ევროპა: ცხოვრებისეულ წრფეთა სტაბილურობა

ევროპა: ცხოვრებისეულ წრფეთა სტაბილურობა

არ ამომდის თავიდან ის საწყალი, 21 წლის ლამაზი გოგო, 20 წლის პირუტყვმა რომ მოკლა ცივსისხლიანად.

რა განაპირობებს ამგვარ პირუტყვობას და სოციალურ დეფორმაციებს?

ანუ რა სოციო-ფსიქოლოგიური, სოციალური გარემო-წინაპირობები აქვს ამას საქართველოში?

დააკვირდით: ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით უსარგებლია ორივეს...... ესპანეთში გაუცვნიათ ერთმანეთი, ოღონდ სასწავლებლად არ წასულან.....„უვიზოს“ სიკეთეს არაფერი დადებითი იმ ცივსისხლიანი პირუტყვისთვის არ მოუტანია.

და არც იმ საბრალო გოგონასთვის.

რაშია საქმე? ამ უბედურების სიღრმისეული სოციალური მიზეზი რა არის?

მშობლებიც ისეთივე პირუტყვები არიან? აუცილებელი არაა.

სხვა სისტემური მიზეზები უნდა იყოს.

ამ მკვლელობაში მარტო კონკრეტული სოციალური კლასტერი ანუ, როგორც ამერიკელები ამბობენ Low Life კი არ ჩანს, არამედ ღრმა სახელმწიფოებრივი და სოციალური პრობლემაც.

- - - - - - - - - - - - - - - -

იყო ერთი ასეთი ძალიან საინტერესო რუსი დისიდენტი, მწერალი, ფილოსოფოსი, მათემატიკოსი, ლოგიკოსი, სოციოლოგი ალექსანდრე ზინოვიევი.

ნაციონალისტობდა, თუმცა ეს არ არის აქ არსებითი.

გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე გერმანიიდან მოსკოვში დაბრუნდა მცირე ხნით (კომუნისტებმა მიუნხენში გააგდეს 1970-იან წლებში) და არტიომ ბოროვიკთან ინტერვიუს დროს, როცა კორესპონდენტმა ჰკითხა, ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური ინსტიტუტი რა არის, რაც ადამიანის სოციალურ ჯანმრთელობას განაპირობებსო, საოცარი პასუხი გასცა: Стабильность жизненных линий!

ცხოვრებისეულ წრფეთა სტაბილურობის (და/ანუ პროგნოზირებადობის!) განცდა.

აი ეს არის ყველაზე (!) მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი და სოციალური ინსტიტუტი.

არა ქონება პირველ რიგში, არა მატერიალური მდგომარეობა პირველ რიგში, არა სოციალური სტატუსი პირველ რიგში, არა განათლება პირველ რიგში, არა აღზრდა პირველ რიგში, არა ოჯახი პირველ რიგში, არამედ......ცხოვრებისეულ წრფეთა სტაბილურობის (პროგნოზირებადობის!) განცდა და ქვეყანაში ნორმალური სოციალური „ლიფტების“ არსებობა.

აქვე: გამორიცხულია ეს განცდა ადამიანს გაუჩნდეს უცხო სოციალურ გარემოში (ვთქვათ ესპანეთში ან საფრანგეთში) , რა ბედნიერ ქვეყანაშიც არ უნდა წავიდეს......

მაინც მუდმივ სტრესშია.

ეს უძვირფასესი განცდა ადამიანს უჩნდება მხოლოდ მშობლიურ გარემოში, ოღონდ იმ აუცილებელი პირობით, რომ ეს გარემო, ეს სოციუმი, ეს სახელმწიფო არის დ ა ლ ა გ ე ბ უ ლ ი!

