ირინა სარიშვილის სოლო პარტია
საარჩევნო კამპანია საქართველოში «ნამდვილად» დაიწყო შევარდნაძის ბათუმში ვიზიტის დროს. ეს იყო სტარტი, თუმცა, მანამდე პოლიტიკური ლიდერები «ფალსტარტს» რამდენჯერმე წამოეგნენ.
ვგულისხმობ, უპირველეს ყოვლისა, «აღორძინების ბლოკის» თბილისურ ფრთას, რომელიც აშკარად სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ასლან აბაშიძეს საარჩევნო მარათონში ჯუმბერ პატიაშვილი «ჩაენაცვლა».
ეჭვი არავის ეპარება, რომ აჭარის ლიდერი ბოლო მომენტში მოხსნის თავის კანდიდატურას. ამრიგად, საარჩევნო დაძაბულობა «მოეშვა», ვინაიდან იმთავითვე ცხადია, რომ აბაშიძისაგან განსხვავებით, ჯუმბერ პატიაშვილი მოქმედ პრეზიდენტს «სპარინგ პარტნიორად» თუ გამოადგება.
ამრიგად, პოლიტიკურ ძალთა არა მოჩვენებითი, არამედ რეალური განლაგება უკვე გამოიკვეთა. ნათელი გახდა ისიც, რომ «სახალხოსაგან» განსხვავებით, რომლის წარმომადგენელი დაინიშნა ჯუმბერ პატიაშვილის ნდობით აღჭურვილ პირად, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია აგრძელებს დამოუკიდებელ თამაშს.
თითქოს პარადოქსია, მაგრამ ირინა სარიშვილის პოზიციები, ამ თვალსაზრისით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არათუ შესუსტდა, არამედ გაძლიერდა კიდეც, ვინაიდან დღეს უკვე სრული აბსურდია მისი დადანაშაულება «ალიანსში».
სარიშვილმა მიიღო ძალიან ძვირფასი და მომგებიანი საშუალება – ერთნაირად აკრიტიკოს ორივე საპარლამენტო ძალა და ორივეს გაემიჯნოს.
ანუ ირინა სარიშვილი სწორედ არჩევნებში დამარცხების შემდეგ შეიძლება იქცეს ნამდვილ «მესამე ძალად», რაც სრულებითაც არ უშლის ხელს საკმაოდ ეშმაკურად ითანამშრომლოს პრეზიდენტთან – მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირების გასამწვავებლად.
ამ თვალსაზრისით ირინა სარიშვილი კვლავინდებურად რჩება ყველაზე მოქნილ და «ოსტატურად მოთამაშე» პოლიტიკოსად. საკმარისია გავიხსენოთ მისი «უცნაური შეხვედრა» რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტთან: დარწმუნებული ვარ, არავითარი კონკრეტული საკითხი (ყოველ შემთხვევაში, ისეთი, რაც სინამდვილეში აინტერესებდა სარიშვილს) ამ შეხვედრისას არ განხილულა, მაგრამ ედპ-ს ლიდერს სჭირდებოდა შეხვედრის ფაქტი, რათა კიდევ უფრო გაეძლიერებინა ნევროზულობა მოქალაქეთა კავშირში და განსაკუთრებით გაემწვავებინა ურთიერთობა ზურაბ ჟვანიასა და ვაჟა ლორთქიფანიძეს შორის.
მივაქციოთ ყურადღება, რომ სარიშვილი ამ ოსტატურ ინტრიგებს ახორციელებს პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს, როდესაც ურთიერთობები მართლაც დაიძაბა, რადგან 2000 წლის ბიუჯეტი, რა თქმა უნდა, ვერ გასწვდება პარლამენტში წარმოდგენილი ყველა ინტერესის დაკმაყოფილებას.
სარიშვილი უკვე მოექცა «ინფორმაციული ტალღის» სათავეში და ნათელი გახდა მისი შემდგომი (ხუთწლიანი) სტრატეგია. პარტიის სტრუქტურის სიმტკიცეს ირინა სარიშვილისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს – მან შესანიშნავად უწყის, რომ «სახალხოს» გამოყოფისა და 31 ოქტომბრის არჩევნებში დამარცხების შემდეგ ედპ უკვე მხოლოდ სახელია, მაგრამ ამ სახელს მას ვერავინ წაართმევს: ირინა სარიშვილმა 10 წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი პოლიტიკური კაპიტალი დააგროვა, მაგრამ მის დასაბანდებლად აუცილებელია გადასვლა «პარტიული პოლიტიკიდან» - «ინდივიდუალურ პოლიტიკაზე» ანუ უახლოესი 5-10 წლის განმავლობაში (სარიშვილს თავად არ ეპარება ეჭვი, რომ 2005 წელს შევარდნაძის «წასვლა» გადაწყვეტილი სულაც არ არის)
ირინა სარიშვილისთვის საპარლამენტო და მით უმეტეს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს მხოლოდ მეორადი, დამხმარე მნიშვნელობა ექნება. ირინა სარიშვილი იწყებს აქტიურ ბრძოლას პრეზიდენტობისთვის და შეეცდება ითამაშოს იმ კანდიდატის (თუ მოქმედი პრეზიდენტის) ინტერესებსა და წინააღმდეგობაზე, რომლებიც «საპრეზიდენტო თამაშში» მიიღებს მონაწილეობას უახლოესი 10 წლის განმავლობაში ანუ ყველაზე საინტერესო სწორედ ის არის, რომ ირინა სარიშვილმა დაკარგა რეალური ინტერესი პარტიისადმი, რომლის ისტორია 1982 წლიდან დაიწყო და ამაში არც გაემტყუნება, ვინაიდან «ეროვნული მოძრაობიდან» მომავალი პარტიების პერსპექტივა საქართველოში დასრულებულია: იწყება ინდივიდთა ბრძოლა, რომელშიც სარიშვილი ძალიან აქტიურ მონაწილეობას მიიღებს – პერიოდულად გააძლიერებს და შეასუსტებს მხარდაჭერას ამა თუ იმ ფიგურის მიმართ, შეაჯახებს მათ ინტერესებს და ამ გზით, უეჭველად დარჩება (ყველა მომავალ «პარტიულ არჩევნებში» რომც დამარცხდეს) ინდივიდუალურად საქართველოს საარჩევნო ოლიმპზე ანუ «საპრეზიდენტო კლუბში».
