ჯანკარლო არაგონა ოსური ავტონომიის აღდგენას გვთავაზობს

ჯანკარლო არაგონა ოსური ავტონომიის აღდგენას გვთავაზობს

ყირგიზეთი კავკასიით დაინტერესდა

    საქართველოსთან დამოკიდებულებაში პოსტსაბჭოური სივრცის პატარა სახელმწიფოებს (მოლდოვას, ყირგიზეთს, ლიტვას, ესტონეთს და ასე შემდეგ) ერთი უცნაურობა ახასიათებდათ: ისინი კარგა ხნის განმავლობაში არ ამყარებდნენ მჭიდრო ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებს ჩვენს ქვეყანასთან. ლიტვამ და ყირგიზეთმა, მაგალითად, ყველაზე ბოლოს დაამყარეს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა. ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ამ თვალსაზრისით ბევრი რამ შეიცვალა, - ლიტვის პრეზიდენტმა ბრაზაუსკასმა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ახალგაზრდული შემართებით იცეკვა «ლეკური», ხოლო ყირგიზეთის პრეზიდენტმა, ასკარ აკაევმა, თბილისში ყოფნისას განაცხადა, რომ მისი ქვეყნის საგარეო ვაჭრობის 30 პროცენტი საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციების მეშვეობით განხორციელდება. ეს ძალიან დიდი ციფრია. თუ გავითვალისწინებთ ყირგიზეთის გეოპოლიტიკურ მდებარეობას, ამ ქვეყანას შეუძლია უმოკლესი გზით დაუკავშირდეს რუსეთს, ჩინეთს, იაპონიას და აზიის «დრაკონებს», რომლებმაც XX საუკუნის ეკონომიკური სასწაული შექმნეს, - ჰონკონგს, ტაივანს, სინგაპურს, სამხრეთ კორეას.
    მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ყირგიზეთი შეუერთდა სარაქსის შეთანხმებას (ცენტრალური აზია-ირანი-კავკასიის სარკინიგზო მაგისტრალის შესახებ) და საქართველო-აზერბაიჯან-თურქმენეთ-უზბეკეთის ხელშეკრულებას სატრანსპორტო დარგში თანამშრომლობის თაობაზე. ყირგიზეთთან დაახლოება საქართველოსთვის იმ მხრივაც ნიშანდობლივია, რომ ყირგიზეთი, განსხვავებით ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებისაგან, მეტ-ნაკლებად დემოკრატიული ქვეყანაა. ყოველ შემთხვევაში, თუ ტაჯიკეთში სამოქალაქო ომი მძვინვარებს და საზარელი ხოცვა-ჟლეტა გრძელდება, თუ უზბეკეთსა და ყაზახეთში საპრეზიდენტო არჩევნების ნაცვლად რეფერენდუმი ჩაატარეს, ხოლო თურქმენეთის პრეზიდენტმა კონსტიტუციურად დაიკანონა თავი «სამარადისო პრეზიდენტად» - ყირგიზეთში დემოკრატიული მექანიზმი მოქმედებს და ეს ქვეყანა დასავლური დემოკრატიების ნდობითაც სარგებლობს.
    ასკარ აკაევის ვიზიტმა, მიუხედავად ზემოთქმულისა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს გატაცებამ «აზიური მიმართულებით» საგარეო პოლიტიკაში შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნას ედუარდ შევარდნაძეს. გარკვეული ძალები უკვე ცდილობენ მიზანმიმართული პროპაგანდისტული ძალისხმევით შექმნან სტერეოტიპი, რომლის თანახმადაც «საქართველო მაჰმადიანურ სამყაროს უახლოვდება». ამ სტერეოტიპს, რა თქმა უნდა, რუსეთთან კომპრომისის მომხრეები ქმნიან, რომლებიც პარალელურად ცდილობენ თურქოფობიური ისტერია გააჩაღონ საქართველოში.
    საყურადღებოა გასულ კვირას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადება, რომლითაც მან მიმართა რუსეთის ერთმორწმუნე მოსახლეობას, -გაითვალისწინოს ჩრდილოეთ კავკასიაში (აფხაზეთის ჩათვლით) «მაჰმადიანური ერთობის» შექმნასთან დაკავშირებული საშიშროება.
    ეს განცხადება თითქოს აფხაზეთის პრობლემას უკავშირდება, მაგრამ თუ ყურადღებით შევისწავლით, იგი უფრო ფართო მოვლენაა. როგორც ჩანს, საქართველოში მართლაც ახლოვდება თვისობრივი არჩევანი ორიენტაციებს შორის. ისტორიულად არსებობდა როგორც «ჩრდილოური», ასევე «აღმოსავლური» ორიენტაციაც. გასარკვევია მხოლოდ, ნიშნავს თუ არა (როგორც ზოგიერთები გვიმტკიცებენ) დღევანდელ პირობებში «პროდასავლური ორიენტაცია» - პროთურქულს. ბევრი რამ აირია და დღემდე არეულია საქართველოში. მათ შორის, პოლიტიკური ცნებებიც.
   
