რა შეცვლის «მილიონ სამუშაო ადგილს»?

რა შეცვლის «მილიონ სამუშაო ადგილს»?

        ნელ-ნელა, თითქმის შეუმჩნევლად გაშლილ წინასაარჩევნო კამპანიაში უმთავრესი ფაქტორი, რა თქმა უნდა, «ლოზუნგების ომი» გახდება.
        წინა არჩევნების დროს, ერთადერთი გამოკვეთილი ლოზუნგი მოქალაქეთა კავშირს ჰქონდა: «მილიონი სამუშაო ადგილი!»
        დღეს ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მმართველმა პარტიამ ეს დაპირება იმ სასუსნავად გამოიყენა, რომლითაც მოსახლეობა სათაგურში შეიტყუა. ჩამკეტმაც დაიტკაცუნა.
        სხვა არც ერთ პარტიას ასეთი ლოზუნგი არ ჰქონია. მხოლოდ ტრადიციონალისტებს დასცდათ: «არა მილიონი სამუშაო ადგილი, არამედ მილიონი მესაკუთრე», მაგრამ უმალვე უარი თქვეს ამ პროპაგანდისტულ წამოწყებაზე, რაკი მიხვდნენ, რომ საქართველოს პირობებში (ჩვენი ეროვნული სპეციფიკის გათვალისწინებით) ნებისმიერი კონკრეტული დაპირება უეჭველად წამგებიანი აღმოჩნდება.
        სწორედ ასე მოხდა «მილიონი სამუშაო ადგილის» შემთხვევაშიც. «მოქალაქეთა კავშირმა» თავისი დაპირება ვერ შეასრულა, ვერ შეასრულა, თუნდაც, ორი მესამედით, ანუ სიტყვა გატეხა და ამჟამად ძალიან სერიოზული ძალისხმევა დასჭირდება, რათა მოსახლეობას აუხსნას, რატომ ვერ შეძლო ეს.
        სოფლად მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებაში გადაცემა არ ითვლება - «სამუშაო ადგილი» შეიძლება მხოლოდ დაზგასთან ან ოფისში იქმნებოდეს, ყოველ შემთხვევაში, «სამუშაო ადგილად» სოფლად მიწის ნაკვეთზე კერძო საკუთრება არ აღიქმება – თოხი და ბარი მოსახლეობაში დიდი პოპულარობით არ სარგებლობს.
        ამდენად, «მოქალაქეთა კავშირი» თავის გასამართლებლად ვერაფერს რომ ვერ მოიფიქრებს, იძულებული გახდება, საარჩევნოდ ისეთი შთაბეჭდილება შექმნას, თითქოს მილიონ სამუშაო ადგილს წვრილი მოვაჭრის (ე.წ. თვითდასაქმებულის) ადგილს გულისხმობდა. და არა ნორმალურ შტატს ოფიციალურ დაწესებულებაში, ქარხანაში ან მაღაროში, ყველაფერს კი ის ურჩევნია, სამომავლოდ უფრო ჭკვიანური ლოზუნგი მოიფიქროს, რათა კვლავ არ ჩავარდეს უხერხულ მდგომარეობაში.

მერიდიანი, 11 აგვისტო, 1999 წელი