გენერალი «ვარდიკო» რუსებს პირობებს უყენებს
როგორც ჩანს, 1998 წელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის შემდგომი «საზოგადოებრივი რეაბილიტაციის» წელი იქნება. გენერალი ვარდიკო ნადიბაიძე საოცარი სისწრაფით იცვლის «იმიჯს» და, რუსეთის ჯარების სარდლის ყოფილი მოადგილიდან, საქართველოს ეროვნული არმიის მშენებლობისათვის თავდადებულ მებრძოლად გარდაისახება. იმდენად თავდადებულ, რომ მალე ირაკლი წერეთელსაც გადააჭარბებს რუსული არმიის საწინააღმდეგო აქციათა ჩატარებაში.
სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნაბიჯსაც არ დგამდა ყოფილ სარდლობასთან მოთათბირების გარეშე. ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამართლიანად აღიქმებოდა კავკასიაში დისლოცირებული რუსული ჯარების შტაბის ფილიალად მდგომარეობა მას შემდეგ შეიცვალა, რაც ნადიბაიძემ მისი ამჟამინდელი პრივილეგირებული მდგომარეობის ძალა და შესაძლებლობა გააცნობიერა. გენერალ რეუტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, როდიონოვი არმიიდან წიხლისკვრით გააგდეს, ვარდიკოს მშობლიურმა რუსულმა არმიამ კი საბოლოოდ იწყო დაშლა.
საქართველოდან 1992 წელს გატანილი საბჭოთა არმიის კუთვნილი იარაღის დაბრუნების მოთხოვნით რუსულ სამხედრო კონტინგენტთან ურთიერთობის ახალი ეტაპი დაიწყო. ეს, რა თქმა უნდა, დემარში იყო, თუმცა მას კონკრეტული, სავსებით მატერიალური შინაარსიც ჰქონდა. 1992-1993 წელს რუსეთმა საქართველოდან მართლაც გაზიდა დაახლოებით ათი მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა.
ეს პროცესი ჯერ კიდევ 1988 წლიდან იღებს სათავეს: როგორც კი კავკასიაში ვითარება დაიძაბა, გაიმართა პირველი მიტინგები ყარაბაღსა და თბილისში, საბჭოთა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება კავკასიის რეგიონიდან ტაქტიკური დანიშნულების ატომური რაკეტების გაზიდვის შესახებ. 1991 წლის მიწურულს, როდესაც საბჭოთა კავშირი, ფაქტობრივად, აღარ არსებობდა, ხოლო საქართველოში ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა პროცესებს, რუსეთის ახალმა ხელმძღვანელობამ გასცა ბრძანება, საქართველოდან გაეტანათ ყველაფერი, რაც, სამხედრო თვალსაზრისით, ფასეული იყო.
ელცინმა მაშინ უკვე იცოდა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა გარდაუვალი იქნებოდა; ამიტომ სურდა ყოფილი «მოკავშირე რესპუბლიკებისათვის» ნაკლები სამხედრო რესურსები დაეტოვებინა. ყველგან არ მისცეს საშუალება ისევე მოქცეულიყო, როგორც საქართველოში, მაგრამ ზოგი რამ სხვაგანაც მოახერხა - მაგალითად, უკრაინიდან ისევე «გააპარა» სტრატეგიულ ბომბდამშენთა რამდენიმე ესკადრილია, როგორც ფოთიდან - შავი ზღვის ათეულობით გემი.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში დისლოცირებული საბჭოთა არმადა ერთ-ერთი უძლიერესი იყო საბჭოთა იმპერიაში. საქართველო, სტრატეგიული თვალსაზრისით, კავკასიის ცენტრია, კავკასიაში კი საბჭოთა კავშირი უშუალოდ ესაზღვრებოდა სტრატეგიულ მოწინააღმდეგეს - ჩრდილოატლანტიკურ კავშირს, რომლის ფორპოსტი რეგიონში თურქეთია.