   

ჯანკარლო არაგონა ოსური ავტონომიის აღდგენას გვთავაზობს

    ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ საქართველოს ხელისუფლება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ცდილობს შექმნას ერთგვარი კონკურენციის ატმოსფერო ორ უდიდეს საერთაშორისო ორგანიზაციას - ეუთოსა და გაეროს შორის. თუ აფხაზეთში ძირითადად გაერთიანებული ერების ორგანიზაცია «მუშაობს» და უშედეგოდ ცდილობს პრობლემის «მშვიდობიან» მოგვარებას, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში კი, 1992 წლიდან, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია იმყოფება.
    ჯანკარლო არაგონას (ეუთოს გენერალური მდივნის) ვიზიტს, როგორც ჩანს, ხაზი უნდა გაესვა იმ გარემოებისათვის, რომ ეუთომ ცხინვალში უფრო მეტ წარმატებას მიაღწია, ვიდრე გაერომ - აფხაზეთში. მართლაც, ყოფილ «სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში» ვითარება ამჟამად უფრო სტაბილურია, ვიდრე აფხაზეთში, მაგრამ ეუთო აქ, არაფერ შუაშია, - ეს ორგანიზაცია ისეთივე ბიუროკრატიული და მოუქნელია თავისი ბუნებით, როგორც გაერო; ზოგიერთი თვალსაზრისით კი ეუთო კიდევ უფრო რეაქციული ორგანიზაციაა. მაგალითად, ეუთოს კონფერენციაზე გადაწყვეტილების მისაღებად ყველა წევრის თანხმობაა საჭირო, ანუ ერთ ქვეყანასაც კი შეუძლია ჩაშალოს გადაწყვეტილების მიღება კონფერენციაზე, რომელშიც რამდენიმე ათეული სახელმწიფო მონაწილეობს. გაეროში კი ვეტოს უფლება (უშიშროების საბჭოს სხდომაზე) მხოლოდ ხუთ სახელმწიფო-დამფუძნებელს აქვს.
    ამ პირობებში, რა თქმა უნდა, ეუთოს ჩინოვნიკური კამარილია უპირველეს ყოვლისა «მუნდირის ღირსების» შენარჩუნებაზე ფიქრობს და არა რეალური შედეგის მიღწევაზე კონფლიქტის დარეგულირების თვალსაზრისით - გაეროს ხელმძღვანელობას ამ თვალსაზრისით ხელმოსაკიდი არაფერი აქვს. აფხაზეთში გაეროს ეგრეთ წოდებული «სამხედრო დამკვირვებლები» ბიჭვინთისა და გაგრის კურორტებზე განცხრომის მეტს არაფერს აკეთებენ კონფლიქტის გადაწყვეტაში რაიმე პოზიტიურ წვლილზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ედუარდ ბრუნერი ბოლო დროს საერთოდ აღარ გამოჩენილა. ჯანკარლო არაგონას კი, როგორც ჩანს, სჯერა, რომ ცხინვალის რეგიონში შექმნილი შედარებით სტაბილური ვითარება შეიძლება ეუთოს «ეფექტიანობას» მიეწეროს; რაც, რასაკვირველია, სიმართლეს არ შეეფერება, - აფხაზეთსა და ყოფილ «სამხრეთ ოსეთში» იმთავითვე განსხვავებული ვითარება და ძალთა თანაფარდობა იყო: ოსმა სეპარატისტებმა (განსხვავებით აფხაზი სეპარატისტებისაგან) ვერ შეძლეს ქართული მოსახლეობის გაძევება მშობლიური კუთხიდან - გეოგრაფიული თვალსაზრისითაც ამ ორ რეგიონს შორის დიდი განსხვავებაა.
    სწორედ ეს გარემოებანი აიძულებენ ოს სეპარატისტებს უფრო «შემრიგებლური პოზიცია» დაიკავონ საქართველოს მიმართ - ეუთოს «შუამავლობა» აქ რაიმე სერიოზულ როლს არ ასრულებს. ეს იქიდანაც ჩანს, რომ პოლიტიკური სტატუსის (ანუ ფართომაშსტაბიანი დარეგულირების) პრობლემა ისევეა ჩიხში შესული, როგორც აფხაზეთში. ოსები ერთი ნაბიჯითაც არ იხევენ უკან (ნებაყოფლობით არ დაიხევენ) «სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის» აღიარების მოთხოვნიდან. საქართველო კი, რასაკვირველია, ამ «რესპუბლიკას» არ აღიარებს. სამაგიეროდ, გარეგნული მშვიდობა ეუთოს ბიუროკრატიას საშუალებას აძლევს პოლიტიკური «ქულები» აგროვოს და «წარმატების» ილუზია შექმნას.

