არჩევნები: მარათონელთა სია

არჩევნები: მარათონელთა სია

  

    ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა იმ პარტიათა ნუსხა, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ 15 ნოემბრის «ლოკალურ არჩევნებში». ეს ნუსხა გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის მომავალ საარჩევნო მარათონზე, რომელიც 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გასტანს. თუმცა, ამით ციებ-ცხელება არ დასრულდება, ვინაიდან 2001 წელს უკვე ახალი მარათონი იწყება.
    მიუხედავად იმისა, რომ 15 ნოემბრის არჩევნებში ყველა რეგისტრირებული პარტია არ მიიღებს მონაწილეობას, სპექტრი მაინც საკმაოდ ფართო გამოვიდა, - იგი ყველა შეფერილობის პარტიას მოიცავს, - უკიდურესი მემარჯვენეებიდან - მემარცხენეებამდე.
    მართალია, კომუნისტურ პარტიას აეკრძალა არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ირიბად იგი მაინც ჩაერთვება ამ მარათონში, ვინაიდან აქვს შესაძლებლობა «საკუთარი» ხმები სხვას გადაულოცოს.
    ნიშანდობლივია, რომ ეს «სხვა» არ იქნება არც «სოციალისტური» და არც «ლეიბორისტული» პარტია, ვინაიდან ქართველ კომუნისტებს ცსკო-ს გადაწყვეტილების შემდეგ მათ მიმართ გარკვეული ეჭვიც კი გაუჩნდათ, - ისინი მიხვდნენ, რომ მხოლოდ «მოქალაქეთა კავშირი», ძალიანაც რომ მოენდომებინა, სხვების მხარდაჭერის გარეშე, ასეთ გადაწყვეტილებას ცსკ-ში ვერ «გაიტანდა».
    რაც შეეხებათ «ზომიერ მემარცხენეებს» (რჩეულიშვილისა და ნათელაშვილის პარტიებს) მომავალი «პირველადი არჩევნების» ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ინტრიგა უდავოდ მათი შეჯიბრი იქნება.
    «ლეიბორისტებმა» და «სოციალისტებმა» გაერთიანება ვერ მოახერხეს და ვერც მოახერხებდნენ, ვინაიდან ორივე ლიდერს უეჭველად პირველობა სურდა.
    15 ნოემბრის არჩევნები თითქოს ძალთა განლაგებას გაარკვევს, მაგრამ მათი ალიანსი მაინც შეუძლებელი იქნება იმავე მიზეზის გამო; ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ვახტანგ რჩეულიშვილი და შალვა ნათელაშვილი (ამ უკანასკნელის ამბიციისა და რაფინირებულ-ინტელიგენტური იმიჯის მიუხედავად) სრულებით სხვადასხვა სოციალური წარმომავლობისანი არიან, რასაც პოლიტიკური მოლაპარაკებებისას უეჭველად დიდი მნიშვნელობა ექნება.
    ვახტანგ რჩეულიშვილს პირველობის ამბიცია დარჩება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ლოკალურ არჩევნებში «ლეიბორისტები» მეტ ხმებს მოაგროვებენ, ვინაიდან, ნუ დავივიწყებთ ამ არჩევნების ძირითად სპეციფიკას: მათი შედეგი არ გამოხატავს ძალთა რეალურ განლაგებას ქვეყნის მაშტაბით: რაიონებში არჩევნები ტარდება პროპორციული წესით, პარტიული სიებით, მაშასადამე, მილიონნახევრიან თბილისში ათი საარჩევნო ოლქი იქნება, მაგრამ დანარჩენ საქართველოში (სულ პატარა რაიონებშიც) ტოლფასი საარჩევნო ოლქები შეიქმნება; ამიტომ ლოკალურ არჩევნებში გამარჯვებული პარტია შეიძლება კიდეც დამარცხდეს 1999 წლის «დიდ არჩევნებში» და პირიქით;
    ამდენად, 15 ნოემბრის არჩევნების შედეგი რომელიმე პარტიას (ქართულ ამბიციასაც თავი რომც დავანებოთ) საარჩევნო ბლოკში ლიდერობისათვის არ გამოადგება.
    15 ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ «ზვიადისტური ორგანიზაციებიც»; მათთვისაც ეს არჩევნები სერიოზული გამოცდა ანუ რეალური შესაძლებლობის დაფიქსირება იქნება.
    საეჭვოა, მათი პოზიციები არ დასუსტებულიყო 1995 წლის არჩევნებიდან განვლილ პერიოდში, ვინაიდან ჯერ ერთი, გაუთავებელმა შიდა უთანხმოებამ შეარყია მათი ავტორიტეტი; გარდა ამისა, 9 თებერვლის ტერაქტმა და აშკარად სპეცსამსახურებთან შეთანხმებულმა პროვოკაციებმა თითქმის დაამსხვრია «ზვიადის ქარიზმა»;
    მიმდევრები მათ მაინც დარჩათ, ოღონდ ეს არ არის საკმარისი არჩევნებში წარმატებისათვის.
    «ზვიადისტებს» იმის ორგანიზებულობაც არ ეყოფათ, ძალისხმევის კონცენტრაცია რომელიმე ერთ რაიონზე მოახდინონ და თუნდაც ერთ საარჩევნო ოლქში მიაღწიონ წარმატებას - სტრატეგიული თვალსაზრისით ამას უდიდესი მნიშვნელობა ექნებოდა მათთვის.
