რა ხდება ქართულ მედიაში?

რა ხდება ქართულ მედიაში?

 

სრული დომხალი და გაუგებრობა, რომელიც ერთი დიდი გაუგებრობიდან მომდინარეობს, რაშიც «ქართული ოცნება» და, მასთან ერთად ქვეყანა აღმოჩნდა! 

თავდაპირველად ორი ძალიან პრინციპული პოზიცია: დისკურსი «იმედსა» და, ზოგადად, მედიაში მიმდინარე პროცესების შესახებ, არ ეხება მხოლოდ ქალბატონ გრიგოლიას და არ დაიყვანება მის პერსონაზე. ეს ბევრად ღრმა და საჭირბოროტო თემაა, რომელზეც ცრემლის ღვრის უფლება ნამდვილად არა აქვთ იმ «ნიანგებს», ვინც იმავე «იმედის» დარბევას  ამართლებდა 2007 წელს ან სულაც არ უკვირდა, როდესაც 2004 წელს, – ე.წ. «ვარდების რევოლუციის» შემდეგ, მოულოდნელად ყველა მედიამფლობელმა უცბად გადაწყვიტა, «თოქ–შოუები» შეეჩერებინა.  ხელისუფლება მაშინაც ასევე იჩეჩდა მხრებს და შლიდა ხელებს:  «ჩვენ რა შუაში ვართ, ეს ხომ მედიამფლობელებმა გადაწყვიტესო». «ვარდების რევოლუციის» იდეოლოგები კი (მათ შორის «გამარჯვებული ხალხის ტელევიზია») ასევე ფართოდ დახუჭული თვალებით უკრავდნენ კვერს: «მედიამ ქვეყანაში ტემპერატურის დაგდება გადაწყვიტაო». თურმე «მედიას გადაუწყვეტია».

ამაზრზენია, როდესაც იგივე ხალხი დღეს, «რეაქციასთან» დაკავშირებით  პროტესტს გამოთქვამს: «მედიამფლობელები ამას როგორ გადაწყვეტდნენ, ეს ხომ ძალიან რეიტინგული შოუ იყოო». და მაშინდელი (2003წ) თოქ–შოუები არ იყო რეიტინგული?

კაცმა რომ თქვას, მომხდართან დაკავშირებით პროტესტის გამოთქმის მორალური უფლება მხოლოდ იმ ჟურნალისტებს   აქვთ, ვინც ასევე «იტისკებოდა» წინა ხელისუფლების დროს და ვისაც არც ერთი ხელისუფლებისგან არაფერი მიუღია, შევიწროვებისა და ყველანაირი დაბლოკვის გარდა.

რაც შეეხება უშუალოდ ინგა გრიგოლიას, კიდევ ვიმეორებ, ეს არ არის მხოლოდ მისი პრობლემა და იმდენად მისი პრობლემაც არაა. მისი ჟურნალისტური ბეგრაუნდი ცნობილია. ბევრს ძალიან გაუკვირდა, რომ ინგა კვლავ აღმოჩნდა «იმედში» მას შემდეგ, რაც სამართლიანობა აღდგა (მართლა აღდგა!) და ტელევიზია კანონიერ მფლობელებს დაუბრუნდა.  თვით პატარკაციშვილებთან დაახლოებულნიც კი ამბობდნენ, რომ ბადრისთვის გადამწყვეტ მომენტში, ინგა, რაღაც უცნაური მანქანებით, აღმოჩნდა «რუსთავი ორში». ანუ, ერთი პრეზიდენტობის კანდიდატის ტელევიზია დატოვა იმ მოტივით, რომ არ სურდა ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა და აღმოჩნდა მეორე პრეზიდენტობის კანდიდატის (მიხეილ სააკაშვილის) ტელევიზიაში.  შემდეგ, «რუსთავი ორის» ეკრანიდან შემოგვცქეროდა და მრისხანედ გვაფრთხილებდა:  «არავის ეგონოს და არავინ გაბედოს თქმა, თითქოს  «რუსთავი ორზე» გადავედი სამუშაოდ  – დამოუკიდებელ სტუდიას წარმოვადეგენო».

ინგა, რასაკვირველია, ძალზე მაღალკვალიფიციურ, მოუსყიდველ და უმწიკვლო ჟურნალისტად ითვლება, რომელსაც «არაფერი არასდროს გამოეპარება», «არც ერთ აქტუალურ თემას არ ტოვებს გაუშუქებლად» და ამ თვალსაზრისით ვერანაირი  მოსაზრება  ვერ აიძულებს, რაიმე მწვავე თემის გაშუქებაზე უარი თქვას. თუმცა . . .  

თუმცა,  ეს ისე, ლირიული გადახვევის სახით.