რუსი მესაზღვრეები საქართველოს დამოუკიდებლობას არ ცნობენ

    შარშან, საქართველოში ყოფნისას, ფედერალური სასაზღვრო სამსახურის დირექტორმა, რუსეთის სასაზღვრო ჯარების სარდალმა, ანდრეი ნიკოლაევმა გაკვირვებით იკითხა - «რად გინდათ ქართველებს პარალელური სტრუქტურები? რაში გჭირდებათ საკუთარი სასაზღვრო ჯარი?»
    გენერალ ნიკოლაევის აზრით, საქართველოს სასაზღვრო ჯარი არ სჭირდება - ქვეყნის საგარეო საზღვარს რუსეთის სასაზღვრო ჯარიც წარმატებით დაიცავს. ამდენად, ქართველების მიერ ეროვნული სასაზღვრო სამსახურის შექმნის მცდელობა გაუგებარ ჭირვეულობად აღიქმება. თუმცა, ნიკოლაევი, რა თქმა უნდა, «ეშმაკობს». უფრო სწორად, «შოვინისტობს» - მას ძალიან კარგად ესმის, რისთვის სჭირდება საქართველოს დამოუკიდებელი სასაზღვრო ჯარი, მაგრამ ცდილობს დაამციროს ქვეყანა თავისი უწყებისა და «დერჟავის» უპირატესობით.
    ამის ილუსტრაციაა 21 აპრილს თბილისის აეროპორტთან მომხდარი ინციდენტი, როდესაც რუსეთის სასაზღვრო ჯარების ქვედანაყოფსა და ქართველ მესაზღვრეებს შორის კინაღამ შეიარაღებულ შეტაკებამდე მივიდა საქმე. ამ ვერტოდრომიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების (მათ შორის სასაზღვრო სამსახურის) ვერტმფრენები ადრეც ხშირად დაფრინავდნენ ყოველგვარი საბაჟო კონტროლის გარეშე ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით. საქართველოს შესაბამისი უწყებები დღემდე მათ ხელს არ უშლიდნენ, მაგრამ სომხეთისათვის რუსეთის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებულმა სკანდალმა საქართველოს ხელისუფლება აიძულა მეტი ყურადღებით მოჰკიდებოდა რუსეთის სატრანსპორტო საშუალებათა გადაადგილებას საქართველოს ტერიტორიაზე.
    მი-26 ტიპის ვერტმფრენის რუსულმა ეკიპაჟმა ქართველ მესაზღვრეთა მოთხოვნა არად ჩააგდო და უნებართვოდ გაფრინდა ღამით ისე, რომ არც კი შეუტყობინებია აეროპორტის შესაბამისი სამსახურებისათვის, რითაც საფრთხე შეუქმნა თვითმფრინავებს მთელ საჰაერო ტრასაზე. შესაძლოა, ამ ვერტმფრენით საქართველოდან არაფერი ფასეული არც გაჰქონდათ, მაგრამ ეს პრინციპის საკითხია ორივე მხარისათვის. რუსებს მიაჩნიათ, რომ, საქართველოსთან ხელმოწერილი დოკუმენტების თანახმად, უფლება აქვთ ყოველგვარი კონტროლის გარეშე იმოძრაონ ქვეყნის ტერიტორიაზე.
    საქართველოში კი დღემდე არ დაივიწყეს იგორ გიორგაძესთან დაკავშირებული ინციდენტი - უშიშროების ყოფილმა შეფმა სწორედ ვაზიანის სამხედრო აეროპორტიდან, რუსი მესაზღვრეების და სამხედროების მეშვეობით დატოვა საქართველოს ტერიტორია. ეს აეროპორტი დღეს იმ ტერიტორიათა შორისაა, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. შედეგად, საქართველოდან სიმდიდრეც გადის და სახელმწიფოც პროცესებზე ზემოქმედების მძლავრ ბერკეტს კარგავს.
    ედუარდ შევარდნაძეს, ალბათ არც ერთ რუს სახელმწიფო მოღვაწესთან არა აქვს ისეთი აშკარად კონფრონტაციული დამოკიდებულება, როგორც ანდრეი ნიკოლაევთან. არ არის გამორიცხული, მიზეზი უფრო ღრმა იყო, ვიდრე ამ უკანასკნელის ვლადისლავ არძინბასთან «სეპარატული» კონტაქტებით გამოწვეული წყენა. რუსეთ-საქართველოს დაპირისპირების ახალი ეტაპი, როგორც ჩანს, საქართველო-თურქეთის საზღვრიდან დაიწყება და ეს ორივე მხარემ კარგად იცის. ტყუილად ღელავენ ზოგიერთები - რუსები ამ საზღვარს არასდიდებით არ დათმობენ - საქართველოს პარლამენტმა ასი კანონიც რომ მიიღოს «სახელმწიფო საზღვრის შესახებ».