ამდენად, «ამიერკავკასიის ოლქის» მომარაგება უახლესი სამხედრო ტექნიკით პრიორიტეტულად ითვლებოდა. უახლეს სამხედრო თვითმფრინავებს, უახლესი ტიპის ჯავშანმანქანებსა და ტანკებს გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკასთან ერთად სწორედ კავკასიაში აგზავნიდნენ. ანუ საქართველოს მიერ მოთხოვილი «10 მილიარდი დოლარი» სრულებითაც არ არის გადაჭარბება. სხვა საქმეა, რამდენად რეალურია დღეს იმ შეიარაღების თუნდაც მცირე ნაწილის დაბრუნება.
მარშალ სერგეევის ბრძანებით, საქართველოში ვიზიტით მყოფმა გენერალმა ივაშოვმა (რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საგარეო სამმართველოს უფროსმა) ჩამოსვლისთანავე განაცხადა, რომ არ აქვს უფლება რაიმე დოკუმენტს ხელი მოაწეროს, ვერც კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს. მაშასადამე, მისი ვიზიტი მხოლოდ ვითარების ზონდირებას ისახავს მიზნად - რათა უკეთ იქნას შემზადებული მარშალ სერგეევის მომავალი ჩამობრძანება საქართველოში.
თუ მხარეები წინასწარ შეთანხმებას მიაღწევენ სამხედრო ტექნიკის ან სამხედრო ობიექტების საქართველოსთვის დაბრუნების (გადმოცემის) თაობაზე, სერგეევის ვიზიტიც შედგება. ოღონდ აქ კიდევ ერთი ნიუანსი უნდა გავითვალისწინოთ: რუსეთის თავდაცვის მინისტრის ჩამოსვლა კავკასიაში ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენაა. წარმოუდგენელია იგი მხოლოდ საქართველოს ეწვიოს და არ მოინახულოს რეგიონში რუსეთის სტრატეგიული მოკავშირე – სომხეთი; მაგრამ სომხეთში სერგეევის ჩასვლა უკმაყოფილებას გამოიწვევს აზერბაიჯანში, ამდენად, იგორ სერგეევი საჩოთირო ვითარებაში აღმოჩნდა. თუმცა, საქართველოს მოთხოვნათა სრული უგულებელყოფაც შეუძლებელია - «გენერალი ვარდიკო» სულ უფრო შემტევი და შეურიგებელი ხდება.
საქართველო მოითხოვს 40-მდე სამხედრო ობიექტის გადმოცემას. ეს ერთობ ნიშანდობლივი მოთხოვნაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ გადმოსაცემ ობიექტთა ნუსხაში შედის აგრეთვე თბილისში არსებული რუსული შტაბიც. მაშასადამე, პირველად (1801 წლიდან) დგება ეჭვქვეშ თბილისში რუსეთის «კავკასიური სარდლობის» ფუნქციობა.
სხვა ობიექტთა შორის აღსანიშნავია სარემონტო უბნები, რომელთა დასაკუთრება საქართველოს საშუალებას მისცემს კიდევ უფრო დააინტერესოს უკრაინა და ცენტრალური აზიის ქვეყნები სამხედრო ტექნიკის საქართველოში შეკეთებით. გარდა ამისა, საქართველოს უნდა გადმოეცეს მთელი სამხედრო ინფრასტრუქტურა, მათ შორის უმაღლესი ხარისხის კომუნიკაციები, რომლითაც ამჟამად რუსეთის ჯარები სარგებლობენ.
რაც შეეხება სამხედრო ტექნიკას, საქართველო მოითხოვს ვერტმფრენებს, რომლებიც, ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით ყველაზე ეფექტური სამხედრო საშუალებაა, აგრეთვე შორსმსროლელ საარტილერიო დანადგარებს და, რაც მთავარია, სამხედრო გემებს.
