ვინ გვაიძულა დამოუკიდებლობა?
მინსკში, ეგრეთ წოდებულ «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის» მეთაურთა სამიტის დასრულებისთანავე გამართული პრესკონფერენციიდან, რუსი კოლეგა საზეიმო ტონითა და აშკარა სიხარულით კარნახობს მოსკოვში მობილური ტელეფონით საგაზეთო ტექსტს: «...ასეთი დაღვრემილი და სევდიანი ედუარდ შევარდნაძე არასდროს გვინახვს. ამ თვალსაზრისით, საქართველოს პრეზიდენტი სხვებისგან აშკარად გამოირჩეოდა. როგორც ჩანს, ჩვენი ახალი პრეზიდენტის მტკიცე პოზიციას უკვე მოაქვს თავისი შედეგი რუსეთის გეოპოლიტიკურ სივრცეში».
ასოციაციების თაობაზე ლოგიკური მსჯელობა უაზრობაა. ამის შესახებ ჯერ კიდევ ზიგმუნდ ფროიდი წერდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ რუსი ჟურნალისტის ამ სიტყვებს გულგასიებული რომ ვისმენდი, რატომღაც, 12 წლის წინათ, ერთ-ერთ აღტყინებულ მიტინგზე რიგითი მონაწილის შეძახილი გამახსენდა: «ოღონდ დამოუკიდებლები ვიყოთ და ბალახს შევჭამთ».
რა თქმა უნდა, ალბათ, მწვანილს გულისხმობდა. ვინაიდან, ხალხი, რომელსაც მართლა სურს (სურდა) დამოუკიდებლობა, - პურითა და მწვანილითაც იოლად გავა სახელმწიფოებრიობის (ანუ დამოუკიდებლობის) შესანარჩუნებლად. ისეთ «ფუფუნებაზე» რომ აღარაფერი ვთქვათ, როგორიაა ელექტროენერგია და სხვა ატრიბუტები ნორმალური ადამიანური ცხოვრებისა.
სამწუხაროდ, ხალხს (მასას) შორსმჭვრეტელობა არ მოეთხოვება და იგი მაშინ ვერ გათვლიდა (ვერც წარმოიდგენდა) «რა ღირდა» დამოუკიდებლობა, რა ტანჯვა-წამების ფასად დაუჯდებოდა და, რაც მთავარია, «უღირდა თუ არა».
ამას ხვდებოდნენ «ლიდერები», მაგრამ არ ამხელდნენ. ამას ხვდებოდნენ ისინიც, ვინც შესანიშნავად იცოდა, რისი შესაძლებლობა ჰქონდა საქართველოს ყველა თვალსაზრისით – ყველა (არა მხოლოდ მატერიალური) რესურსისა და პრობლემის გათვალისწინებით. მაგრამ ისინი მაშინ კრინტის დაძვრას როგორ გაბედავდნენ: «...ორჯონიკიძეებო, სამშობლოს მოღალატეებო... ესენი ძენი შეცდომილნი კი არ არიან – სიკვდილის ღირსნი არიან!!!... კრემლის ლაქიებო, ...ყურმოჭრილო მონებო.. და ასე შემდეგ».
თუმცა, ამას უკვე აღარაფერი ეშველება. მოსახდენი მოხდა. დღევანდელი რეალობა – მწარე რეალობაა. ამიტომ, სანამ მიზეზებზე საუბარს დავიწყებთ, რაოდენ მოულოდნელიც უნდა იყოს, ჯერ უნდა გავარკვიოთ, რა იგულისხმება უაზრო ევფემიზმად ქცეულ «დამოუკიდებლობაში»?
სინამდვილეში, დამოუკიდებლობა სხვა არაფერია, თუ არა უფლება, იმოქმედო საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად. მაგალითად, საქართველოს გრძელვადიან ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება, რომ არამც და არამც არ გაიფუჭოს ურთიერთობა ჩეჩენ ხალხთან, არ დართოს უფლება რუსეთის ჯარებს, «ზურგიდან დაარტყას ჩეჩნებს» ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გავლით.
