საერთაშორისო მიმოხილვა. 6 ნოემბერი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 6 ნოემბერი. 2023 წელი

უკრაინის ხელისუფლებაში მიმდინარე მოვლენები სულ უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს: მთავარსარდალ ზალუჟნის სენსაციური სტატიის შემდეგ The economist-ში, როდესაც მან ომის `ჩიხში შესვლაზე` ისაუბრა, მთავარსარდალი მკვეთრად გააკრიტიკა პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის წარმომადგენელმა ჟოვკამ.

ამ განცხადებებზე ბევრჯერ დაგვიწერია. ახლა მხოლოდ იმის თქმაა ალბათ საჭირო, რომ იწყება იმ მთავარი რუსული `უპირატესობის` (ბრჭყალებში) მოქმედება, რაც მოსკოვს გააჩნია უკრაინის მიმართ: უკრაინა დემოკრატიული სახელმწიფოა, სადაც არსებობს სიტყვის თავისუფლება, სადაც თავისუფლად მუშაობს დასავლური მედია და ა.შ. შესაბამისად, ომის დროს დემოკრატიულ სახელმწიფოში ელიტური კონსენსუსი ძალიან ძნელად მისაღწევია. იმავეს პუტინი აღწევს ავტოკრატიული მეთოდებით.

ბევრი დამკვირვებელი ვერ ამჩნევს, კონკრეტულად რა იწვევს უკრაინელთა უკმაყოფილებას დასავლეთის პოზიციაში. სინამდვილეში მიზეზი ის კი არ არის, რომ დასავლეთი არ აწვდის უკრაინას შესაბამის იარაღს, არამედ ის, რომ დასავლეთი უკრაინას უკრძალავს ამ იარაღის გამოყენებას რუსეთის ტერიტორიაზე!

უკრაინული გენერალიტეტი კი დარწმუნებულია: სანამ უკრაინას არ ექნება იმის ტექნიკური და პოლიტიკური საშუალება, რომ რუსული აგრესიის პასუხად, აგრესორს მიაყენოს დარტყმები მისსავე ტერიტორიაზე, პუტინი უსასრულოდ გაწელავს ომს.

`გაწელილი ომი` კი აგრესორს აძლევს ხელს.

დასავლეთის პოზიცია გამოწვეულია შიშით ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების თაობაზე.

აქედან აბსოლუტურად ლოგიკური დასკვნა გამომდინარეობს, რასაც, როგორც ჩანს იზიარებს უკრაინული გენერალიტეტი: დასავლეთს დიდ ტრაგედიად არ მიაჩნია ფრონტის `გაყინვა` იმ ხაზზე, რაც ამჟამად დასტაბილურდა აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც პუტინმა შეასრულა მისი პროგრამა მინიმუმი: გაჭრა სახმელეთო დერეფანი ყირიმში და დაიპყრო ინდუსტრიული დონბასი, რომელსაც ამ თვალსაზრისით უდიდესი პოტენციალი აქვს როგორც სამრეწველო, ასევე წიაღისეული სიმდიდრით.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

ეკონომიკის სფეროში ყველაზე ავტორიტეტული დასავლური რესურსი The Financial times წერს, რომ ევროკავშირის ანტიკრემლური სანქციების მე-12 პაკეტი არ გაითვალისწინებს რუსული აქტივების კონფისკაციას, რადგან.....`ამან შესაძლოა გამოიწვიოს აქტივების გადინება დასავლეთიდან, - მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში გაჩნდება შიში, რომ შესაძლოა მოხდეს მათი აქტივების კონფისკაციაც`

აი ასე, მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნადაა ჩამოყალიბებული, თუ რატომ ვერ (!) ასრულებს დღემდე დასავლეთი უკრაინის მრავალგზის მოთხოვნას, რომ პუტინს ჩამოერთვას დაახლოებით სამასი მილიარდი დოლარი (!) რაც დასავლურ ბანკებში ჰქონდა შენახული; ანუ ეს სახსრები  გადაეცეს უკრაინას ზარალის ასანაზღაურებლად.

ამჟამად რუსული აქტივები მხოლოდ  დაყადაღებულია ანუ დაპატიმრებულია ესე იგი გაყინულია, თუმცა უკრაინას არ გადასცემია, რადგან დასავლეთი ერიდება ამ აქტივების კონფისკაციას.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

ირანი აგრძელებს უმოქმედო (!) მუქარას ამერიკის მიმართ.