უკანასკნელი მოთხოვნა რუსეთისათვის ყველაზე ნაკლებად მისაღებია - შავი ზღვის ფლოტი კარგა ხანია რუსეთისთვის შიდაპოლიტიკურ ფაქტორად იქცა. რუსული ისტებლიშმენტი უკრაინის პრეტენზიებსაც ძლივს შეურიგდა - საქართველოზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. არც ზემოხსენებული სამხედრო ტექნიკა ეთმობათ ადვილად, ვინაიდან ეს დაარღვევს სამხედრო ბალანსს კავკასიაში, შეამცირებს სომხეთის სამხედრო-სტრატეგიულ უპირატესობას, გამოიწვევს უკმაყოფილებას ჩრდილოეთ კავკასიაში (სადაც აქტიურად მუშაობს ოსური და აფხაზური ლობი) და მთლიანობაში, დაასუსტებს რუსეთის პოზიციებს კავკასიაში თუნდაც იმით, რომ გაზრდის საქართველოს რეალურ დამოუკიდებლობას, მათ შორის სამხედრო სფეროში.
ამდენად, რუსეთის ხელმძღვანელობა, ნებისმიერი საბაბით, უარს იტყვის საქართველოს მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე. საბაბად კი ის ფაქტიც გამოდგება, რომ 1991 წლის მიწურულს, როდესაც «ტაშკენტის შეთანხმებით» გადაწყდა ყოფილი საბჭოთა კავშირის სამხედრო ქონების გაყოფა, საქართველო არ იყო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი. შესაბამისად, მოლაპარაკებებშიც არ მიუღია მონაწილეობა. სამაგიეროდ, ოფიციალურმა თბილისმა მოსკოვთან გააფორმა ხელშეკრულება რუსეთის სამხედრო ბაზების შესახებ, მაგრამ ეს ხელშეკრულება საქართველოს პარლამენტში არ არის რატიფიცირებული. რა თქმა უნდა, არსებობს სიტყვიერი შეთანხმებაც პაველ გრაჩოვსა და ედუარდ შევარდნაძეს შორის. ოღონდ ასეთი შეთანხმება იურიდიულად და პოლიტიკურად არავის არაფერს ავალდებულებს. აქედან გამომდინარე, საქართველო განაგრძობს ზეწოლას, მაგრამ საეჭვოა, შედეგს მიაღწიოს, თუმცა ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილი ფეთქებადი ვითარების გათვალისწინებით, რურსეთს საქართველოსთან დაპირისპირება ხელს არ უნდა აძლევდეს, რაც აშკარად გამომჟღავნდა «ლარსის კრიზისის» დროს.
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქართველო ამ ეტაპზე რუსეთისგან სრულად რამდენიმე სამხედრო ობიექტის მიღებას შეძლებს, სამაგიეროდ სერგეევი მოითხოვს პოლიტიკურ გარანტიებს საქართველოში რუსეთის 4 ბაზასთან დაკავშირებით: თბილისში (ვაზიანში), ბათუმში, ახალქალაქსა და გუდაუთაში.
არც ის არის გამორიცხული, ვარდიკო საკმაოდ ეშმაკურ ორმაგ თამაშს ეწეოდეს და «ბაზების» საკითხის აქტუალიზებას ცდილობდეს ქართულ პოლიტიკაში. თუმცა, ასეთი ალბათობა მაინც მცირეა. არის აქ, რა თქმა უნდა, აჭარის ფაქტორიც. ასლან აბაშიძე დღემდე იკავებდა თავს საქართველოში რუსეთის სამხედრო კონტინგენტის ყოფნაზე აზრის ერთმნიშვნელოვნად დაფიქსირებისაგან, რაც მას საშუალებას აძლევდა საკმაოდ ფართო მანევრები განეხორციელებინა თბილისის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში (ალიანსი ტრადიციონალისტებთან, დაახლოება «სახალხო ფრაქციასთან» და ა.შ.). ნებისმიერ შემთხვევაში, პოლიტიკის პრაგმატული ლოგიკა საქართველოში რუსული ჯარის პრობლემის გააქტიურებას მოითხოვს და 1998 წელიც, ალბათ, ამ ნიშნით ჩაივლის.
7 დღე, 7 იანვარი ,1988 წ.