რუსეთის ეროვნულ ინტერესებს კი ის შეესაბამება, რომ საქართველომ აუცილებლად გაიფუჭოს ურთიერთობა ჩეჩნებთან, აუცილებლად დაფიქსირდეს (სამომავლოდ), რომ ჩვენმა ქვეყანამ «ზურგში დაარტყა» ჩეჩენ ხალხს, რათა ჩეჩნებმა იგრძნონ, ისინი ყოველმხრივ გარსშემორტყმულნი არიან რუსეთის სამხედრო ბაზებით და ბრძოლის გაგრძელებას აზრი არა აქვს. თუ საქართველოში აღარ იქნება რუსეთის სამხედრო ბაზები, მაშინ ჩრდილოეთ კავკასიაში (არა მხოლოდ ჩეჩნეთში), შესაძლოა, რაღაც «იმედები» გაუჩნდეთ.
აი, სწორედ ეს გახლავთ საკვანძო მომენტი რუსეთის პოლიტიკისა: «სავიზო რეჟიმიცა და ზემოქმედების სხვა ბერკეტებიც იმ მიზანს ისახავს, რომ აიძულოს საქართველო, იმოქმედოს არა საკუთარი, არამედ რუსეთის გრძელვადიანი ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომაც, სავსებით სამართლიანად და ჭეშმარიტად მიმაჩნია ეს ფორმულა: დამოუკიდებლობა ნიშნავს უფლებას, იმოქმედო საკუთარი (და არა სხვისი) გრძელვადიანი ინტერესებიდან გამომდინარე.
მოსკოვში ყველაზე მეტად ის უშლით ნერვებს, რომ როგორც სუბიექტური, აგრეთვე ობიექტური გეოპოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე, საქართველოს აქვს შანსი დამოუკიდებლობისა (ზემოთხსენებული აზრით) ოღონდ იმ პირობით, თუ ხელისუფლება არ გახდება იძულებული, იმოქმედოს ტაქტიკური (და არა გრძელვადიანი, სტრატეგიული) ინტერესებიდან გამომდინარე.
რაოდენ მტკივნეულიც უნდა იყოს უშუქობა (რისი მთავარი მიზეზიც რესურსების ნაკლებობა, აგრგეთვე, არგადამხდელებისათვის ელექტროენერგიის მიწოდებაა და არა კორუფცია), ეს მაინც ტაქტიკური პრობლემაა.
რუსეთი ცდილობს, აიძულოს ხელისუფლება, ტაქტიკური ინტერესების დასაკმაყოფილებლად წავიდეს დათმობაზე სტრატეგიულ საკითხებში.
«უშუქობა» მაინც ტაქტიკური საკითხია, რომლის გადაწყვეტა უეჭველად მოხერხდება ამა თუ იმ ფორმით. «სამხედრო ბაზები» კი სტრატეგიული პრობლემაა და თუ საქართველო დათანხმდება ბაზების საქართველოში დაკანონებას, იმის სანაცვლოდ, რომ რუსეთმა «ვიზები არ შემოიღოს» და «გაზი არ შეგვიწყვიტოს», ეს იქნება სტრატეგიული ინტერესების დათმობა ტაქტიკურ ინტერესთა დასაკმაყოფილებლად.
არც ერთი ხელისუფლება ამაზე ნებაყოფლობით არ წავა. «ბაზების საკითხის» ადეკვატური «ელექტროენერგია», რა თქმა უნდა არ არის. ადეკვატურია მხოლოდ და მხოლოდ აფხაზეთისა და «სამხრეთ ოსეთის» საკითხებში საპასუხო დათმობა, მაგრამ რუსეთს აქ არაფრის დათმობა არ სურს.
ან კი რატომ უნდა უნდოდეს, თუ იგივეს მიაღწევს უფრო ადვილად ენერგეტიკულიო პრობლემების გამოყენებით?
