ისტორიული რეფერენდუმიდან 9 წლის შემდეგ

ისტორიული რეფერენდუმიდან 9 წლის შემდეგ

 

        ახლახან ცნობილი გახდა, რომ 31 მარტს საქართველოს ხელისუფლებას რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება აქვს დაგეგმილი. თავისთავად ის ფაქტი, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი გერჰარდ შრიოდერი სწორედ ამ დღეებში ეწვია თბილისს, ერთგვარად სიმბოლურია.
       თანაც, არა მგონია, ეს სიმბოლო «მთლად» შემთხვევითი იყოს. ამრიგად, საოცარი ფაქტის მომსწრენი ვართ: ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება უფრო მეტად ითვალისწინებს და უფრო ხშირადაც ახსენებს «31 მარტის რეფერენდუმს», ვიდრე ე.წ. «მოძრაობის» ლიდერები.
       ვგულისხმობ არა მხოლოდ «ზვიადისტებს», არამედ «ანტიზვიადისტებსაც» - დამოუკიდებლობის თაობაზე გამართული რეფერენდუმი ხომ მათთვისაც გამაერთიანებელი უნდა ყოფილიყო?
       ვიდრე ამ უცნაურობაზე შევუდგებოდეთ მსჯელობას, კიდევ ერთი საოცარი ფაქტი უნდა გავიხსენოთ: აკაკი ბაქრაძის პანაშვიდებსა და დაკრძალვის ცერემონიას არც ედუარდ შევარდნაძე აკლდა, არც ნებისმიერი სხვა ყოფილი კომუნისტი. სამაგიეროდ, არსად ჩანდნენ იმ «მოძრაობის» ლიდერები თუ მონაწილენი, ვინც ადრე ამტკიცებდა, რომ «აკაკი ბაქრაძის იდეებზე აღიზარდა» . . . . . .
       ეს ისე, «გადახვევის» სახით, თუმცა დავუბრუნდეთ ისევ 31 მარტს.
       1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი არის ერთადერთი რეალური გამარჯვება, რომელიც «მოძრაობამ» მოიპოვა 1987-1988 წლებიდან. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ მოძრაობის ერთ ნაწილს (ვინც შემდგომ, 1991 წლის დეკემბერში, «ვაჟკაცურად» იბრძოდა გენერალ პატრიკეევის ჯარისკაცთა მხარდამხარ) ამ რეფერენდუმთან არავითარი კავშირი არა აქვს, ხოლო ზვიად გამსახურდიას პოლიტიკაში იგი უფრო გამონაკლისია, ვიდრე წესი.
       ასეა თუ ისე, 31 მარტის რეფერენდუმმა დაადასტურა მთავარი: საქართველოს იურიდიული ერთიანობა. სწორედ ეს გახლავთ რეფერენდუმის უმთავრესი შედეგი (და არა ღირსება). რაც შეეხება «დამოუკიდებლობის აქტს», მისი მიღება უმაღლეს საბჭოსაც შეეძლო ყოველგვარი რეფერენდუმის გარეშე, მაგრამ რეფერენდუმმა დაამტკიცა, რომ დამოუკიდებლობა (ანუ სახელმწიფოებრიობა) იყო საქართველოს მთელი მოსახლეობის – საქართველოს ხალხის არჩევანი.
       ამით პირველი ნაბიჯი გადაიდგა ქართველი ერის, როგორც დემოკრატიული, სამოქალაქო ერთობის ჩამოსაყალიბებლად.
       თუმცა სრულიად სხვა საკითხია, რამდენად შეძლო შემდგომ გამსახურდიას რეჟიმმა ამ შესაძლებლობების გამოყენება, რამდენად დააცალეს ან რამდენად შეძლებდა (თუნდაც დაეცლიათ მისთვის) რეჟიმის ინტელექტუალურ შესაძლებლობათა გათვალისწინებით, ამის განხორციელებას.