ირანის თავდაცვის მინისტრმა აშტიანიმ უკვე მერამდენედ გააფრთხილა ამერიკა ისრაელის მოქმედების (!)  გამო და დაემუქრა `ძლიერი დარტყმით`.

თუმცა ამ მუქარებს რომ არასდროს რაიმე სერიოზული და არსებითი ქმედება (!) არ მოჰყვება, ეს უკვე ძალიან აზიანებს არა მხოლოდ თვით ირანს, არამედ მთლიანობაში ისლამურ სამყაროს.

`ისლამური ქუჩა` ანუ ისლამური `უმმა` ესე იგი მაჰმადიანური თანამეგობრობა მთელს მსოფლიოში, მალაიზიიდან - ალჟირამდე ახლა `დუღს` და ელიტებისგან ქმედებას (!) მოითხოვს ღაზაში ისრაელის სპეცოპერაციის საპასუხოდ. ელიტები კი რეალური ნაბიჯების გადადგმას ვერ ბედავენ, რაკი შედეგებს აცნობიერებენ.

ამის ბოლო მაგალითი იყო `ჰესბოლლას` ლიდერის შეიჰ ნასრალლას  დონდლო  გამოსვლა, რაც რასაკვირველია მან  წინასწარ შეათანხმა ირანთან.

გამორიცხულია ასეთი სისუსტის დემონსტრირებამ ისლამურ სამყაროში არ გამოიწვიოს სტრუქტურული კრიზისი, რაკი უბრალო ადამიანები იმანენტურად ისწრაფვიან `ძალისკენ`, `სიმტკიცისკენ` და როცა ვერ იღებენ ამის კონფირმაციას, ხდება ღირებულებათა დისკრედიტაცია.

ისრაელ-პალესტინის კონფლიქტმა ამ მხრივ შესაძლოა ისტორიული როლი შეასრულოს.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

გუშინ, აშშ სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრისას, პალესტინის ავტონომიის ლიდერმა, 88 წლის (!) მაჰმუდ აბასმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა: მისი თქმით, პალესტინის (იგულისხმება დასავლეთ სანაპიროს) ადმინისტრაცია მზად არის აიღოს ხელისუფლება ღაზაში.

ეს განცხადება მხოლოდ იმით კი არ არის მნიშვნელოვანი, რომ ზოგადად `პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია`(პგო) მზადაა ღაზას სექტორი მართოს ნაცვლად `ჰამასისა`, არამედ იმითაც, რომ ამ ფრაზით მაჰმუდ აბასმა, სურდა მას ეს თუ არა, ფაქტურად `გაამართლა` ისრაელის ოპერაცია `ჰამასის` წინააღმდეგ ღაზაში და აღიარა, რომ ღაზას სექტორში ჯერ უნდა დასრულდეს ჰამასის განადგურება, ამის შემდეგ კი ხელისუფლება სექტორში ჩანაცვლდება უფრო ზომიერი ძალით:  პგო, განსხვავებით `ჰამასისგან` აღიარებს ისრაელის არსებობის უფლებას, თუმცა აგრძელებს ისრაელთან დისკუსიას მომავალი პალესტინური სახელმწიფოს საზღვრებზე და იერუსალიმის კუთვნილებაზე.

ამდენად, მაჰმუდ აბასის განცხადება ისრაელის უდიდესი პოლიტიკური გამარჯვებაა. ოღონდ...ისევ და ისევ....ეს განცხადება იმის შედეგია, რომ პალესტინელები ხედავენ გაუბედაობას ისლამურ სამყაროში. ირანის მხრიდანაც კი.

აშკარაა: არავის სურს დიდი ომი დასავლეთთან.

აქვე: საინტერესოა კვლავ ვიკითხოთ: რატომ?

პასუხი ნათელია: იმიტომ, რომ ისლამური სამყაროს უდიდესი ნაწილის ელიტები დღეს ბევრად მეტად არიან `მიბმულნი` დასავლეთზე, ვიდრე 50 ან თუნდაც 20 წლის წინ: მათი შვილები დასავლურ უნივერსიტეტებში სწავლობენ, ფულს დასავლურ ბანკებში ინახავენ..... ევროპაში, იტალიასა და ესპანეთში, ასევე საფრანგეთის `ლაჟვარდოვან სანაპიროზე` სახლებს ფლობენ და ა.შ და ა.შ.