ამ თვალსაზრისით, მოსკოვში ძალზე საგულისხმო «სიგნალად» აღიქვეს ამასწინანდელი «ენერგობუნტი» თბილისში, როდესაც დედაქალაქის მოსახლეობამ ქუჩები გადაკეტა და ავტოსაბურავებით კოცონების მოწოყბას მიჰყო ხელი. ამ სურათის ხილვისას (სათანადო დეტალური ინფორმაცია უხვად ჰქონდათ სხვადასხვა არხებით) კრემლში მიიჩნიეს, რომ საქართველოში ბაზების დასატოვებლად სულაც არ არის აუცილებელი რისკზე წასვლა, «აუტკივარი თავის ატკიება» და ურთიერთობის გაფუჭება, აფსუა თუ ოს სეპარატისტებთან.
საკმარისია გაართულო ენერგეტიკული ვითარება საქართველოში (მაგალითად, შეუწყვიტო თბილსრესს ბუნებრივი აირის მიწოდება) და მოსახლეობის ანტისამთავრობო რეაქციაც არ დააყოვნებს. მასობრივი არეულობით შეშინებული და პარალიზებული ხელისუფლება იძულებული გახდება დაუთმოს რუსეთს «ბაზების საკითხში», დაეთანხმოს ახალქალაქისა და ბათუმის ბაზების 25 წლით დაკანონებას, აგრეთვე, გუდაუთის ბაზის ტრანსფორმაციას, ვაზიანის სამხედრო აერ ოდრომის შენარჩუნებას. სანაცვლოდ კი რუსეთი გააგრძელებს გაზის მოწოდებას. თუ, სამაგიეროდ, ჩვენ აღარ გავატარებთ გაზს სომხეთში, მაშინ სომხეთი აღარ მოგვაწვდის ელექტროენერგიას თავისი ატომური ელექტროსადუგრიდან და ასე შემდეგ.
ამ თვალსაზრისით, ძალზე სიმპტომატურია რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, წარმოშობით ცხინვალელი ოსის, «სამხრეთ ოსეთის» ყოფილი კომუნისტური ლიდერის, ანატოლი ჩეხოვის განცხადება: «სავიზო რეჟიმის შემოღების ქართველ პოლიტიკოსებს იმიტომ ეშინიათ, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქციის 90 პროცენტი რუსეთში იყიდება, ანუ «სავიზო რეჟიმი» ქართველებისთვის ბლოკადას ნიშნავს. დამშეული, გაწამებული მოსახლეობა ქუჩაში გამოვა და ხელისუფლებას დაამხობს». ან ატოლი ჩეხოევის ამით ისიც უნდოდა ექთვა, რომ «სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის იძულება, რათა საქართველოსთან მოლაპარაკებებზე რაიმე დათმონ, საჭირო არ არის (მაშასადამე, ასეთი შესაძლებლობაც განიხილებოდა მოსკოვის სახელისუფლებო კულუარებში – ავტ.). საკმარისია, თვითონ ქართველებს «დააჭიროთ», ისინი ვერ მოითმენენ და თავად დაამხობენ ხელისუფლებას, რომელიც «ანტირუსულ» კურსს ატარებს, ანუ არ სურს იმოქმედოს რუსეთის ეროვნული ინტერესებისა, შესაბამისად საკუთარი გრძელვადიანი ეროვნული ინტერესების საზიანოდ.
აქ კიდევ ერთხელ უნდა დაზუსტდეს, რომ საქართველო აღმოჩნდა ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც 1994 წელს მხარ დაუჭირა რუსეთის ბრძოლას ჩეჩნური სეპარატიზმის წინააღმდეგ. მერედა რა მივიღეთ სანაცვლოდ? 1998 წლის მაისის მოვლენები სამურზაყანოში!