       31 მარტის რეფერენდუმი ზვიად გამსახურდიამ საკუთარ დაბადების დღეს დაამთხვია. ამით სურდა მისი საკრალური მნიშვნელობის გაძლიერება. თუმცა სულ რაღაც 1 წლის შემდეგ (1992 წლის 31 მარტს) თენგიზ სიგუამ, თენგიზ კიტოვანმა და ჯაბა იოსელიანმა გროზნოში მყოფ ზვიად გამსახურდიას დამცინავი დეპეშა გაუგზავნეს (იგი «საქართველოს რესპუბლიკაში» დაიბეჭდა), რომელიც ასე მთავრდებოდა: «დარწმუნებული ვართ, თქვენ კვლავაც გაუძღვებით ქართველ ერს - ახალი გამარჯვებისაკენ».
       1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი საქართველოში მხოლოდ 1997 წელს გაახსენდათ, ისიც, ვის გაახსენდა? იქნებ, გგონიათ, მოძრაობის ლიდერებს, რომელთათვისაც («ზვიადისტების» გარდა) ეს მოვლენა უკვე არაფერს ნიშნავდა? - არავითარ შემთხვევაში.
       31 მარტის საერთო ეროვნული რეფერენდუმი გაახსენდა. . . მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს, სსრკ კომპარტიის პოლიტბიუროს წევრს, საქართველოს კომპარტიის ცკ-ს პირველ მდივანს, ედუარდ ამბროსის ძე შევარდნაძეს.
       სწორედ მან ისაუბრა პირველად ამ რეფერენდუმის ისტორიულ მნიშვნელობაზე და იმ უდავოდ (ყოველგვარი ირონიის გარეშე) დადებით შედეგზე, რაც რეფერენდუმმა მოიტანა იურიდიული თვალსაზრისით.
       საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, ვინც დღეს (მას შემდეგ, რაც «ურემი» გადაბრუნდა) უკვე ფიქრობს: რატომ გააფთრებით არ ვიბრძოლეთ საბჭოთა კავშირის გადასარჩენადო, - აშკარად გაღიზიანდებოდა, თუმცა მან ყოველივე, რა თქმა უნდა, საკუთარ თავს უნდა დააბრალოს.
       ხოლო თუ ედუარდ შევარდნაძემ 31 მარტის რეფერენდუმი გაიხსენა, ამით, უეჭველად (და სამართლიანადაც), იმის თქმა სურდა, რომ დამოუკიდებლობა მას არ მოუხვევია თავს ქართველი ერისათვის. დამოუკიდებლობა ჩვენ თავად ავირჩიეთ 31 მარტს, ხოლო დამოუკიდებლობის პირობებში კი, ძალიან ბევრი რამ, რაც მას შემდეგ (განსაკუთრებით 1991-1993 წლებში) თავს გადაგვხდა, აბსოლუტურად გარდაუვალი იყო. შესაძლოა, ყველაფერი არა, მაგრამ ძალიან ბევრი რამ.
       მიუხედავად ზემოთქმულისა, ისტორია ისეთნაირადაა მოწყობილი, რომ როდესაც 50-70 წლის შემდეგ, ისტორიკოსი შეეცდება შექმნას ჩვენი ეპოქის ობიექტური ისტორია (იმდენად ობიექტური, რამდენადაც ისტორია შეიძლება იყოს), იგი შემდგომი ეპოქის სუბიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, აუცილებლად მიაქცევს უპირველეს ყურადღებას (9 აპრილთან ერთად) 31 მარტის რეფერენდუმს, როდესაც საქართველომ ერთდროულად დაადასტურა (იურიდიულად) და უარყო (პოლიტიკურად) საკუთარი მთლიანობა.
       ეს დადასტურებაც და უარყოფაც ერთი მთლიანი აქტი იყო და ალბათ სწორედ ეს არის საქართველოს უახლესი ისტორიის უმთავრესი ტრაგიკული პარადოქსი.

მერიდიანი, 31 მარტი, 2000 წელი