რაც შეეხება ირანს, ირანის ელიტებს ესმით, რომ თუ დიდი ომი დაიწყო, დასავლეთი ამ ქვეყანას სრულ იზოლაციაში მოაქცევს; მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება და შესაძლოა ის მცირე საპროტესტო ტალღები, - რაც ირანის ისლამურ რესპუბლიკას ასე თუ ისე `ატორტმანებდნენ` ბოლო 15 წლის განმავლობაში, - დიდი სოციალური უკმაყოფილების, აჯანყებისა და რევოლუციის `ცუნამიდ` გადაიქცეს.

დღევანდელი ირანიც აღარ არის 20 წლის წინანდელი ირანი, რაკი სოციალური კომუნიკაციის საშუალებები ამ ქვეყანაშიც კეთილისმყოფელ საქმეს ასრულებენ  -  სამოქალაქო შეგნებას, ასევე სამოქალაქო აქტივიზმს აღვიძებენ.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

ისრაელის დიპლომატები დასავლელ კოლეგებთან შეხვედრებისას აჟღერებენ პროექტს, რომლის თანახმად ასი ათასობით პალესტინელი შეიძლება გადასახლდეს ეგვიპტეში. ზოგიერთ შეხვედრაზე გაიჟღერა ციფრმა `მილიონამდე ღაზელი`.

ამით ისრაელი ცდილობს ორი ამოცანის მიღწევას: შეამცირებს `ჰამასის` მხარდამჭერ ბაზას და გარკვეულწილად შეამსუბუქებს სოციალურ დაძაბულობას ღაზაში, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე ყველაზე ერთ-ერთი მაღალია მსოფლიოში.

 თუმცა ეგვიპტე ამ პროექტის წინააღმდეგია ანუ აცხადებს, რომ ღაზიდან ლტოლვილებს არ მიიღებს. ეგვიპტეს მმართველ გენერალ ასისის ორი მოტივი აქვს და არც ერთს არ მალავს, ესე იგი ღიად დეკლარირებს:

 

ა) გენერალი ასისი ხელისუფლების სათავეში მოვიდა მას შემდეგ, რაც არმიის ძალით დაამხო `მუსლიმური საძმოს` ხელისუფლება. ეს `საძმო` კი თავის დროზე ხელისუფლებაში მოხვდა `არაბულ გაზაფხულად` წოდებული რევოლუციური პროცესების შედეგად; `ჰამასი` სწორედ სუნიტური `მუსლიმური საძმოს` წევრია და თუ მილიონობით ღაზელი გადავა ეგვიპტეში, ეს აუცილებლად გამოიწვევს დესტაბილიზაციას იმ ქვეყანაში, სადაც გენერალმა ასისიმ, ასე თუ ისე, ძლივს `დაალაგა` და `დაასტაბილურა` ვითარება.

 

ბ) გენერალი ასისი პირდაპირ ამბობს: `თუ ღაზელები ახლა ეგვიპტეში გადმოსახლდებიან, ისინი ღაზაში აღარ დაბრუნდებიან და ღაზა დაიცლება, აღარ იარსებებს`.

ეს ძალიან საინტერესო და ნიშანდობლივი განცხადებაა, დავაკვირდეთ: ისლამური სამყარო, მათ შორის ეგვიპტე, პალესტინელ არაბებს განიხილავს, როგორც ინსტრუმენტს `საერთო ისლამური ისტორიული ამოცანის` გადასაჭრელად: ანუ იერუსალიმის (მინიმუმ აღმოსავლეთ იერუსალიმის) დასაბრუნებლად და ალ აქსას მეჩეთზე `ისლამური სუვერენიტეტის` აღსადგენად. მაგრამ თუ პალესტინელები ეგვიპტეში, ასევე სხვა არაბულ სახელმწიფოებში გადასახლდებიან, შემდეგ იქ ჩვეულებრივ არაბულ მოსახლეობაში `აითქვიფებიან`, ხსენებული `ინსტრუმენტიც` დაიკარგება.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა სეიმურ ჰერშმა  `გამოიტანა` იმ საიდუმლო მოლაპარაკებათა დეტალები, რაც მიმდინარეობს ისრაელსა და `ჰამასის` ლიდერშიპს შორის.

შესაძლოა ეს თვით ისრაელის მიერ ორგანიზებული `საინფორმაციო გაჟონვაც `იყოს:

ირკვევა, რომ ისრაელი სთავაზობს `ჰამასის` ლიდერებს შეწყალებას იმის სანაცვლოდ, რომ `ჰამასი` გაათავისუფლებს მძევლებს და სამხედრო ტრიბუნალით დახვრეტს (!) ყველა იმ ტერორისტს, რომელმაც 7 ოქტომბერს ებრაულ კიბუცებში სამხედრო დანაშაული ჩაიდინა.