საერთაშორისო მიმოხილვა. 1 ივნისი 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 1 ივნისი 2022 წელი

როგორც ცნობილია, ე.წ. `სამხრეთ ოსეთის `ახალმა პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა გააუქმა წინა პრეზიდენტის, ბიბილოვის ბრძანება რუსეთის ფედერაციასთან ცხინვალის შეერთებაზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ.

თუმცა არ არის გამორიცხული, ეს რეფერენდუმი მომავალში მაინც ჩატარდეს იმ რეფერენდუმებთან ერთად, რასაც პუტინი ამზადებს უკრაინის დაპყრობილ ტერიტორიებზე - დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონში, ანუ ერთდროულად რამდენიმე ტერიტორია შემოიერთოს რუსეთმა, მათ შორის ცხინვალიც.

აფხაზები კატეგორიულად წინააღმდეგნი არიან: `ჩვენ ასეთ რეფერენდუმს არც დღეს არც ხვალ არც არასდროს ჩავატარებთ, რადგან რუსეთის შემადგენლობაში შესვლა კი არა გაეროს წევრობა გვინდაო`.

. . . . . . . . . .

დონბასზე გრძელდება გააფთრებული, სისხლისმღვრელი ბრძოლები. განსაკუთრებით სევეროდონეცკის მიმართულებით.  ასევე რუსის ჯარი უახლოვდება ლისიჩანსკს. მერე დადგება სლავიანსკის და კრამატორსკის ჯერი. თუ მათაც აიღებენ რუსები (სევეროდონეცკი დღეს დილისათვის  სანახევროდ დაპყრობილი ჰქონდათ), მაშინ ისინი ლუგანსკის და დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვრებზე გავლენ.

ბევრმა მიაქცია ყურადღება, რომ ბოლო დროს თვითონ პუტინიც და პუტინის პროპაგანდაც სულ უფრო ხშირად უწოდებენ მიმდინარე აგრესიას `სპეცოპარაციას დონბასის რესპუბლიკათა დასაცავად`, ანუ აღარ უწოდებენ `უკრაინის დენაციფიკაციის ოპერაციას` და ა.შ.

ანუ, სრულებით შესაძლებელია (უკვე), პუტინი ამ ე.წ. `რესპუბლიკების` საზღვრებზე გავიდეს და გაჩერდეს გარკვეული პერიოდით, რაკი უდიდესი დანაკარგი აქვს, მაგრამ.....ეს აბსოლუტურად მიუღებელია უკრაინისთვის. გამოდის, რომ უკრაინა მოწყვეტილი იქნება ზღვიდან. ანუ როგორც აზოვის ზღვიდან (მარიუპოლის დაკარგვის შემდეგ) ასევე შავი ზღვიდან, რადგან მართალია ოდესა მტერმა ვერ დაიპყრო, თუმცა რაც მთავარია, ოდესის და ილიჩოვსკის პორტების ბლოკადას ხომ ახორციელებს ზღვიდან რუსული ფლოტი?

ამ პორტების გარეშე (ოდესა, ილიჩოვსკი, მარიუპოლი) უკრაინას მომავალი არა აქვს! იგი ვერ განვითარდება. თავის მთავარ სიმდიდრეს მსოფლიო ბაზარზე ვერ გაიტანს.

უკრაინის მთავარი სიმდიდრე შავმიწა ნიადაგია, რომელზეც ხორბალი მოდის.

ოდესის პორტის ბლოკირების გამო, უკრაინამ სცადა ხორბლის მატარებლით გატანა კონსტანცას რუმინულ პორტში და იქ დატვირთვა გემებზე, თუმცა არაფერი გამოვიდა: ათეულობით მილიონი ტონა ხორბლის გატანა მხოლოდ ზღვითაა შესაძლებელი უკრაინის პორტებიდან: მატარებლით 400 000 ტონა ძლივს გაიტანეს. ამას ემატება დონბასის ინდუსტრიული რეგიონის დაკარგვა. იმავე მარიუპოლის ინდუსტრიული კლასტერი დაახლოებით იგივეა უკრაინისთვის, როგორც რუსთავის ინდუსტრიული კომპლექსი  - საქართველოსთვის.

უფრო მეტადაც კი.

ბაიდენი კი კვლავ არ ჩქარობს უკრაინისთვის შორსმსროლელი ზალპური ცეცხლის დანადგარების მიწოდებას: გუშინ აშშ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინას მიაწვდის ისეთ რაკეტებს, რომლებიც `უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერ წერტილს მისწვდებაო`.

ანუ ამით თქვა; `...ოღონდ არა რუისეთის ტერიტორიაზეო`.