დარწმუნებული ვარ, საქართველო რომ იყოს კონსოლიდირებული საზოგადოება, რუსეთს რომ არ ჰქონდეს იმის იმედი, რომ უშუქობით, გაჭირვებით, «ქართველებისვე ხელიოთ» აიძულებს ხელისუფლებას, წავიდეს დათმობებზე სტრატეგიულ საკითხებში, მოსკოვში სერიოზულად განიხილავდნენ აფხაზეთსა და «სამხრეთ ოსეთში» პოლიტიკის შეცვლის საკითხს – ოღონდ კი საქართვლეოში სამხედრო ყოფნა შეინარჩუნონ. მაგრამ მათ შეექმნათ შთაბედჭილება (იმედია, მხოლოდ შთაბეჭდილება) იმისა, რომ ჩვენი ქვეყნისადმი სტრატეგიული მიმართულებით დათმობების გარეშეც, პირდაპირ ზემოთქმედებით შეეძლებათ მიიღონ მათთვის სასურველი სტრატეგიული დათმობებირ – სულ რაღაც 4-5 მილიარდი კუბომეტრი გაზის საფასურად. თანაც, ეს საფასურიც «სახელმწიფო ვალად ფორმდება და დამატებით (აგრეთვე, საკმაოდ ქმედით) ბერკეტს ქმნის.
უბრალოდ, სასაცილოა იმის თქმა, თითქოს, რუსეთს შეეშინდება საქართველოს პროტესტებისა «საერთაშორისო ორგანიზაციებში» - აფხაზეთთან და «სამხრეთ ოსეთთან» საზღვრის ცალმხრივად გახსნასთან დაკავშირებით. რომელ «საერთაშორისო ორგანიზაციებზეა საუბარი? იქნებ, ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაზე? ანუ იმ «ეუთოზე», რომელსაც რამდენიმე დღის წინათ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა «თავზე დაახურა», საბოლოო დეკლარაცია «ჩააგდო» და ვენის სამიტი, ფაქტობრივად, ჩაშალა? მიაქციეთ ყურადღება, ამ სენსაციის შესახებ კრინტს არ ძრავს რუსული მედია. არადა, ეუთოს ვენის სამიტის ჩაშლა ყველაზე სერიოზული კრიზისის ნიშანია რუსეთ- დასავლეთის ურთიერთობებში «ცივი ომის» დამთავრების შემდეგ. ანუ, რუსეთი საბოლოოდ დაადგა დასავლეთთან კონფრონტაციის გზას, რაკი მის კრედიტებზე იმდენად აღარ არის დამოკიდებული. ნავთობზე ფასების ფანტასტიკურმა ზრდამ და ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა «დერჟავას» ამოსუნთქვის საშუალება მისცა, სოციალური პრობლემები მოუხსნა. ამიტომ რუსეთს, რა თქმა უნდა, არ შეეშინდება ჩვენი «ყვირილისა» აფხაზეთთან და «სამხრეთ ოსეთთან» საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით. ოღონდ, ეს არ ნ იშნავს, რომ «ყვირილი» საეროთდ არ ღირს. ვიყვიროთ კი არა, ქვეყანა უნდა შევძრათ: სულ ერთია, რუსეთს «მეტი გაღიზიანება» არ ესაჭიროება, მისთვის ყველაზე გამაღიზიანებელი ბაზების ლიკვიდაციის მოთხოვნაა.
გარდა ამისა, უნდა შევურიგდეთ იმ აზრს, რომ აფხაზეთთან და «სამხრეთ ოსეთთან» საზღვრის გახსნით რუსეთი საერთაშორისო სამართლის «სულისკვეთებას» არღვევს და არა «ასოს», მე ჩემს საზღვარზე როგორ რეჟიმსაც მინდა, ისეთ რეჟიმს დავამყარებ, ოლო მეორე მხრიდან, თუ საზღვარს სეპარატისტები აკონტროლებენ – ამით, უბრალოდ, «არამეგობრულ ნაბიჯს» ვდგამ. ოღონდ, «არამეგობრული ნაბიჯი» ერთია, საერთაშორისო სამართლის დარღვევა – სხვა. საერთაშორისო სამართლის სულისკვეთება, როდესაც მოითხოვს საზღვარზე რეჟიმის შეთანხმებას მ ეზობელ ქვეყანასთან, იგი გულისხმობს, რომ ის ქვეყანაც მტკიცედ აკონტროლებს ამ საზღვარს. ან ეყოფა გაბედულება, ასეთი «არამეგობრული ნაბიჯის» საპასუოდ, თვითონაც გახსნას საზღვარი იმ მონაკვეთზე, რომელსაც პივრელი ქვეყანა ვერ აკონტროლებს. მაგალითად, პანკისის ხეობაში. თუ ამ საპასუხო (!) ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში, ჩვენით საზოგადოება საკუთარ ხელისუფლებას «ანტირუსული პოლიტიკის გატარებაში და რუსეთთან კონფრონტაციაში» დაადანაშაულებს, რა შუაშია აქ ან თვით ხელისუფლება, ან «საერთაშორისო სამართალი»?
