არჩევნები 2024: რატომ მოიგო ხელისუფლებამ და წააგო ოპოზიციამ.
სამწუხაროდ, ხელისუფლებათა ცვალებადობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, კეთილშობილი, დემოკრატიული ინსტიტუტის დამკვიდრება ვერ მოხერხდა.
სანამ დაწვრილებით ანალიზს შევთავაზებდე ძვირფას მკითხველს, თუ რა მოხდა და რატომ, ჩამოვთვლი რამდენიმე ძირითად სისტემურ ფაქტორს, რამაც, ჩემი აზრით, განაპირობა ეს შედეგი ანუ ის, რომ მილიონზე მეტმა ადამიანმა კონსოლიდირებულად (!) მისცა ხმა ხელისუფლებას:
ა) ცვლილებების, 1988-2008 წწ. ოცწლიან სტრესულ გარემოში დაბრუნების და ახალი ომის შიში!
ეს არის ყველაზე მთავარი, ფუნდამენტური, „ღერძულა“ მიზეზი.
პირობითად თუ ვიტყვით „ბილბორდებმა იმუშავა“.
მათ შორის (თუმცა არა მხოლოდ) პირსისხლიანი ცოფიანი პირუტყვი კოკოითის მუქარებმა გუდაურზე, ყაზბეგზე, თრუსოზე და ა.შ.
ბ) „მიშას დაბრუნების“ შიში.
უკვე აშაკრად პათოლოგიური, პარანოიდული და არაფრით გამართლებული: მიშას პირადად (ხაზს ვუსვამ: პირადად მას-დ.) ისე უნდა საქართველოს პრემიერ-მინისტრობა და ზოგადად ხელისუფლება, როგორც მე მინდა ჩინეთის კომპარტიის პირველი მდივნობა.
Legacy და „პარტია“ სხვა თემაა.
არა, არ არის „იგივე“!
გ) კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ ძალიან ზუსტი გათვლა აღმოჩნდა:
ქართველთა დიდი ნაწილი სრულიად არააგრესიული, ინდეფერენტული და „ღიმილიანად გულგრილია“ სინამდვილეში LGBT მიმართ, მაგრამ.........შვილი.....შვილი.......ფსიქოლოგიურად და მენტალურად დაუძლეველი, „გადაულახვადი“ თემაა მისთვის, თუ აქ რაიმე „ბმა“ გაჩნდა.
არადა გაჩნდა.
დ) ოპოზიციამ ვერ შეძლო გამოეყენებინა ერთადერთი და უკანასკნელი შანსი: მიშას წინადადება „ერთიან სიაზე“, რაც პოტენციური ამომრჩევლის თვალში ოპოზიციას წარმოაჩენდა არსებით (!) და გამარჯვების რეალური შანსის (!) მქონე ძალად; შესაბამისად, უამრავ „ხელჩაქნეულს“ და „სახლში დამრჩენსაც“ მიიყვანდა არჩევნებზე.
ამის ნაცვლად დაიქსაქსენ „მიკროპოლიტიკურ ორგანიზაციებად“, ხოლო ორმა ოპოზიციურმა ჯგუფმა, გაერთიანების თაობაზე მოლაპარაკებისას, საჯაროდ ჩაისვრა, რითაც გააძლიერა აღქმა: „ესენი ახლავე ერთმანეთს ჭამენ/მერე რაღას იზამენ?!“
ე) „პრეზიდენტ სალომეას“ სულელური ინიციატივა „დროებითი ტექნიკურ/ტექნოკრატიული ერთწლიანი(!) ხელისუფლების“ შესახებ, რამაც დააბნია ოპოზიციონერი ამომრჩეველი და, რაც მთავარია, გააღიზიანა ამ ქვეყანაში ძალიან მრავალრიცხოვანი „მერყევი“ ამომრჩეველი, რაკი გაუჩინა განცდა, რომ მისი ხმა „ამათთვის“ არაფერს ნიშნავს და „ვიღაცეები რაღაცეებზე“ მის ზურგს უკან შეთანხმდნენ იმის მიუხედავად თუ ის თავად ვის მისცემდა ხმას.
შესაბამისად მან ისევ „ოცნებას“ მისცა ხმა, რაკი იქ სიცხადე და გარკვეულობა მაინც იყო, რაც ამ მენტალური კატეგორიისთვის ყველაზე მთავარია, რათა მისი „ძვირფასი ხმა“ ზუსტი, ცხადი და გარკვეული ადრესატისკენ წავიდეს.