ეს განცხადება ვერავინ ამოხსნა, რადგან თუ იგულისხმება ისეთი რაკეტები, რაც სევეროდონეცკის მიმართულებიდან დონეცკს მისწვდება, მაშინ ეს რაკეტები ხარკოვიდან რუსულ ქალაქებსაც მისწვდებიან, თუკი უკრაინელები იქედან ისვრიან მათ.

ანუ ვაშინგტონში ახლა, როგორც სჩანს, იმაზე დაფიქრდნენ, რამდენად მართული იქნება უკრაინული გენერალიტეტი, თუ ერთის მხრივ ისინი უკრაინულ არმიას შორსმსროლელ იარაღს მიაწვდიან და მეორეს მხრივ, რუსის ჯარი კიდევ უფრო წაიწევს დასავლეთისაკენ.

ეს დილემა ვერაფრით გადაწყვიტეს ჯერ: გენერლებს შესაბამისი `სამხედრო მენტალობა` აქვთ: რა დაპირებაც არ უნდა მოგცეს, რამდენჯერაც არ უნდა დაიფიცოს და რა ხელშეკრულებასაც არ უნდა მოაწეროს ხელი, თუ გაუჭირდება და დამარცხება დაემუქრება, ხოლო ხელში იარაღი ექნება, აუცილებლად გამოიყენებს მტრის წინააღმდეგ

მაგალითად, 21 წლის წინ, ამერიკელებმა საქართველოში `წვრთნისა და აღჭურვის` პროგრამა დაიწყეს. ათასობით ქართველი ჯარისკაცი მოამზადეს.

ვაშინგტონის (პენტაგონის) პირობა იყო, რომ ეს გაწვრთნილი ჯარი საქართველოს პანკისის ხეობაში ტერორისტების  წინააღმდეგ უნდა გამოეყენებინა თუმცა არა ცხოინვალსა და აფხაზეთში მაგრამ...როცა ქვეყანას გაუჭირდა 2004 წელს, რუსული სამხედრო პროვოკაციის დროს, რა თქმა უნდა საქართველომ ეს ქვედანაყოფები გამოიყენა სეპარატისტთა ფორმირებების წინააღმდეგ.

აბა რა უნდა გვექნა?

ასევე გამოიყენებს უკრაინა შორსმსროლელ იარაღს და რუსეთსაც დაბომბავს, რა პირობებიც არ უნდა დადოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ;

რუსეთის ნაპრეზიდენტალი დიმიტრი მედვედევი დასავლეთს ემუქრება: თუ პეტერბურგში ან მოსკოვში ერთი ჭურვი მაინც ჩამოვარდება, ჩვენ არა მხოლოდ კიევს დავბომბავთ, არამედ ბერლინს და ლონდონსო.

სწორედ ამიტომ, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ გუშინ პირდაპირ განაცხადა: `პირობას ვდებ, უკრაინა ამ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოიყენებსო`.

დაეჯერება? კი, მას დაეჯერება, მაგრამ გადაწყვეტილებებს ბრძოლის ველზე საველე მეთაური იღებს. ომის და ბრძოლის ლოგიკიდან გამომდინარე: იარაღი გქონდეს და არ გამოიყენო - სამკვდრო-სასიცოცხლო ომის დროს გამორიცხულია.

. . . . . . . . . .

დანიამ მიაწოდა უკრაინას სანაპირო დაცვის `ხმელეთი - ზღვა` კლასის ანტისახომალდო რაკეტები `ჰარპუნი`. იგივე რაკეტებს უკრაინას აწვდის ასევე ნიდერლანდი და ინგლისი მათი მეშვეობით უკრაინას თეორიულად აქვს საშუალება, ჩაძიროს რუსული ხომალდები, რომლებუიც ოდესას ბლოკავენ.

რუსებმა ეს იციან, ამიტომ გემები 200 კილომეტრის სიღრმეში შეიყვანეს ზღვაში.

შორიდან აკვირდებიან, რომელიმე სატვირთო გემი არ შევიდეს ოდესისა და ილიჩოვსკის პორტში და თუ მცდელობა იქნება, აუცილებლად შეეცდებიან შეჩერებას. 

ბუნებრივია, NATO-ს ფლოტს აქვს შესაბამისი ძალა, დაიცვას სატვირთო გემები შავ ზღვაში რუსული თავდასხმისაგან, მაგრამ ეს პირდაპირი `ჯახია` რუსეთთან ანუ მესამე მსოფლიო ომი.

თურქეთსაც ორჭოფული პოზიცია აქვს და ბოსფორის სრუტით სამხედრო გემებს შავ ზღვაში არ უშვებს. `მონტრეს` საერთაშორისო კონვენციით მას აქვს ამის უფლება. ეს კონვენცია (ვიმეორებ) ზღუდავს შავ ზღვაში იმ სახელმწიფოთა სამხედრო გემების შემოსვლას, რომლებიც შავ ზღვას არ ესაზღვრებიან. რუმინეთს და ბულგარეთს კი ასეთი ძლიერი ფლოტი არა ჰყავთ.