    სამაგიეროდ, ამ შესაძლებლობას ნათლად აცნობიერებენ სხვა «მემარცხენე პარტიები».
    მათ შორის სახალხო პარტია. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ამ პარტიამ (ედპ-ს ყოფილმა ელიტამ) ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შესამჩნევად სრულყო თავისი ტაქტიკა და მოახერხა პოლიტიკური ტექნოლოგიის დახვეწა.
    «სახალხოელები» (არც გაემტყუნებათ) მოქმედებენ მაკიაველისეული მეთოდებით, - მათი უმთავრესი პრინციპი (გენიალური მაკიაველის ანდერძის შესაბამისად) არის ცინიზმი და პრაგმატიზმი.
    ეს იმდენად ძლიერი იარაღია და იმდენად ოსტატურად იყენებენ მას, რომ მიუხედავად საერთო ორგანიზაციული სიტუაციისა, «სახალხოელებმა» შესაძლოა კენჭისყრისას მაინც მიაღწიონ გარკვეულ წარმატებას თუნდაც რამდენიმე რაიონში.
    მით უმეტეს, რომ მათ (ზოგიერთი სხვა პარტიებისაგან განსხვავებით) შესანიშნავად ესმით სწორედ ცალკეულ რაიონებში ძალისხმევის კონცენტრირების აუცილებლობა და ძალიან ოსტატურად იყენებენ საპარლამენტო ტრიბუნას.
    ყველაფრით ჩანს, რომ ეს პარტია «არ დაიკარგება» და თუნდაც ვერაფერს მიაღწიოს «ლოკალურ არჩევნებში» - მომავალ წელს მაინც «გაისვრის», ოღონდ ბლოკში გაერთიანებით.
    ძალიან საეჭვოა მისი ალიანსი ირაკლი წერეთელთან კავშირით შემოიფარგლოს, - მომავალი წლის ზაფხულში ქვეყანაში თვისებრივად განსხვავებული ვითარება იქნება და შესაძლოა მოულოდნელი ალიანსებიც ვიხილოთ.
    პოლიტიკურ რეანიმაციას ცდილობენ სხვა გარესაპარლამენტო პარტიებიც: ბლოკი «საქართველო» (ნათაძე-ჩხეიძე-გოგბაიძე) ჯერ-ჯერობით ძალიან სუსტია და ალბათ არჩევნებში ვერაფერს გახდება, მაგრამ თუ «წვრილ-წვრილ» ეროვნულ პარტიებს ეყოფათ ჭკუა გაერთიანდნენ და პარტიული ბლოკი შექმნან სამომავლოდ, - 5 პროცენტიან ბარიერს უეჭველად გადალახავენ.
    ბლოკმა «საქართველომ» შეიძლება გააერთიანოს ზვიადისტების გონიერი (არაპათოლოგიური) ფრთაც, აგრეთვე რადიკალური დემოკრატები, უკიდურესი მემარცხენეები, რომელთაც, დღევანდელ ვითარებაში გარკვეული კონსტრუქციული მისიის შესრულებაც კი შეუძლიათ, ვინაიდან «გააწონასწორებენ» მემარცხენე რადიკალებს, კომუნისტური რევანშის მოსურნეთ, ან «ევროსოციალიზმის» მომხრეებს, რაც ჩვენს პირობებში რეფორმათა დასამარებას ნიშნავს.
    მომავალ საპარლამენტო მარათონში წარმატების ყველაზე სერიოზული შანსი (1999-2000 წლების ჩათვლით) აქვს ორ პარტიას: მოქალაქეთა კავშირს და ედპ-ს. ეს ორი ორგანიზაცია ადრე თუ გვიან, უეჭველად წავა პოლიტიკურ (ტაქტიკურ) ალიანსზე, რისი ნიშნები უვე შეიმჩნევა კიდეც.
    ედპ-ს ლიდერს შესანიშნავად ესმის, რომ დღევანდელ ეტაპზე (დაახლოებით 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე) «მოქალაქეთა კავშირის ჩაძირვაზე» ფიქრიც კი ზედმეტია, ანუ ირინა სარიშვილი-ჭანტურიას ტაქტიკური მიზანია სხვა ოპოზიციური ძალების «ჩაძირვა» და ერთადერთ ოპოზიციად ქცევა.
    მიზანი სრულიად რეალურია და აღსრულებადი. ცინიზმი და პრაგმატიზმი ედპ-საც არ აკლია.
    რაც შეეხება მმართველ პარტიას, - მოქალაქეთა კავშირს, რომელიც ამჟამად უმრავლესობაა პარლამენტში და ამ უმრავლესობას არც თუ ყოველთვის ოსტატურად იყენებს, მან შეძლო კონსოლიდირებულობის შენარჩუნება.
    რამდენიმე დეპუტატის გასვლა ფრაქციიდან «სმკ»-ს საპარლამენტო დაჯგუფებისა და პარტიული კრიზისის მიზეზი არ გახდა. გავითვალისწინოთ აგრეთვე სახელისუფლებო ბერკეტთა არსებობა ან ის გარემოება, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება აქტიურად დაუჭერს «ადგილებზე» მხარს «პრეზიდენტის პარტიას».
    სხვათა შორის, ოპოზიციამ (განსაკუთრებით ვახტანგ რჩეულიშვილმა) ძალიან სერიოზული არა მხოლოდ ტაქტიკური, არამედ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როდესაც «მოქალაქეთა კავშირის» ლანძღვიდან პრეზიდენტის შეურიგებელ კრიტიკაზე გადავიდა, ვინაიდან ამით ედუარდ შევარდნაძე კიდევ უფრო დაუახლოვა თავის პარტიას და გააძლიერა ზურაბ ჟვანიას პოზიციები.

მერიდიანი, 9 ოქტომბერი, 1998 წ.