რაც შეეხება დომხალს, რომელიც მედიაში ტრიალებს, შავ ფულს, რაც მოედინება (პირველ რიგში რუსეთიდან), ამ ყოველივეს აქვს კონკრეტული მიზეზი: დანაშაულებრივად არასისტემური მიდგომა მედიისადმი,  როგორც წინა, ასევე ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან!

წინა ხელისუფლებამ ვითომ დიდი საქმე გაუკეთა მედიას, როდესაც გააუქმა სასამართლოში ჩივილის და ფინანსური ანაზღაურების შესაძლებლობა (ცრუ დასმენის და ცილისწამების გარდა), მაგრამ შედეგად მივიღეთ ის, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი არაფორმალური მეთოდებით, მათ შორის ძალისმიერი ბერკეტებით და პირდაპირი ტერორით ცდილობდა მედიის გაკონტროლებასა და მასზე ზეგავლენის მოხდენას. 

«ოცნების ხელისუფლებამ» კი, თითქოსდა ყველაფერი თვითდინებაზე მიუშვა, საკუთარი «მეცხრე არხიც» დახურა (დღემდე გაუგებარი და უცნაური მოტივით), რომელიც თუნდაც ტენდენციური ყოფილიყო, ამ ტენდენციურობით «გამარჯვებული ხალხის ტეელვიზიის» ტენდენციურობას გააწონასწორებდა, მაგრამ შედეგად მივიღეთ ბევრად უარესი: დაფინანსების «შავი სქემები» იმ მედიის, იმ ტელევიზიების, საინფორმაციო სააგენტოების, გაზეთების მიმართ, რომელიც ვითომ ხელისუფლების არაა, მაგრამ სინამდვილეში, ბიუჯეტიდან ფინანსდება ან მოსკოვიდან , – ხუბუტიას უახლოესი წრის მიერ «გადმოქაჩული» თანხებით. 

ეს «შავი ფული» მოდის ხელზეც და ცალკეული კომპანიების მიერ, პარალელურად, «ფულის გარეცხვის» მეთოდით.

სარწმუნო წყაროთა ცნობით, ივლისის ბოლოს, რუსეთში მცხოვრებ ერთ «შავს» დაავალეს, ხარკის სახით,  ნებისმიერი მეთოდით უზრუნველყოს რამდენიმე ინტერნეტრესურსის – სააგენტოების, ასევე გაზეთისა და რადიოების «დათრევა». სამაგიეროდ, სხვა «ბონუსებს» დაჰპირდნენ. მათი ემისრები სადღაც 15 სექტემბრიდან გამოჩნდებიან გამომცემლებთან. რატომ არა ტელევიზიებთან? იმიტომ, რომ მას შემდეგ, რაც «იმედზე» მოხდა, ტელესივრცეში უკვე თითქმის  ყველაფერი გარკვეულია.

როგორც ჩანს, ხელისუფლება ვერ ხვდება, რა საფრთხეს შეიცავს რუსეთი მათთვისაც კი! მოსკოვში მთელი ლაბორატორიები არსებობს იქაური «უშიშროების საბჭოს» სისტემაში, რომლებიც ყოველდღიურად, დაუღალავად  სწავლობენ ყველა სიახლეს საქართველოზე და აკონტროლებენ თითოეულ ცენტს, რომელიც აქ ირიცხება. ტყუილუბრალოდ და «ლამაზი თვალებისთვის» ისინი არანაირ პროცესს არ დაუშვებენ,  თუ თვით ტენდენცია რუსეთის ინტერესებში არ შედის.

ანუ,  «ოცნებას» შეიძლება ისე მოუვიდეს, რომ ეგონოს, მედია მის ხელში ვარდება, თუმცა სულ სხვათა ხელში აღმოჩნდეს და კარგადაც «გააგორონ» მომავალი წლის არჩევნებზე! 

პრემიერ – ვიცე–პრემიერის «ურთიერთჭმამ»  ხომ ლამის საბოლოოდ დაღუპოს მედია. აქეთ–იქეთ ქაჩვასა და სახელმწიფო კანცელარიის სხვადასხვა სართულზე «იატაკქვეშა  ბრძოლებს» სიტყვის თავისუფლება რატომ უნდა ეწირებოდეს, გაუგებარია. უფრო ზუსტად, ხელისუფლების ინტერესები გასაგებია, მაგრამ ჟურნალისტთა თემიც  ხომ უნდა იქცეოდეს, როგორც «ერთიანი ამქარი»?

 ალბათ დროა, მთავრობას მოვთხოვოთ, უბრალოდ დაანებოს მედიას თავი! თუ არ დაეხმარება და პირობებს არ უქმნის, თუ არანაირი დადებითი და პოზიტიური სისტემური მიდგომა არა აქვს, თავი მაინც დაანებოს და მისცეს ჟურნალისტებს საშუალება, საკუთარი ნიჭითა და პატიოსანი კონკურენციით დაიმკვიდრონ  ადგილი მედია–სივრცეში.

2015