მაშასადამე „დალაგებულ ქვეყანაში“ ადამიანს აქვს იმის განცდა, რომ საკუთარი ცხოვრებაც შეუძლია „დაალაგოს“, „დააპროექტოს“, „განსაზღვროს“, „განჭვრიტოს“, მომავლის რწმენა ჰქონდეს, საკუთარ ცხოვრებისეულ წრფეს წლებს მიღმა ხედავეს და სჯეროდეს, რომ თუ თავად „დალაგდება“ ამ წრფეზე..... არ „დაიკარგება“, არ დეგრადირდება, ჯერ სკოლას დაამთავრებს, მერე, ვთქვათ „მაკდონალდსში“ მოეწყობა მიმტანად, მერე უმაღლესში ან პროფტექნიკუმში ცდის ბედს..... პროფესიას შეიძენს და ნებისმიერ შემთხვევაში, გარემო იქნება სტაბილური, პ რ ო გ ნ ო ზ ი რ ე ბ ა დ ი.

გაუჩნდება თავისი (!) სოციუმისადმი, (შესაბამისად ამ სოციუმის დამკვიდრეული ღირებულებებისადმი) პატივისცემა და თავისი (!) სახელმწიფოს რწმენა.

- - - - - - - - - - - - - - - -

ჰმ......აბა რა პროგნოზირებადია პარიზის დომხალი, როცა „ყვითელმა ჟილეტებმა“ ქალაქი ლამის გადაწვეს? ესაა პროგნოზირებადობა?! ესაა სტაბილურობა?! განა არ იცი რა ჯოჯოხეთი ტრიალებს ევროპაში? ტერაქტები.....სოციალური ამბოხებანი.....

ცდებით ამ კითხვით!

ღრმად ცდებით!

მართლა სულ რომ გადაეწვათ „ყვითელ ჟილეტებს“ პარიზი, ეს საფრანგეთის ჩვეულებრივ მოქალაქეს მის „ცხოვრებისეულ წრფეთა“ სტაბილურობის განცდას ვერ დაურღვევდა: „პიგალზე“ მეტრო იქნებოდა დაკეტილი რამდენიმე დღე? სამუშაო ადგილამდე ფეხით მივიდოდა..... უფრო შორს ველოსიპედით წავიდოდა....და ა.შ, მაგრამ იმის აბსოლუტურად ურყევი რწმენა კი ექნებოდა, რომ პარიზის ჟანდარმერია და პოლიცია, მისი სპეცდანით, იმ „გიჟებს“, შანსელიზე რომ მართლა გადაწვეს, სულ მალე „მოუხნავს“, სულ მალე ცხვირ-პირს დაალეწავს (ხომ დაალეწა?-დ.) და მის „ცხოვრებისეულ წრფეს“ ძველ სიმყარეს, ძველებურ სტაბილურობას აუცილებლად დაუბრუნებს.

ადამიანს დიახაც, სასიცოცხლოდ სჭირდება განცდა, რომ შეუძლია საკუთარ ქვეყანაში (!), საკუთარ სახელმწიფოში (!) დაალაგოს და დააპროექტოს თავისი ცხოვრება!

სჭირდება საკუთარი სოციუმის და საკუთარი სახელმწიფოს პ ა ტ ი ვ ი ს ც ე მ ა!

და ამისთვის რა არის საჭირო?~

ზოგს გაეცინება და....დ ე მ ო კ რ ა ტ ი ა.

დემოკრატია და სტაბილურობა სინამდვილეში ერთი და იგივეა.

დემოკრატია, მისი „მთავრობათა ც ვ ა ლ ე ბ ა დ ო ბ ი თ“, მხოლოდ განამტკიცებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, აბათილებს გაუთავებელი „რევოლუციებით“ პროვოცირებულ მუდმივად სტრესულ გარემოს, უჩენს ადამიანს „ცხოვრებისეული წრფის“ სტაბილურობის რწმენას და თავდაჯერებულობას.

შესაბამისად, გამორიცხავს სოციალურ დეგრადაციასა და დეგენერაციას „როგორც წესი“, ანუ გამონაკლისების ჩათვლით, რომლებიც ერთი ძალიან კარგი გამონათქვამით „ადასტურებენ წესს“