«მხედრიონის საქმე» კულმინაციას უახლოვდება

    უზენაეს სასამართლოში «მხედრიონელ» გოჩა თედიაშვილის მიერ მიცემული ჩვენება ნამდვილ სენსაციად იქცა. არა იმიტომ, რომ მან აღიარა ტერორისტულ აქტებში მონაწილეობა, არამედ იმის გამო, რომ ეს აღიარება მოხდა სწორედ სასამართლო პროცესზე, სადაც ყველა სხვა ბრალდებული, რა თქმა უნდა, უარყოფს წინასწარი გამოძიებისას მიცემულ ჩვენებას.
    გოჩა თედიაშვილმა დაწვრილებით აღწერა ყველა ტერორისტული აქტი, რომელშიც მიიღო მონაწილეობა. პირველად გაიჟღერა ხმამაღლა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გია გულუას მკვლელობის შესაძლო მოტივაციამ - გოჩა თედიაშვილის ჩვენებით, გია გულუას მოკვლა გიგა გელაშვილმა გადაწყვიტა იმის გამო, რომ სწორედ მას სდებდა ბრალს «მხედრიონის» შტაბ-ბინის აფეთქებაში. გოჩა თედიაშვილმა ერთი შეხედვით დაუჯერებელი ვერსია მოგვცა სულიკო ხაბეიშვილის მკვლელობის მიზეზისაც, - «მხედრიონელებმა» იცოდნენ, რომ ედუარდ შევარდნაძე აუცილებლად მივიდოდა ხაბეიშვილის პანაშვიდზე და ლიფტში უპირებდნენ აფეთქებას. მაგრამ თუ «მხედრიონის» ლიდერთა ინტელექტუალურ და ზნეობრივ დონეს გავითვალისწინებთ, ეს სავსებით შესაძლებელია, ანუ სავსებით შესაძლებელია მათ ადამიანი მოეკლათ მხოლოდ იმ მიზნით, რომ «სატყუარა» შეექმნათ სახელმწიფოს მეთაურისათვის.
    ნიშანდობლივია გოჩა თედიაშვილის შემდეგი ინფორმაციაც: სახელმწიფოს მეთაური ხაბეიშვილის პანაშვიდზე მისვლისას მხოლოდ იმიტომ გადარჩა ცოცხალი, რომ ლიფტში შევიდა რუსეთის ელჩ ვლადიმერ ზემსკისთან ერთად - ამიტომ იგორ გიორგაძემ აფეთქება აკრძალა, რათა რუსეთის ელჩი არ მომკვდარიყო. თუ ეს სიმართლეა, გამოდის, ედუარდ შევარდნაძის აფეთქების ბრძანება იგორ გიორგაძემ მოსკოვიდან მიიღო. ამით კი ძალიან ბევრი რამ შეიძლება აიხსნას შევარდნაძის საგარეო პოლიტიკაში.
    დილის გაზეთი, 28 აპრილი, 1997 წ.