ვ) ბოლო 3-4 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით უკრაინის ომის, საქართველოში რუსების „შემოსევის“, ტურისტული ნაკადების ზრდის, კაპიტალის შემოდინების, ლოჯისტიკური ხაზების გადმოლაგების, გასაყიდი ბინების მაღალ ფასად რეალიზაციის, უძრავი ქონების იჯარაზე მოთხოვნის ზრდის, ასი ათასობით ადამიანის ევროპაში გადასახლების და, შესაბამისად, აქ უმუშევრობის შემცირების შედეგად....... მოსახლეობის არც თუ მცირე ნაწილის მატერიალური მდგომარეობა შედარებით (!) გაუმჯობესდა.
ამაზე ნაკლებად ლაპარაკობენ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ასევე საყოველთაო (თითქმის უფასო) ჯანდაცვა, რითაც 2,3 მილიონმა ადამიანმა ისარგებლა.
ეს პროგრამა, ზოგადად, არის „ოცნების“ უდიდესი „ფორა“ ნებისმიერ არჩევნებზე, რაკი ხალხს შესანიშნავად ახსოვს (და ამას ვერ გამოაპარებ), რომ მთლიანად, 100%-ით სწორედ ამ (!) ხელისუფლებას უკავშირდება.
მანამდე მეფობდა ლიბერტარიანული მიდგომა: „ოპერაცია გჭირდება? კერძო კომპანიაში არ დაეზღვიე? არც ფული გაქვს? ჰოდა ახლა ან გაყიდე ბინა, ან ჩაძაღლდი! აბა სახელმწიფო რა შუაშია? გადასახადის გადამხდელებმა შენს ოპერაციაში ფული რატომ უნდა გადაიხადონ?“
ჰოდა აი ამგვარმა მიდგომამ მოიტანა „2012 წელიც“ და „2024 წელიც“.
არა მხოლოდ „ომმა“ და ყბადაღებულმა „ცოცხებმა“
ზ) ჩემთვისაც მოულოდნელად, საქართველოში იმუშავა ე.წ. „სუვერენული დემოკრატიის“ კონცეპტმა. ანუ „არარისთქვენისაქმე - ობამ“ უკვე დასავლეთის მიმართ.
დასავლეთის აშკარა და აქტიურმა ზრუნვამ ქართველი ამომრჩევლის არც თუ მცირე ნაწილი გააღიზიანა. მიუხედავად იმისა, რომ შინაარსით ეს ჩარევა კეთილმოსურნე და კეთილისმყოფელი იყო.
სიკეთის მეტი დასავლეთს საქართველოსთვის არაფერი უნდოდა! მაგრამ სოციალური და მით უმეტეს „ეთნო“ -ფსიქოლოგია.......თუ „დაიძაბა“, შეურაცხადი ხდება.
ყველგან და ყოველთვის.
თ) ქალების დიდმა ნაწილმა საქართველოში იცის, რომ სწორედ ამ ხელისუფლებამ......არა რომელიმე სხვამ, არამედ სწორედ ამ ხელისუფლებამ..... დაამკვიდრა ქვეყანაში უსასტიკესი სისხლის სამართლებრივი კანონმდებლობა და პრაქტიკა, რომლითაც დღეს ქალი საქართველოში ისეა დაცული ნებისმიერი სახის ძალადობისგან ოჯახში თუ ოჯახს გარეთ, როგორც არ ყოფილა არც ერთი ხელისუფლების დროს!
ბუნებრივია, ქალი ამას ღიად არ იტყვის, ანუ არ აღიარებს, რომ ეს თემა ბევრად მეტრად აღელვებს, ვიდრე „გეოპოლიტიკა“, მაგრამ....მაგრამ.....როგორც კი აღმოჩნდება საარჩევნო ბიულეტენთან „ინტიმურ მარტოობაში“, გადაწყვეტილებას მიიღებს სწორედ ამ ინტენციის შესაბამისად.
ჰო, არ დაგვავიწყდეს, რომ ქართველი ამომრჩევლის უმრავლესობა ქალია - ამ ქვეყანაში ისტორიულად დაჩაგრული ადამიანი.
ი) ყველაზე პარადოქსული და ბევრისთვის დაუჯერებელი, თუმცა მე უკვე აბსოლუტურად არ მეპარება ამაში ეჭვი:
ოპოზიციურმა ტელე-მედიამ, წლების მანძილზე ისტერიული, ტოტალური ანტისახელისუფლებო პროპაგანდით, მისდაუნებურად (ხაზს ვუსვამ: მისდაუნებურად!) შეასრულა „ორთქლის გამომშვების ფუნქცია“.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური რეფლექსიის თვალსაზრსისით.
2007-2012 წწ. ასეთი „ორთქლის გამომშვები“ საქართველოში, შეიძლება ითქვას, არ არსებობდა. ეს გარემოება კი ქმნიდა „აკრძალული ხილის“ სოციო-ფსიქოლოგიურ დომინანტას, რამაც მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.