. . . . . . . . . .

უკრაინის პრორუსული ეკლესია, რომელიც დღემდე მოსკოვის საპატრიარქოს ემორჩილებოდა, აცხადებს, რომ წყვეტს ურთიერთობას მოსკოვის საპატრიარქოსთან.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად უკრაინაში ორი მართლმადიდებელი ეკლესიაა: ერთი, უკრაინის დამოუკიდებლობის მომხრე, რომელსაც კონსტანტინეპოლის მსოფლიო პატრიარქმა ავტოკეფალია მიანიჭა და მეორე, პრორუსული - `მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესია`. (Православная церковь Украины Московского патриархата)

აი ეს უკანასკნელი ახლა აცხადებს, რომ გმობს რუსულ აგრესიას და წყვეტს კავშირს მოსკოვთან

არ არის გამორიცხული, მან სულ მალე უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიასთან შეერთებაც გადაწყვიტოს ანუ უკრაინული ეკლესია კონსტანტინეპოლის სკიპტრის ქვეშ გაერთიანდეს. თუმცა ეს გადაწყვეტილი არ არის და ყველაფერი დამოკიდებული იქნება ომის შედეგზე.

საქართველოს მაღთლმადიდებელმა ეკლესიამ დღემდე არ სცნო უკრაინის ავტოკეფალია მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ავტოკეფალია აღიარა კონსტანტინეპოლმა.

ამის მთავარი მიზეზი (რაზეც ჩვენში არ ლაპარაკობენ) იმის შიშია, რომ თუ ახლა საქართველო სცნობს უკრაინის ავტოკეფალიას, რომელიც გამოეყო რუსულ ეკლესიას, მაშინ აღარ დარჩება არგუმენტი, შეეწინააღმდეგოს აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიას, რომელიც აცხადებს, რომ გამოეყო საქართველოს ეკლესიას.

მოსკოვი აქტიურად მუЫაობს აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაზე და გარკვეული ძალები კონსტანტინეპოლში მოსკოვს ამ მიმართულებით მხარს უჭერენ სამწუხაროდ.

. . . . . . . . . .

პოლონეთი გამოვიდა აბსოლუტურად ლოგიკური, თუმცა ძნელადგანსახორციელებელი წინადადებით, რომ დასავლეთმა სანქციები დაუწესოს ინდოეთსა და ჩინეთს, თუ ისინი რუსულ ნავთობს იყიდიან.

ლოგიკურია თუმცა რთული: მართლაც, მას შემდეგ რაც ევროკავშირმა 2/3-ით აკრძალა რუსული ნავთობის იმპორტი და მზადაა მთლიანად აკრძალოს (თუკი უნგრეთს იმდენად დააკმაყოფიელბს, ბუდაპეშტიც დაეთანხმება), მაგრამ ამას რაღა აზრი აქვს თუკი მოსკოვი ინდოეთსა და ჩინეთში გაყიდის იმავე ნავთობს?

ისე ძვირად ვეღარ გაყიდის რასაკვირველია - გარკვეული დისკონტი დასჭირდება, - თუმცა ნავთობზე ფასი იმდენად გაიზარდა, ამ დისკონტის კომპენსირებას ნამდვილად შეძლებს.

ოღონდ....დასავლეთი ახლა არ არის მზად ინდოეთს და ჩინეთს სანქციები დაუწესოს, რადგან ეს ამ ქვეყნების რუსეთთან დაახლოებას და ერთიანი ბლოკის შექმნას გამოიწვევს.

. . . . . . . . . .

ჩინეთმა 30 სამხედრო თვითმფრინავი გააგზავნა ტაივანის მიდამოებში, რათა ამერიკა `გამოსცადოს`: ბაიდენმა განაცხადა, რომ მიუხედავად უკრაინაში შექმნილი ვითარებისა, ამერიკის შეერთებული შტატები `სამხედრო ძალით დაიცავს ტაივანს`.

ასეთი განცხადება ბაიდენს უკრაინაზე არ გაუკეთებია. ანუ არ უთქვამს, რომ ამერიკა `სამხედრო ძალით დაიცავს უკრაინას`.

მიზეზი ისაა, რომ საყოველთაო აღიარებით, კაცობრიობის მომავალი წყნარ ოკეანეში წყდება. ჩინეთმა თუ ტაივანი დაიპყრო, იმდენად გაძლიერდება, რომ წყნარი ოკეანე `ჩინური` გახდება მთლიანად.

ამერიკა ამას ვერ დაუშვებს.

ეს მესიჯები ბაიდენმა წყნარი ოკეანის  ქვეყნებში ვიზიტისას გააჟღერა.