუსეთის ტერიტორიაზე სახლები, მიწის ნაკვეთები, აწარმოონ ბიზნესი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.....მაგრამ იმავე პრინციპით, რუსეთის მოქალაქეებსაც, ვისაც ამის სურვილი ექნება, უნდა მიენიჭოთ უფლება აფხაზეთში აწარმოონ ბიზნესი, დაარეგისტრიორონ კომპანია, შეიძინონ ბინა (!), შეიძინონ მიწის ნაკვეთი და ასე შემდეგ.
აი ეს კი კატეგორიულად, სამკვდრო-სასიცოცხლოდ არ აწყობთ აფხაზებს: აფხაზეთის ხელისუფლება უკვე მრავალი წელია კატეგორიულად ეწინააღდმეგება ბინების ყიდვა - გაყიდვას რუსებზე. ეს ბინები (ქართველ ლტოლვილებს რაც წაართვეს) მათ სჭირდებოდათ და სჭირდებათ თურქეთში მცხოვრები აფხაზებისთვის ანუ ე.წ. `მუჰაჯირთა` შთამომავლებისთვის, ვინც აფხაზეთიდან XIX საუკუნეში გაიქცა.
ბუნებრივია, ამ კატეგორიის დაბრუნება აფხაზეთში მოსკოვს ძალიან არ ეპიტნავება, რაკი იმათ არც რუსული ენა იციან, არც რუსული სამყაროს ნაწილნი არიან და რუსეთი შთამომავლობით სძულთ.
ამდენად, მაღალი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ აფხაზური მხარე `ორმაგი მოქალაქეობის` ამგვარ ვარიანტს ხელს არ მოწერს.
სხვათა შორის განსხვავებით ე.წ. `სამხრეთ ოსეთისაგან`. პუტინის ბრძანებულებაში შემთხვევით როდია ნათქვამი, რომ ეს ხელშეკრულება უნდა იყოს ისეთი, როგორიც ცხინვალთან გავაფორმეთო. ოსებმა იოლად მოუწერეს ხელი.
არადა აფხაზეთს `სამხრეთ ოსეთისგან` ის განასხვავებს, რომ არანაირი `დამოუკიდებლობა` იმათ არ უნდათ - რუსეთის ფედერაციის სუბიექტობას ესწრაფვიან.
ხოლო აფხაზური ამბიცია კი გაეროს წევრობასაც სწვდება მომავალში.
როგორ მოიქცევა პუტინი, როდესაც ამ წინადადებაზეც უარს მიიღებს სოხუმისგან?
პირველ რიგში, ის გადაწყვეტს დასაჯოს აფხაზები იმით, რომ გააუქმებს `მეორე მოქალაქეობასთან` დაკავშირებულ ბენეფიტებს, რითაც ძალიან `მსუყედ` სარგებლობდნენ აფხაზები მთელი ამ წლების განმავლობაში: ჯერ გააუქმებს შეთანხმებას, რითაც აფხაზური პასპორტი გაუთანაბრდა რუსულ პასპორტს, ანუ აფხაზებს აფხაზური პასპორტითაც შეეძლოთ რუსეთში შესვლა, რუსეთში გადაადგილება, ბინის რეგისტრაცია და ა.შ.
შემდეგ კი გააუქმებს აფხაზეთში გაცემულ `რუსულ საზღვარგარეთის პასპორტებს`, რის შედეგადაც აფხაზები სრულ იზოლაციაში აღმოჩნდებიან.
თუ მაინც გაჯიუტდებიან, პუტინი თავისი ბრძანებულებით გააუქმებს ყველა იმ შეთანხმებას, რის საფუძველზეც 2010 წლიდან აფხაზები მილიარდობით რუბლს იღებენ მოსკოვიდან `საბიუჯეტო დახმარების` სახით.
ხაზგასმით ვიმეორებ, რომ სინამდვილეში `აგარაკი` მხოლოდ საბაბია ანუ predict. რუსეთის ელჩმა სოხუმში მას შემთხვევით როდი უწოდა `ლაკმუსის ქაღალდი`
სინამდვილეში კი, ასჯერ უფრო მეტად მოსკოვს აინტერესებს ორი საკითხი:
ა) ბინების თავისუფალი ყიდვა-გაყიდვა რუსებზე, რათა არ მოხდეს არც დღეს, არც ხვალ და არც ოდესმე თურქეთიდან იქ მცხოვრები ასი ათასობით რუსეთის მოძულე აფხაზის ჩამოსახლება აფხაზეთში, რომელიც ჩრდილო კავკასიას ესაზღვრება.
ბ) ენგურჰესი, რაც მოსკოვს საშუალებას მისცემს, მთელი კავკასიის ენერგოსისტემის მნიშვნელოვანი წილი დაისაკუთროს. ენგურჰესი განსაკუთრებით გემრიელი ლუკმაა. ელექტროსადგური (კაშხალის გარდა) აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.
სწორედ ამიტომ ხდება, რომ `უკრაინის ფონზე` პუტინმა ესოდენ მნიშვნელოვანი გარდატეხისთვის მოიცალა აფხაზეთის მიმართულებით.
საქართველო ახლა იმყოფება ერთი ცნობილი ჩინური ანდაზის მდგომარეობაში. თანაც იმყოფება პირველად ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. ალბათ 1978 წლიდან, როცა აფხაზეთში პირველი ანტიქართული მიტინგები გაიმართა და აფხაზურმა სეპარატიზმმა წამოჰყო თავი: პირველად შეგვიძლია ჩვენ კი არ ვირეაგიროთ მოვლენებზე, არამედ დაველოდოთ, რას შემოგვთავაზებს რეალურად აფხაზური მხარე. იმათ ბევრჯერ გამოუყენებიათ ეს ეშმაკური ხერხი, რომ თითქოს მოლაპარაკებებზე მოდიოდნენ (რუსების დასანახად) მაგრამ რეალურად თბილისს არაფერს სთრავაზობდნენ.
ახლა ეს არ უნდა გამოვიდეს: რაღაც რეალური ხომ უნდა შემოგვთავაზონ? მაგალითად ენგურის ე.წ. `საზღვრის` გახსნა, ე.წ. `ვიზების` გაუქმება ან გალის რაიონში ქართველი ბავშვების ქართულად სწავლება და ა.შ.
რაც შეეხება ჩინურ ანდაზას: საქართველო პირველად აღმოჩნდა იმ პერსონაჟის მდგომარეობაში, რომელსაც აქვს ფუფუნება იჯდეს მდინარის ნაპირას და ელოდოს, როდის ჩამოატარებს ეს მდინარე მისი ან ერთი ან მეორე მოსისხლე მტრის გვამს!
ნებისმიერ შემთხვევაში, რუსულ-აფხაზური პატრონყმული ურთიერთობები უკვე ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო.
უკრაინაში დამარცხება აიძულებს პუტინს `დადოს` წარმატება რაიმე სხვა მიმართულებით და საჩვენებლად დასაჯოს ისინი, ვინც უკრაინაში რუსეთის დამარცხებით ცდილობს ისარგებლოს ისე, რომ მოსკოვის ბრძანებები აღარ შეასრულოს.