ზემოთ ხსენებულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა პუტინმა დაადასტურა, რუსეთი არ შეუქმნის პრობლემებს «პატიოსან მოქალაქეებს». ოღონდ, ამ «დობროპორიადოჩნი გრაჟდანინ»-ებში იგი, უეჭველად, ოსებსა და აფსუებს გულისხმობს და როკა-ფსოუზე მათთვის საზღვრის გახსნის შემთხვევაში, აუცილებლად იტყვის: აკი გითხარით, «დობროპორჭდოჩნი გრადდანინ» -ებისთვის საზღვარზე პრობლემების შექმნას არ ვაპირებდიო. მაშასადამე, მისთვის ეთნიკური ქართველები არიან «არაკეთილსაიმედონი» და სწორედ ჩვენს წინააღმდეგ შემოაქვს «სავიზო რეჟიმი».
ეს ყოველივე პირდაპირ თქვა გარეწარმა მიშა ლეონტიევმა თავის პროგრამა «ოდნაკო»-ში ხუთშაბათ საღამოს. მისი თქმით, «როდესაც შევარდნაძე მოითხოვს ახალქალაქიდან რუსეთის ბაზის ტანანას, იგი არ ითვალისწინებს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელიოსუფლების გავლენა იქ, ფაქტობრივად, არ ვრცელდება, ხოლო საქართველოსა და სომხეთს შორის ხელმოწერილი ერთ-ერთი შეთანხმებით, საქართველოს პრეზიდენტის ჩასვლას ჯავახეთში, სომხეთის პრეზიდენტი უზრუნველყოფს». წარმოგიდგენიათ? სინამდვილეში, რასაკვირველია, არანაირი მსგავსი დოკუმენტიი არ გაფორმებულა. გაყალბებულია საქართველო-სომხეთის შეთანხმება თბილისში სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ, რის შემდეგაც, საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტები ერთად გაემგზავრნენ ჯავახეთში. მაგრამ ვის შეეძლო ლეონტიევისათვის ამგვარი «ინტერპრეტაციით» მიეწოდებინა ეს ინფორმაცია? რა თქმა უ ნდა, ჩვენს ძმებს (ბრჭყალების გარეშე) – სომხებს, რომლებიც ამ ვიზიტში მონაწილეობდნენ, სხვას არავის.
ხშირად გაიგონებ კითხვას - რატომ ისჯება მაინცდამიანც საქართველო? ჯერ ერთი იმიტომ, რომ ჩვენი ვქეყანა ყველაზე უმწეო და სუსტია. გარდა ამისა, ვერ დამისახელებთ ვერც ერთ სხვა რესპუბლიკას, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ასეთი ფენომენი: რუსეთის აშკარა შოვინისტური, იმპერიალისტური ზემოქმედება იწვევს არა მოსახლეობისა და საზოგადოების კონსოლიოდირებას, არამედ პირიქით, საკუთარი ხელისუფლების დადანაშაულებას და მასობრივ ანტისამთავრობო გამოსვლებს (ფაქტობრივად) სტრატეგიული ცალმხრივი კომპრომისების მოთხოვნით.
დილის გაზეთი, 4 დეკემბერი, 2000 წელი