შევარდნაძის ელიტა

შევარდნაძის ელიტა


       საქართველოს სახელმწიფოს მეთაური იწყებს გააფთრებულ და უმოწყალო ბრძოლას პრეზიდენტის სავარძლისათვის.
    მოწინააღმდეგეებთან შედარებით მას რამდენიმე უპირატესობა აქვს. ერთ-ერთი მათგანი ე.წ. «ელიტარული ინტელიგენციის» მხარდაჭერაა. ამ მხარდაჭერას, ისევე როგორც თვით ამ ელიტას, თავისი წინაპირობები, მიზეზები და ისტორია აქვს.

    1989 წლის 12 აპრილს, ცნობილი ტრაგედიიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ, მოსკოვიდან გორბაჩოვის მიერ საქართველოს «დასაშოშმინებლად» წარმოგზავნილმა ედუარდ შევარდნაძემ უნივერსიტეტის სტუდენტობასთან შეხვედრისას წარმოთქვა უაღრესად მრავალმნიშვნელოვანი ფრაზა: «საქართველოში არ არსებობს პარტიული მუშაობა ინტელიგენციასთან მუშაობის გარეშე».
    ვერ ვიტყვით, რომ შევარდნაძე ამ თვალსაზრისით მხოლოდ ნიჭითა და უნარით გამორჩეულთ წყალობდა - მისი მმართველობისა და «ინტელიგენციასთან მუშაობის განსაკუთრებული მეთოდის» შედეგად ბევრი უნიჭო პოეტი თუ პროზაიკოსი აღზევდა, - ზოგიერთი მართლაც ნიჭიერი ადამიანი კი, იძულებული ხდებოდა, საყვარელი პროფესია მიეტოვებინა და «მეპარკეტედ» დაეწყო მუშაობა.
    თუმცა, შევარდნაძის ელიტაში ბევრი ნიჭიერი შემოქმედიც მოიძევებოდა. ისინი ვალდებულნი იყვნენ თავიანთი პატრონისათვის ერთგულება პარტიულ ფორუმებსა თუ «მონუმენტურ ხელოვნებაში» ყოველდღიურად დაემტკიცებინათ; სამაგიეროდ, არც შევარდნაძე იშურებდა მათთვის რეგალიებსა და ჯილდოებს; როგორც მატერიალურ, ასევე სახელ-დიდებასთან დაკავშირებულ მხარდაჭერას.
    შედეგად, სამოცდაათიანი-ოთხმოციანი წლების ქართული ხელოვნება მცირედით თუ შეიცავდა ჭეშმარიტი ხელოვნების ნიმუშებს. ძირითადად კი, ეს ე.წ. «პროვინციული ხელოვნების» ნიმუში იყო, რომელსაც «საბჭოთა ინტერნაციონალიზმის» დოქტრინაზე დაყრდნობით მოსკოვის პროპაგანდა ყოველნაირად ბერავდა და «აბუქებდა».
    სამაგიეროდ, პირადი ინტერესების თვალსაზრისით, ედუარდ შევარდნაძემ მხოლოდ მოიგო ამგვარი ელიტის შექმნით, რადგან მისი მოსკოვში გამგზავრების შემდეგაც ეს ელიტა ერთგულად ემსახურებოდა თავისი შემოქმედის ინტერესებს.

    ალბათ ყველას გვახსოვის ის აურზაური, რომელიც 1986-87 წლებში ატყდა ე.წ. «ტრანსკავკასიის რკინიგზასთან» დაკავშირებით. ცნობილ შეკრებაზე, მეცნიერებათა აკადემიაში, ქართული ინტელიგენციის უბრწყინვალესმა წარმომადგენლებმა «შავი დღე დააყარეს» ჯუმბერ პატიაშვილს. შეკრებას რეფრენად გასდევდა რეზო ჩხეიძის სიტყვები: «მხოლოდ გიჟს შეიძლება მოუვიდეს აზრად კავკასიონში გვირაბის გაყვანა».
    სინამდვილეში ამ «ბრწყინვალე საზოგადოებას» კავკასიის ეკოლოგიის ბედი კი არ აღელვებდა, არამედ ამ გზით სამაგიეროს უხდიდა პატიაშვილს -თავისი ლიდერის შეურაცხყოფისათვის - ხაბეიშვილის ინციდენტი ხომ სულ ახალი მომხდარი იყო.
    შემდგომში, ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს, ის ელიტა კვლავ დაუპირისპირდა ახალ ხელისუფლებას. არადა, მისი გავლენა საზოგადოებაზე იმდენად მძლავრი და ყოვლისმომცველი აღმოჩნდა, რომ საკმაოდ ადვილად შეძლო ექსპრეზიდენტის სისუსტის გამოყენება ქვეყანაში «დემოკრატიული რევოლუციის» ორგანიზებისა და იმჟამად უკვე დევნილი «ოდისევსის» მოსკოვიდან - სამშობლოში დაბრუნებისათვის.
    ზემოთთქმულის გათვალისწინებით, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ამ ელიტის სახით შევარდნაძეს საქართველოში უძლიერესი დასაყრდენი აქვს - იგი ვერც ერთ სხვა მმართველს ვერ შეეგუება და უეჭველად დაუპირისპირდება ისევე, როგორც დაუპირისპირდა პატიაშვილსა თუ გამსახურდიას. «შევარდნაძის ელიტა» ამჟამად გაძლიერებულად ემზადება მომავალი არჩევნებისათვის, რათა ჯერ კიდევ 70-იან წლებში შექმნილი სოციალური რეალობის საბოლოო, ამჟამად უკვე «დემოკრატიული» ლეგიტიმაცია მოახდინოს.

«მიმომხილველი». 10 აგვისტო, 1995 წელი.