თავისთავად ამ კლუბის წევრობა იმთავითვე მნიშვნელოვანია ქვეყანაში გავლენისა და ელემენტარულად «სრულფასოვანი ცხოვრებისათვის» _ როგორც ეს ესმით ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეებს.
ამრიგად, ირინა სარიშვილისათვის 31 ოქტომბერს (ამ არჩევნების შედეგად ედპ პოლიტიკურად პირველად დამარცხდა 1988 წლიდან) მხოლოდ მისი ცხოვრების ერთი პერიოდი დამთავრდა, მაგრამ უმალვე დაიწყო მეორე პერიოდი – მის გარშემოც უფრო «ფიგურების» კონცენტრაცია მოხდება, ვიდრე «პოლიტიკური ძალებისა» (ძველი გაგებით).
ივლიანე ხაინდრავა და დავით ბერძენიშვილი ამგვარ ფიგურათა მხოლოდ ერთ კატეგორიას განეკუთვნება. იქნება სხვა ფიგურებიც. ახალი ტაქტიკიდან გამომდინარე, ირინა სარიშვილი შეეცდება კიდევ უფრო მჭიდრო კავშირი დაამყაროს პრეზიდენტთან და ითამაშოს მის ინტერესებზეც, ვინაიდან 2005 წელს ედუარდ შევარდნაძისთვის ასეთი ტიპის პოლიტიკოსთა მხარდაჭერა არა გადამწყვეტი, მაგრამ მნიშვნელოვანი იქნება.
იმავე მიზნით, სარიშვილი კვლავ შეეცდება ერთმანეთს «დააჯახოს» ჟვანია და ლორთქიფანიძე, პარალელურად, დაასუსტოს მოქალაქეთა კავშირი – იმავე მიზნით, რათა მოუსპოს შევარდნაძეს მყარი დასაყრდენი პარლამენტში და უფრო მეტად დამოკიდებულ გახადოს იგი პოლიტიკურ ლიდერთა და მოღვაწეთა მხარდაჭერაზე.
მიუხედავად ამ ჩანაფიქრის ნიჭიერების და არცთუ უსაფუძვლობისა, ძნელი წარმოსადგენია, მან სტრატეგიულად წარმატება მოუტანოს ირინა სარიშვილს.
უპირველესად იმის გამო, რომ ზურაბ ჟვანიას სახით, მას საკმაოდ ჭკვიანი და უკვე გამოცდილი მოწინააღმდეგე ეყოლება. მაგრამ აღწერილი ტაქტიკა უზურნველყოფს სარიშვილის დარჩენას «კლუბში» განსხვავებით ედპ-ს ყოფილი ელიტის ლიდერთაგან, რომლებმაც ტაქტიკური მოგების მისაღებად დაუშვეს სტრატეგიული შეცდომა და მეტისმეტად დაუკავშირეს საკუთარი ბედი «აღორძინების» სრულიად უპერსპექტივო კოალიციას.
თუმცა, მეორეს მხრივ, ირინა სარიშვილი (მისი მენტალიტეტიდან გამომდინარე) არ ითვალისწინებს მთავარს: ისტორია დამთავრდა საქართველოში! ანუ 10, 5 ან თუნდაც 4 წელი ძალიან დიდი ვადაა, მოსახლეობა კი პოლიტიკით მეტისმეტად დაიღალა და რაც უფრო მეტი დრო გავა 1988-1993 წლების დაუვიწყარი მოვლენებიდან, მით უფრო გაიზრდება აპათია და ანტიპათიაც ყველა იმ ფიგურის მიმართ, რომელიც იმ პერიოდთან ასოცირდება.
სხვათა შორის, ამ თვალსაზრისით ირინა სარიშვილი უფრო მეტად «გამოკვეთილი» ფიგურაა, ვიდრე ზურაბ ჟვანია, რაც მისთვის უფრო ნაკლია, ვიდრე უპირატესობა.
7 დღე, 23 თებერვალი, 2000 წელი